რაც სულსა და გულშია, იგივე გადმოდის ბაგეებიდან
02.02.2012
მიდიხარ ქუჩაში, ორი ბიჭი მოდის საპირისპირო მიმართულებით, ნორმალურები. ერთი ამრეზით იყურება გარშემო, იფურთხება და კბილებში ცრის გინებას საკუთარ დედაზე.
ან სულაც ზაფხულის ცხელ საღამოს გასაგრილებლად აღებ ფანჯარას და ოთახში იღვრება ეზოდან შემოსული "გინების ჰანგები". თანდათან ამას ისე ეჩვევი, რომ პროტესტის გრძნობაც თითქოს გიქრება...
ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი ახალგაზრდები, რეალური ცხოვრების გარდა, ვირტუალ სივრცეშიც: ფორუმებსა და სხვადასხვა ვებგვერდზე გინებით არიან გართულნი. თუმცა ზოგიერთ ინტერნეტმომხმარებელს, როგორც ჩანს, მაინც აწუხებს ეს საკითხი და თავისებურად ეხმიანება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინტერნეტგამოხმაურებას წავაწყდი სტატიის მომზადებისას და გადავწყვიტე მისი ფრაგმენტი თქვენთვისაც გამეცნო, ძვირფასო მკითხველებო:
"არ მომწონს, მაშასადამე, ვაგინებ" - საშუალოსტატისტიკური ქართველი
"როდესაც არგუმენტი არ გაქვს, შეაგინე" - მარტივი ფილოსოფია
"ქართველებს გინების დაოუკებელი ნიჭი და ამოუწურავი მარაგი გვაქვს. თანაც, ინგლისური გინებისგან განსხვავებით, რომელიც ყველა სიტუაციას იდეალურად ერგება, ჩვენი გინება უფრო მრავალმხრივი და განტოტვილია. ვაგინებთ ყველას, ვინც არ მოგვწონს (მაგალითად, ცხოვრებას ან მთავრობას), ან იმას, ვინც უბრალოდ თვალში არ მოგვდის (უნიკალური ფრაზით - "რავი, ვინ არის, ერთი მაგისი..."). ვაგინებთ სამართლიანად ან ვაგინებთ ისე ("პროსტა რა, მაგარი ტიპები ვართ და იმიტომ"). ვაგინებთ უცხო ადამიანებს (კომენტარებში ან სიმთვრალეში) და ნაცნობებსაც ვაგინებთ (ოღონდ იმათ - "კარგებს", "ჯიშს" ან "კეთილებს"). მოკლედ, გინება ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია (როგორც უკვდავი სული) და "გიუშა ვარ, ბიჭო", "თოკა224" ან რაიმე ასეთი სახელით თუ არ მივაგინეთ ვინმეს ყოველდღიურად, რა ნამუსი დაგვაძინებს ისე. ვფიქრობ, გინების სიყვარულს ისიც განაპირობებს, რომ ეს პროცესი განსაკუთრებულ აზრის გამოხატვასა და გონების დაძაბვას არ მოითხოვს. კრიტიკას ან უკმაყოფილების გამოთქმას ხომ არგუმენტები სჭირდება და რომელი უსაქმურები ჩვენ გვნახეს ახლა, ვინმეს რამე ზრდილობის ფარგლებში რომ ვურჩიოთ. ჰოდა, ვაგინებთ. წარმოიდგინეთ, რა მარტივია - ბაც! შეაგინე და მორჩა: თან "მაგარი როჟები ვართ", თან ადამიანს ვუბიძგებთ იმისკენ, საკუთარ საქციელს ჩაუღრმავდეს (მართალია, ცოტა უხეშად, მაგრამ მაინც) და თან აზრსაც გამოვთქვამთ… თავისებურად".
ამ სატირული ნააზრევის წაკითხვის შემდეგ კარგად შევფიქრიანდი და ერთს ნამდვილად მივხვდი: ქართველობა გინების სიყვარულს არ ნიშნავს, უბრალოდ, "კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების". ეს იმის ბრალია, რომ ადამიანები შეცვალნენ. ხალხი შურით, ბოღმით და ბოროტებით აივსო. იმდენად დიდია მათში დაგროვილი უარყოფითი ენერგია, აზრები, რომ უკვე სულში აქვთ სიღრმისეულად გამჯდარი. რაც სულსა და გულშია, იგივე გადმოდის ბაგეებიდან, მათი ბინძური სულიერი მდგომარეობა სწორედაც რომ ბილწსიტყვაობით გამოიხატება. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "თანაბარი სიავეა უკეთური ცხოვრებაც და უკეთური სიტყვაც. თუ გაქვს ერთი, გექნება მეორეც".
ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომლებიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს - სიტყვით შეიძლება ადამიანის განკურნება და, პირიქით, მისთვის გულისტკენა, რაც ყველაზე რთულად მოსაშუშებელი ჭრილობაა. ღვთისაგან ბოძებული სიტყვის ნიჭი ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ჩვენ ვართ ღვთის ჭურჭელი და ამ ჭურჭელს მოვლა-გაფრთხილება უნდა. სიტყვა გულიდან და გონებიდან მომდინარეობს, ის ჰაერში არ იბადება. სიტყვის შესახებ მამა პავლე ფლორენსკი ამბობს: "სიტყვა არის ადამიანის ნების ემანაცია (გამოსხივება, გამოყოფა), ეს არის მისი სულის გამოყოფა, ძალთა დამოუკიდებელი ცენტრი - თითქოსდა ცოცხალი არსება, ჰაერისაგან მოქსოვილი სხეულით და შინაგანი სტრუქტურით - ხმოვანი ტალღის ფორმით".
რადგან სიტყვის ძალაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია ორი სიტყვით წყევლას არ შევეხო. თანაც მეტ-ნაკლებად, ალბათ, ეს სენიც სჭირს ჩვენს საზოგადოებას. ძველ აღთქმაში, კერძოდ კი "სიბრძნე ზირაქისაში", ვკითხულობთ: "ადამიანს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ ადამიანის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი".
სხვათა შორის, ბევრ ქალს ჩვევად აქვს საკუთარი მეუღლის, შვილების და საერთოდ ადამიანების წყევლა. დედებს ვურჩევთ, ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა ვიცით თქმა: "მოგიკვდეს დედა, შვილო!" აბა, დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ "საფუძვლიან" წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.
დაბოლოს, სტატიას უწმინდესის სიტყვებით დავასრულებ: "მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე, განსაკუთრებით კი დედასთან მიმართებით".