ჩვეულებრივი გაუგებრობა
უკანასკნელ პერიოდში პროტესტანტულ ქვეყნებში ეს ტენდენცია ქრისტეს ისტორიულობისა და ქრისტესადმი რწმენის გაყოფაში გამოვლინდა: ერთი მხრივ, ქრისტე როგორც ისტორიული მოღვაწე და მეორე მხრივ, როგორც რწმენის ობიექტი. ამ თეორიის ავტორის, ბულტმანის მიხედვით, ის ქრისტე, რომელიც სწამთ ქრისტიანებს, განსხვავდება რეალური ისტორიული პიროვნების - იესო ქრისტესაგან, მაგრამ ქრისტე, რომელიც ადამიანებს სწამთ, იდეის სახით ზეგავლენას ახდენს კაცობრიობის ისტორიაზე.
განვიხილოთ უფრო დაწვრილებით იესო ქრისტეს შესახებ განმანათლებლობის ეპოქიდან ჩვენს დრომდე არსებული შეხედულებები: რეიმარუსის აზრით (XVIIIს.), ქრისტე იყო უბრალო მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა ცათა სასუფეველს, როგორც მიწიერ რეალობას, როგორც ადამიანური ურთიერთობების ახალ სინამდვილეს. იგი მიიჩნევდა, რომ ჯვარზე გაკვრისას სიტყვებით: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?" - ქრისტემ გამოამჟღავნა სასოწარკვეთილება იმის გამო, რომ შეუძლებელია ისეთი სუფევა დედამიწაზე, როგორიც მას წარმოედგინა.
მე-19 საუკუნეში დევიდ შტრაუსი (1808-1874) ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რაც კი ვიცით იესოს შესახებ - მითია. მიუხედავად ამისა, ქრისტე რჩება მუდმივ ჭეშმარიტებად. ისტორიულობის უარყოფა არ ამცირებს რელიგიური ჭეშმარიტების მნიშვნელობას. იგავები და ამბები სასწაულებზე შტრაუსისთვის მხოლოდ ქრისტიანული ლეგენდები იყო. შტრაუსი არ აღიარებდა ისტორიულ წყაროდ იმ ხალხის შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას, ვინც იესო ქრისტესთან ურთიერთობდა და მის გვერდით ცხოვრობდა.
ერნესტ რენანი (1823-1892) ქრისტიანობის ყველაზე დიდი კრიტიკოსი გახლდათ. მისთვის ქრისტე იყო ადამიანი, რომელ-საც თავი ღვთის შვილად წარმოედგინა და ხალხისაგან ითხოვდა მონანიებას. მის სწავლებაში მთავარი იყო სიყვარული. რელიგიური მმართველების წინააღმდეგობის გამო ის ნელ-ნელა სიყვარულის მქადაგებლიდან რევოლუციონერ მესიად გადაიქცა. ბოლოს იგი გასცეს და ჯვარს აცვეს. რენანმა უგულებელყო სახარებისეული ჭეშმარიტება და შექმნა იესო ქრისტეს რომანტიკული სახე.
რომანტიკოსები ქრისტეში კეთილი ადამიანის იდეალს ხედავდნენ. მათ წარმოსახვაში ის იყო ბუნებასა და ჰარმონიაში მქადაგებელი, მშვიდობის მომტანი ადამიანი. ასეთი წარმოდგენა იესო ქრისტეზე დღესაც ბევრს უჩნდება. ეს არის მწერლების, რეჟისორების, მხატვრებისა და მქადაგებლების ჰუმანისტური იდეალები.
კომუნიზმის მიმდევრები ცდილობდნენ გამოეყვანათ იესო ქრისტე რევოლუციონერად. მათ მოსაზრებაზე დაყრდნობით იესომ გამოიწვია საშინელი გაუგებრობები, მან გამოავლინა თავისი თანამედროვე საზოგადოების უარყოფითი მხარეები და საკუთარი სწავლებით გამოხატა პროტესტი არსებული პრობლემების მიმართ. კომუნისტები ფიქრობენ, რომ იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შექმნეს მისგან ღმერთი და საკუთარი რელიგიის დამაარსებელი. რეალურად კი ის იყო სოციალური ცვლილებებისათვის მებრძოლი ადამიანი.
მარქსის ზოგიერთმა მიმდევარმა (მაგალითად, კაუტსკიმ) რელიგიასა და საზოგადოებაზე ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე შექმნა მათთვის მისაღები იესო ქრისტეს პორტრეტი. ისინი ცდილობდნენ იესო ქრისტე წარმოედგინად თავისი დროის პროლეტარად და კომუნისტად, რომელიც ურთიერთობდა პროლეტარულ მასებთან და ააშკარავებდა მჩაგვრელთა კლასის ნამდვილ სახეს: რომაელ დამპყრობლებს და მათ ხელისშემწყობ იუდეველებს.
განსხვავებულ წარმოდგენას ქმნიან იესო ქრისტეს შესახებ ფსიქოანალიზის კუთხით მომუშავე მკვლევრები, მაგალითად, ფროიდი. მისთვის სიტყვა "თავისუფლება" ნიშნავს ადამიანის გათავისუფლებას ნებისმიერი მოვალეობისაგან. იგი ქრისტეს რწმენას განიხილავდა როგორც ადამიანის "სადისტი მამისაგან" გათავისუფლების მცდელობას ანუ იუდეველთა ღმერთისაგან, რომელიც შიშს ბადებდა ადამიანებში ანუ თავის შვილებში.