სექტანტები მართლმადიდებლებს ჯვრის თაყვანისცემას საყვედურობენ. მათ ჰგონიათ - სიკვდილისა და წამების იარაღის თაყვანისცემა დაუშვებელია. ამაში ჯვართან ძველაღთქმისეული დამოკიდებულების ინერცია ჩანს. მათთვის სიკვდილი ასოცირებულია დამარცხებასთან, ჩვენთვის კი ჯვარი უდიდესი გამარჯვების - სიცოცხლის სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მეუფებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ჯვარზე სიკვდილმა კი არ დაამარცხა მაცხოვარი, არამედ ჯვრით მან სიკვდილს სძლია. ჩვენთვის ჯვარი ის ერთადერთი ძალაა, რომელიც მიწას ცასთან აერთებს, უფსკრულზე გადებული საიდუმლო ხიდია, რომლითაც ადამიანი ღმერთს უახლოვდება. ჩვენთვის ჯვარი და აღდგომა განუყოფელია.
ჯვარცმის წინ უფალმა თქვა: "აწ იდიდა ძე კაცისა". ჯვარი მისი დიდება, მისი სიყვარულის მარადიული ბრწყინვალებაა. იოანე ოქროპირი გვასწავლის: - ჯვარმა არა მარტო ადამიანები გამოიხსნა, არამედ ანგელოზებიც კიდევ უფრო დაუახლოვა ღმერთს. მოწაფეებს რომ ეთხოვებოდა, მაცხოვარმა უთხრა მათ: "მცნებასა ახალსა მოგცემთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ". გოლგოთის ჯვრის გარეშე ეს მცნება აუხსნელი და გაუგებარი რჩებოდა. უფალმა თქვა: "არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა". ჯვარი სულიერი მახვილია, რომელიც არღვევს ცოდვასთან შერიგებას და რომელიც მარადისობაში ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოჩვენებითი ქრისტიანებისაგან განაცალკევებს.
ჯვარცმული ღმერთის საიდუმლო ვერც იუდაურმა ფორმალიზმმა გაიგო, ვერც წარმართულმა აპოლონიზმმა, ვერც ელინურმა ფილოსოფიამ და ვერც რომაულმა კულტურამ. ამიტომ ქრისტეს ეკლესიას იმთავითვე დევნა დაუწყეს. "ჯვარი საცდურია იუდეველთათვის და უგუნურება - ელინთათვის". ახლაც, ჩვენს დროში, "ჯვარცმული სიყვარულის საიდუმლო" (ეგნატე ღმერთშემოსილი) ბევრი ნომინალური ქრისტიანისთვისაც კი თავკიდურ ლოდად რჩება.
ჯვრის სულიერი თაყვანისცემა ნიშნავს ღვთისადმი მადლობის გრძნობას უფლის მიერ ჯვარცმის დროს დათმენილი ვნებისათვის, რამეთუ თავისი ჯვრით მან გვიხსნა მარადიული სიკვდილის, გეენიის ცეცხლის, ჯოჯოხეთის უფსკრულის, ღვთისაგან დატევებისა და დავიწყების წყვდიადისგან, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა დანთქმულიყო! ერთი ღვთისმეტყველი ამბობს: შხამიან გველს რომ ეკბინა შენთვის და გარდაუვალი ტანჯვისა და სიკვდილისთვის ყოფილიყავი განწირული, შენს მეგობარს კი თავისი ბაგეებით გამოეწოვა ნაკბენიდან მომაკვდინებელი შხამი, შენ გადაერჩინე და თვითონ მომკვდარიყო, წარმოიდგინე, რა ძვირფასი იქნებოდა შენთვის მისი ხსოვნა, მას ხომ ყველაზე დიდ მოკეთედ ჩათვლიდი! ქრისტემ შენ გაცილებით მეტი გაგიკეთა. მან შესვა შენთვის გამზადებული ტანჯვის საზარელი ფიალა, რომელიც შენ მარად უნდა გესვა. შენ კი რით პასუხობ შენს მხსნელს? - უმეტესად გულგრილობითა და გულქვაობით.
