უჩვეულო გმირები. თავისი სურვილებითა და მისწრაფებებით სხვებისგან გამორჩეულნი:
ასეთი გმირი უჩვეულო საქმეებს სჩადის, უკანასკნელ ლუკმას არწივს უწილადებს, იმთავითვე უიმედო საქმეს მოჰკიდებს ხელს, ქმრად ამოირჩევს ქაცალს ან, პირიქით, ცოლად მოიყვანს ჩიტს ან გველს. ერთი სიტყვით, გაუგებრად იქცევა.
გმირი მამაკაცი აუცილებლად უნდა გავიდეს სახლიდან და "სიკვდილის გზას" დაადგეს. საოცარია, რომ საწადელს სწორედ ამ გზაზე წასული მიაღწევს, გაიმარჯვებს და მეფობას დაიმკვიდრებს. ამავე გზაზე უახლოესი ადამიანების ღალატსა და მეგობართა გაუტანლობასაც გამოცდის. მიღმა მხარის (ჯადოსნურის) ღირებულებები თითქმის უპირისპირდებიან "ამა სოფლის" ღირებულებებს. იქ შებრუნებულად ლაპარაკობენ, ამა სოფლიდან წაღებული ოქრო იქ მტვრად იქცევა, აქაური ცრუ გმირები და ავსულები იქ იღუპებიან, მხოლოდ ნამდვილი გმირისთვისაა ღია იმ სამყაროს კარი. ჯადოსნური ზღაპრის გმირი შეიძლება "ამ სოფელში" უქნარად და ნაცარქექიად იყოს შერაცხული. ერთი სიტყვით, სინამდვილე ჯადოსნურის უკუღმა ხატს იძლევა.
ზღაპარში გმირი უპირისპირდება საწუთროს. განსაკუთრებული გმირების შესაძლებლობანი ნორმალური ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და მათი მისწრაფებები უპირისპირდება ნორმალური ადამიანების სურვილებს.Nნორმალურ ადამიანად ის ითვლება, ვინც საწუთროს შეესაბამება, მის კანონებს მისდევს და ახორციელებს. საწუთროს მორჩილი ვერ იტვირთავს გმირის "მისიას". საწუთროსმოყვარე ვერასოდეს გააკეთებს იმას, რასაც გმირი, რომელიც საწუთროს ურჩია. როგორც კი საწუთრო ამ ურჩის არსებობას შეიტყობს, მაშინვე მდევნელს გამოუჩენს თავისი ღვიძლი შვილის, საწუთროსმოყვარის სახით. საწუთროს შვილთა მიერ საკუთარი უუნარობის განცდა გმირისადმი მძვინვარე სიძულვილად იქცევა.
ხშირად თვისტომთაგან ათვალწუნებისა და დევნის მიზეზი ხდება ის საქციელი, რომლის გამოც გმირი მადლიერებისა და პატივისცემის ღირსი უნდა იყოს. სიკვდილის გზის აღიარება სიცოცხლისა და ჭეშმარიტების გზად გმირის აღმოჩენაა. გმირს ეჭვი შეაქვს სინამდვილის უტყუარობაში და ამით მოჩვენებითობას ააშკარავებს. ის აუქმებს წუთისოფლის წესებს და საფრთხეს უქმნის მას. თვისებების განსაკუთრებულობა გმირს წუთისოფელთან აპირისპირებს და წუთისოფელი დევნის მას, როგორც უცხოს. გმირი ცდილობს დაეხმაროს ხალხს და სოფელს უწესრიგობისა და ბოროტების დაძლევაში, მაგრამ ზღაპრის გერივით თავისი სიკეთის გამო იდევნება, რადგან წუთისოფელი, როგორც ზღაპრის დედინაცვალი, უწესრიგობასა და ბოროტებას თავის თავში ატარებს. ასე ზრდის ის თავის ღვიძლ შვილებს, საწუთროსმოყვარეებს, და ებრძვის გმირს, როგორც გერს, როგორც უცხო თესლს.Nნებისმიერი გერი ამ კუთხით წარმოგვიდგება. გმირი მუდამ გერია, ხოლო საწუთრო - დედინაცვალი. გავიხსენოთ იოანეს სახარება: "უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა. რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ... ამისათვის სძულთ თქუენ სოფელსა" (15,18-19).
"ვაჭრის ვაჟმა ივანემ ცხენი ნებაზე მიუშვა, ხარის ტყავით შეიმოსა, თავზე საქონლის ტყავი ჩამოიცვა და გზას დაადგა".
"უფლისწულმა ქვეყნიერება შემოიარა, ვერავინ ნახა, ვისაც ფეხსაცმელი მოერგებოდა. შინ დაბრუნდა, "ღორისტყავას" ეახლა, ფეხსაცმელი მოაზომა და მოერგო კიდეც".
