განსჯის თემას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია წმინდა იოანე სინელის "კლემაქსში". ამ თემისთვის მიძღვნილი თავის პირველივე მუხლში იგი აღნიშნავს: "განსჯა ყველასთვის, დამწყები იქნება ეს, საშუალო თუ სრულყოფილი, ღვთის ნების სწორად წვდომას ნიშნავს..." შემდეგ აგრძელებს: "განსჯა შეურყვნელი, წმინდა ფიქრია და სინდისის მორჩილებაა".
ამიტომ ეშმაკები ყოველნაირად ცდილობენ ადამიანს გონება დაუბნელონ. თუკი მათ ამ საწადელს მიაღწიეს, მაშინ "აღარც სიფრთხილე გვექნება, აღარც განსჯის უნარი, არც გონიერება, არც სირცხვილი, არამედ ვიქნებით ულმობელნი, უგუნურნი, განუსჯელნი და ბრმანი". ეს კი სულის სიკვდილს გამოიწვევს.
წმინდა იოანეს თქმით, განსჯის და გონიერების შესაძენად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს წმინდა წერილის კითხვასა და სწავლას, რადგან ვინც მას სწავლობს, იცის, რომელი სწავლება შეეფერება: "გონიერ გონებას ცნობიერებაც გონივრული მოსავს. როდესაც გონიერება გამოჩნდება, მაშინ გარეშე გარემოებები აღარ იმოქმედებენ ჩვენზე. ამაზე ამბობდა ბრძენი: "მეცნიერებაი ღმრთისაი ჰპოო" (იგავნი 2:5)".
ამგვარი გონიერების გარეშე მონაზვნის ცხოვრება სამონაზვნე არ ყოფილა, მით უმეტეს, ანგელოზთა დარი. " მონაზვნის ცხოვრებაში ყოველი საქმე, სიტყვა, ფიქრი და მოქმედება გონივრული უნდა იყოს". წინააღმდეგ შემთხვევაში "ერთი და იმავე წამალი ერთსა და იმავე კაცს რგებს, როცა დროულად იღებს, და კლავს, როცა უდროოდ ღებულობს".
მონაზვნური განსჯა და გონიერება იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ სამაგალითო ქცევა მართებთ. "მონაზონთა ნათელი ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი - მონაზვნები. თუ ნათელი ბნელი იქნება, მაშინ რამდენად დაბნელდება ბნელი, ანუ ერის ადამიანი?"
დიდი გონიერებისა და განსჯის შეძენა არა ცარიელი სიტყვით, არამედ საღვთო საქმეთა შრომით შეიძინება: "როცა დამალული განძის შესახებ იგებენ, დიდი შრომის ფასად ეძიებენ მას, და როცა პოულობენ, ყოველნაირად ცდილობენ მის დაცვას. ვინც უშრომლად მდიდრდება, ის ადვილადაც აბნევს". ხოლო უგუნურ შრომაზე წმინდა მამა სხვაგან ამბობს, რომ ღმერთი სულში შრომით კი არა, სიწრფელითა და თავმდაბლობით მკვიდრდება.
გონიერება, პირველ რიგში, ცოდვათა აღმოფხვრასა და სათნოებათა შეძენაში გვეხმარება. "თუკი არ ვიცით სამი ძირითადი ვნება, მაშინ ვერც მისგან მომდინარე ხუთ ვნებას ვძლევთ". ხოლო ზემოთ ხსენებულ "ვნებებს ჭეშმარიტად ამარცხებს თავმდაბლობა, და ვინც მას მოიპოვებს, ყოველივეს სძლევს".
ვნებებთან ბრძოლის შემდეგ სათნოებათა ნაყოფის მოლოდინსაც დიდი სიბრძნე სჭირდება, რადგან, როგორც დიდი სოლომონი ამბობს: "ყოველსავე საქმესა, რომელ არს ცასა ქუეშე, ჟამი უჩნს" (ეკლ. 3:1). ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი საქმე თავის დროზე უნდა ვაკეთოთ: "ზამთარში არ ვეძიოთ ის, რაც ზაფხულშია მოსალოდნელი. თესვის ჟამს ნუ მოვიწადინებთ მკას, რადგან არის ჟამი ღვაწლის თესვისა და არის ჟამი ენით აღუწერელ მადლთა მომკისა. თუ დროზე ადრე დავიწყებთ ძიებას, დროულადაც ვერ მოვიპოვებთ მათ" - სათნოებებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარიგება, რომელსაც წმინდა იოანე განსჯის შესახებ იძლევა, ალბათ დღევანდელ დღეს ყველაზე მეტად გვაკლია: "მთელი შენი ცხოვრება, მორჩილებაში იქნები თუ არა, ნებისმიერი ხილული და უხილავი საქმის კეთებისას, წესად და კანონად გაიხადე, რომ ყოველთვის დაფიქრდე, საქმეს ღვთისთვის აკეთებ თუ არა. ახალბედებმა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას თავმდაბლობა არ გვემატება, მაშინ, ჩემი აზრით, ასეთი საქმე, დიდია ის თუ მცირე, არ არის საღვთო".
ასევე ძალზე ყურადსაღებია სულიერი ღვაწლის სიმძიმის შესახებ სწავლება: "ეშმაკი ხშირად გვიბიძგებს, ვაკეთოთ ჩვენს ძალას აღმატებული საქმეები, რათა შემდეგ სულმოკლეობა დაგვეუფლოს, რომელი საქმის კეთებაც შეგვეძლო, იმასაც თავი დავანებოთ და მტრების დასაცინი გავხდეთ". შემდეგ წმინდა მამა სულიერ და ხორციელ უძლურებაში მყოფ ადამიანებს სულიერი ღვაწლის სიმძიმეზე ამგვარად მიმართავს: "ყოველთა შემოქმედი - ღმერთი სინანულს თავმდაბლობის, და არა შრომის მიხედვით იწირავს".
