დროდადრო ჩნდებოდა სწავლებები, რომელებიც ამტკიცებდნენ, რომ თავიდან იყო ორი აღთქმა: ძველი - მამა ღმერთთან და ახალი - ძე ღმერთთან და ახლა მოდის შემდეგი ჟამი, ჟამი შემდეგი აღთქმისა - სულიწმინდისა. ეკლესიის თვალსაზრისით ეს ერესია. ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა ეკლესიაზე, მას შედეგ ცოცხლობს მასში, არასოდეს მიუტოვებია იგი და ეს არის სულიწმინდის სრული თანაარსობა იესო ქრისტესთან. ეკლესიისთვის ახალი აღთქმა - ეს არის აღთქმა მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და სულიწმინდასთან.
თავად სულიწმინდა გადადიოდა ძველი და ახალი აღთქმის ავტორებზე, ამიტომაც ეწოდება ამ წიგნებს ღვთივშთაგონებული წიგნები.
სულიწმინდის მეშვეობით არის შთაგონებული ეკლესიის მიერ აღიარებული საეკლესიო კრებების ყველა გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილებები იწყება სიტყვებით, რომლებიც იყო წარმოთქმული პირველ კრებაზე, "ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულიწმინდამ და ჩვენც..." (საქ. 15:28). სწორედ სულიწმინდა აძლევს ადამიანს ღმერთის შემეცნებასა და მასთან ურთიერთობის საშუალებას: "...ვერც უფალს უწოდებს იესოს თუარა სულიწმინდით" (1 კორ. 12:3), ანუ იესო ქრისტეში ღმერთის ხილვა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც სულიწმინდის დახმარების ღირსი იქნება.
ის, ვის შესახებაც იცოდა მხოლოდ რამდენიმე მოწაფემ, სულიწმინდის მადლით მთელი ქვეყნიერებისთვის გახდა ცნობილი.
სულიწმინდის თანადგომით, ჩვეულებრივი ადამიანი ხდება წმინდანი. ღვთისგან წამოსული ყველა ქმედება: სასწაულების მოხდენა, ადამიანის განკურნება - ხდება მისი საშუალებით. იგი ვლინდება ყველა ღვთიური უნარის: მშვიდობის, თავშეკავების, მოთმინების, თავმდაბლობის, სიხარულის, რწმენისა და სიყვარულის წყაროდ.
სულიწმინდის მიერ მონიჭებულ ჯილდოს მადლი ჰქვია. XIV საუკუნეში ეკლესიის შესახებ აღიძრა დავა, კამათის თემას მადლის რაობა წარმოადგენდა. იყო თუ არა ის ღვთის მიერ შექმნილი? ისინი, ვისაც ჰქონდა მიღებული მადლი, ამტკიცებდნენ, რომ - სულიწმინდა არ არის ქმნილი ძალა. ყველაზე კარგად და ნათლად ეს აზრი ჩამოაყალიბა და განმარტა დიდმა მართმადიდებელმა ღვთისმეტყველმა წმინდა გრიგოლ პალამამ, მან თქვა, რომ სულიწმინდის მადლი - "ეს არის - თვით ღმერთის ენერგია ან მოქმედება. ღმერთის არსებობა მისი მოქმედებისა და ენერგიების გარეშე წარმოუდგენელია". ღვთის ენერგიები ყოველთვის, თვით სამყაროს შექმნამდეც არსებობდა, ეს გამოდის მისი შეუცნობელი არსისაგან, როგორც სინათლე გამოდის მზისგან, მაგრამ გამოსვლის მიუხედავად ის მას არასოდეს განეყრება. ამ უბრალო მსჯელობით და წმინდანების გამოცდილებიდან გამომდინარე, წმინდა გრიგოლ პალამამ მადლის უქმნელობა დაასაბუთა. თავის წიგნებში მადლს ის ხშირად უწოდებს ღვთაებას. ღმერთი განუყოფელია და ამიტომ მადლში წმინდა გრიგოლი სრულ ღმერთს გულისხმობს. ეს რწმენა კრებებზე ეკლესიამ გაითავისა და იგი დღეს მართმადიდებლობის ერთ-ერთ უმთავრეს განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს.
სულიწმინდის მიღება - ქრისტიანული ცხოვრების მიზანი
სერაფიმ საროველის სწავლების მიხედვით, ქრისტიანული ცხოვრების მიზანი მადლის მოხვეჭაა. რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და სხვა ქრისტიანული საქმენი, ამაში მაინც არ მდგომარეობს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, თუმცა სწორედ ესენია მთავარ მიზნამდე მისვლის საშუალებები. ამრიგად, ვინაიდან მთავარი მიზანი სულიწმინდის მოპოვებაა, ლოცვა, მარხვა და ზოგადად კეთილი საქმის კეთება საშუალებებია სულიწმინდის მონაგრებისა.
სერაფიმ საროველის მოსაზრება გასაგები იქნება ჩვენთვის, თუ გავიხსენებთ, რომ - ცათა სასუფეველი ღმერთთან ურთიერთობაა. როდესაც სულიწმინდა ცხოვრობს ადამიანში და ამავე დროს ადამიანიც სულიწმინდაშია - ეს არის სამოთხე, გადარჩენა, სწორედ ეს არის ქრისტიანული ცხოვრების მიზანი.