შეკითხვები ღმერთის შესახებ, რომლებიც უჩნდებათ ადამიანებს
ვფიქრობთ რა ღმერთის რაობაზე, გვაინტერესებს, რა არის ღმერთის არსი, როგორ მონაწილეობს ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში.
შემოგთავაზებთ კითხვებს, რომლებიც ხშირად აწუხებთ ადამიანებს:
* არსებობს ვინმე მგრძნობელობითის მიღმიერ ყოფიერებაში, ანუ ისეთი, ვინც სრულიად დამოუკიდებელია საგნებისა და მოვლენებისგან? თუ არსებობს, რა არის და სად იმყოფება, როგორია მისი არსი?
* იმ ღმერთებს შორის, რომლებიც ადამიანებს სწამთ, რომელია ჭეშმარიტი?
* რით განსხვავდება ქრისტიანობა სხვა სარწმუნოებებისგან?
* როგორია ღმერთის დამოკიდებულება ადამიანებისა და მისი ყოველდღიური ყოფიერებისადმი? ღმერთი ადამიანის დამცველი, განმათავისუფლებელი და ბედნიერების მომტანია? თუ მას ადამიანისათვის მხოლოდ შიში, ძრწოლა და მონობა მოაქვს?
* რა ფაქტებს ეყრდნობა რწმენა? სად არის ამ ფაქტების დასაბამი და რამდენად ჭეშმარიტია ისინი?
* ღმერთისა და მისი რწმენის გარეშე აქვს თუ არა აზრი ჩვენს ცხოვრებას?
ღმერთისა და იმის შესახებ, რაც ღმერთი არ არის
ჩვენი დროის ერთ-ერთმა ცნობილმა თეოლოგმა კარლ რანერმა (1904-1984) აღნიშნა: "კიდევ კარგი, ღმერთი არ არის ისეთი, როგორიც ჩვენი მოსახლეობის 60-80 პროცენტს ჰგონია".
რაც ღმერთის შესახებ ვიცით, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რასაც იგი სინამდვილეში წარმოადგენს. ჩვენი ცოდნა ღმერთის შესახებ არასრული და ფრაგმენტულია და რაოდენ ღრმადაც არ უნდა შევიმეცნოთ ღმერთი, ის მაინც ჩვენს ცოდნაზე უკიდეგანოდ დიდია და ვერასოდეს დაკნინდება ჩვენ მიერ მიღწეული ცოდნის ჩარჩოებამდე. ყველა დროის უდიდესი ღვთისმეტყველებიც კი აღუწერელ შინაგან შებოჭვას გრძნობდნენ სიტყვის ძიების დროს აღმოუთქმელი ღმერთის შესახებ. წმინდა ბასილი დიდის თქმით: "ის, რაც გამოუთქმელია, დუმილით იქნეს განდიდებული". ამასვე გვირჩევს თანამედროვე ფილოსოფოსი ლ. ვიტენშტეინი: "გავჩუმდეთ და არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რაზეც საუბარიც არ ძალგვიძს".
ადამიანის ყოფაში ღვთის შესახებ გავრცელებული გარკვეული წარმოდგენების, სახეებისა და სტერეოტიპების დიაპაზონი საკმაოდ დიდია და სხვადასხვა და მოიცავს კნინ, არასრულყოფილ, პრობლემურ და მიუღებელ სახეებს. ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მათგანი:
1. უბოროტო, ხნიერი თეთრწვერა ბერიკაცი, კეთილი მოხუცი. მას ყველაფერი ესმის, მისთვის მისაღები და გასაგებია ადამიანური სისუსტეები, იგი არ განიკითხავს. ასეთი სახე ძალზე მოსახერხებელია და საკმაოდ პოპულარულიც.
2. "უზენაესი არსება", "უზენაესი ძალა", იმ პირამიდის მწვერვალი, რომელსაც ჩვენი გონება ქვეყნისა და ცხოვრების მოწყობასთან მიმართებით აშენებს. ეს არის ცივი, უგრძნობი, გულგრილი, უპიროვნო სახე, რომელსაც ადამიანთან არავითარი მიმართება არ გააჩნია, მასთან წარმოუდგენელია ურთიერთობა, ისევე როგორც შეუძლებელია მისგან რაიმე კარგს ველოდეთ.
3. მოთვალთვალე დამსჯელი, ის, ვინც ჩვენს ცხოვრებას აკვირდება და ჩასაფრებული ელოდება ჩვენს შეცდომებს. ეს არის "თავნებთა" განმსჯელი მსაჯული. ასეთი სახით ურჩებსა და ანცებს აშინებენ.
