მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ჩაჰყვეს ცოდვილს ჯოჯოხეთამდე და მასთან ერთად გამარჯვებული და გათავისუფლებული ამოვიდეს იქიდან
05.01.2012
"მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის.
ხოლო სასყიდლით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის" (იოანე 10:11-15).
გზააბნეულ, გაჯიუტებულ ცხვარს თუ მწყემსი მიატოვებს, სიკვდილისთვის სწირავს მას. მწყემსი, რომელსაც ნადირი შემოეპარება ფარაში და ცხვრებს გაუნადგურებს, უღირსია მწყემსობისა. მწყემსი, რომელსაც დაავიწყდება ფარის რომელიმე ცხვარი და ყოველდღიურად არ აღრაცხავს მათ, ასევე უღირსია იგი მწყემსობისა. თითოეული ცხვარი განსხვავდება ერთმანეთისგან ხასიათითა და თვინიერებით, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს მზრუნველის დამოკიდებულება თოთოეულ მათგანზე. ჯიუტსა და დაუმორჩილებელს მეტი სიფხიზლე და ყურადღება სჭირდება, სუსტსა და დაავადებულს - ზრუნვა და ხელის შეშველება. მწყემსში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა ის თვისება, რაც სჭირდება მისი საქმიანობის კეთილსინდისიერ აღსრულებას: ფხიზელი თვალი, მახვილი გონება, მოთმინება, სიყვარული და მისგან ნაშობი განზრახვა, გრძნობა სიბრალულისა, დახმარებისა, ერთგულებისა. ყოველივე ეს კი შეუძლებელია აღასრულო მხოლოდ სასყიდლისა და მოვალეობის გამო, რადგან სასყიდელი სასყიდელზე ფიქრს შობს, მხოლოდ მოვალეობის გრძნობა კი გულის გაგრილებას, ზედაპირულობასა და სიზარმაცეს. ერთადერთი ძალა, რამაც შეიძლება ადამიანს ნამდვილი წინამძღოლის, ზედამხედველისა და მწყემსის კეთილი და მძიმე ჯვარი ატვირთვინოს, მხოლოდ წრფელი, უანგარო სიყვარულია. სიყვარულია ის ძალა, რომელიც სიცოცხლესა და შემართებას აძლევს ადამიანის შინაგანში არსებულ თითოეულ კეთილ ჩანასახს, განამტკიცებს და ასულდგმულებს ჩვენს შინაგან სამყაროს, თითოეულ სათნო ზრახვასა და სურვილს. სიყვარულია ძალა სიცოცხლისა, რომელიც აღვიძებს ჩვენში არსებულ თითოეულ მიძინებულ ნიჭს და დაუღალავად, შეუჩერებლად მიაცილებს უფლის წმინდა სამსხვერპლოზე შესაწირად. სიყვარულის ნიჭია შემომკრები ყველა იმ საუკეთესო თვისებისა, რომლის გარეშე შეულძებელია ადამიანმა იტვრთოს ჯვარი ჭეშმარიტი მწყემსისა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ჩაჰყვეს ცოდვილს ჯოჯოხეთამდე და მასთან ერთად გამარჯვებული და გათავისუფლებული ამოვიდეს იქიდან, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს გულთან მიიტანოს მოყვასის ტკივილი და გულიდან გამოწვდილი დახმარების ხელი გაუწოდოს მას. სიყვარულია მშობელი სინანულის წრფელი ცრემლებისა და მისით აღმოცენებული სიხარულისა. რამდენადაც გვიყვარს უფალი, იმდენად შეგვიძლია დახმარება მოყვასისა. გულის სიწმინდე ასწავლის ადამიანს სიყვარულს და კვლავ სიყვარული განწმენდს გულს ცოდვისაგან. ადამიანისთვის გულია გადაშლილი წიგნი სიცოცხლისა, მისით ვპოულობთ სასუფეველს და მას, ვისგანაცაა სასუფეველი.
ვინ გამოდგება წინამძღვრად და მეგზურად ცოდვილთა? ის, ვინც თავისი ცხოვრებით ამაღლდა, განიკურნა ავადმყოფობისაგან, ვინც ყოველწუთიერად წმენდს და ამავე დროს უფრთხილდება გულის სიწმინდეს. თუ საკუთარი თავის დახმარებას არ ცდილობ და საქმით არ აცოცხლებ ამას, ნუთუ შეძლებ სხვათა დახმარებას? თუ საკუთარი თავი უარყავი და არ გებრალება, განა სხვას შეიბრალებ და გულთან მიიტან მის გასაჭირს? პირიქით, დაუმძიმებ, გაურთულებ ყოფას შენს ირგვლივ მყოფთ. ძალზე ხშირად უზნეო ქადაგებს ზნეობასა და სამრთალს და ცდილობს დაიმორჩილოს სულიერი ფარა. სიყვარულის სიმწირით გამორჩეული ასწავლის სიყვარულს უსიყვარულოდ. მთვლემარე საკუთარი ცხოვრებით საუბრობს მღვიძარებასა და სიფხიზლეზე მხოლოდ ბაგეებით. ახლომხედველი მოძღვრავს ადამიანებს შორსმხედველობაზე, ამპარტავანი - სიმდაბლეზე, სულმოკლე - სულგრძელებასა და მიტევებაზე. მრავალს სხვათა გაძღოლა და წინამძოლობა იოლი ჰგონია, ეს ისევე რთულია, როგორც საკუთარი თავის დამორჩილება, ვნებებსა და ცოდვებზე აღვირის ამოდება, მათი მართვა. მასწავლებლობას სწავლის მძიმე გზა უძღვის წინ, უფალთან სიახლოვეს - გულის განწმენდა და სიყვარული, წინამძოლობასა და მწყემსობას კი მორჩილება და თავმდაბლობა. ამბიციებითა და უვიცობით შეპყრობილი ადამიანი სულიერ წინამძვრობას უფლებებითა და მათი დამორჩილების სურვილით იწყებს, ავიწყდება უმთვარესი პასუხისმგებლობა, მოკრძალება ღვთისა და მოყვასის წინაშე, რაც ურთულეს მოვალეობასთანაა დაკავშირებული. მოვალეობასა და პასუხისმსგებლობას კი მხოლოდ მაშინ გრძნობ, როდესაც აცნობიერებ წინამძღვრობის ჯვრის სიმძიმეს.
