სინერგიული ურთიერთობის მიზნები
მართლმადიდებლური სწავლება გულისხმობს, რომ ღმერთთან თანაქმედების დროს ადამიანის საქმე ღვთის მადლით იმოსება. ამ პროცესში სამყაროს, კაცთა მოდგმისა და საკუთარი პიროვნების გადარჩენის მიზნით ადამიანი გააზრებულად და გამიზნულად შედის და ღმერთთან ერთად მოქმედებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ღვთის მადლისა და ადამიანის თავისუფალი ნების ჰარმონიული თანამშრომლობა, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რათა განცხადდეს ყველასთვის და განხორციელდეს "...აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შექმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით" (ეფ. 3:9).
სინერგია, როგორც თეოლოგიური ტერმინი, ღვთისმეტყველებაში მე-16 საუკუნიდან პროტესტანტებისა და კათოლიკეების დისკუსიის პროცესში დამკვიდრდა. ასეთივე ხასიათის კამათი უფრო ადრეც, მე-4 საუკუნეში, ნეტარ ავგუსტინესა და ერეტიკოს პელაგიოსს შორისაც შედგა. ამ დავას მაშინ საბოლოო სინერგიული წერტილი იოანე კასიანემ დაუსვა. კასიანე თავის სწავლებაში მოციქულთა გამოცდილებას ეყრდნობოდა. საკითხისადმი ასეთივე მიდგომა აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას, რის ერთ-ერთ საფუძვლადაც წარმოგვიდგება პავლე მოციქულის სიტყვები: "ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი" (1 კორ. 3:9).
ადამიანს დამოუკიდებლად არ ძალუძს განაახლოს და პირვანდელ სიდიადეს დაუბრუნოს თავისი ბუნება. პავლე მოციქული წერს: "არ მესმის, რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს... მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში, არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში" (რომ. 7:15-18). ადამიანს ღვთის დაუხმარებლად არც საკუთარი ვნებების დამარცხება შეუძლია. წმინდა მაკარი დიდი წერს: იმისათვის, რათა მეორე - ცოდვილი ზნე ახალი წმინდა ბუნებით შეიმოსოს, საჭიროა, პიროვნების არსი მაცოცხლებელი "ღვთაებრივი ცხოვრების ცვარით ინამებოდეს". მაგრამ თუ ადამიანმა ძალისხმევა თვითონ არ გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ უფალს ნებისმიერი ამოცანის განხორციელება თვითონ, ყოველგვარი თანადგომის გარეშე შეუძლია, ადამიანის ნების გარეშე არაფერს მოიმოქმედებს. უფალი ადამიანისგან უწინარესად ცოდვიდან გამოხსნისთვის საჭირო სურვილსა და ძალისხმევას მოელის. ღმერთი ჭვრეტს მის გამბედაობასა და სიმტკიცეს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას და ადამიანის მიერ წამოწყებულ საქმეს თავისი მადლით აგვირგვინებს. ამრიგად, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ, რომ გადარჩენის საქმეში ყოველი ადამიანის ნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამ ნებასთან თანხვედრაში მოქმედებს უფალი და მისი მადლისა და თანადგომის გარეშე ადამიანის ცოდვიდან გამოხსნა ვერ აღესრულება.
