როგორც ვიცით, კაცობრიობა ადამის შთამომავალია და თითოეულ ადამიანში დევს ის დაზიანებული ბუნება, რომელიც მან თავისი წინაპრისაგან მიიღო.
იესო ქრისტე - ახალი ადამი
ველურ ხეს კარგი ნაყოფის მოცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იგი კარგ ნერგზეა დამყნობილი. ადამიანებს პირველი ცოდვისგან (ადამის ცოდვისგან) გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ შეუერთდებიან ახალი ადამის - იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას.
ახალ ადამად, კაცობრიობის ახალ მამამთავრად, მოგვევლინა იესო ქრისტე - ღმერთი განკაცდა და მასში ორი - ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება შეერთდა შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად და განუყრელად. მოციქული პავლე ამის შესახებ წერს: "პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად... პირველი კაცი - მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც... და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა" (1 კორ. 15:45-49,22).
ახალ ადამთან შეერთება
ადამიანის იესო ქრისტესთან შერწყმა ხდება ნათლობისა და ზიარების საშუალებით. ნათლობისას წყალში ჩასვლის დროს მღვდელი ამბობს: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ, და ძისათა, ამინ, და სულისა წმიდისათა, ამინ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ეს სიტყვები გვამცნობს მოსანათლში ძველი ადამის სიკვდილს და ახალი ადამის დაბადებას, რათა ეს ახალი ადამიანი შეუერთდეს მას - იესო ქრისტეს. ეს ერთიანობა ასევე ხორციელდება ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებით - ზიარებით, რა დროსაც მღვდელი ამბობს: "ეზიარება მონა ღვთისა (სახელი) პატიოსანსა ხორცსა და სისხლსა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა. მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ".
თითოეული მონათლული და ზიარებული ადამიანი იესო ქრისტეს ეკლესიის ნაწილი ხდება.
ეკლესია - ქრისტეს სხეული
იესო ქრისტემ თავისი ტაძრის აღმშენებლობა განსხეულებისთანავე დაიწყო. მოწაფეების მოციქულებად არჩევა და საიდუმლო სერობა, როდესაც ისინი ქრისტეს სისხლსა და ხორცს პირველად ეზიარნენ, გახდა ეკლესიის დაარსების უმთავრესი ეტაპი. ეკლესიამ სრული სახე მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის, ანუ ბრწყინვალე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მიიღო. იესო ქრისტეს მოწაფეებს ხალხში სულიწმინდის მადლის შესახებ რომ გაევრცელებინათ ცოდნა, მათში ღვთაებრივმა ენერგიამ და ძალამ დაიმკვიდრა. ეს დღე ეკლესიის დაბადების დღედ ითვლება.
ეკლესია:* არ არის ნაგებობა, რომელშიც ღვთისმსახურება სრულდება, თუმცა შეიძლება მას ასეც ვუწოდოთ, რადგან ხალხი, რომელიც იქ იკრიბება, მისი ნაწილი ხდება.
* არ არის სასულიერო პირების ერთობლიობა, რომელიც მხოლოდ მორწმუნე ადამიანების ნაწილს შეადგენს.
* არ არის რაიმე ორგანიზაცია, რომელიც გარკვეული დამკვიდრებული წესებით არსებობს და მოქმედებს.
წმინდა წერილის მიხედვით, "ეკლესია" არის უპირველეს ყოვლისა "იესო ქრისტეს" სხეული. სხეული, რომელიც იყო და მუდამ იქნება, ქრისტეს განუყოფელი ნაწილი. ყველა, ვინც ეზიარება ამ სხეულს, ქრისტეს სხეულის ნაწილი ხდება და ამით ღმერთს უერთდება, ამიტომ ეკლესია არის იესო ქრისტესთან გაერთიანებულ მორწმუნეთა ერთობლიობა: ღვთისმშობლიდან მოყოლებული, მოციქულებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად - აი ეს არის იესო ქრისტეს ერთი მთლიანი სხეული.
იესო ქრისტე და ხალხი - ჭეშმარიტი ვაზი და ლერწი
თავად იესო ქრისტე "ეკლესიის" მნიშვნელობას იგავის (ჭეშმარიტი ვაზი და ლერწი) დახმარებით განმარტავს. ის ამბობს: "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განწმენდილნი ხართ იმ სიტყვებით, რომელიც გითხარით. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი - თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვებიან" (იოან. 15:1-6).
ეკლესია - საიდუმლოა, რომელშიც გარეშემოუწერელი ღმერთი და ჩვეულებრივი ადამიანი ერთიანდებიან. თითოეული ჩვენგანის პიროვნება თავისი პიროვნების სრულყოფილებასა და სისავსეს სწორედ ეკლესიაში შეიცნობს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ ეკლესია - "არის ქრისტე, რომელიც საუკუნეებში გრძელდება". საუკუნეების მანძილზე ეკლესიაში იესო ქრისტე იმ ხალხის დახმარებას აგრძელებს, რომელიც მასთან მიდის. შეუძლებელია ხსნა ეკლესიის გარეშე, რადგან შეუძლებელია ახალი ცხოვრების დაწყება ქრისტეს სხეულის გარეშე. ეს ჭეშმარიტება ასახულია III საუკუნის ცნობილ ანდაზურ გამოთქმაში: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება".
