ეს წერილი ერთმა გარემოებამ დამაწერინა. ყოფილი პატიმრის გულწრფელი ნაუბარი მინდა შემოგთავაზოთ, რომელმაც უფლის სიყვარული და "განცდა თვისთა ცოდვათა" საპყრობილეში ყოფნის დროს შეიგრძნო. სულიერი მოძღვარიც გაიჩინა, აღმსარებელი და მაზიარებელი გახდა. უფალი ხომ მოწყალეა და თითოეული ღვთის შვილი მისთვის სანუკვარია. თუკი ერთ ნაბიჯს გადავდგამთ უფლისკენ, უფალი თავისთან მისასვლელად მოწყალების ხელს გამოიღებს და ღვთის შეწევნას და მფარველობას არ მოგვაკლებს.
გავკადნიერდები მე ცოდვილი და გავბედავ ამ წერილში სულიერ თემაზე საუბარს. Aამას წინათ გითხარით, თქვენთვის წერილი დავწერე-მეთქი. თუმცა ისე მოხდა, ვერ მოგაწვდინეთ. იქიდან გამომდინარე, რომ დრო ცოტა გვაქვს, როცა თქვენ მობრძანდებით. ვიფიქრე, ასეთი ფორმითაც დაგლაპარაკებოდით. უფალი შემეწიოს მე ცოდვილს და მომცეს იმის გული და გონება, რისი თქმაც მინდა, იყოს გულწრფელი და მიუკერძოებელი. თუ რაიმეს ვიტყვი უზნეოდ და ამპარტავნებით, ღმერთმა შემინდოს. მეტი არც ვარ - უზნეობა და ამპარტავნება ჩემში ბუნებრივად ქცეული ვნებებია.
მაშ ასე, ჩემო მამაო. მე ბევრ მოძღვარს შევხვედრივარ, მაგრამ საუბარში ასეთი გულახდილი ურთიერთობა, როგორც თქვენთან, თითქმის არავისთან მქონია. იმიტომ კი არა, რომ ისინი არ "მისმენდნენ", ალბათ მე არ ვლაპარაკობდი ისე, რომ ჩვენს შორის გულახდილი დიალოგი შემდგარიყო. თქვენთან ჩემი პირველი შეხვედრა კარგა ხანს გაგრძელდა და ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, თითქმის ყველა კონტექსტში, როგორც მოძღვართან, კაცთან, მეგობართან, ძმაკაცთან, და რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, თითქოს დიდი ხნის ახლობელთან. თუმცა რა არის გასაკვირი, ადამიანები ყველა ერთმანეთის ახლობლები, მეგობრები და "დიდი ხნის" ნაცნობები ვართ, რომ არა ჩვენი ცოდვების გამო გაუცხოება ურთიერთ შორის. იმდღევანდელი ჩვენი საუბრიდან მიღებული მადლის "გემო" დღესაც თან მდევს და ის მაძლევს ძალას, რომ კიდევ ერთხელ დაგელაპარაკოთ გულახდილად.
ჩვენი საუბრის დროს თქვენ მკითხეთ: რას აპირებ, რომ განთავისუფლდები, კიდევ უნდა იქურდოო? რას ფიქრობ შენ თვითონ, შენი ცხოვრების წესზე და რიგზეო? მე კი მოკლედ და ბუნდოვნად გიპასუხეთ. თუმცა ის პასუხი არ იყო. თქვენ იმდენად გულახდილი იყავით ჩემთან საუბარში და მე იმდენად რეალურად დავინახე თქვენი მხრიდან ჩემნაირი კატეგორიის ადამიანების გადარჩენის სურვილი, დავჯექი და წერილი დავწერე. ვილაპარაკე ყველა ჩემი სნეულების შესახებ. ვიფიქრე, რაც მეტი გულახდილი და მოურიდებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ თემაზე საუბარი, იქნებ მეტად დაგხმარებოდათ ჩემნაირი ცოდვილების მკურნალობის დროს ჩემი "აღსარება".