ჯვრის სულიერი თაყვანისცემა ღვთის განგებისადმი მორჩილებაა, საცდურთა, სიმძიმილის, ყოველივე იმის დათმენაა, რაც ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ჯვარს შეადგენს. წმიდა მამები გვასწავლიან - "იყავნ ნება შენი, უფალო" უმაღლესი ლოცვაა. მწუხარების წყვდიადი, შავი ღრუბელივით რომ მოიკუშტება ჩვენს გულთან და გვეჩვენება, თითქოს ღვთის ნათელი უკვე ბჟუტავს ჩვენთვის, თითქოს აღარსად ჩანს გადარჩენა და მშვიდობა, ასეთ დროს განუწყვეტლივ უნდა ვიმეოროთ: "იყავნ ნება შენი, უფალო! იყავნ ნება შენი, უფალო!" და ჩვენს გულში აკიაფდება იმედის ნათელი, უფალი ზეციურ ნუგეშს გამოგვიგზავნის.
ჯვრის სულიერი თაყვანისცემა ნიშნავს სხვათა სიმძიმილის შემსუბუქების სურვილს, მათი უძლურებისა და სნეულების ტვირთვას - ჯვარცმულმა უფალმა ხომ ჩვენი ცოდვები და მწუხარება იტვირთა. ღირსი აგათონი ნატრობდა: ნეტავ შემეძლოს, კეთროვანს ჩემი სხეული მივცე და სანაცვლოდ მისი წყლულებად ქცეული სხეული ავიღოო.
ჯვრის სულიერი თაყვანისცემა ჩვენი ყველა წყენის მიტევებას და დავიწყებას ნიშნავს. ჯვარი ღვთაებრივი სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა და ამიტომ სახარების უმაღლესი შესრულება მტრების შეყვარებაა. დიმიტრი როსტოველი წერს: "ზოგიერთი ფიქრობს, ჩვენს დროში სასწაულები აღარ ხდება. ქრისტიანობა გვაძლევს ძალას, მოვახდინოთ მკვდრის გაცოცხლებაზე უფრო დიდი სასწაული - გულწრფელად, გულით შევიყვაროთ მტრები, და არა მარტო შევიყვაროთ, ისინი კეთილისმყოფლებადაც ჩავთვალოთ".
ჯვრის სულიერი თაყანისცემა სიმდაბლის მუდმივი გრძნობაა. თუკი უფალი იესო ქრისტე ზეციდან ქვეყნად გარდამოვიდა და ყველაზე შეურაცხმყოფელი სიკვდილი - ჯვარცმა აირჩია, მაშ, ჩვენთვის დამდაბლება ამქვეყნად უდიდესი დიდებაა, ცილისწამება - ჯილდო, ხოლო წამება - სიხარული. მამათა ცხოვრებაში აღწერილია ასეთი ეპიზოდი: სკიტში მცხოვრებმა ბერმა მოსემ დაინახა ახალგაზრდა მონაზონი ზაქარია, და იხილა სულიწმიდა მასზე. ამან ძალიან იმოქმედა ბერზე, შეუვრდა ფეხებში ზაქარიას და უთხრა: შვილო ჩემო, რა უნდა ვქნა, რომ ჭეშმარიტი მონაზონი გავხდე და სული ვიცხონო? ახალგაზრდამ გაკვირვებით უპასუხა, - მამაო, მე უნდა გეკითხებოდე ამას და არა შენ. მოსეს არ უნდოდა გაემხილა, ჩვენება რომ იხილა, და უპასუხა: ერთმა კაცმა მიბრძანა, შენ გკითხო რჩევაო. მაშინ ზაქარიამ მოიხსნა ბარტყული, დააგდო მიწაზე, ზედ ფეხით შედგა და უთხრა: - ყველა ადამიანს ფეხქვეშ რომ გაეგები და ზედ შეგდგებიან, მაშინ გახდები ჭეშმარიტი მონაზონი და ცხონდებიო.
