7. "მოახლოვდა ცათა სასუფეველი"
ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სიკეთეა, თუმცა ის არ არის სრულყოფილი. ადამიანის ცხოვრებას თან სდევს სირთულეები, გადაუჭრელი პრობლემები, უბედურებები და სიკვდილი. ამის მიუხედავად, ყოველი ადამიანი ცდილობს ცხოვრება შეცვალოს, გახადოს უფრო ჰუმანური, ლამაზი, შემოქმედებითი და ბედნიერი. როგორ მიიღწევა ეს? გონიერი ადამიანების უმრავლესობა შთაგონებით ოცნებობდა ამაზე, აწყობდა ურიცხვ სამომავლო გეგმას და იძლეოდა სხვადასხვა რჩევასა თუ დაპირებას. ზოგიერთი რამ აღნიშნულიდან მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა, თუმცა ზოგიერთმა ზიანიც კი მოიტანა. შეუძლია კი ქრისტიანობას შემოგვთავაზოს რაღაც ისეთი, რაც გამოუვალ მდგომარეობას დაგვაძლევინებს და ეს "რაღაც" ადამიანისთვის ცხოვრების წესად დამკვიდრდება? ქრისტიანობა გვთავაზობს ღვთის სასუფეველს.
რა არის ღვთის სასუფეველი? სად არის ის და რა აზრი დევს მის არსებობაში? რა მიმართებაა მასა და ადამიანის პირად ცხოვრებას, ისტორიას შორის? ღირს კი ადამიანისთვის მისკენ სწრაფვა? იქნებ ეს ყველაფერი უტოპია და თვალთმაქცობაა? ან იქნებ არის რეალური შესაძლებლობა, ღვთის სასუფეველი გახდეს უდიდესი მოულოდნელობა და სიხარული როგორც აწმყოსთვის, ისე მომავლისთვის?
ღვთის სასუფევლის არასწორი გაგებით ან მასზე ცრუ წარმოდგენის გამო საზოგადოებაში დამკვიდრდა მცდარი შეხედულება, რომლის გარშემოც გამოვთქვამთ სამ შენიშვნას:
* ტერმინი "ღვთის სასუფეველი" არანაირად არ უკავშირდება ძალაუფლებას. ეს არ ნიშნავს ღმერთის მძიმე და თვითნებურ ბატონობას ადამიანზე, გავრცელებულს გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ან სრულიად მსოფლიოზე. ღვთის სასუფეველი - ეს არის შესაძლებლობა ადამიანმა დაიწყოს ახალი ცხოვრება, ეს რეალობაა, სადაც მეფობს უდიდესი ღვთის სიყვარული, რომელიც მიმართულია ადამიანის კეთილდღეობისკენ, რომელიც სრულად სცემს პატივს ადამიანს, მის თავისუფლებასა და ღირსებას.
* მათე მოციქული ღვთის სასუფევლის ნაცვლად თითქმის ყველგან იყენებს სიტყვას "ცათა სასუფეველი". იგი ამას ძველი იუდაისტურ ტრადიციაზე დაყრდნობით ამბობს, ვინაიდან ამ ტრადიციის მიხედვით სიტყვა "ღმერთის" გამოყენებას შეგნებულად არიდებდნენ თავს. "ღმერთის" ნაცვლად ის ყველგან წერს "ცათა" და გულისხმობს ღმერთის სულიერ ადგილსამყოფელს. ეს, რასაკვირველია, ყველგან და ყველაფერში ღმერთის არსებობას არ გამორიცხავს - "ყველგან მყოფი და ყოვლის შემოქმედი". სიტყვა "ცათა" იწვევდა გარკვეულ გაუგებრობას. ბევრისთვის "ცათა სასუფეველი" დღესაც აღიქმება როგორც არარეალური, ზებუნებრივი, აკრძალული, ჩვენგან შორსმყოფი, ჩვენი ცხოვრებისთვის შეუთავსებელი. თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ჩვენს წარსულთან და რეალურ ცხოვრებასთან. ასეთი აღქმა არასწორია.
* პონტოელ პილატესთან საუბარში იესო ქრისტემ თქვა: "ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნისა" (იოან. 18:36). ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიერების ბედი და საარსებო წყარო არა ამ ქვეყნის რეალობიდან, არამედ ღმერთისგან წარმოიშობა. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ღვთის სასუფეველს, ქრისტიანობასა და ეკლესიებს არ აქვთ კავშირი ამქვეყნიერებასთან და არ უნდა ერეოდნენ წუთისოფლის საქმეში. რა თქმა უნდა, ღვთის სასუფეველი არ არის ამ ქვეყნისგან წარმოშობილი, თუმცა ის არსებობს ამ ქვეყანაზე. იესო ქრისტემ ბრძანა, რომ ის "ახლოვდება", მან ასევე თქვა: "თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი" (ლუკ. 17:21). როგორც კონკრეტულად ყოველ ჩვენგანში, ისე ხალხშია ღვთის სასუფეველი. როგორც შემდგომში ვიხილავთ, ღვთის სასუფეველი ყველამდე მივა, ვისაც სურს ის მიიღოს, მისთვის ამ ცხოვრებაში დაიწყებს მოქმედებას და სამუდამოდ გაჰყვება საიქიოში.
