ნუ მივცემთ კომპიუტერსა და ინტერნეტს ჩვენი ცხოვრების რეალური დროისა და საქმის წართმევის ნებას!
20.01.2011
დღეს ყველა ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა სოციალური ქსელებისა და საზოგადოდ ინტერნეტის გამოყენება.
ძალიან ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ეს უკვე ნარკომანიას ჰგავს. 2009 წელს ფსიაქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ "თჰე Aმერიცან ჟოურნალ ოფ Pსყცჰია" გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტმიჯჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობის ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ფსიქიატრიამ აუცილებლად ცნო, ინტერნეტმიჯაჭვულობას ოფიციალური დაავადების სტატუსი მიანიჭოს.
ინტერნეტმიჯაჭვულობით დაავადებული ადამიანები საათობით, ან სულაც 24 საათი კომპიუტერს უსხედან. ავიწყდებათ ჭამა, ძილი. აღარ აინტერესებთ პირადი ჰიგიენა. ოჯახი, სამუშაო, სწავლა, მეგობრები - ყველაფერი მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა. ყოველდღიურად სულ უფრო მეტ დროს ატარებენ უსასრულო ვირტუალურ სამყაროში და საბოლოოდ რეალურ სამყაროში აღარაფერი აინტერესებთ.
ინტერნეტზე დამოკიდებულება ყოველთვის არ იღებს უკიდურეს ხასიათს, მაგრამ მისი მეტისმეტად ხშირი გამოყენება უკვე სახიფათოა.
გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში კომპიუტერულმა ტექნიკამ პირველი ადგილი დაიკავა. დროთა განმავლობაში გაიზარდა მოთხოვნილება მისი არა მარტო სამუშაოდ გამოყენებისა, არამედ გაჩნდა ინტერნეტპროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ ერთმანეთის გაცნობა და ურთიერთობა. ნებისმიერი სქესის, ასაკისა თუ მენტალიტეტის ადამიანი დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირტუალურ ურთიერთობებს და რაც არ უნდა დაღლილი ან მოუცლელი იყოს, მაინც ახერხებს "ჩეთაობა" დაიწყოს და ნებისმიერ თემაზე ესაუბროს ნაცნობსა თუ უცნობს. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებზე განთავსებული თამაშები, რომლებიც იმდენად აზარტულია, რომ არათუ ბავშვები, ზრდასრულნიც კი თამაშობენ. საბოლოოდ, გამოდის, რომ კომპიუტერი ადამიანს ართმევს ცხოვრების რეალურ დროს და აკავებს ამაო საქმით.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ინტერნეტმიჯაჭვულობას, ერთი მხრივ, რეალური ურთიერთობების დეფიციტი და ახალგაზრდებში არსებული კომპლექსები განაპირობებს. დღესდღეობით ყველა ადამიანს აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება, თუმცა არა მარტო სოციუმში, ოჯახში არსებული პრობლემების გამოც არ აქვთ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის საჭირო გარემო. ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილების ასანაზღაურებლად კი სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებაა. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს არ არის ურთიერთობის ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ფორმა, რადგან ამ დროს მხოლოდ გარკვეული სახის კომუნიკაცია ხდება. როდესაც ურთიერთობა რეალურად ჯანსაღად ხორციელდება, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით პიროვნება იზრდება, იღებს გამოცდილებას, სწავლობს ამა თუ იმ ქცევის ფორმას და საჭიროებისას მათ კორექციასაც ახდენს. არ იფიქროთ, თითქოს ამ სტატიით სოციალურ ქსელს ვგმობდე, ის ხომ საუკეთესო საშუალებაა საზღვარგარეთ მყოფ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან ურთიერთობისთვის, - და არამარტო მათთან, - უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ხშირად რეალური ურთიერთობის მთლიანად ვირტუალურით ჩანაცვლება ხდება, რაც საზიანოა.
კომპიუტერმა დღევანდელი ბავშვის ცხოვრებაშიც დიდი ადგილი დაიკავა. უდავოა, ბავშვი რაღაცით უნდა გაერთოს. ყველა ბავშვს ისევე აწუხებს თამაშის მოთხოვნილება, როგორც შიმშილის ან წყურვილის. ეს მათთვის სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალებაა. მაგრამ კომპიუტერმა ბავშვისთვის უფრო სათამაშოს როლი შეიძინა, ვიდრე შემეცნებითის. ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, კომპიუტერის შემეცნებითი ფუნქცია უფრო აქტუალური გახადონ. რაც შეეხება აგრესიულ თამაშებს, ისინი განსაკუთრებით მოქმედებენ ბავშვის ნერვულ სისტემაზე. ბავშვმა, რომელიც მთელი დღე ასეთ თამაშებს თამაშობს, შესაძლოა აგრესიული იმპულსების რეალიზაცია რეალობაში მოახდინოს.
