ზეციური იერუსალიმის მკვიდრთ უფალი სასუფევლის ძეებს უწოდებს
28.04.2011
წმინდა მამები თავიანთ თხზულებებში ხშირად ახსენებენ "ღვთის ქალაქს", "ზეციურ იერუსალიმს", რომელიც გაიმარჯვებს წუთისოფლის ბოლოს. მასშია დავანებული ადამიანის ხსნა.
არსებობს, ერთი მხრივ, საერო სახელმწიფო - ბოროტი, ცოდვილი სამყარო და მეორე მხრივ, ქრისტიანული ეკლესია - "ღვთის სამეფო" დედამიწაზე. უძველესი დროიდანვე ეკლესია და სახელმწიფო მხარში ედგნენ ერთმანეთს. მაშინ იყო განმტკიცებული ქვეყანა. შუა საუკუნეების თეოკრატებს იდეალად ესახებოდათ საერო ხელისუფლების - სასულიეროსადმი, მიწიერის ზეციურისადმი იერარქიულად დამორჩილება. "სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა" (ფსალმ. 45,4). წყლები ზღვისა, "ფრიად აზვირთებულნი ქარებისაგან, ოხრიდეს და შეძრწუნდეს, ხოლო სლვაი მდინარეთა უხმაუროდ მიედინებიან" და მშვიდად ავსებენ რა მათ, ვინც მათ მიღებას იმსახურებს, ახარებენ ქალაქს ღვთისას. მართალი, რომელიც ახლაც ცხოველ წყალს სვამს, უფრო უხვად შესვამს შემდეგში, რაჟამს ღვთის ქალაქის მოქალაქედ ჩაიწერება. ახლა იგი ქარაგმულად სვამს სარკეში ღვთაებრივ ჭვრეტათა მცირედ წვდომის გამო, ხოლო მაშინ უცებ მიიღებს წყალუხვ მდინარეს, რომელსაც შეუძლია მთელი ქალაქი ღვთისა უმალ აღავსოს. რა უნდა იყოს ეს მდინარე ღვთისა, თუ არა სულიწმინდა, რომელიც მათში, ვინც ქრისტეს რწმენის ღირსი გახდა, რწმენის სიდიდის მიხედვით დაივანებს?
"რომელსა ჰრწმენეს ჩემი, - ამბობს იგი, - მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი" (იოვანე 7,38). და კიდევ: "უკეთუ ვინმემ სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ" (იოვანე 4,14). ქალაქში, რომელიც სულიწმინდის გადმოღვრით ხარობს, ან ეკლესია, რომელსაც მმართველობა ცათა შინა აქვს, ან კიდევ ყოველი გონიერი ქმნილება - ზეციური ძალებიდან კაცობრივ სულებამდე, უნდა ვიგულისხმოთ, რადგანაც, ზოგიერთების განსაზღვრებით, ქალაქი მკვიდრთა კრებულია, რომელსაც კანონები მართავს. ასეთი განმარტება შეეფერება აგრეთვე ზემოკერძო იერუსალიმსაც, ზეციურ ქალაქს, რადგან იქაცაა კრებული პირმშოთა, - ცათა შინა დაწერილთა, კრებული მკვიდრთა წმინდანთა, ყოფის უძრაობის გამო, დაბოლოს, კრებული, რომელსაც ზეციური კანონი განაგებს. ამიტომაც შეუძლებელია კაცობრივი ბუნებისათვის იქაური სახელმწიფოს წესრიგისა და მისი მთელი მშვენების შეცნობა. ეს სწორედ ის არის, "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა" (1 კორინთ. 2,9). გარდა ამისა, ვიცით, რომ იქ არის აღურაცხელი სიმრავლე ანგელოზთა, ზეიმი წმინდანთა და ეკლესია პირმშოთა, აღწერილი ცათა შინა (ებრ. 12,23). ამ ქალაქზე ამბობს დავითი: "დიდებული ითქუა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო" (ფსალმ. 86,3); ამ ქალაქს მისცა ესაიას პირით აღთქმა ღმერთმა: "დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა, და არ იქნება არცა შემუსვრაი, არცა საარებაი საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს მაცხოვარება ზღუდეთა შენთა" (ესაია 60,15-18). ამიტომაც "აღაპყრნე თვალნი სულისანი და ზეციურის შესაფერისად ეძიე შეცნობა ღვთის ქალაქისა"; მაგრამ ვის შეუძლია წარმოიდგინოს იქაური ნეტარება შესაფერისად, - რომელსაც ახარებს მდინარე ღვთისა და რომლისა - "იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს" (ებრ. 11,10).
"წმიდა-ყო საყოფელი თვისი მაღალმან" (ფსალმ. 45,4). შესაძლებელია, წინასწარმეტყველი აქ ღვთის მატარებელ ხორცს გულისხმობს, განწმენდილს ღმერთთან შეერთებით. ამიტომ მაღლის სამყოფელში ღვთის ხორციელი გამოცხადება მოიაზრება.
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი დილად" (ფსალმ. 45,5). რამდენადაც ღმერთი ქალაქის შუაგულშია, შეეწევა რა მას ნათლის აღმოხდომისთანავე, შეუძვრელობას ანიჭებს. ამ ქალაქის სახელი როგორც ზეციურ იერუსალიმს, ასევე ქვევით, - ეკლესიასაც შეეფერება; "წმიდა-ყო საყოფელი თვისი მაღალმან". ამ სამყოფელით, რომელშიც ღმერთი დამკვიდრდა, დადგა იგი ქალაქის შუაგულში და მას შეუძვრელობა მიანიჭა. ღმერთი ქალაქის შუაგულშია და თავისი განგებულების თანაბარ სხივებს წრის საზღვრებამდე გზავნის, რის წყალობითაც დაცულია სიმართლე ღვთისა, რომელიც სიკეთეს ყველას თანაბრად უნაწილებს.
"ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა შეცვულსა?" (ფსალმ. 107,10). ქალაქში აქ ეკლესია იგულისხმება, რადგან იგი კანონიერ მკვიდრთა კრებულია და ქალაქი, რწმენის ზღუდით შემოზღუდული.
ზეციური იერუსალიმის მკვიდრთ უფალი სასუფევლის ძეებს უწოდებს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც სიკეთით იღვაწეს, ღვთის მტერი - ხორციელი სიბრძნე დაამხეს და სულის მშვიდი და უშფოთველი მდგომარეობა მოიპოვეს. ამის გამო მათ მშვიდობის ძეები ეწოდებათ და ღვთის კურთხევას მშვიდობით ეზიარებიან იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.