23.06.2011
როგორც ნედლი ხე ცულის დარტყმისას გადმოადენს მერქნის შიგნით არსებულ წვენს, ასევე უფლის მადლით გაჯერებული სულიდან გადმოდინდება ცრემლი, როცა ცოდვა მის მგრძნობიარე "მერქანს" ცულის დარტყმის მსგავსად გააპობს.
უმცირესი ძმათა შორის და საყვარელი შვილი წინაშე ღვთისა, მწყემსი "ცხოვართა მამისა თვისისა" და სულიწმინდის მადლით დამმწყსველი, მასაზრდოებელი უფლის სულიერ ცხოვართა. წმინდა გალობით სიმშვიდის მიმნიჭებელი საულ მეფისა და თავად სიმშვიდის ჭურჭელი ზეციური მეუფისა. "მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი". ცოდვით დაცემული, მაგრამ არა ცოდვისკენ მავალ გზაზე, და სინანულის სიდიდითა და სიძლიერით ღვთის მიერ კვლავ აღდგინებული, ამაღლებული მეფურ დიდებაში.
დავითი - შეყვარებული ღვთისაგან, ბაგე უფლისა, ერთგული მეგობარი კაცთა ნათესავისა. დავითი - სიმდიდრე კაცობრიობისა, რამეთუ მის ცრემლებშია დაფარული, დაუნჯებული სიხარული ზეციური იერუსალიმისა. დავითი - რომლის ანგელოზურ საგალობელშიც აღმოთქმულია ქრისტეს მორწმუნე სულთა ერთობა, სიახლოვე, სიყვარული ღვთისა. მეფისა და წინასწარმეტყველის "საკუთარ ცოდვათა განცდის" წრფელი ცრემლები, რომლებიც მარადიულად მკურნალ მალამოდ ედება ცოდვისგან მოწყლულ სულებს. "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა" (ფს. 50-1). რადგან "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთაისა". სადაც დიდია სიყვარული ღვთისა, იქ აღმოცენებული და ძლიერია სინანული, განცდა საკუთარი უძლურებისა, ადამიანური სისუსტისა. დიდია დავითი წინაშე ღვთისა არათუ მხოლოდ მეფობით, არამედ გაცილებით აღმატებული სინანულის საიდუმლოთი, რომლითაც აღმატებულად დიადი და პატივდებულია იგი ღვთისაგან, ვიდრე სამეფო ტახტზე მისი ზეობის ჟამს. დავითი, რომლის მიწიერი მეფობა სხვა მართალ მეფეთა მსგავსად დასრულდა ამ ქვეყანაზე, მაგრამ საგალობელთა მეფობა, რომელიც მან დაუტოვა კაცობრიობას, იმეფებს უკუნისამდე. "მიწყალე მე, ღმერთო" - წმინდა სიტყვათა საოცარი სიღრმე, სიძლიერე, ამავე დროს ღვთაებრივი სიმარტივე და სიმსუბუქე, რითაც გეხსნება, გიმსუბუქდება მძიმე ხვედრი ამა სოფლისა. დავითმა თავისი მძაფრი შინაგანი განცდის სინანულის ცრემლებში დაიტია ქრისტეს მოყვარულ სულთა ტკივილიც, ნუგეშიცა და სიხარულიც, რაზეც თავად ამ სასწაულებრივი, მადლმოსილი სიტყვების ძალა და სიმაღლე მიგვანიშნეს. საკმარისია, მხოლოდ წარმოთქვათ და მყისიერად ცეცხლი ინთება ჩვენს სულებში. ცრემლის ძალა ხომ ცეცხლს ჰგავს, რომელიც წვავს ცოდვებს და განწმენდს სულსა და გულს ბიწიერებისგან.
ბნელეთის ძალნი და მისი ნების ხორციელი აღმასრულებელნი ყოველი მხრიდან გარს შემომერტყა მე, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენ ხარ სიხარული ჩემი, უფალო, შენ ხარ დამატკბობელი სიმწარისა სინანულის ცრემლით, არაფერია მასზე ძვირფასი ამქვეყნად, არაფერია ცრემლში დანახულ, განცდილ სიტკბოზე ტკბილი სულის სიღრმეში. ცოდვა ცხოვრების სავალზე არასდროს ტოვებს ადამიანს და არც ადამიანი ტოვებს მას, ერთადერთი - სინანულის საიდუმლოა თაფლივით ტკბილი ნუგეში სულისა. სინანულის ცრემლები ქრისტესმიერი იმედით, ნათლითა და ჭეშმარიტებითაა მოსილი, მაცხოვარია თითოეული ცოდვილისათვის ცრემლის "მომწმენდი" და მშვიდი ღიმილის მიმნიჭებელი. მხოლოდ ღმერთია კეთილი სავანე დაწყლულებული სულისა, რომელიც როგორც მზე შავ ღრუბლებს, ისე ფანტავს და ათავისუფლებს ჩვენს სულს სიბნელისაგან. "ნეტარ ხართ, რომელნი სტირით, რამეთუ გაიღიმებთ". ცოდვებისთვის ქრისტეში მგლოვიარეს არ მოაკლდება სიხარული მარადიული ნეტარებისა, რადგან სინანულის წრფელი ცრემლები უფლის სიყვარულის უდიდესი დასტურია და სადაც სიყვარულია ღვთისა, იქაა სიმშვიდე, ნუგეში და სიცოცხლე დაუსრულებელი. ამინ.