06.01.2011
მოვიდა ქვეყნად ნათელი და ბნელმა არ მიიღო იგი, მოვიდა ქვეყნად დღე დაუღამებელი და განდევნა ბნელი დღიდან, მოევლინა სოფელს სიცოცხლე ჯვარცმად, რომლითაც ჯვარცმულია "ღამე" (სიკვდილი) მარადიულად.
ადამიანის მოდგმის თითოეული ჟამი უფლისაა და უფლისგანაა, მაგრამ ძალზე სამწუხაროა, რომ ჩვენი სიცოცხლის დღეები ხშირად არ ადიდებენ მას საკუთარი დინებით. ცხოვრება ლოდებსა და ქვებზე მომდინარე ჩანჩქერივით ჩქარი, მრისხანე, ხმაურიანი და დაუნდობელია, რომლის დინებას მიყოლილი სულიც ან ბასრ ლოდებზე დაიმტვრევა, ან დიდი სიმაღლიდან გადავარდნილი მის ღრმა მორევში დაინთქმება. ამგვარია საკუთარ თავს მინდობილი, უგუნური ადამიანის ყოველი წუთი, რადგან ის მარადჟამ ამ დაუნდობელ დინებასაა მინდობილი. მას ასე ესმის და მისთვის ამგვარია ცხოვრება, ის ბრმად მიჰყვება მას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რადგან ხშირად არ სურს ან ზოგჯერ ძალა არ შესწევს შეწინააღმდეგებისა, ხშირად ურიგდება, ეჩვევა ამგვარ ყოფას, ამპარტავნების ცრუ სიდიდით დამცირებული, დაბრმავებული და ძალაგამოცლილი ემონება, თავს იდრეკს ამსოფლიური ბოროტების წინაშე, რადგან მისთვის არსად და არაფერში აღარ ჩანს ჭეშმარიტი ხსნა და გადარჩენა - უფალი იესო ქრისტე, მისი იმედი და რწმენა, აღარ დარჩა მასში სასოების ადგილი, რადგან მედიდურობით გარშემორტყმულმა "საითაც გაიხედა, ყველგან თავისი თავი დაინახა და არა უფალი".
თითოეული დღე ძვირფასია ადამიანისთვის, რადგან დრო, რომლისგანაც ეს დღე შედგება, ჩვენთვის მარადიულობის საწყისი ნაწილია მატერიაში, მასში და მისით ჩვენ შეგვიძლია მარადიულ სიხარულს ვეზიაროთ, თუკი უფალთან ერთობით შევიმსუბუქებთ მის მძიმე და დაუნდობელ ხვედრს. წამები, წუთები, საათები, რაშიც წუთისოფელი მოიაზრება, რწმენით, მოთმინებით, უფლის ერთგულებითა და მასზე სასოებით შეიძლება ღვთაებრივი, საუკუნო ნეტარების მომნიჭებელ იარაღად ვაქციოთ. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის გონიერება, სიბრძნე და შორსმხედველობა, ამით განირჩევა გონიერი და უგუნური, ბრძენი და ბრიყვი ერთიმეორისგან. ბრძენი დროში მარადიულს იპოვის და მასში დაავანებს თავის სიცოცხლეს, უგუნური კი მარადიულშიც დროებითს ხედავს, ეძებს და მასში "კლავს" და "ფლავს" მარადიულს.
ვინ არის ბრძენი? ის, ვინც სიბრძნით მოიხმარა ეს წუთისოფელი, არ დაფლა, არ გააუფერულა უფლის მიერ მოცემული სილამაზე, ტალანტი უგუნურების, უმადურების მიწაში.
ვინ არის უგუნური? ის, ვისაც არ სურს იყოს ბრძენი, ვინც მოსტაცა, წაართვა სიბრძნე, კეთილი ნიჭი საკუთარ სულს; ვინც მადლი, სათნოება და სიმართლე უსამართლობით, ბოროტებითა და უმადურობით ჩაანაცვლა საკუთარი ნებითა და არჩევანით.
წუთისოფელი არის ადგილი, სადაც გვაქვს დრო და საშუალება, ვეძებოთ, ვიპოვოთ და განვმდიდრდეთ სიბრძნით, რაც მხოლოდ უფალშია, მისით და მისგანაა. "ყოველი დღენი უფლისანი არიან" და თითოეული დღე შესაფერი უნდა იყოს მისი სიდიადისა და დიდებისა. დღე, რომელმაც ღვთის ერთგულებისა და ხსოვნის გარეშე ჩაიარა, რაც აუცილებლად აისახება ჩვენს განზრახვასა და ქმედებაზე - ამაოა, მით უმეტეს, თუ ყოველივე ეს სინანულსა და წუხილს არ აღგვიძრავს. ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი კი ის არის, რომ მადლიერნი არ ვართ უფლის მიერ ნაჩუქარი თითოეული წამისთვის. მომაკვდინებელი სენით მოწყლულმა იცის სიცოცხლის ფასი, მისთვის ყველაზე ძვირფასი გამჩენის მიერ მომადლებული ყოფიერების ჟამია, რადგან გამოვლენილმა უმძიმესმა ავადმყოფობამ შეაგრძნობინა ჯანმრთელი, საღი ცხოვრების გემო და კეთილდღეობა.
აქედან გამომდინარე, უამდურების თავიდათავი საკუთარი სნეულების არ და ვერდანახვაა. მკურნალი იმას არ სჭირდება, ვინც თავს ჯანმრთელად თვლის და მკურნალს ის არ ემადლიერება, ვინც არ მიიჩნევს თავს მისგან განკურნებულად. უხილავის (სულის) სნეულებაა მიზეზი ხილულისა (ჩვენი მიწიერი ყოფისა), უმადურებაა საყვარელი შვილი ამპარტავნებისა.
ჩვენი ცხოვრების დღეები ის ბედნიერი ჟამია, რომელიც სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფის მსგავსად მანუგეშებელ, იმედისმომცემ წუთებად გვევლინება ამქვეყნიურ მტაჯველ, "გოლგოთის" მომაკვდინებელ გზაზე. როგორც ხორციელი ჯანმრთელობაა მიწიერი ცხოვრების დღეთა სიმრავლის მომასწავებელი, ასევე სულის სიჯანსაღეა "დაუღამებელ დღეთა", მარადიული ნეტარების, სასუფევლის მომმადლებელი, სადაც დაუსაბამოდ მეფობს, საუკუნოდ ჰგიებს წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!