წმინდა მაკარი დიდი ღმერთისა და ადამიანის ჰარმონიულ თანაქმედებას ბავშვისა და დედის ურთიერთობას ადარებს. ჩვილს დედასთან მისვლა სურს, მაგრამ ჯერ ფეხზე დგომა არ შეუძლია. ამიტომ ის მოძრაობს, ხმაურობს, ტირის და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დედის გვერდით აღმოჩნდეს. ამ ქმედების შემყურე ბავშვის მონდომებით ამებული დედა თვითონ მიდის და ბავშვს ხელში იყვანს. ასევე ექცევა უფალი ცათა სასუფევლის მოპოვებისთვის მოჭირნახულე ქრისტიანს. თავისი მადლით ღმერთი ხელს იმას უმართავს, ვინც მასთან სულიერი ერთობისკენ მიილტვის. ამაში მდგომარეობს ქრისტიანის სინერგიული ქმედების შინაარსი, რის საფუძველზეც ჭეშმარიტ ქრისტიანს მოციქულის მსგავსად შეუძლია განაცხადოს: "ვშრომობ და ვიღვწი მისი (ღმერთის) ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში" (კოლ. 1:29). თუ უფალთან სინერგიულ ურიერთობაში ყოფნა ნამდვილად გვინდა, მას მხოლოდ სასოებით კი არ უნდა შევცქეროდეთ, არამედ ღვთის თანადგომით ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ჩვენვე უნდა ვაკეთებდეთ. მართალია, ადამიანი თავისი ამაგით ღმერთს ვერ გაუტოლდება, მაგრამ საერთო - კაცობრიობის გადარჩენის საქმეში ყოველმა ქრისტიანმა უნდა შეიტანოს წვლილი. ადამიანების ქრისტესა და საღმრთო საქმესთან ზიარების დროს ორი არათანაბარი, მაგრამ აუცილებლად საჭირო ძალა ერთიანდება. ქრისტიანში ადამიანური ძალისხმევა ღვთაებრივი ძალით განიმსჭვალება და, როგორც წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ბრძანებს, ადამიანური თავისუფალი ნება ღვთაებრივ მადლს უერთდება და ერწყმის. სწორედ იმისათვის, რომ ეს შერწყმა შესაძლებელი იყოს, ამ ქვეყანაზე ყველა მესაგრე ქრისტიანი ზეციური ცხოვრებით ცხოვრობს და თავის მიწიერ ღვაწლში არაამქვეყნიურ რუდუნებას ავლენს. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ღვთიური მადლი და ადამიანური ნება ერთდროულად მოქმედებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირადი მაგალითი ასეთი სინერგიული ერთობის უმაღლესი გამოხატულებაა.
"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან" (გამოცხ. 3:20). უფალი გვიხმობს და გვიცდის, სანამ ჩვენ არ გავუღებთ კარს: უფალი ჩვენი ნების გარეშე ჩვენს კარს თვითონ არ შემოაღებს. ღვთის მადლი ყველასთვის განმზადებულია, მაგრამ მისი მიღებისთვის საჭიროა ნება და წყურვილი მადლთან ზიარებისა. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, "უფალი არავის ბედს არ განაგებს და არავის ცხოვრებას ძალით არ განკარგავს. ცოდვის მარწუხებიდან მას ყოველი ადამიანის გამოხსნა სურს, მაგრამ მიძალებით და ძალდატანებით არ მოქმედებს". წმინდა კირილე იერუსალიმელის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ღმეთის საქმე - მადლის შეთავაზებაა, ადამიანისა - მადლის მიღება და შენარჩუნება".
წმინდა ბასილი დიდის მიხედვით, ადამიანი ღვთაებრივი ქმნილებაა, რომელსაც განღმრთობის აღთქმა უფლისგან მიეცა. იესო ქრისტე ურწმუნოებს ეკითხება: "განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?" (იოან. 10:34). მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ ქრისტიანმა თეოზისს, "განღმრთობას" უნდა მიაღწიოს, რადგან, ცოდვის ტყვეობიდან კაცობრიობის გამოსყიდვას და გადარჩენას, ანუ იმას, რაც მაცხოვარმა განახორციელა, ადამიანური ძალისხმევის შედეგად მიღებულ ღვთაებრივ მადლს თუ დავუმატებთ, პიროვნება განღმრთობამდე მივა. როგორც წმინდა დიონისე არეოპაგელი ბრძანებს, გადარჩენა უშუალოდ უკავშირდება განღმრთობას.
განღმრთობის შესაძლებლობა და შინაარსი ღვთის განკაცებაში განცხადდა. წმინდა მამები ამ ჭეშმარიტებას ერთხმად მოწმებენ. წმინდა ირინეოს ლეონელი ბრძანებს: "ძე ღვთისა იმისათვის განკაცდა, რათა ადამიანი - ძე კაცისა სრულ იქმნას და ძედ ღმრთისად გარდაიქმნას". "ის განკაცდა, რათა ჩვენ განვიღმრთოთ", - გვასწავლის წმინდა ათანასე დიდი. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კი ბრძანებს: "ღმერთის განკაცება ჩვენი განღმრთობის მყარი და ჭეშმარიტი საფუძველია". ამრიგად, წმინდა მამების გამონათქვამებიდან ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ, რომ ღმერთი ადამიანად იმიტომ განხორციელდა, რომ მის მიერ განვლილი გზა ადამიანის განღმრთობის საშუალება გამხდარიყო. ძე ღვთისას განკაცება და კვლავ განღმრთობა გვიჩვენებს, რომ ადამიანი იმდენად განიღმრთო, რამდენადაც განხორციელდა ღმერთის განკაცება.