რა სხვაობაა უფლებასა და პასუხისმგებლობას შორის? უფლება გასწავლის, რა გააკეთო, როგორ გასცე ბრძანება და დაიმორჩილო, იგი ძალზე ხშირად სხვისკენაა მიმართული, ხოლო პასუხისმგებლობა გასწავლის, გმოძღვრავს თავად შენ, ყოველწუთიერად გზედამხედველობს და შეგახსენებს შენი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ. ძალა-უფლება ამპარტავნებას შობს, თუ ის ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულითა და მოკრძალებით არ იქნება ნასაზრდოები. როდესაც წრფელი სურვილითა და მცდელობით განიზრახავ სხვის დახმარებას, აუცილებლად შეძლებ ამას, რადგან ამ დროს სიყვარულია შენი მასწავლებელი, შემწე და მეოხი უფლის წინაშე. ამ დროს საერთოდ აღარ ფიქრობ საკუთარ თავზე, არამედ მთელი არსებით ცდილობ მის დახმარებას, ვინც იმედით შეგყურებს, როგორც ღვთისგან გამოგზავნილს მის გადასარჩენად. მწყემსი კეთილი სიღრმისეულად იცნობს თავის გონიერ ცხვრებს, მათ შინაგან სამყაროს, გულთან მიაქვს მათი გასაჭირი და ტკივილი. მათთან ერთად სტკივა, მათთან ერთად უხარია, მათი გასაჭირით ცხოვრობს და მათი ლხინით ბედნიერია. ადვილია უბრძანო სხვას, აიღე და ატარე მძიმე ტვირთიო, მაგრამ ძნელია თავად შეეშველო და მასთან ერთად ზიდო ეს სიმძიმე. იმისათვის, რომ გადაარჩინო სხვა, ერთი რამაა საჭირო: მთელი არსებით შეხვიდე მის გასაჭირსა და ტკივილში, რადგან ამ დროს უფალიც შემოვა შენში და შეუძლებელს შეგაძნებილებს. სიყვარული და ერთგულება აახლოებს ადამიანს ჭეშმარიტებასთან და არა ჭეშმარიტების შესახებ საუბარი. სიყვარული ქმედებაა, თავგანწირვაა. სიყვარულია სიმდიდრე ერთგულებისა და უტყუარი დასტური თითოეული კეთილი ქმედებისა. სწორედ იგია კეთილი მწყემსის ხელში არსებული მძლავრი კვერთხი ძალაუფლებისა, რომლითაც უფლისკენ მიუძღვის მასზე მიბარებულ გამოუცდელ, ახალბედა, ხშირად უგუნურ და გაჯიუტებულ სულთა სიმრავლეს. ცხვარს გაძღოლა სჭირდება და არა მხოლოდ მართებული გზის ჩვენება, რადგან სიტყვიერად შეიძლება მრავალმა მიგასწავლოს გზა, მაგრამ ძალზე ცოტა თუ გამოგყვება მეგზურად შენს სავალზე. გაძღოლა გულისხმობს სიახლოვეს, თავგანწირვას, ხიფათისა და განსაცდელის მოყვასთან ერთად გადატანას. მხოლოდ თანამეგზურს შეუძლია მზერა არ მოსწყვიტოს მასთან ერთად მყოფს, ყურადღება არ მოაკლოს მის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რათა ჭეშმარიტი გზიდან არ გადაუხვიოს ან თუ გადაუხვევს, მყისიერად მოაბრუნოს და კვლავ მის თვალსაწიერში ამყოფოს. კეთილი მწყემსის ამგვარ ზრუნვას, სიყვარულსა და თავდადებას შეუძლია გამარჯვება ყოველ განსაცდელზე, ისე რომ ერთი მათგანიც გონიერ ცხვართაგან არ წარუწყმდეს ჩასაფრებული მტრისგან. მხოლოდ ამგვარ რწმენასა და სიმამაცეს შუუძლია ამაღლება ბოროტებაზე, რადგან სადაც თავგანწირვაა სიყვარულისთვის, იქაა ქრისტე თავისი მადლითა და ძალმოსილებით მამასთან და წმინდა სულთან ერთად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.