აღსანიშნავია, რომ გულანშაროს მოსული ავთანდილიც მალავს თავის ვინაობას.
"საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი".
გულანშარო შეიძლება საწუთროს ხატად წარმოვიდგინოთ. ამ ქალაქის კარი ყველასთვის ღიაა, ათასი ჯურის ხალხი მიდი-მოდის, ქაჯები დათარეშობენ. გულანშაროში შესაძლებელია ღალატი, ყოფილი სატრფოს სასიკვდილოდ გამეტება, საიდუმლოს გათქმა, თვალთმაქცობა, ორპირობა და სხვა, რაც პოემისეულ არაბეთში წარმოუდგენელია. ადამიანები შემთხვევითობას, წამიერებას აჰყოლიან, თავიანთი ღირსება და დიდბუნებოვნება დაუკარგავთ და ამგვარ უწესრიგობაში მოხვედრილმა, უსაფრთხოების მიზნით, უმჯობესია თავისი ვინაობა დამალოს. ავთანდილი ასეც იქცევა:
"ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით თქვენსა პატრონობასა,
"თვით თავადია ჩვენი", თქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა".
საფიქრებელია, რომ ველად გაჭრილი ტარიელის ვეფხისტყაოსნობაც თავის გასაიდუმლოების დატვირთვას არ უნდა იყოს მოკლებული.
გმირის უღიმღამო გარეგნობაც შეიძლება განვიხილოთ როგორც საფარველი. ის იმდენად შეუხედავია, რომ სრულიად არ შეესაბამება საზოგადოების წარმოდგენას გმირზე. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ ესაიას წინასწარმეტყველება მესიის მოსვლის შესახებ:
"წამოიმართა, როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი დაგვალული მიწიდან. არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ" (53,3).
"საძულველი იყო და კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებდნენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით" (53,3).
ანალოგიურ მდგომარეობაში ვხედავთ ზღაპრის გმირს. ვერავის წარმოუდგენია, რომ უღიმღამო გარეგნობის, ჩია, უნიათო და უგნური ადამიანი, მათ გვერდით რომ ცხოვრობს, შეიძლება იყოს გველეშაპის დამმარცხებელი, ჯადოსნური ფრინველის დამჭერი, ველური კვიცის გამხედნავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბეჩავებული, ტყვეობას მიჩვეული წუთისოფლის ხალხისათვის ახალი უბოროტო ყოფის დამამკვიდრებელი, თავისუფლების მომტანი.
როდესაც გველეშაპის მოკვლის ამბავი აუწყა ქალიშვილმა, "ხელმწიფემ აბუჩად აიგდო: არა, შენი ქმარი ქაჩალ-მებატე ისეთი იქნებოდაო". შვილი ეუბნება მამას: "მამი, ვინც დევები მოკლა, ჩვენს ბაღში სძინავსო". "რას ამბობ, ქალო, ვიღაც იმერელი დავაყენე და იმას როგორ შეეძლო მათი დახოცვაო?!." მეფეს ასული ეუბნება: "ბატონო ხელმწიფევ, თქვენი ყელსახვევით რადა აქვს ჩემს ქმარს ხელი შეხვეულიო? - გასწი და გაეთრიეო. შენი ქმარი კი არა, ვიღაც იყო, ციდან ჩამოფრენილი და შენს ქმარზე იძახიო".