ერთი შეხედვით "სიმართლისათვის", "ადამიანთა ღირსების შენარჩუნებისათვის", "სიკეთისათვის" მებრძოლნი მწარედ მოტყუებულნი და შერცხვენილნი აღმოვჩნდით კაცთა მოდგმის მტრის მიერ.
ჩვენ დავიწყეთ კომერციული ვაჭრული ურთიერთობა ზნეობით ჩვენს ხორციელზე და მოვაჭრეთა მძიმე ცოდვაში აღმოვჩნდით. ჩვენ ზნეობით ვაჭარნი გავხდით. სჯა უფლისაა და იმდენად გავკადნიერდით, რომ მტყუან-მართალს ჩვენ განვსჯით. თითქოს ხორციელი ღირებულებები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი იყო. ცეცხლს დავუწყეთ თამაში. მიკვირს ღვთის უსაზღვრო მოწყალების, როგორ არ დაგვწვა აქამდე. მე ცოდვილმა ამ "საზოგადოებაში" თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება დავყავი. ციხეებსა და საპყრობილეში თხუთმეტ წელს მივაღწიე. მე გარკვეული "ავტორიტეტიც" გამაჩნია ამ საზოგადოებაში. მე ვინ მკითხავს, მაგრამ მე მისმენენ. არ ვიცი, რა არის სიმართლე და რა სიცრუე, მაგრამ ჩემს მსჯავრს "ძალა" გააჩნია. სასაცილოა ეს ყველაფერი, თუმცა რეალობაა.
არის ერთი ფაქტორი ჩვენს ფსიქიკაში, რასაც სირცხვილის ანუ ცრუ სინდის-ნამუსის ერთგულებას დავარქმევ. ბევრმა უწყის, რომ აქ ყველაფერი არ არის ისე, როგორც მსჯელობენ და ამტკიცებენ, თუმცა უჭირთ აღიარება. იმ პრინციპით, რომ ნუთუ აქამდე ვცდებოდით? ახლა როგორ ვთქვათ? ჩვენ ხომ წლები ამას ვამტკიცებდით, ვმსჯელობდით, ვხსნიდით. ისეც ხდება, რომ სინამდვილეშიც ასე სჯერათ და უკიდურეს ფანტაზიაში არიან. თუმცა ეს ყველაფერ ყველა იმ ჩვეულებრივი ვნებების შედეგია, რაც კაცობრიობას აწუხებს. პირველ რიგში ამპარტავნების და ასე შემდეგ. ეჭვი არ მეპარება, სიმდაბლე და მორჩილებაა ყველაფერი ამის წამალი თითოეულ ინდივიდში. მაგრამ როგორ უნდა შევძლოთ ეს? ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელ არს. და ასეც იქნება ღვთის წყალობით. თუმცა ღვთის განჩინება შეხამება არაა ღვთაებრივი მადლისა და ადამიანის ნებისა?
თქვენი წმინდა ლოცვები იყოს ჩვენი შემწე. წირვაზე მომიხსენიეთ მე ცოდვილი, რამეთუ მწამს, დიდი მადლი და შეწევნაა წმინდა ლიტურგიაში მოხსენიება. თუმცა ერთის ჭეშმარიტად ასე მწამს და მჯერა, რომ ღმერთს ჩვენი ცხონება ყოველთვის სურს, რამეთუ კაცთმოყვარეა დალოცვილი. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვცხოვნდეთ, რამეთუ თავისუფლები ვართ - უფლის მადლი და ჩვენი ნება. ღმერთს სურს, ჩვენც ვისურვოთ და განჩინებულნი ვიქნებით.
უფალმა შემინდოს, თუ რაიმე ზედმეტი ვთქვი, თუმცა გასაკვირი რა უნდა იყოს ჩემნაირი ცოდვილისაგან. ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო მამაო.