რაც შეეხება ვნებებისგან თავისუფალ ადამიანებს, მათ სულიერი განსჯისა და გონიერების უნარი აქვთ თავისი სიწმინდით შეძენილი. "მაგალითად, ერთ ძმას საერთოდ სძულდა უფროსობა, მაგრამ სხვებს აჩვენებდა, თითქოს უფროსობა გულით ეწადა". სხვაგან წმინდა მამა ამბობს: "ასევე როგორ გადმოვცე იმ ადამიანის სიწმინდე, რომელიც სამეძავოში ვითომ ბოროტი განზრახვით შევიდა, და სინამდვილეში მეძავები სიწმინდის გზაზე დააყენა?!"
დაყუდებაზე საუბარი ძნელია მისთვის, ვინც ამ ღვაწლს არ შედგომია. გაგებაც ძნელია ამ ღვაწლისა მისთვის, ვინც შორს დგას აღნიშნული მდგომარეობიდან. ამიტომ წმინდა მამა ამბობს, მცირეოდენს მოგახსენებთ დაყუდებაზე წარმოდგენის შესაქმნელად, რათა სრული უთქმელობით არავის დავწყვიტოთ გულიო.
ყველა დაყუდებული თავისთავად ხორციელ დაყუდებაშიც იმყოფება. "ხორციელი დაყუდება ზნისა და გრძნობათა დაწყნარებაა". მაგრამ ყველა ხორციელად დაყუდებული სულიერ დაყუდებას ვერ მოიპოვებს ხოლმე, რადგან ის გაცილებით მეტია: "სულიერი დაყუდება აზრთა წვდომა და გონების გაუფანტავობაა", ასევე ის "ზრახვაა, რომელიც განუწყვეტლივ ფხიზლად დგას გულის კართან და მოსულ მტერს ან კლავს, ან უკუაგდებს".
აქედან გამომდინარე, საჭიროა დაყუდების მიზანი დასაბამიდანვე გონივრულად იქნეს გათვალისწინებული. "ვინც სიბრძნის შესაძენად დაეყუდება, განისწავლება და გახდება სახლი სიყვარულისა. იგი კამათისა და მრისხანების ჟამს სრულიად მშვიდი და ალერსიანი იქნება". ამგვარი მსახურების დასასრული "ის არის, როცა არ ეშინიათ და სრულიად უვნებელნი რჩებიან, თუნდაც მათი სიმშვიდე ერის შფოთმა და ხმაურმა დაარღვიოს". მაგრამ თუ განუსჯელად და მოუმზადებლად დაეყუდება ვინმე, წარმატებას ვერ მიაღწევს: "ხოლო ვინც სიბრძნის შესაძენად არ ეყუდება, იგი ვნებებისა და ამპარტავნების მონა იქნება".
ამიტომ საჭიროა, დაყუდების მსურველმა უპირველესად სწორად განსაჯოს თავისი შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები შემდეგში მდგომარეობს: "არავინ, ვინც მრისხანეა, ამაყი, პირფერი და გულღრძო, არ გაბედოს დაყუდების თუნდაც კვალის ძიება. ვაითუ, ჭკუაზე შეცდეს", რადგან "ვინც ვნებებითა და სულიერი სნეულებებით არის შეპყრობილი და დაეყუდება, იმ კაცს დაემსგავსება, რომელიც ნავიდან შუაგულ ზღვაში ხტება და უშრომლად, პატარა ფიცრის ანაბარა აპირებს ხმელეთზე გასვლას".
თავად დაყუდების მსურველთ შეახსენებს იმ ძირითადი პრინციპების დაცვას, რის გარეშეც სულიერ ნაყოფთა შეძენა შეუძლებელია: "დაყუდებულმა, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა იზრუნოს საჭირო თუ არასაჭირო საქმეებზე. ვინც პირველს გაუღებს კარს, მას აუცილებლად მეორე შეიპყრობს; მეორეც - დაყუდებულმა დაუზარელად უნდა ილოცოს; მესამე - გული წარუპარველად დაიცვას", რადგან "როგორც შეუძლებელია, ასოების უცოდინრად წიგნის წაკითხვა, ისევე შეუძლებელია პირველის მიუღწევლად შემდეგი ორის ჯეროვნად აღსრულება".
ამრიგად, პირველი, რაც დაყუდებულმა აუცილებლად უნდა დაიცვას, ეს ყოველგვარ საქმეთაგან განრიდებაა: "თმის ბეწვი თვალს გვიმღვრევს, ხოლო პატარა საზრუნავი - დაყუდების წესს, რადგან დაყუდება გონების მოკრებასა და საჭირო საქმეებისა და საზრუნავისგან განდგომაში მდგომარეობს".
ვერავინ დაეყუდება დიდი რწმენის გარეშე, რადგან: "დაყუდებულთა დედა რწმენაა. მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც სწამს, რომ ღმერთს თხოვნის შესრულება შეუძლია, არამედ ის, ვისაც სწამს, რომ თხოვნას აუცილებლად შეუსრულებს".
დაყუდებულობას დიდ სირთულესთან ერთად დიდი ნაყოფიც ახასიათებს: "ვინც სრულყოფილ დაყუდებას მიაღწია, მას საიდუმლოთა სიღრმე შეუცვნია; მაგრამ ამ სიღრმეს ვერ ჩასწვდება ის, ვინც თავდაპირველად ეშმაკთა ამბოხს, ქართა სიმძაფრესა და კვეთებას არ გამოცდის".