ასეთივე მდგომარეობაშია დაჩაგრული გერი, რომელიც დედინაცვლის სახლში ცხოვრობს. მას აკისრია მძიმე სამუშაო, ჭუჭყიანი კონკები აცვია, გამურული ცხვირ-პირი აქვს, ათასგვარ დამცირებას ხმის ამოუღებლად იტანს, რომ მოადუნოს დედინაცვლის ყურადღება და თავისი ნამდვილი ვინაობა არ გაამჟღავნოს. მისი კეთილი ბუნება საკმარისად აღიზიანებს დედინაცვალს. ის გუმანით გრძნობს, რომ გერი ის არსებაა, რომლის მოსპობა აუცილებელია, რომ არაფერი დაემუქროს დედინაცვლის ბატონობას, წუთისოფლის ძალაუფლებას. ამიტომ იგი გერის გაგდებით არ კმაყოფილდება, გერი უნდა მოკვდეს. დედინაცვალი ცხრა მთას იქითაც მოძებნის ლტოლვილს, სახეს შეიცვლის, ტკბილად დაუწყებს საუბარს, ყოველ ღონეს იხმარს, რომ ხელში ჩაიგდოს და სიცოცხლეს გამოასალმოს, მხოლოდ განსაკუთრებული ცოდნა თუ დაიხსნის გერს სიკვდილისაგან.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ცოდნა, რომლითაც საწადელი მიიღწევა, ამსოფლიური ცოდნისგან, გამოცდილებისგან განსხვავდება. დედაბრის ბანზე მოხვედრილი გერი აშმორებულ მწნილს მოიწონებს, მყრალ ქვევრებს უქებს, ტილიან თმას უვარცხნის და ხოტბას ასხამს და ასეთი, თითქოს გაუგებარი საქციელის გამო ოქროსფერი თმით (მომავალი დედოფლობის ნიშნით) ჯილდოვდება. გათოშილი, სიცივით გალურჯებული საბრალო გერი "მოროზკოს" შეკითხვაზე: - ხომ არ გცივა, გოგონაო, პასუხობს: - არა, ჩემო ბატონო, მთბილა, ძალიან მთბილაო და სახლში დედოფალივით მორთულ-მოკაზმული ბრუნდება. როცა ვიტყვი, ვიწვი, უფრო დაბლა ჩამწიეთო, - ამბობს უმცროსი ძმა და გადაულახავ წინააღმდეგობას დაძლევს. ეს მისი მომავალი გამარჯვების საწინდარია. ესაა გმირის ტექსტი. არაგმირი (საწუთროსმოყვარე) ამ სიტუაციაში იმას ამბობს, რასაც გრძნობს და ხედავს და ამის გამო ხელმოცარული რჩება. თითქოს ამით ამოიცნობა, რომ ის არ არის "საწუთროს ურჩი" და ძნელ გზას მხოლოდ დიდებისა და ამპარტავნობის სურვილით, ნივთიერი პატივის იმედით დასდგომია. გმირის საქციელს სხვა ცოდნა მართავს, ეს თანდაყოლილი ცოდნაა, ამით განირჩევა ის სხვებისგან, ამიტომაა გერი, უცხო.
ზოგჯერ ამ განსაკუთრებულ ცოდნას რჩეულს უმჟღავნებენ. "გველეშაპი" ქმარი ასწავლის ცოლს: "ჩვენს ქვეყანაში ქაჯურად ლაპარაკობენ. ჩემმა დედამ რომ გითხრას, კოკა გატეხეო, კოკა უნდა მიუტანო. წყალი დააქციეო, წყალი უნდა მიუტანო".
რაში არიგებს გმირს, როგორ უნდა მოიქცეს მზეთუნახავის საბრძანისში: "გზაში ერთ მოწამლულ პანტას შეხვდები. შენ იმას ტკბილად უნდა დაუწყო ლაპარაკი, რა მშვენიერი გულაბი ხარ, ნეტავ მეცალოს, შენი ჭამით გავძღებოდიო და გაგიშვებს. თუ ეგრე არ უთხარ, მაშინვე მოგწამლავს და მოგკლავს".
ეს ცოდნა აუცილებელია, რომ გმირმა გაიმარჯვოს, რომ გაარღვიოს წუთისოფელი და სხვა უფრო მაღალ რეალობას ეზიაროს. დედაბრის ბანი, ცხელი ხარო, სოფლის საზღვარი - ერთი რიგის მოვლენებია. ასეთ ადგილას ირკვევა, თუ ვინ არის გმირი.
"ივანე უეშმაკო და უჭკუო იყო... მუშაობდა თუ არა, სულ ბუხარზე ეგდო, გვერდები გაისქელა".
"მაზლი საშინელი ზარმაცი და ზორბა ტანისა იყო. არაფრის გაკეთება არ შეეძლო, სულ ბუხართან იჯდა, ხელში ცხილი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. ამიტომაც ნაცარქექია შეარქვეს".
"ყმაწვილი შინიდან არ გამოდიოდა, სულ ბუხართან იჯდა, ნაცარში. დედა მას ნაცარქექიას ეძახდა".
მოყვანილია გმირის სისულელის დამამტკიცებელი მაგალითები, რომ უკანასკნელი ფულით კატა იყიდა, სულელურ რჩევებში ბოლო გროში გადაიხადა, თავისი ულუფა სხვას შეაჭამა და თვითონ მშიერი დარჩა და ა.შ. შემდგომში ირკვევა, რომ ამგვარი ქცევით მომავალი გამარჯვების წინდი ჩაიდო და რომ გმირის მიმართ აგდებული დამოკიდებულება გარესამყაროს პროფანული ხედვის ნაყოფი ყოფილა.