შეუძლებელია იყო ქრისტიანი შენთვის, რადგან ქრისტიანული რწმენა და ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიასთან ერთიანობით: "სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის" (მათ. 18:20).
ქრისტიანები
განურჩევლად ცოცხალისა თუ გარდაცვლილისა, ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ეკლესიის წევრია. ცოცხლები იესო ქრისტეს სწავლების შესაბამისად ცდილობენ ცხოვრებას, უფრო კონკრეტულად, ცდილობენ იცხოვრონ ქრისტეთი და იყვნენ ქრისტეში. სწორედ ასეთ ცხოვრებას მოაქვს ხსნა. ცოცხლები ლოცულობენ მიცვალებულთათვის, ხოლო ის გარდაცვლილები, რომლებიც აღმოჩნდნენ ღმერთთან ახლოს, ცოცხლებისათვის ლოცულობენ და არა მარტო სულიერი თვალსაზრისით, არამედ მატერიალურ ცხოვრებაშიც გვეხმარებიან. ეს დახმარება განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, თუკი ინიციატივას ვიჩენთ და თხოვნით მივმართავთ მათ.
ქრისტეს მოღვაწეობის დროს მასთან როგორც კეთილი, ისე უკეთური, ცოდვილი, არასრულყოფილი, ძლიერი და სუსტი ადამიანები მიდიოდნენ და როგორც მაშინ იესო ქრისტეს, ისე ახლა ეკლესიას ხსნა მოაქვს თითოეული მორწმუნისათვის, ყველასათვის, ვინც რწმენით და საქმით გადარჩენისკენ ისწრაფვის.
ცოდვის ჩადენის შემდეგ ქრისტიანები რთულ მდგომარეობაში ვარდებიან, რადგან ეკლესია - "ქრისტეს სხეული" არის წმინდა, ეს ის მდგომარეობაა, რომლისთვისაც ყოველგვარი ცოდვა და უწმინდურება უცხოა. ამიტომ თუ შეცოდებული ქრისტიანი განწმენდისაკენ არ ისწრაფვის, რომელიც აღსარებისა და ზიარების დროს ხორციელდება, ის ეკლესიის სხეულის მიღმა რჩება.
გულმოწყალე სამარიტელი
ქრისტესა და ეკლესიის მიერ ადამიანების გადარჩენა მოთხრობილია იგავებში. გავეცნოთ ერთ-ერთ იგავს გულმოწყალე სამარიელზე: "მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალმკვდარი დააგდეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიტელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ჩაუვარდა ყაჩაღებს? მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი" (ლუკ. 10:30-37). ამ იგავში სამარიტელი დიდი ყურადღებითა და სიყვარულით ეპყრობა უცხო ადამიანს, რომელიც ყაჩაღებმა დაჭრეს და გაძარცვეს, უხვევს ჭრილობებს და შემდეგ მიჰყავს სასტუმროში, სადაც სრული გამოჯანმრთელებისთვის ტოვებს. ამ შემთხვევაში სამარიტელ კაცში ნაგულისხმევია იესო ქრისტე, ხოლო სასტუმროში - ეკლესია, რომელიც იღებს და შვებას ჰგვრის იქ მისულ ყველა ადამიანს. ეკლესია, ისევე როგორც იესო ქრისტე:
* არ უგულებელყოფს ცოდვილებს, არ განდევნის მათ, ვისი სულიც დამძიმებულია ცოდვით.
* არ განარჩევს ადამიანს ეროვნების, რასის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით - მის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.
* არ ეშინია ეშმაკისეულ განსაცდელში ჩავარდნისა.
* ზრუნავს ყველა ცოდვილის სულისათვის, თანაუგრძნობს და არ ზოგავს მათთვის სიყვარულსა და გულისხმიერებას.
* აღსარებასა და ზიარებაში მყოფთ აპკურებს "ზეთსა და ღვინოს" და უშუშებს ჭრილობებს.
* დაუძლურებულთ აძლევს თავშესაფარს "სასტუმროში" საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის და ამზადებს ცათა სასუფევლისათვის.
ეკლესია პატივს სცემს ადამიანის თავისუფალ ნებას და უხმაუროდ აკეთებს თავის საქმეს. ის მოქმედებს, როგორც საფუარი, და ღვთის წყალობით ადამიანებს აქცევს "კეთილ და სრულყოფილ პურად".
ეკლესია ქვეყანაზე ყოველთვის იარსებებს, იარსებებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ვერც ადამიანური და ვერც ეშმაკისეული ძალისხმევა ვერ გაანადგურებს მას. უკანასკნელი ორი ათასწლეულის მანძილზე ამგვარი მცდელობა უამრავი იყო, თუმცა ყველა უშედეგოდ დამთავრდა. ასე ხორციელდება ის, რასაც დაგვპირდა იესო ქრისტე: "ავაშენებ ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევს მას" (მთ. 16:18).