ილიკო შიუკაშვილს ოჯახში მეუღლე, მოხუცი სიდედრი და ორი პატარა გოგონა დარჩა. იგი იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს და შინ დაბრუნდნენ. შორეულ აღმოსავლეთში, ქ. სვობოდნიში, რას განიცდიდა, რა აწუხებდა, რით ხარობდა, კარგად ჩანს მის წერილებში. ბოლო წერილი რუსულია და ცენზურისთვისაა განკუთვნილი: "Могу вам сообшить мою радостную надежду, что я в ближайшее время должен освободиться и вернуться к вам в мою родную семью. Жду этого времени с нетерпением, чтобы скорее вас повидать и зажить с вами новой культурной жизнью, которую я здесь понял и приобрел многое очень хорошего, так что, хочется обо всем поделиться со всеми" (შემიძლია შეგატყობინოთ, რომ უახლოეს მომავალი გავთავისუფლდები და დაგიბრუნდებით ჩემს ძვირფას ოჯახს. მოუთმენლად ველოდები თქვენს ნახვას, რათა თქვენთან ერთად შევუდგე ახალ, კულტურულ ცხოვრებას, რომელიც აქ ვისწავლე. აქ შევითვისე ბევრი კარგი რამ და მინდა ყველაფერი გაგიზიაროთ)". წერილი გამოგზავნილია ქ. სვობოდნის მეღორეობის ფერმიდან, სადაც გადასახლების ბოლო ეტაპზე მუშაობდა ილიკო.
ეს "კულტურული ცხოვრება" და "ყველაფერი ძალიან კარგი" - აუცილებელი იყო წერილის ადრესატამდე მისაღწევად.
გულწრფელ წერილებს ჩუმად წერდნენ გაჭირვებით ნაშოვნ ქაღალდზე, დალეული ფანქრით, ღამე, ცეცხლის ალით განათებულ ოთახში, გაყინული, მუშაობით გაუხეშებული ხელებით. მათი ფიქრი ოჯახს დასტრიალებდა:
"ჩემო ბაბალე, დედას ნუგეში უთხარი, გული არ გაიტეხოთ. თუმც კი ბევრი ტანჯვა აქვს გადატანილი თავზედ და ახლა ეს ტანჯვა დუხჭირი აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ ღმერთმა ალბათ ასე არგუნა და დარდი აღარაფერს შველის.
ბაბალე, ორჯელ გნახე სიზმარში და ისეთ სიამოვნებაში ვიყავი მთელი კვირა, თითქოს სახლში ვიყავი და მართლა გნახეთ. თქვენი ჯავრი უფრო მაქვს, ვიდრე ჩემი. ბაბალე, გენაცვალე, ოღონდ თქვენი კარგი გავიგო, ჩემსას თავის დღეში აღარ ვიდარდებ.
ჩემი გოგონები მომიკითხე, მაგათ ჩემი თავი ენაცვალოთ. წერილებს გწერთ და პასუხს კი თქვენიდან ვერ ვღებულობ. ბაბალე, ამ სტრიქონებს რომ ვწერ, თვალები მაქვს წყლით სავსე".
პასუხები ქართულად იგზავნებოდა და რადგან სვობოდნის ბანაკის ხელმძღვანელობას ქართულისა არაფერი გაეგებოდა, წერილებს ანადგურებდნენ. თუმცა გადასახლებულებთან მაინც ახერხებდნენ დაკავშირებას, ეძებდნენ და პოულობდნენ ადამიანებს, ვისაც გულთან მიჰქონდა მათი ტკივილი და, საფრთხის მიუხედავად, ცენზურაგაუვლელი წერილები მალულად მიჰქონდა ადრესატამდე.
"მივიღე ორი წერილი - ერთი შენი, ერთიც გოგონების თითებით დაწერილი. პატარა დალაქული ქაღალდი, რომელმაც მკვდარი გული გამიცოცხლა და შვება მისცა ჩემს მოდუნებულ სხეულს. თქვენ იყავით კარგათ და მეც ყველაფრით კმაყოფილი ვიქნები. ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ მიწაზედ მუშაობა და კუჭმა და ფერდებმა ძალიან ტკივილი დამიწყო.
გაუფრთხილდი ბებიას და ბავშვებს. ჩქარ-ჩქარა მომწერეთ. რაც გინდა ავათ ვიყო, წერილით დავკარგამ ჩემს ავადმყოფობას. სანამდის, ბაბალე, წერილს მივიღებდი, დავდიოდი გამოჩერჩეტებული.