საზოგადოდ, განღმრთობის შესახებ სწავლება ეფუძნება წმინდა წერილში გამოთქმულ ორ უდიდეს ჭეშმარიტებას. პირველში ნათქვამია: "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" (დაბ. 1:26). წმინდა სამების მიერ გამოთქმულ ამ განცხადებას ეთანხმება მეორე, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვები: "მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე" (იოან. 17:20-23). ამ ლოცვიდან ჩანს, რომ როგორც სამების სამი პირია ერთმანეთთან სიყვარულის ურთიერთქმედებით გაერთიანებული, ისე ჩვენ, სამების ხატად და მსგავსად ქმნილი ადამიანები, მოწოდებულნი ვართ, "ვიმყოფებოდეთ" სამპიროვან ღმერთში - წმინდა სამებაში და ვიყოთ ამ სიყვარულით აღვსილი ცხოვრების ნაწილი. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს: წმინდანები არიან ადამიანები, რომლებშიც სამება გამოგვიჩნდა. ეს არის ადამიანის ღმერთთან პიროვნული და ორგანული ერთობის იდეა, ამ იდეის მიხედვით, ღმერთი ადამიანშია და ადამიანი - ღმერთში. სწორედ ესაა მთავარი თემა იოანეს სახარებისა და პავლე მოციქულის ეპისტოლეებისა, სადაც ქრისტიანული ცხოვრება უწინარესად განხილულია როგორც მორწმუნის ცხოვრება ქრისტეში. ამავე აზრს გვაწვდის პეტრე მოციქული, როდესაც ბრძანებს, რომ: "...გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ" (2 პეტრ. 1:4).
ადამიანის განღმრთობა, სულიწმინდის მადლით, იესო ქრისტეში ხდება. განკაცებული ღმერთი მის მოყვარულ და ერთგულ სულებს მადლმოსილ საიდუმლოებებსა და გაღებულ ძღვენში, როგორც "სული სულში და ჰიპოსტასი ჰიპოსტასში", ერწყმის და ხორციელდება (წმინდა მაკარი დიდი). ამგვარი ერთიანობის შედეგად ადამიანი სულიწმინდის უქმნელი "საღმრთო ბუნების თანაზიარი" ხდება (2 პეტ. 1:4). განღმრთობილი ღვთისმორწმუნე იესო ქრისტეს მსგავსებას იძენს და როგორც ღვთაებრივი სარკე, უფლის ნათელით იმოსება. ღვთაებრივ მადლში ღმერთის თანაზიარობა მას საშუალებას აძლევს აღასრულოს პავლე მოციქულის მოწოდება: "იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს" (ფილიპ. 2:5).
სულიერი ცხოვრების უმაღლეს საფეხურებზე, რაც უეჭველად სრულ ღვთაებრივ მორჩილებას გულისხმობს, ადამიანი გამორჩეული მადლის ღირსი ხდება. განღმრთობილი ქრისტიანი ისეთ შესაძლებლობებს ფლობს, როგორიც არის სასწაულმოქმედება, კურნება, წინასწარჭვრეტა. ამ დროს პიროვნების გონი და სული მთლიანად ღმერთშია დაუნჯებული. ასეთ ადამიანს გულისხმობს პავლე მოციქული, როდესაც ბრძანებს: "ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის" (გალ. 2:2). წმინდა მაკარი დიდი გვასწავლის: "ღვთაებრივ სულთან ურთიერთობის პროცესში ადამიანის სამშვინველი სულიწმინდასთან ერთიანდება და მისგან განუყოფელ სულიერ სახედ მკვიდრდება". მოძალებულ ღვთაებრივ მადლს ადამიანის გონება ჩვეულებრივი აზროვნების ჩარჩოებიდან გაჰყავს. ასეთი ადამიანები თავის სულიერ აღმასვლაში "სრულყოფილი კაცის" მდგომარეობას აღწევენ და იესო ქრისტეს სრულად, როგორც ღმერთის ძეს, შეიმეცნებენ (ეფ. 4:13). ეს ადამიანები ისეთ სიმაღლემდე მიდიან, რომ ქვეყანას, რომელსაც ღმერთი არ შეუცვნია, მათი განსჯა და მათი მდგომარეობის შეფასება არ შეუძლია. ამ პიროვნებებს კი ქვეყნის განკითხვა ძალუძთ, რადგან ისინი უკვე "ღვთის სულისაგან არიან" (1 კორ. 2:14) და ღმერთის ნაწილს წარმოადგენენ.
