ვინაიდან ხალხის გონება მიმართული იყო მატერიალური ფასეულობებისაკენ და ვერ გაიგეს იესო ქრისტეს სიტყვა და მოძღვრება, ხალხში გაჩნდა სკეპტიციზმი და უნდობლობა. ამან ჩვენს დრომდეც მოაღწია და კონკრეტული სახე მიიღო. მთავარ მიზეზად ის გაუგებრობა დარჩა, რაც ორი ათასი წლის წინათ იყო: ხალხი უპირატესობას ანიჭებდა მიწიერ, თანამედროვე ცხოვრებას, რომელიც მათთვის უკვე კარგად იყო ცნობილი, ისინი მხოლოდ მის გაუმჯობესებაზე ფიქრობდნენ. ამიტომაც ვერ ამჩნევდნენ ან შეგნებულად უგულებელყოფდნენ ღვთიურ მარადიულ ცხოვრებას, რომელსაც მათ ქრისტე სთავაზობდა.
წინა თავებში ლაპარაკი იყო ღვთის სასუფეველზე. მოვიყვანოთ მაგალითი სახარებიდან იმის შესახებ, თუ რას და როგორ ასწავლის იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ღვთის სასუფევლის შესახებ: "და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერც ერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამქვეყნად, და მოევლინნენ მათ ელია და მოსე, იესოსთან მოსაუბრენი. და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს, ერთიც - ელიას. რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, რადგან შეშინებულები იყვნენ. გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი, და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, უსმინეთ მას" (მარკ. 9:1-7, მთ.17:1-5). სავსებით ნათელია იესო ქრისტეს კავშირი ღვთის სასუფეველთან: ღვთის სასუფეველი - თავად ის არის, ჩვენი მაცხოვარია, ეს მისი სინათლეა, რომელშიც ასე კარგად გრძნობს ადამიანი თავს. ერთი მხრივ ბევრი ლაპარაკობს ღვთის სასუფეველზე, როგორც ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე. ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, ამქვეყნიური კეთილდღეობის წინააღმდეგი არ არის. საქმე ისაა, რომ ყველაფერს, რაც ამქვეყნიურია, მიწიერია ანუ მატერიალურია, დასასრული აქვს. ადამიანი ადრე თუ გვიან ამას დაკარგავს, მაშინ როცა იესო ქრისტეს შემოთავაზება ხალხის მიმართ მარადიულია და არასდროს იკარგება.
ეჭვი იესო ქრისტესთან მიმართებით ყველაზე ხშირად შემდეგ საკითხებში ჩნდება:
* მართლა არსებობდა თუ არა იესო ქრისტე?
* რა იყო ამ ქვეყანაზე მისი მოსვლის მიზანი?
* ვინ არის იგი?
* როგორ ხდება მასში ღმერთისა და ადამიანის გაერთიანება?
* მისი სასწაულები?
* მისი სწავლებები?
* მიზეზი და აზრი მისი სიკვდილისა?
* მისი აღდგომის ფაქტი?
ამ ყველაფერში ეჭვი მხოლოდ ათეისტებს არ ეპარებათ. არასწორი დასკვნები, რომლებიც ხალხს ახასიათებს, გამოწვეულია იმ მიზეზებით, რომლებზეც წინა თავებში ვლაპარაკობდით: სიყვარული შექმნილისადმი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე შემოქმედისადმი. აქედან მოდის იესო ქრისტეს პიროვნებასთან დაკავშირებული სხვა გაუგებრობებიც.
* ადამიანის გონებისათვის რთული მისაღებია ღმერთის ადამიანად გაჩენის აღქმა, მარიამ ღვთისმშობლისაგან ღმერთკაცის ზებუნებრივად დაბადება. ამავე დროს, რაციონალისტები, რომლებიც მეცნიერებას მითოლოგიურს ხდიან და რელიგიური აზროვნების წინააღმდეგი არიან, ვერ ეგუებიან სასწაულების არსებობას და მით უმეტეს მაცხოვრის აღდგომის ფაქტს.
* იესო ქრისტემ კაცობრიობას მორალიზმის თვითუკმარობა დაანახა და შესაბამისად მორალისტების პროტესტი გამოიწვია. "ძველი აღქმის" დროინდელი ხალხი ცხოვრობდა კანონებზე დაყრდნობით. წესის შესრულება აძლევდა ადამიანს იმის შეგრძნებას, რომ ის კარგი ადამიანია და ასეთი თავს უფლებამოსილად თვლიდა, განეკიცხა დამნაშავე, მისგან პასუხი მოეთხოვა, თან გამკიცხავი გაკიცხულთან თავის უპირატესობას გრძნობდა. ამავე დროს, ეჩვენებოდა, რომ თუ ადამიანი წესებზე დაყრდნობით იცხოვრებს, ცხოვრება შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. მაგრამ ამ მორევში არ ჩანდა "გადარჩენის" გზა, შესაძლებლობა ადამიანის ღმერთთან დაახლოებისა. მეორე მხრივ წესებითა და კანონებით გატაცებამ დაღი დაასვა ადამიანის და ღმერთის ურთიერთობას, რაც ღვთის გულრწფელი სიყვარულის ნაცვლად ანგარიშებსა და აღრიცხვებში იგულისხმება. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ადამიანი კანონების ზუსტი აღსრულების შემდეგ თავს უფლებას აძლევდა, თავისი "სამართლიანობისთვის" ღვთისგან ჯილდო მოეთხოვა.