გატაცებული ილიკო"
ილიკო შიუკაშვილი დაიბადა 1900 წელს, სოფ. ქვემო ხოდაშენში, მღვდლის ოჯახში. 5 წლისა დაობლდა და აღსაზრდელად უფროსმა დამ - ოლღამ წაიყვანა გურჯაანში. დას და სიძეს, ნიკო ჭანტურიძეს, ღვიძლ შვილებში არ გამოურჩევიათ, ერთნაირად ზრუნავდნენ მათ აღზრდასა თუ სწავლა-განათლებაზე. 22 წლისას ბარბარე შეუყვარდა და ცოლად შეირთო. მალე ორი ქალიშვილიც შეეძინათ - ეკატერინე და თამარი. გამრჯე, პატიოსანი, ტკბილი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ ვიღაცას შეშურდა, რომ შეძლებულ მღვდლის შვილს ყველა პატივს სცემდა ან იქნებ მისი ბოლშევიკებისადმი განწყობა არ ეჭაშნიკებოდა... 1932 წელს დააპატიმრეს და შორეული აღმოსავლეთის გზას გაუყენეს.
"ბაბალე, ჩემი გოგონები მომიკითხე და კოცნე, სანამდის მოგეწყინება, მაგათ ჩემი თავი ენაცვალოთ. ნეტავი კიდევ მეღირსება მაგათი ნახვა? გულს ის უფრო მიკლავს, რომ ჩვენი წამოსვლის დროს ჩვენს სახლთან ლინეიკა რომ იდგა, კატო შველივით ფეხის პრწკილებზედ იდგა და მე ვერ ვაკოცე. მომწერე ყოველივე თქვენი მდგომარეობა, როგორ სცხოვრობთ, იქნება ჰფიქრობ - იმას რომ ჩვენი გაჭირვება მივწერო, უფრო ცუდიაო. მე გულს დავიმშვიდებ, მეცოდინება, ავია თუ კარგი თქვენი ცხოვრება. წერილის დაწერას ნუ დაიზარებ, მომწერე ყოველივე - პური გაკლიათ, მწყურვალები ხართ, ისეთ გაჭირვებაში ხართ, რომ კონვერტის და ქაღალდის ფულს ვერ შოულობთ. მიზეზი ყოველი თქვენი არსებობისა მაინტერესებს. თქვენ ჩემსას ნუ იდარდებთ. მე კი არა ვარ აქ მარტო; ჩემისთანა არი აქ ასიათასობით. ან სად იყო ამოდენა ხალხი? 46 სუტკა ვიარეთ გზაში. სამუშაო ბევრი გვაქვს და მოცლა არა მაქვს, წერილი დავწერო. ყოჩაღათ იყავით.
ალბათ ახლა ყურძენი რა კარგია".
"ბაბალე, იქ აღარ ვიმყოფები, სადაც ვიყავი. გამგზავნეს მაგდაგაჩაში სამედიცინო კომისიაზე. პირველათ ექიმმა გამშინჯა და ჩემს ქაღალდზე დააწერა - გამოიკვლიოსო. მეორე დღეს ცუდათ გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. მერე სხვა მოვიდა. რომ ველაპარაკებოდი, შატაბუტასავით - სკარეი, სკარეიო და ვერაფერი ჭირი იმან ვერ გაიგო. თხუთმეტი დღე ვიწექი. ძალიან მტკიოდა კუჭი და ნაწლავები. ბაბალე, ისე შევიცვალე, რომ მნახო, ვერ მიცნობ. ორმოცი წლისა არა ვარ და ჩემზე უფროსი კაცები ლზლზ-ს მეძახიან. ბოლოს და ბოლოს, სადაც უნდა ვიყო, ცოცხალი სამუდამოთ არ დავრჩები. გინდა მანდა, გინდა აქ. შენ იცი, ბაბალე, მთავარი სულ სხვაა - ღმერთთან წარვსდგე მართალი და სული სად ამომივა, სულერთია.
აკოცე კატოს და თამრიკოს და უთხარი, რუსეთის კამფეტები ურჩევნიათ თუ მამის ნახვა. რომელსაც აირჩევენ, ისე მოვიქცევი.