იესო ქრისტე - ღვთის სასუფევლის მაუწყებელი და მეწინავე
იესო ქრისტემ თავისი მოძღვრებითა და საქმეებით ხალხს ღვთის სასუფევლისკენ გაუხსნა გზა. მის პიროვნებაში, ცხოვრებაში, სწავლებაში, საქმეებში ჩვენ ვპოულობთ ჩვენთვის არსებული ღვთიური სასუფევლის სიდიადესა და შინაარსს. მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: "მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა და ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი, მოინანიეთ და იწამეთ სახარება" (მარკ. 1:14-15). ეს მონაკვეთი სახარებაში შეიძლება აიხსნას შემდეგნაირად: ცათა სასუფეველი იხსნება თქვენთვის. კაცობრიობისთვის ახალი ცხოვრება იწყება, უნდა დავფიქრდეთ და შევცვალოთ ცხოვრების აზრი, მივიღოთ ისეთი ცხოვრების წესი - როგორიც წარმოგვიჩინა ღმერთმა. სიტუაცია, რომელიც ქრისტეს შობამდე იყო, ადამიანს იმ ახალი ცხოვრებისთვის ამზადებდა, რომელიც მესიის მოსვლის შემდეგ უნდა დამდგარიყო, თუმცა მაშინდელმა სხვადასხვა რელიგიურმა მიმდინარეობამ ეს თავისებურად, თავის კრიტერიუმებსა და იდეალებთან შერწყმითა და შეთავსებით გამოიყენა.
იესო ქრისტემ თავისი რეალური ცხოვრებით გვიჩვენა "ღვთის სასუფეველი". მის შესახებ ასწავლიდა თავის მოძღვრებასა და იგავებში, ახდენდა სასწაულებს, ხალხს ცათა სასუფევლის არსის წვდომა და მასთან შეთანხმებით ცხოვრება რომ შესძლებოდა. თავისი ცხოვრებით იესო ქრისტემ ხალხს მისკენ მიმავალი გზის სხვადასხვა მხარეც უჩვენა.
1. მაცხოვრის იგავების საშუალებით შთაბეჭდილება გვექმნება, როგორია სინამდვილეში ღმერთი და რა მიმართება აქვს მას ქვეყანასთან. ყოველ ადამიანს, ვინც ისმენს იგავებს, ეძლევა საშუალება დაფიქრდეს, გააკეთოს არჩევანი. იმ ახალ რეალობაში დაიწყოს ცხოვრება, რომელიც მისთვის გაიხსნა. იგავების მოსმენისას ვხედავთ, რომ "ღვთის სასუფეველი":
* ბოძებულია ღვთისგან (მათ. 20:1-16). იგავი ვენახის მუშაკებზე.
* ძვირფასია და მოიპოვება მსხვერპლის გაღებით (მათ. 13:44-45). იგავი მინდორში დაფარულ განძზე.
* მოდის შეუმჩნევლად, თუმცა მისი მოქმედება მიზანმიმართულია (ლუკ. 13:18-21). იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე.
* მრავალნაყოფიერია, თუკი მას პასუხისმგებლობითა და გულისყურით ეპყრობიან (მარკ. 4:3-20). იგავი მთესველის შესახებ.
* მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მოქმედებს და ვრცელდება. მას ვერაფერი შეაჩერებს (მარკ. 12:1-9). იგავი ბოროტ მევენახეზე.
* ადამიანებისგან მოითხოვს მზადყოფნასა და სიფხიზლეს (მათ. 25:1-13). იგავი გონიერ და უგუნურ ქალწულებზე.
* თავის უმთავრეს კანონში ამკვიდრებს ქმედით სიყვარულს მის მიმართ, ვინც ასეთი სიყვარულის ნაკლებობას განიცდის (ლუკ. 10:30-37). იგავი გულმოწყალე სამარიელის შესახებ.
* ეს არის სიხარულის დიადი დღესასწაული, რომელზედაც ყველანი არიან მიწვეულნი (მათ. 22:1-14). იგავი მოწვეულთა და რჩეულთა შესახებ.
* ეს სიყვარულის სამკვიდრებელია ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მოინანია (ლუკ. 15:11-32). იგავი გულმოწყალე მამაზე (ან ძე შეცდომილზე, როგორც ჩვეულებრივ მას უწოდებენ).