ჯვრის სულიერი თაყვანისცემა საკუთარ ვნებებთან, სურვილებთან, ამპარტავნებასთან (სიამაყესთან) ბრძოლაა. ერთი მოღვაწე, რომელსაც ღმერთი უყვარდა, ოცნებობდა ქრისტეს მოწამე გამხდარიყო, განსაკუთრებით იგი სარწმუნოებისთვის ჯვარცმას ნატრობდა. გავიდა დრო და ამ კაცის სიკვდილი მოახლოვდა ისე, რომ იგი მოწამე არ გამხდარა. მოღვაწე წუხდა. მაგრამ მან მიიღო ჩვენება და იხილა, რომ მთელი მისი ცხოვრება მოწამეობა იყო - იგი მამაცურად ებრძოდა თავის ცოდვებსა და ვნებებს, ითმენდა საცდურებს. ამის გამო ეს მოღვაწე ძველ მოწამეთა მსგავს გვირგვინს მიიღებდა, იმათი სწორი პატივი მიეგებოდა, ვისაც ქრისტეს სახელისთვის ლომებს მიუგდებდნენ ან ჯვარზე აკრავდნენ.
სახარება გვამცნობს - ქრისტეს უნდა ვადიდებდეთ ჩვენი სულებითაც და ჩვენი საქმეებითაც. როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენი სხეულით ვადიდებთ მას. პირჯვრის გამოსახვის დროს სამი შეერთებული თითი მიანიშნებს წმინდა განუყოფელი ერთარსება სამების საიდუმლოს. დანარჩენი ორი თითი, რომლებსაც ერთმანეთს ვადებთ, იესო ქრისტეს ორი - ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების სიმბოლოა. ამ ორ თითს ვღუნავთ და ხელისგულზე ვიდებთ იმის ღირსსახსოვრად, რომ უფალი ზეციდან მოვიდა ამქვეყნად, განკაცდა და ცა მიწას შეუერთა. ამგვარად, თითების განლაგებით პირჯვრის გამოსახვის დროს იესო ქრისტეს გოლგოთაზე ვნებას უნდა ვიხსენებდეთ. თითებით ვეხებით შუბლს, რათა უფალმა გაგვინათლოს გონება, მოგვმადლოს სულიერი სიბრძნე. შემდეგ ჩამოგვაქვს ხელი მკერდს ქვემოთ, რათა უფალმა გაგვიწმინდოს გრძნობები, მოგვმადლოს მისი და ყოველი ადამიანის სიყვარული, რათა ჯვრის ძალით ვძლიოთ ჩვენს ვნებებს, სურვილებს. ამის შემდეგ ხელს ვიდებთ ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა მხრებზე. ხელი (მხარი) მოქმედების სიმბოლოა. თითების მხრებზე მიდება ნიშნავს, რომ ჩვენი რწმენა მხოლოდ მკვდარი რწმენა კი არ უნდა იყოს, არამედ საქმეებში გამოიხატოს; უფალმა განამტკიცოს ჩვენი ნება სიკეთის ქმნისთვის, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სახარების მცნებების აღსრულებისთვის.
ჯვარცმის გამოსახულება ქრისტეს ხატია და როგორც ხატი, სიმბოლიკის ელემენტებს შეიცავს. ჯვრის ოთხი მკლავი გამოხატავს ქვეყნიერების ოთხ მხარეს, კაცობრიობის გამოსყიდვას, წლის ოთხ დროს, მარადიულ მსხვერპლს. საეკლესიო ჰიმნოგრაფები ჯვარს ხორცშესხმულ სიყვარულს უწოდებენ. მისი ვერტიკალური ღერძი გამოხატავს სიყვარულს ღმერთსა და ადამიანს შორის, ხოლო ჰორიზონტალური - სიყვარულს კაცთა შორის.
გარდა ამისა, არსებობს რვადაბოლოებიანი ჯვარი. მისი ჰორიზონტალური ღერძის პარალელური ზედა ნაწილი აღნიშნავს ფიცარს, რომელზეც ჯვარცმულის დანაშაული ეწერა, ქვედა კი ფეხთსადგამს - მისი ფეხების კვარცხლბეკს; ჯვარცმული კი არ ეკიდა, არამედ იდგა, ჯვარზე მილურსმული. ფიცარზე ეწერა: "იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა". ამ წარწერით პილატემ მასხრად აიგდო ბრალდებულიც და მისი მტრებიც. მაგრამ, მისტიკური აზრით, იუდეველთა ღმერთი არის მეუფე დიდებისა (სიტყვა იუდეველი (ჰურია) დიდების ძველ ეტიმოლოგიას შეესატყვისება). დახრილი ფეხთსადგამი მოასწავებს ქრისტეს სულის ჯოჯოხეთში ჩასვლას და ჯოჯოხეთის სიღრმიდან ძველი აღთქმის დროინდელი მართლების ამოყვანას.
