მაშინ ქრისტემ მოუწონა პეტრეს პასუხი და მიუგო მას: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზედ ავაშენებ ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი" (მათ. 16:17).
ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხედავს იესო ქრისტეს ეკლესია.
იესო ქრისტეს შესახებ რწმენის სიმბოლოში ნათქვამია:
"მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხოლულთა ყოველთა და არა ხილულთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგანან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კვალდ მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სულიწმიდა, უფალი და ცხოველს მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით: და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ".
მესამე მსოფლიო კრებამ (431წ.) უარყო ნესტორიანული ერესი. ქრისტიანული რწმენა ამტკიცებს, რომ ადამიანები თავად ღმერთმა გადაარჩინა, რომელიც მარიამ ღვთისმშობელში სულიწმინდის ძალით განკაცდა, იქნა ჯვარცმული, გარდაიცვალა და აღსდგა. ნესტორიანელობა კი საუბრობს იმაზე, რომ ეს ყველაფერი გააკეთა უბრალო ადამიანმა, ეს პოზიცია კი ადამიანს ცხონების საშუალებას ართმევს. რანაირიც არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ადამიანის სიკვდილი, კაცობრიობას ის ვერაფერს შემატებდა. მხოლოდ სიკვდილით ღვთისშვილისა და მისი ჯოჯოხეთში ჩასვლით - ერთხელ და სამუდამოდ იქნა დამარცხებული სიკვდილი და განადგურებული ჯოჯოხეთი.
ამ საეკლესიო კრებამ განამტკიცა რწმენა იმისა, რომ ქრისტე ყოველთვის იყო და იქნება ერთარსი ჩვენს მიმართ. მისი ადამიანური ბუნება გვაძლევს სრულ საშუალებას, ვეზიაროთ მას და შესაბამისად ღმერთს.
მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (681წ.) დაადასტურა ადამიანური ბუნების სისრულე იესო ქრისტეში და ამით უარყო მონოთელიტური (ბერძნ. "ერთი ნება") ერესი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქრისტეში ორი ბუნებაა, მაგრამ მისი ნება და მოქმედება ერთია და მხოლოდ ღვთაებრივია. კრებაზე ითქვა, რომ გონებით გააზრებული ადამიანური ნება არის ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი, რომელიც, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, მიიღო იესო ქრისტემ. იმ შემთხვევაში, თუკი ის არ გაითავისებდა ჩვენს ბუნებას, არ იქნებოდა სრულყოფილად ადამიანი და ჩვენი ბუნება დარჩებოდა არასრული (ცოდვილი, როგორც ყველა ადამიანის სული ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული), მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტემ, რომელშიც ერთიანდება ორი ბუნება - ადამიანისა და ღმერთის, აიღო ადამიანის ცოდვაცა და მისიაც თავის თავზე. ამრიგად, ქრისტეს აქვს ორი ბუნება: ადამიანური და ღვთაებრივი.
იესო ქრისტე - სრულქმნილი ღმერთი
იესო ქრისტე - სრულქმნილი ადამიანი
იესო ქრისტე - არა ორი, არამედ ერთი პიროვნება - ღმერთი
იესო ქრისტეს უცოდველობა უკავშირდება იმას, რომ პიროვნება-ღმერთია, რომელიც არ სცოდავს (ცოდვა - ღვთისგან განშორება). ცოდვაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პიროვნებაა. ესე იგი, ქრისტეს აქვს ორი ბუნება და ერთი პიროვნება.