4. "ღმერთი-მომრიგებელი" - მხოლოდ გაჭირვებისას გვახსენდება ღმერთი და ველით მისგან დახმარებას, ხოლო როდესაც ყველაფერი კარგად გვაქვს, მისი არსებობა გვავიწყდება.
5. წარმატებულთა, ძალაუფლების მქონეთა, მედიდურთა, ბარაქის მომტანი ღმერთი, ამა ქვეყნის ძლიერთა მფარველი. ეს ღმერთი არ სწყალობს მათ, ვინც მოისურვებს შეცვალოს დამკვიდერებული ცხოვრების წესები. ღმერთის ეს სახე განსაკუთრებით უყვართ დიქტატორებს, დესპოტებსა და ტირანებს.
6. ღმერთი-გარანტი. მის მფარველობას ადვილად მივაღწევთ რიტუალების ჩატარებით, შესაწირის შეწირვით, აღთქმების შესრულებით. ის - მიმზღობია. "გონიერებს", "მოწესრიგებულებსა" და "გამგონეებს" სჯერათ, რომ დაჯილდოვდებიან. მისი კეთილგანწყობის იმედი მათაც აქვთ, ვინც ფიქრობს: "რა ჩავიდინე ცუდი, რატომ მსჯის ასე?" ასეთები ყოველთვის ამ ღმერთს გულისხმობენ.
7. ცხოვრების გალამაზებისთვის საჭირო ღმერთი, სადღესასწაულო და სამწუხრო რიტუალების ღვთაება: ქორწილი, დღეობა, დასაფლავება, პომპეზური, გაუფასურებული, ცარიელი და უსიცოცხლო წესები - ამგვარი ღვთაების კეთილგანწყობის მოპოვების არასრული ჩამონათვალია.
ასეთი და ამის მსგავსი ღმერთების სახეები ადამიანური საზომებითაა შემოფარგლული, ყოფიერების ნაწილს წარმოადგენს და ცოტა რამ აქვს საერთო ღმერთის ჭეშმარიტ ქრისტიანულ გაგებასთან.
უფალი "ყველგანმყოფი, ყოვლის შემავსებელი" სიცოცხლის და სიყვარულის ღმერთია. ის ჩაგრული და შეჭირვებული ხალხის გვერდითაა, მისთვის არავინაა გამონაკლისი, ის არავის მიმართ არ არის გულგრილი, არ არის საშინელი და საშიში, არ სურს ჩვენთვის არც ტკივილი, არც უბედურება და არც სიკვდილი, გაჭირვების ჟამსა და ცოდვაში ჩავარდნის შემთხვევაში არ მიგვატოვებს, ის მუდამ ჩვენთანაა.
ღმერთი არასოდეს გაწირავს ადამიანს ბოროტებისთვის, არავისზე შურს არ იძიებს. "ღმერთი სჯის" ნიშნავს: მიანიშნებს, ეხმარება და ასწავლის, რათა დაიხსნას ბოროტისაგან და გაუკვლიოს გზა ჭეშმარიტებისაკენ. სჯის, თუ სხვა ყველა მრავალჯერ ნაცადი გზა უშედეგოა. ის არასდროს გვტოვებს და იმ ექიმს ჰგავს, რომელიც ვალდებულია ტკივილი მიაყენოს ადამიანს, რათა იგი სიკვდილისგან იხსნას.
ღმერთი და მისი ძიება
დასავლურ ღვთისმეტყველურ ტრადიციაში შეგვიძლია მოვიძიოთ ღვთის არსებობის ეგრეთ წოდებული "დასაბუთება", თუმცა რაციონალური აზროვნება გვიჩვენებს, რომ მისი არსებობა მეცნიერულად არ შეიძლება იყოს არც დასაბუთებული და არც უარყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საყოველთაო მოსაზრებაზე დაყრდნობით, ადამიანების გამოცდილებიდან და საზოგადოების ისტორიიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ღმერთის არსებობის სერიოზულ მინიშნებებზე და ჩვენს ცხოვრებაში მის უშუალო მონაწილეობაზე.