ეს ზედაპირული ხედვა წარმართავს საწუთროს ღვიძლ შვილთა მოქმედებას, როდესაც ისინი გერის საქცეიელის გამეორებას ცდილობენ, რადგან სურთ, ისინიც ისევე დაჯილდოვდნენ, როგორც გერი. დედინაცვლის შვილი ჭაში განგებ ჩააგდებს კვირისთავს, დედაბერთან ჩადის და (წინასწარი კონსულტაციის მიუხედავად) იქიდან ვირის ყურებით ბრუნდება. გმირის წაბაძვით მეფე ცხელ რძეში ჩახტება გასაახალგაზრდავებლად და იფუფქება. მეფისწული ცოლად მოიყვანს ღორს, რომელიც სინამდვილეში მზეთუნახავია. ვეზირი გადაწყვეტს: "მაგან ერთი ბეწო ღორი მოიყვანა, მე წავალ და მთელ ფარაში ამოვარჩევ სულ დიდ ღორსო". ასეც მოიქცევა იმ იმედით, რომ მზეთუნახავს ირთავს, საყდარში ჯვარს დაიწერს და ისე შეაწუხებს ალერსით, რომ ღორი ყელს გამოღადრავს.
უქნარასთან და შრომისმოყვარე ძმებთან დაკავშირებით გვინდა მარიამისა და მართას სახარებისეული ეპიზოდი გავიხსენოთ, სადაც ნათლად ჩანს ორი განსხვავებული პოზიცია, ორი მიმართება სამყაროსადმი. ბეჯითი ძმების შრომა მატერიალურ, ნივთიერ ასპექტში განიხილება, ხოლო უქნარას შინაგანი მედიტაციური შრომა სულიერების ასპექტში მოიაზრება.
ამგვარად, ზღაპარში ორი სამყაროა - "ეს სოფელი" და "ჯადოსნური მხარე", საიდანაც სასაწაულთმოქმედი ნივთები გამოჩნდებიან ხოლმე. ეს სამყაროები განიყოფება ზღვრით, რომელიც ამავე დროს არის ადამიანური შესაძლებლობების მიჯნა (ცხელი ხარო, დედაბრის ბანი, სოფლის ბოლო და ა.შ.). ამ ზღვარს მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანი - გმირი (გერი) გასცდება. ის ამ სამყაროებს შორის კავშირს ამყარებს და თავისუფლდება და სიკეთე მოაქვს. "ნორმალურზე" აღმატებული შესაძლებლობების გამო წუთისოფელი მასში იმგვარ არსებას ხედავს, რომელიც მისი წინააღმდეგია და რომლის არსებობა საფრთხეს უქმნის წუთისოფლის ბატონობას. ამიტომ ის ურჩის დაღუპვას ცდილობს. საწუთროსა და გმირის ურთიერთობა დედინაცვლისა და გერის ურთიერთობის ანალოგიურია. ყველა გმირს შეიძლება გერი ვუწოდოთ, ხოლო საწუთროს და საწუთროსმოყვარეებს - დედინაცვალი თავისი ღვიძლი შვილებით. ეს უნივერსალური თეზაა. გმირმა (გერმა) უნდა დაიცვას თავი და ამის ერთადერთი გზა საკუთარი ვინაობის გასაიდუმლოებაა, საკუთარი შესაძლებლობების დამალვა, საკუთარი გარეგნობის შენიღბვაა. ამიტომ ზღაპარში თხრობის დროს გმირის აუგად მოხსენიება, სულელად და ბრიყვად მისი ჩათვლა არის გარესამყაროს ზედაპირული აზრი მასზე და არა უტყუარი პოზიციიდან გმირის წარდგენა. ესაა საზოგადოების წარმოდგენა ადამიანზე, რომელიც მას არ ჰგავს, მისებურად არ ცხოვრობს და არ იქცევა. სიმახინჯე, სისულელე, უსაქმურობა, გარეგნული სიძაბუნე შეგვიძლია მივიჩნიოთ გმირის (გერის) საფარველად, რომელიც მას ჟამის დარეკვამდე ადევს. გმირმა უნდა სძლიოს მატერიის სიმძიმეს, გაარღვიოს დეტერმინირებული "გამყარებული" სამყარო და ეზიაროს იმას, რაც ამ სოფლის მიღმაა დამალული. ამ ზიარებას, ამ კავშირს (თუ დაშლილი კავშირის აღდგენას) მოაქვს სიახლე წუთისოფელში, გარდაქმნის მას და უბოროტო კეთილის ხანას ამკვიდრებს. ესაა გმირის მისია.
ჯადოსნური ზღაპრის ღირებულებანი კაცობრიობის სულიერი კულტურის მარადიული ღირებულებებია. აქ წამოჭრილი პრობლემები ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა - ეს საკითხები მუდამ აფიქრებდა ადამიანს.