ბაბალე, ჩემს გოგონებს აკოცე ისე, რომ ჩემს მოსვლამდის არც ერთს არ დაავიწყდეთ დალნი ვასტოკის მხარეში გადაკარგული მამა. ბევრი რამ მინდა მოგწერო, მაგრამ ღამე ვწერ. წერილის წერის ნატრული ვარ. ბევრი ხვეწნის შემდეგ ვწერ. შენ იცი, ჩემო ძვირფასო, გოგონებს როგორ ამიზრდი.
პასუხი მომწერეთ და ჩემი მკვდარი გული ცოტათი შეაფრთხიალებს ფრთებს და კიდევ მომეცემა სიცოცხლის იმედი.
წერილები გამოგზავნე რუსულ ენაზე. ქართულად ვერავინ ვღებულობთ. ახლა ერთი იმერელი ბიჭი მოდის ჩვენი ბრიგადიდან და იმას ვატან საჩქაროთ დაწერილს.
"ჰოხ, ჰოხო, სალამი ჩემ გიჟ და ცელქ თამრიკელას, ძალიან რომ ცელქობ, ჩიტებს ამბავი მოაქვთ. არ არის კარგი, მასწავლებელს რომ აჯავრებ, ან დედას. ჭკვიანი ქალი უნდა იყო, კარგათ ისწავლო. ცუცუნავ თამრიკელა, მომიკითხე სუყველა.
სალამი ჩემ ძვირფას კატოს. ისწავლე კარგათ და ცელქობა არ დაიწყო, თორემ ჩიტებს ამბავი მოაქვთ. დაუჯერე დედას და ბებოს, თუ იცელქებ, წერილს აღარ მოგწერ. ისწავლი და ჩემს მოხარშულ-მოძონძებულ გულს გააცოცხლებ.
წერილებიდან ჩანს მოსიყვარულე, მზრუნველი მამა, ათასობით კილომეტრიდან რომ ეფერება ყველას, არც ერთ წერილში არ ავიწყდება ნათესავების, მეზობლების, მეგობრების მოკითხვა, მაგრამ მძიმე ცხოვრებამ, აუტანელი ჯაფით და პირობებით გაუხეშებულ ადამიანებთან ურთიერთობამ სულში საშინელი შიში ჩაუსახლა და ვის გაუზიარებს ამ განცდებს, თუ არა საყვარელ მეუღლეს?
"გრძნობიდან სულ აბნეული ვარ და აღარაფერი ეხლა აღარ მაინტერესებს, არც ჩემი თავი და აღარც სხვა. დამეკარგა ადამიანთა მოყვარულება. ახლა მე შედარებით მაჯობებს ტყის რომელიმე მხეცი. აი, ასეთი არის ჩემი მდგომარეობა. მომწყინდა სახლში ყოფნა, არ მესიამოვნება არავისი ლაპარაკი. ძალიან ვეცადე, მაგრამ ეს ჩემი გულიდან ვერ ამოვიღე. არ მინდოდა ამ წერილის მოწერა, მაგრამ თუ შენც არა, აბა, ერთი ვიღას მივწერო. რომ გწერ, ასე ვფიქრობ, რომ შენ გელაპარაკები და გულზედ მეშვება. მხოლოდ შენ კი არ იდარდო, სრულებით გულში არაფერი გაივლო, ეს შენ არ გეხება. შენ მანდა ხარ, მე კი აქ.
დედაშენს გაუფრთხილდი, გული არაფერზედ არ გაუტეხო.
და ჩვენ? ჩვენი გულგრილობით, ეგოიზმით, გაუტანლობით სავსე დროში ბევრი განვიცდით სიყვარულის დაკარგვას? გვაწუხებს ის, რასაც ასე შეუშინებია ილიკო პაპა - ეხლა შედარებით მაჯობებს ტყის რომელიმე მხეციო, ვფიქრობთ, ვებრძოლოთ ჩვენს გულში შემოპარულ უსიყვარულობას? თანდათან ხომ არ ვემსგავსებით იმათ, ვისზეც დავით მეფსალმუნე ამბობდა: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ"?
მივბაძოთ მათ, ვინც შორეულ ქვეყნებში ათას განსაცდელსა და ენით აუწერელ გაჭირვებაში მაინც თავისი სულის მდგომარეობაზე ფიქრობდა და ცდილობდა, არ დაეკარგა ის სიყვარული, რომელიც ყველას გვხდის უფლის "ხატად და მსგავსად".
ირინე იაკობიშვილმა