ჯვარი მთელ ჩვენს ცხოვრებას მოიცავს. პირჯვრის გამოსახვით იწყება ადამიანის ქრისტიანად მონათვლის საიდუმლო. ქრისტიანი გულით ატარებს ჯვარს, ვითარცა მძლავრ იარაღს ჯოჯოხეთის ბნელი ძალების წინააღმდეგ. ჯვარი აკურთხებს ქრისტიანის საფლავს მისი სიკვდილის შემდეგ. უფალს თაყვანს უნდა ვცემდეთ სულითაც და სხეულითაც. რწმენით სავსე თვალებით ვხედავდეთ არა მხოლოდ ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებას, არამედ ქრისტეს - გოლგოთაზე ვნებულს. ჯვარს ისე ეამბორეთ, თითქოს თქვენი ბაგეებით მაცხოვრის სისხლიან წყლულებს ეხებოდეთ.
იმპერატორმა ადრიანემ, რომელმაც ქრისტიანთა დევნით გაითქვა სახელი, ბრძანა - გოლგოთაზე ვნებიანი სიყვარულის და ხორციელი ტკბობის ქალღმერთის, ვენერას ტაძარი აეგოთ. იმპერატორებმა, უფრო სწორად, დემონურმა ძალებმა (მათმა გენიამ) იციან, რომ ქრისტიანობა ვერ შეუთავსდება გარყვნილებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი კულტისა და კულტურის ხარისხშია აყვანილი. იგი ვერ შეუთავსდება ვენერა-აფროდიტეს - იმ ქალღმერთის თაყვანისცემას, რომელიც ზღვიდან შიშველი ამოდის და ძველ მითებში ყველაზე უფრო დიდი აურზაურების გმირია (ნიშანდობლივია, რომ ბიბლიური სიმბოლიკით, ზღვა მოასწავებს სიცრუის სტიქიას, მერყეობას, ცვალებადობას).
ქრისტიანობასთან ბრძოლის სამი სახე არსებობს:
პირველი, მისი ფიზიკური განადგურება ცეცხლითა და მახვილით. ასეთ ბრძოლაში იბადებიან გმირები და ლაჩრები, რწმენისათვის წამებულნი და მისგან განდგომილნი.
მეორე, ბრძოლა ტყუილითა და ცილისწამებით, გესლიანი ცინიზმითა და დახვეწილი ირონიით. ამგვარი ბრძოლის დროს ხალხის ცნობიერებაში ინერგება ცრუ, კარიკატურული წარმოდგენა ქრისტიანობაზე.
მესამე, ბრძოლა ქრისტიანობის პროფანაციის საშუალებით. ტაძრები არ ინგრევა, მაგრამ მათ გვერდით სოკოებივით მრავლდება "ვენერას სამლოცველოები" - ეროტიკის თეატრები, ვიდეოდარბაზები და ა.შ. სახარებასთან ერთად თაროზე დევს აღმოსავლური სექსის, ქირომანტიისა და ასტროლოგიის სახელმძღვანელო. ხატებთან ერთად დახლებზე ნახავთ თანამედროვე აფროდიტეებისა და ვენერების ყველაზე უფრო ვნებიან გამოსახულებებს. უბრალო ჭეშმარიტებაა: გარყვნილი სული ვერ შეიყვარებს სულიერ სილამაზეს, ვერ მიიღებს ღვთის მადლს.
დემონმა იცის - ადამიანს ღმერთი რომ დააკარგვინოს, ამისთვის საკმარისია, ზნეობრივად გარყვნას. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ამჟამად. კაცობრიობა უზნეობის ჩიხში შევიდა და ამ ჩიხიდან მას მხოლოდ ცოდვების ეკლესიური მონანიება გამოიყვანს.