სამყაროში, კოსმოსში, ბუნებაში, ადამიანში ღვთის სიბრძნე, დიდებულება, ძალა და, რაც მთავარია, სიყვარული ვლინდება. ციური სხეულების მოქმედების წესრიგი და სიზუსტე, სიცოცხლე ზღვაში, ხმელეთსა და ცაში, ადამიანის ფიზიკური და სულიერი სამყარო, მისი გონების უსაზღვრო შესაძლებლობები და მიღწევები - მოაზროვნე ადამიანისთვის სწორედ ღმერთისა და მისი შემოქმედების მიმანიშნებელია. უკვე აღარავინ საუბრობს უნებლიე დამთხვევებით სამყაროს შექმნაზე. სამყარო ვერ შეიქმნებოდა ბრმა შემთხვევითობების საფუძველზე. არაფრისგან თავისთავად არაფერი არ წარმოიქმნება.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ ვიცით, ბევრიც გაუგებარი და ამოუხსნელია. ზოგჯერ ჩვენი ცოდნა ინტუიციას ან სხვის მონათხრობს ეყრდნობა, ჩვენი შეხედულებებიც ყოველთვის არგუმენტირებული არ არის. მეცნიერება და ტექნიკა მხოლოდ რეალობის ნაწილს მოიცავს. სიყვარული, მეგობრობა, სილამაზე, ხელოვნება არანაირად არ ექვემდებარება ქიმიურ ექსპერიმენტებს და მათემატიკურ გამოთვლებს.
ზოგჯერ საღი გონებითა და სავსე ემოციებით აღსავსენი სასწაულს ველით. ვიმედოვნებთ, რომ მოხდება რაღაც პოზიტიური. იმედი და სასწაულის მოლოდინი ოპტიმიზმისკენ გვიბიძგებს, მკაფიოდ ვგრძნობთ, რომ სიცოცხლეს მიზანი და შინაარსი აქვს. როდესაც პირისპირ სიკვდილს ვხვდებით, გულის სიღრმეში გვჯერა, რომ ის არ არის არსებობის სასრული.
ყოველივე აღნიშნულის შესახებ საკმაოდ ბევრი სერიოზულად ფიქრობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ყველაზე გაბედულნი ან საუკეთესონი არიან. კარგი ის არის - მათ სწამთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე საწყისი - ღმერთი. ამ აზრზე დაყრდნობით ცხოვრება მშვიდად, ოპტიმისტურად და ღვთის იმედით მიედინება.
სამი დამაზუსტებელი
შენიშვნა
განვიხილოთ ზოგიერთი ჭეშმარიტება:
1. ღმერთი თავისი ბუნებით შეუცნობელია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავი ავარიდოთ მის ძიებას. ეს არის რეალისტური დასკვნა, რომელიც მიღებულია ღვთის არსის შემეცნებისკენ მიმართული უდიდესი ძალისხმევის შედეგად. ოდესმე "სიყვარულის ღმერთის" შესახებ უფრო მეტს შევიტყობთ. ღმერთის შემეცნების საუკეთესო გზა კი ათ მცნებაზე დაყრდნობით ცხოვრებაა.
2. "რწმენა" ქრისტიანული გაგებით სულაც არ ნიშნავს წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ გულუბრყვილო წარმოდგენების ბრმა, გაუაზრებელ მიღებას. "რწმენა" ნიშნავს გწამდეს "ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა". შეიმეცნე არსებული ჭეშმარიტება, ანდე მას შენი არსება და იცხოვრე ბედნიერად. მხოლოდ "ირწმუნე და არ იკითხო" - არ არის ქრისტიანული პრინციპი. ჭეშმარიტად ქრისტიანულია - "შეიმეცნე და ირწმუნე" ან პირქით - "ირწმუნე და შეიმეცნე". შემეცნებული რწმენა და რწმენით აღსავსე ცოდნა და არა შეუმეცნებელი რწმენა და ურწმუნო ცოდნა.
3. ღმერთი იესო ქრისტეში განცხადდა. მისგან და მასში ვგებულობთ, ვინ არის ღმერთი და როგორ არსებობს იგი, რა სურს მას და როგორ მონაწილეობს ის ჩვენს ცხოვრებაში. უფალმა თავისი სახე იესო ქრისტეს ქმედებასა და სწავლებაში სრულფასოვნად გამოავლინა. ის იმ საზომად მოგვევლინა, რომელიც გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ და დავხვეწოთ უფლის ჩვენეული ხედვა. მათ, ვისაც უფლის შემეცნება დაუსახავს მიზნად, ერთადერთი გზა აქვთ: ეს არის უფლის გზაზე სიარული, იესოს ქადაგებებთან, იმ სწავლებასთან თანაზიარება, რომელიც წმინდა გადმოცემებსა და ეკლესიაშია დაუნჯებული.