არა პურითა ხოლო...
03.03.2011
საბრალო და უგუნურია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით მარად შესძახის საკუთარ სულს - "არა არს ღმერთი" (ფს. 52-2), რადგან ცდილობს წარმავალის, დროებითის მოხვეჭას იქ, სადაც უნდა თესავდეს წარუვალი სიკეთისათვის.
არათუ სიმდიდრეა თავის თავში არაკეთილის მატარებელი, არამედ ის უღმერთოებიდან გამომავალი გზა, "უსამართლო ხელები", რომელიც მის მოსახვეჭადაა გაწვდილი. სიმდიდრით ადამიანი შეიძლება თავად ღმერთს მიემგვანოს და ასევე კვლავ სიმდიდრე იქცეს მის სულში ეშმაკის თანამზრახველ, მასთან ერთობის იარაღად. უღმერთოების თავიდათავი თვით პიროვნული, ნებელობითი უღმერთოებაა.
საუფლო ლოცვაში არსებული სიტყვები, "პური არსობისა", ძალზე ხშირად მრავალთაგან მოიაზრება არამართებული აღქმით, შემეცნებით როგორც არსებობის, ყოფიერების მწირი საშუალება და არა ისე, როგორც ის სინამდვილეშია, იმ სიღრმითა და დატვირთვით, რასაც ეს მადლმოსილი სიტყვები თავის თავში მოიცავენ და იტევენ. უფლისგან მოცემული "პური არსობისა" აღმავსებელი და განმადიდებელია როგორც სულისა, ასევე ხორცისა, მაგრამ რატომ მოგვეცა ის უფლისგან როგორც "პური არსობისა" და არა სიმდიდრისა, ფუფუნებისა? სიტყვა "არსობისა" მიანიშნებს მის დანიშნულებას, მიმართებას უფლისადმი, რომ თვით ეს სიმდიდრეც, რაც "პური არსობისაშია" ჩადებული, მხოლოდ მადლისმიერი საშუალებაა ღმერთთან მიახლებისა, რომ ის არსობის პურია იმ დიდ სიკეთესა და სასწაულთან მიმართებით, რომელიც თავად ღმერთია. ეს დიდებული სიმდიდრე, რომელიც მიწაზე მოგვეცემა, "პური არსობისად" გამოითქმის არა იმიტომ, რომ მოკლებულია იგი რაიმე სიმდიდრეს, არამედ იმისთვის, რომ არ მოვწყდეთ მთავარს, მის მომცემ ღმერთს.
მოძღვარი, რომელიც პურს ეძებს შიმშილის დასაკმაყოფილებლად, სნეულია, ამა სოფლის საზრდოს მიჯაჭვული ადამიანიც სნეულია, რადგან ისიც ვერასდროს ნაყრდება მისით. სულის სიმდიდრეს, სულიერ სიკეთეებს მიყოლილი ხორცი ჯანსაღია და მცირედით ნაყრდება, ხოლო ხორცსა და მის, მოთხოვნილებებს დამონებული სული გაუმაძღარი, მშიერი და დაუნაყრებელია, ისევე როგორც მისი ვნებებით სავსე წიაღი, რაშიც ის იმყოფება. როგორც საზღვრული თავის თავში ვერ მოიცავს და დაიტევს უსაზღვროს, ვერც მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებს მიდევნებული სული აღივსება მისი მრავალფეროვნებით. "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა ღმრთისაითა" (ლუკ. 4,4), - ბრძანებს მაცხოვარი. პური, როგორც საჭიროება, სამოსელი სულისა, აუცილებელია, მაგრამ უპირველესი და მთავარი არაა, რადგან ვინც მხოლოდ "პურზე" აშენებს თავის მომავალს, ბედნიერებასა და იმედს, მარად გაცრუებული და მოტყუებულია, რადგან თავად უსაფუძვლო, ხრწნადი და დაშლადია.