იესო ქრისტეს პიროვნებაში ჭეშმარიტება გამოვლინდა და ამ მოვლენის მიზანი იყო, არა მატერიალურად ცხოვრების გაუმჯობესება, არამედ ადამიანის ბუნებისა და არსის გადარჩენა. მაცხოვარი ადამიანს დაეხმარა, დაენახა და შეეგრძნო თავისი ცხოვრების ნამდვილი დანიშნულება. ყველა დროის ხალხისთვის კარგად ცნობილი მორალიზმი იყო შედეგიანი იმდენად, რამდენადაც ადამიანების ცხოვრებას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევდა და მათ ერთმანეთში ურთიერთობას უადვილებდა. ცხადია, ადამიანებისათვის მოსახერხებელია გარკვეული ქცევის წესებით ცხოვრება.
ასე დამკვიდრდა ადამიანთა ნაწილის ცხოვრებაში გადასხვაფერებული ქრისტიანობა. ორი ათასი წლის წინათ მორალისტები, იგივე ფარისევლები, უარყოფდნენ ქრისტეს. დღესდღეობით საკუთარი თავის სასარგებლოდ ის მათთვის "მისაღებია". მათი დევიზია - "ღმერთი გაჩნდა ადამიანად, რათა ადამიანი გახდეს კარგი".
განმანათლებლური ეპოქის დასასრულს (XVIII ს) დაიწყო მეცნიერების ყოვლისშემძლეობის შესახებ მითის ფორმირების პროცესი. სწავლულებმა დაიჯერეს, რომ მეცნიერების დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ჭეშმარიტების მიგნება, ერთ-ერთი ამ მეთოდთაგანი გახდა ისტორიულობის კრიტიკა, რომლის არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ კონკრეტული ადამიანის არსებობის რეალურ ფაქტად მიღება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დამადასტურებელი დოკუმენტი იარსებებს. აქედან გამომდინარე გაჩნდა თეორია იესო ქრისტეს არარსებობის შესახებ. ჩვენს დროში ასეთი მიდგომა თავად მეცნიერების თვალსაზრისით არამეცნიერულად ითვლება. აღმოჩნდა, რომ სახარებისეული ტექსტის როგორც ისტორიული ფაქტის უარყოფის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არაქრისტიანული ისტორიული დოკუმენტების შესწავლამ თანამედროვე მეცნიერება მიიყვანა იქამდე, რომ ქრისტეს არსებობის რეალობაში ეჭვი აღარავის ეპარება.
მას შემდეგ, რაც არარეალური გახდა ქრისტეს არსებობის უარყოფა, დადგა საკითხი მისი ღმერთად მიღებისა, რაც დღესაც ბევრისთვის გადაულახავ პრობლემად რჩება. გაჩნდა თეორიები, რომ იესო ქრისტე შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკურ-ეკონომიკური მოღვაწე. ეს იმან განაპირობა, რომ პოლიტიკაც და ეკონომიკაც ყველაზე აქტიურ სფეროებად მიიჩნეოდა XIX საუკუნის ბოლოს. ქრისტეს საქციელის ახსნა დაიწყეს პოლიტიკური მოტივებით. ამის პარალელურად თვალს ხუჭავდნენ სახარებისეულ ტექსტებზე და იმაზეც, რომ, როგორც ყოველთვის, ისე ჩვენს დროშიც ქრისტიანებს აქვთ იესო ქრისტესთან ურთიერთობის ცოცხალი გამოცდილება.
რატომ ხდება ისე, რომ მიუხედავად იესო ქრისტეს, როგორც ადამიანის, ისე ღმერთის, არსებობის ობიექტური მიზეზებისა, მაინც ჩნდება ხალხში ეჭვი? გვიწევს დასკვნის გაკეთება, რომ ამ ეჭვების მიზეზი ღრმად პირადულია და დაკავშირებულია იმ პოზიციებთან, რომლებზეც ადამიანი დგას და არ სურს უარყოფა. ასეთი პოზიცია მცდარია და გამოწვეულია უცოდინარობით. რამდენი დასაბუთებაც არ უნდა იყოს იესო ქრისტეს არსებობისა, მისი სასწაულებისა თუ მისი აღდგომისა, ისინი იქნებიან გაგებულნი და მიღებულნი ადამიანისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ ადამიანი იცხოვრებს იმ ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, რომელიც წმინდა ათანასე დიდმა გამოხატა თავის სიტყვებში: "ღმერთი იმისთვის განკაცდა, რომ ადამიანი განღმრთობილიყო".