15.03.2012
უფლის მადლი ქრისტეს მცნებებში, სწავლებაშია დაფარული და მის მძებნელთ, აღმასრულებელთ მიეცემათ ნიჭი ჭეშმარიტი საღვთო ცოდნისა.
პირველი - აუცილებელია ცოდნა ღმერთის შესახებ, რასაც თავად უფალი ანიჭებს ადამიანს მცნებათა აღსრულებისა და სათნო ცხოვრებისთვის, და მეორე - უფლის ცოდნა შობს ღვთის შემეცნებას, მასთან ერთობისა და სიყვარულის ძალით. როგორც ვასრულებთ მცნებებს, სახარებისეულ სწავლებას, ისე ვუახლოვდებით უფალს და ვიმეცნებთ მას. უფლის თითოეული მცნება უკვდავია, მაგრამ აცოცხლო მცნებები საკუთარ სულში ნიშნავს - თავად იცოცხლო მათთვის. უფლის რწმენა დასაბამია სულიერი აზროვნებისა, ხედვისა, ზნეობრივი სრულყოფილებისა. სულიერი აღმშენებლობა გულისხმობს ჩვენი "სულის ტაძრის" აგებას, გამშვენებასა და დაცვას მტრისაგან. შეუძლებელია ადამიანმა იფიქროს სულზე ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენისა და მისგან გამომდინარე სულიერი აზროვნების გარეშე. მშვინვიერი ადამიანი ხორცისას ეძებს, რადგან ხორციელია მისი აზროვნება და, შესაბამისად, მატერიის მსახური. მშვინვიერი აზროვნება მრავალგვარი ხორციელი გულისთქმის ტყვეა, რადგან თითოეული ბიწიერი გულისთქმის მიზეზი ხორციელ აზროვნებაშია, რომლითაც გული და გონებაა გაჯერებული. როგორც სიწმინდე, ასევე ცოდვისმიერი ჭუჭყი სულის შინაგანი ასოებიდან გამომდინარეობს, რაც აისახება გარეგნულ, ხილულ ქმედებასა თუ უმოქმედობაზე. როგორც ხორციელი სიკვდილი გულისხმობს სულის ხორციდან გასვლას, ამის მსგავსად, ვნებისთვისაც მაშინ კვდება ადამიანი, როდესაც სული განიშორებს ხორციელ აზროვნებას და იმკვიდრებს უფალში. ეს უკანასკნელი გაცილებით რთულია ადამიანისთვის, ვიდრე ბუნებითი სიკვდილი, რომელიც მისი ნებელობის გარეშე, გარდაუვლად დგება თითოეულისთვის.
ვნებებს დამონებულ ადამიანს სიკვდილი ურჩევნია მათგან განშორებას, რადგან მისთვის სიცოცხლის არსი და მშვენიერება მსგავს ცხოვრებაშია. თუ ცოცხლობს, ამისთვის ცოცხლობს და თუ ეს არ ექნება, მაშინ მისთვის აზრი ეკარგება ცხოვრებას. ამიტომ გაურბის საკუთარ თავსა და სულის შეგონებას, როდესაც იმხილება მის მიერ უფლით. ეს მისი არჩევანია, მისი ხორციელი გონების "უცდომელი" ხედვაა, მას ასე სწამს და სჯერა. მისთვის ესაა მრწამსი არსებობისა, რომელსაც მრავალი წინამძღვარი ჰყავს ცოდვილი ცხოვრების გზაზე. ცოდვა ცოდვისკენ იზიდავს უგუნურ სულს და ისე აქცევს ვნების ტყვეობაში, რომ მისი ყოფიერების განუყოფელი ნაწილი ხდება იგი. ჭურჭლიდან იმგვარი წყალი გადმოდინდება, როგორიც მასშია ჩასხმული, სუფთა ან ჭუჭყიანი. ასევე, როგორი სუფთა წყალიც არ უნდა ჩაასხა ჭურჭელში, უშედეგოა, თუ მისი შიგთავსი ჭუჭყიანია და პირიქით....