თუ ჩვენი სხეულის შინაგანი ორგანოები საღი და ჯანმრთელი არ იქნება, მისთვის ამაოა გარედან პირის გზით შეღწეული საკვების მრავალფეროვნება და სიკარგე, რადგან სნეულება და სიკვდილი გარდაუვალია, თუ სასიცოცხლო ორგანოთა სიმრთელე არ აღდგა და განიკურნა. ხორცის სიჯანსაღეც მასში არსებული სულის მდგომარეობის შესაფერია. რაც არ უნდა მორთო და მოკაზმო იგი, ფუჭია, მას ვერაფერი გაამხნევებს და გაახარებს, თუნდაც მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, თუკი სულის სიღრმეში უფლით მონიჭებული რწმენის ნაპერწკალი მინელებული და ჩამქრალია. სულიერად სუსტი, სულიერებისგან დამშრალი, დამშეული, მაგრამ ამაყი სული ცდილობს ამ წუთისოფლის მიერ გამართულ ნადიმზე, "მის სუფრაზე არსებულ საცდურთა სიმდიდრით დაიკმაყოფილოს, მოიკლას სულიერი შიმშილი, მისი ამოუვსებელი სიღრმე, როგორც მშიერი მგელი, ვნებებითა და სისხლის წყურვილით დამაშვრალი, შინაგანად გაბოროტებული დაიარება მიწაზე, რომელზეც მრავალი იტყვის "ამ ცხოვრებამ გააბოროტაო". უფლისა და კეისრის მისაცემელის მართებული გარჩევა, მხოლოდ გონიერ, ღვთის ერთგულ სულს შეუძლია. ვინც არ იცის, რა მისცეს, შესწიროს ღმერთს, მან არც კეისრის მისაცემელი იცის. შესაბამისად, არც ღმერთს სთხოვს ღვთისას და არც ის უწყის, რას უნდა ელოდოს და რა უნდა მიიღოს "კეისრისა" და ამა სოფლისაგან.
ცხოვრება არავის აბოროტებს, თვით ბოროტებამ გააბოროტა ეს სოფელი. ყოველი სიბილწე სულის შინაგანიდან მოედინება, სულისა, რომელსაც ღმერთთან არ სურს ყოფნა, წუთისოფელს ემეგობრება, მასში ცდილობს, ეძებოს ნეტარება, ნაკლულის შევსება, მაგრამ ტყუვდება, რადგან ორმა სხვადასხვა ბუნებისამ როგორ უნდა გამონახოს საერთო ენა? სულს სხვა სურს და სჭირდება, სოფელს კი სულ სხვა. ამ ქვეყანას თავისი დინება აქვს, დაუნდობელი და ჩქარი, სული, რომელიც მასში ღრმად შევა, დასახრჩობადაა განწირული. დაფიქრება მანამდეა საჭირო, სანამ წყურვილის მზაკვრულ შეგრძნებასა და კარნახს მიენდობი, თორემ როდესაც მის მახეში სასიკვდილოდ გაბმული გაბოროტდები, საშველად ხელს იგი არასდროს გამოგიწოდებს, ისევ და ისევ ამგვარი უგუნური სულისგან მიტოვებული, უარყოფილი ჭეშმარიტი ღმერთი არ დაგივიწყებს, ერთი წამით არ დაგტოვებს განსაცდელსა და სიკვდილში, რადგან უფალი სიკეთეა და სიყვარულია, რომელსაც არავინ ემეტება იმ ბნელი, დაუნდობელი ტანჯვისთვის, რასაც ღვთისგან მიტოვება ჰქვია.
"პურს", რომელსაც საზრდოსა და გამოკვების დანიშნულება არ აქვს, ადამიანი ვერასოდეს დანაყრდება მისით, მსუნაგობითა და სიხარბით პირუტყვს ემსგავსება იგი, რომელმაც მხოლოდ მისი ბუნაგის გზა იცის; მეტიც, მასზე უარესს ხდის მას, რადგან პირუტყვი არსებობისთვისაა გაჩენილი, ადამიანი კი სიცოცხლისთვის, და თუ სიცოცხლე მან საკუთარი უგუნურებით არსებობით ჩაანაცლა, მაშინ მიზეზი მასშია და არა ღვთის მიერ გაჩენილ ლამაზ სამყაროში.