2. სასწაულებში, რომლებიც მოახდინა იესო ქრისტემ, ვხედავთ, როგორ "წარმოგვიდგება და იწყებს მოქმედებას ღვთის სასუფეველი". მაცხოვრის სასწაულებიც უშუალოდ იგავებს და "ღვთის სასუფევლის" შესახებ იესო ქრისტეს მოძღვრებას უკავშირდება. ისინი წარმოადგენენ მაცხოვართან დაახლოების, მისი სწავლების შემეცნების საშუალებას და გვიჩვენებენ, როგორ მოქმედებს სასუფეველი ხალხის ცხოვრებაზე:
* იესო ქრისტეს მორწმუნენი იღებენ შეწყალებას;
* ავადმყოფები გამოჯანმრთელდებიან და მშივრები პურდებიან;
* ბოროტი ძალის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი თავისუფლდებიან;
* ადამიანების დამთრგუნველი სტიქიური ძალები იმუსრებიან;
* მიცვალებულები სიცოცხლეში ბრუნდებიან.
მართალია ბოროტება, უბედურება, დანაშაული, სისუსტე, დაავადებები, ხრწნა, სიკვდილი ისევ რჩება, მაგრამ ბოლო და გადამწყვეტი სიტყვა მათ არ ეკუთვნით. სწორედ ეს იყო ნაჩვეები სასწაულებით. ახალი აღქთმა მათ საბოლოო დამარცხებას აშკარად გვიჩვენებს "ღვთის სასუფეველში".
ღვთის სასუფევლის რეალურობა
ღვთის სასუფეველი ცოცხალი, მრავალმხრივი სინამდვილეა. ის მოიცავს ღმერთს, ხალხს, სამყაროს, ცხოვრებას, დროსა და მარადისობას. ბიბლიური და ეკლესიური ცოდნის, ცხოვრების, გამოცდილების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია მოკლედ აღვწეროთ ღვთის სასუფევლის რეალობა. ეს არის:
* ერთი მხრივ, თანაბრად განაწილებული ღვთის მადლი, მეორე მხრივ, ადამიანის ძალისხმევისა და სწრაფვის გაცნობიერებული მიზანი.
* ის ეხება სათითაოდ ყველას და საზოგადოდ მთელ კაცობრიობას.
* ის ადამიანმა შეიძლება შეგრძნოს უკვე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დედამიწაზე; მასთან დაახლოება შესაძლებელია საეკლესიო საიდუმლოებთან თანაზიარებით.
* არსებობს აწმყოში და უსასრულოდ გრძელდება მომავალში.
ღვთის სასუფეველი - რეალობაა, ის არის ჭეშმარიტების, მადლის, შენდობის, სიყვარულის, იმედის, სილამაზისა და შემოქმედების სახლი. ვისაც მასში სურს ცხოვრება იძენს ღმერთთან ურთიერთობას, ძმობას, მშვიდობას, სიხარულს ცხოვრების სისავსესა და ბედნიერებას.
ღვთის სასუფეველი და ეკლესია
იესო ქრისტემ თავისი მოძღვრებით, საქმეებითა და სწავლებით დაანახა ადამიანებს, როგორია ღვთის სასუფეველი და როგორ უნდა იქნეს ის მიღწეული. ის, ვინც ქრისტეს მიენდო და მას უღალატოდ გაჰყვა (მოწაფეები, ერთგული თანამოაზრეები, მიმდევრები), უშუალოდ მისი დახმარებით ეზიარა სულიწმინდას და მიიღო კურთხევა ხალხთათვის ცათა სასუფევლის შესახებ ექადაგა. ქრისტეს მიმდევრებისგან ჩამოყალიბდა ღვთის ახალი საზოგადოება - ეკლესია. ეკლესია თავისი მიწიერი ასპექტით არის ღმერთთან ერთობლიობა, ადამიანთა ღია საზოგადოება და ადამიანები, რომელებსაც სწამთ, უყვართ და ცდილობენ იცხოვრონ იესო ქრისტეში (მიწიერი ეკლესიის გარდა არსებობს ზეციური, უხილავი ეკლესია, რომელშიც რწმენასა და აღსარებაში მყოფი ადამიანები და ანგელოზები სუფევენ, მიუხედავად იმისა, რომ მიწიერი და ზეციური ეკლესია თავისი შემადგენლობითა და ყოფიერებით ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ჰყავთ საერთო მეწინავე ჩვენი უფალი იესო ქრისტე, შესაბამისად, ზეციურ და მიწიერ ეკლესიას შორის არსებობს უდიდესი სიყვარული და თანადგომა).
ეკლესია წარმოადგენს ჩვენს ცხოვრებაში ღვთის სუფევის ცოცხალ მოწმობას, დედამიწაზე მის ხილულ და შეგრძნებად განხორციელებას. ის, ვინც არის ეკლესიის ერთგული მრევლი, ამავე დროს ღვთის სასუფევლის შვილია, რადგან ეკლესიურად ცხოვრებას ადამიანი სასუფევლისკენ მიჰყავს.