სულიერი ცხოვრების დასაბამი უფლის რწმენა და მასზე მინდობაა. უფლის რწმენით, მასზე უანგარო მინდობით იწყება ადამიანის სულიერი აღმავლობა. თუ ჭეშმარიტად გწამს ღმერთი, აუცილებლად მიენდობი მას, აღიარებ, განადიდებ და მიიღებ საღვთო სწავლებას შენში. ყველანაირად შეეცდები შენი ცხოვრება თანმხვედრი იყოს უფლის სიტყვებისა. უფალზე მინდობა აზიარებს ადამიანს საღვთო ცოდნასთან, კეთილგონიერებასთან, რაც თავის მხრივ უფალში დამკვიდრებისკენ წინამძღვრობს მას. ღმერთი თავისი მცნებებით უცხადებს ადამიანს თავის თავს, მცნების აღსრულებით კი შემოდის მადლი და საღვთო ცოდნა სულში, რაც სიმტკიცესა და სიწმინდეს მატებს რწმენას. ქმედითი რწმენა უდიდეს გამოცდილებას შობს, აკვირდება რა ადამიანი საკუთარ თავს, სწავლობს მის შესახებ უფლით. ხშირად - განსაცდელებით, უძლურებით, დაცემითა და ტკივილებით, რადგან მათ გარეშე ძნელად შესაძლებელია ამოიცნო მტერი შენი ყოფიერებისა. ხშირად შეადარე შენი სულის მდგომარეობა საუფლო მცნებათა სიწმინდეს და მიხვდები, ვინ ხარ სინამდვილეში, მაგრამ ამასთან ერთად იმაზეც იფიქრე, ვინ იქნებოდი მათ გარეშე და უფლის სასოებას არ დაკარგავ. მატერიალური სიმდიდრე წინ არ უსწრებს ძვირფასეულობისა და საფასის მოპოვებას, შესაბამისად, მდიდარი მას შეიძლება უწოდო, ვინც სიმდიდრის მფლობელია. სულიერ ცხოვრებაში ხშირად პირიქითაა, ადამიანი ამბობს: "მინდა მწამდეს უფალი, მაგრამ ასე ბრმად არ შემიძლია ვირწმუნო..." ანუ სიბრმავეში მოიაზრება ცოდნის სიმწირე უფლის ჭეშმარიტი არსებობის შესახებ, რაც ღვთისსათნო ცხოვრების ნაყოფია. "ბრმად არ შემიძლია ვირწმუნო", - ეს სიტყვები მსგავსია იმ უგუნური და ქონებრივად ღატაკისა, რომელსაც სურს, მდიდარი იყოს, თუმცა კი ფიქრობს, რომ გამდიდრებამდე არ შეეცდება სიმდიდრის მოპოვებას. სულიერი მნიშვნელობით რწმენის ურყევობა და სიმტკიცე უფლის ცოცხალ სიტყვებში საქმით დამკვიდრებით შეიძინება, სულიერი გამოცდილება კი ადამიანს უფლის მარადიულ სიყვარულს შეამტკიცებს. მტკიცე, დაუბრკოლებელი რწმენა საოცარი შრომის, მცდელობის, საკუთარი თავის იძულების, უფლის ერთგულების, მოთმინებისა და გამოცდილების შედეგია. მაგრამ ყოველივე ეს უფალზე სასოებით იწყება, უფლის სასოება კი უძლურების შეგრძნებითა და საკუთარ თავზე არმინდობით იშვება ჩვენში. საკუთარი უძლურების შეგრძნებასა და გაცნობიერებას ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და ანგარება უღობავს გზას, რაც საბოლოოდ ადამიანში წარმოქმნის გაუკუღმართებული, დაცემული გონებისგან გამოსულ აზროვნებას, რომელიც ღვთისგან განდგომით და სულში გაკერპებული "თვითრჯულობით" მთავრდება. ბრმად ნუ მიენდობი გულისა და გონების მიერ მოწოდებულ აზრსა და რჩევას, არამედ მყისიერად მისი შესაბამისი უფლის სწავლება გაიხსენე და თუ არ ეწინააღმდეგება შენი გონების ნაყოფი მას, მაშინ მიიღე და შეიწყნარე იგი. თუ უფლის მოწინააღმდეგე აზრს ლოცვით არ მოიკვეთ და აცოცხლებ შენში, მომაკვდინებელი სენივით წამიერად გაიზრდება, გამრავლდება და როგორც სულის, ასევე ხორცის მომაშთობელ სნეულებად იქცევა. გონებაში შობისთანავე მოკალი შენი სულის მტრები ლოცვითა და უფლისადმი სასოებით. ამავე დროს მოიძიე და მიაგნე მათ ძირსა და დედას, რადგან თუ კეთილგონიერებით დააკვირდები, ყოველი ცოდვა თავის მშობელსა და წარმომავლობაზე გასწავლის. ბრძენი სული ცოდვის შედეგს შორეული მიზეზით მოწეულ ხილულ თუ უხილავ ქმედებაში ჭვრეტს და უფლით კლავს ან განერიდება მას.
წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში ბრძანებს: "ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოისა თანა? ანუ რაი სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად" (II კორინთელთა 6,15-16). პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ადამიანი ტაძარია ცოცხალი ღმერთისა, რადგან როგორც ქვით ნაშენ ტაძრის კედლებშია დავანებული მადლი სულიწმინდისა, ასევე ადამიანის ხორცში უფლის მიერ შთაბერილია უკვდავი სული, ხატება ღვთისა. გონიერი სული ყოვლითურთ ცდილობს მოუკლებლივ აცოცხლოს ღვთის ხსოვნა საკუთარ სულში ლოცვით, შემართებით, სიმამაცითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით. როგორც ლოცვა ასწავლის ადამიანს წმინდა ცხოვრებას, ასევე ღვთისსათნო ცხოვრება მასწავლელია მისთვის გულწრფელი ლოცვისა. ძალზე იოლია მხოლოდ სიტყვებით საუბარი კეთილი ღვაწლის შესახებ, მაგრამ თუ ღვთის წმინდა სიტყვა არ გვეცოდინება, მაშინ რას უნდა შევასხათ ხორცი ჩვენი ცხოვრებით? მით უმეტეს, როცა ღვთის მადლი მის წმინდა სწავლებაშია დაფარული. როგორც სიცოცხლის მომცემ წყალს, ისე დაეწაფე საღვთო სიტყვათა კითხვას და მათ შესწავლას, რადგან მხოლოდ მათ მიერ აღიძვრება შენში სურვილი ჭეშმარიტების ძიებისა. გულსა და გონებაში შემოუშვი ძალა საღვთო სიტყვისა, რომ შენი მიძინებული სული გამოფხიზლდეს უღმერთობის ძილისგან, ოცნებისეული ცრუ ზმანებისგან. სულის ტაძრის შენებას უამრავი განსაცდელი და ბოროტისეული კვეთება ახლავს, მაგრამ ნუ შეშინდები და გახსოვდეს: სადაც შენებაა, იქ ნგრევის სურვილია მტრისგან, მაგრამ რასაც უფალი ააგებს შენში, მას ვერაფერი წაშლის და გაანადგურებს უკუნისამდე. ამინ!