ვირტუალური დამოკიდებულება მეტად უვითარდებათ მორცხვ, საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვებს; ასევე ისეთებს, რომლებიც ადვილად ექცევიან შთაბეჭდილებების ქვეშ. კომპიუტერული დამოკიდებულების უკან შეიძლება იდგეს ფსიქოლოგიური პრობლემებიც, როგორებიცაა წარუმატებლობა რეალურ ცხოვრებაში, ურთიერთობების უუნარობა ან არასტაბილურობა და კონფლიქტები ოჯახში. ზოგჯერ ამის მიზეზი უბრალოდ ინტერესების უქონლობაა... ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი ვირტუალურ სამყაროში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე რეალურში. ცოცხალ ურთიერთობებს სუროგატული ჩაენაცვლება. იქმნება ხელოვნური სივრცე "ცხოვრებისა", რომელშიც ყველაფერი "შესაძლებელია", ამისთვის მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარეშეც ნებისმიერ ბავშვს ემუქრება კომპიუტერის მახეში გაბმის საფრთხე.
კომპიუტერზე დამოკიდებულება, გნებავთ, ინტერნეტმიჯაჭვულობა, იმიტომაც არის საზიანო, რომ რეალობის ჩანაცვლება ვირტუალურით ადამიანური შეგრძნებებისა თუ განცდების დეფიციტს ქმნის და აუცილებლად უარყოფითად აისახება ფსიქიკაზე. ამ პრობლემას თავი რომ ავარიდოთ, აუცილებელია ვიცნობდეთ ინტერნეტმიჯაჭვულობის სიმპტომებს. ესენია: ინტერნეტში გატარებული დროის კონტროლის უნარის დაკარგვა, უძილობა, გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობილების გაუარესება, თავის ტკივილი, გამუდმებული სწრაფვა კომპიუტერთან სულ უფარო მეტხანს ჯდომისკენ, ინტერესის დაკარგვა გართობის ალტერნატიული საშუალებების მიმართ, რომლებიც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ. ინტერნეტში გატარებული დროის შემცირება აღარ შეგიძლიათ, მაშინაც კი, როცა ეს ნამდვილად გსურთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან სამი ნიშანი მაინც შენიშნეთ საკუთარ თავს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: ინტერნეტმიჯაჭვულობა გიყალიბდებათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ვეღარც შეამჩნევთ, როგორ გადის დრო მონიტორთან, შეწყვეტთ სტუმრად სიარულს, სახლის დალაგებას...
თუ გამუდმებით გსურთ შეხვიდეთ ინტერნეტში და შეამოწმოთ თქვენი ელფოსტა, ნახოთ, რას აკეთებენ თქვენი მეგობრები, შეამოწმოთ, რა მოგწერეს "ოდნოკლასნიკებში" თუ "ფეისბუქზე", გაიგოთ, რა ხდება თქვენს ვირტუალურ ფერმაში და ამ ყველაფრის გარეშე თავს ცუდად გრძნობთ; თუ ნერვიულობთ, შემდეგ კი ბრაზდებით, როცა ინტერნეტი ითიშება ან ვიღაცის გამო იძულებული ხართ მოშორდეთ კომპიუტერს; და რაც მთავარია - თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, მაგრამ ვერაფრით აღწევთ თავს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - უკვე მიეჯაჭვეთ ინტერნეტს.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ და ინტერნეტი სწორად გამოვიყენოთ, ეს კი ნიშნავს:
* ინტერნეტი უმეტესწილად საქმისთვის გამოვიყენოთ;
* მისით მაშინ გავერთოთ, როცა ყველა საქმეს მოვაგვარებთ;
* შევზღუდოთ ინტერნეტში "სეირნობის" დრო - ჩავრთოთ ტაიმერი!
ნუ მივცემთ კომპიუტერსა და ინტერნეტს ჩვენი ცხოვრების რეალური დროისა და საქმის წართმევის ნებას!