სხვა საკითხია წმინდა სამების საიდუმლო. წმინდა სამება ერთარსობასა და გამორჩევაშია; სამების არც ერთი წევრისთვის საკუთარი პიროვნული თავისებურებების შეზღუდვა ან უარყოფა არ არის საჭირო. მართლმადიდებელი მისტიკური ღვთისმეტყველება ასევე ქადაგებს, რომ რა ახლოსაც არ უნდა იყოს ადამიანი ღმერთთან, სამების წევრთა მსგავსად, თავის პიროვნულობასა და ინდივიდუალობას მაინც სრულად ინარჩუნებს. ამავე დროს, ადამიანისთვის განღმრთობა ღმერთში გამორჩეულობას ნიშნავს და არა ღმერთისგან განცალკევებულობას. "ღმერთი და ყველა, ვინც ღმერთს მსახურებს, ერთ ენერგიაში მთლიანდებიან", - ბრძანებს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, მაგრამ ის არ გულისხმობს, რომ ასეთ პირობებში განღმრთობილ წმინდანებს მათი პიროვნული თავისუფალი ნება ეზღუდებათ. წმინდანი ღმერთის სიდიადეს ხედავს და საკუთარ ნებას თავისი სურვილითა და სიყვარულით ჯერ ღმერთს უკავშირებს, ხოლო შემდეგ ღმერთის ნებას უძღვნის. პიროვნებები, რომლებიც ღმერთამდე მაღლდებიან და არ კარგავენ საკუთარ პიროვნულობას, - განაგრძობს წმინდა მაქსიმე, - "ღვთის მადლით ღმერთები ხდებიან და ამავე დროს ქმნილებებად რჩებიან, ისევე, როგორც იესო ქრისტე განკაცდა, გაჩნდა კაცად და დარჩა ღმერთად". ამრიგად, ადამიანები განიღმრთობიან არა ბუნებით, არამედ როგორც "ქმნილი ღმერთები" - მადლით, ანდა სტატუსით.
პიროვნება სულსა და სხეულს ერთდროულად წარმოადგენს. სწორედ ამიტომ იესო ქრისტემ სრული ადამიანი გამოისყიდა, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ "როდესაც განიღმრთობა ჩვენი სული, მასთან ერთად ჩვენი სხეულიც უნდა განიღმრთოს", - წერს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი. ღვთის მსგავსებაში (დაბ. 1:26), რაც ჩვენში უნდა განხორციელდეს, სხეულსაც თავისი ფუნქცია ექნება. "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან?" (1 კორ. 6:19), - წერს პავლე მოციქული. სხვაგან კი ბრძანებს: "ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმინდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება" (რომ. 12:1). სხეულის განღმრთობა მხოლოდ განკითხვის ჟამს მოხდება, მანამდე კი წმინდანთა დიდება მხოლოდ შინაგან - სულიერ ნათელში, ნათლით ვლინდება. მაგრამ როდესაც წმინდანები აღდგებიან და სულიერ სხეულს შეიმოსავენ, მათი სიწმინდე გარეგნულად გამოვლინდება. ისევე როგორც თაბორის მთაზე იესო ქრისტე, წმინდანთა სხეულიც ფერს შეიცვლის და ღვთაებრივი ნათლით გარეგნულადაც შეიმოსება.
წმინდა გრიგოლ პალამა გვასწავლის: "თუ მომავალ საუკუნეში სხეული სულთან ერთად გამოუთქმელ ნეტარებას ეზიარება, მაშინ უდავოდ აქვე და ახლა შეგვიძლია, ამ დიდი სიკეთის ნაწილობრივი ზიარნი გავხდეთ".
წერილების მიხედვით