ძმური სიყვარული - ყველა ადამიანის სიყვარულია, რომელიც უპირატესობას არავის ანიჭებს
08.07.2010
"ყველაზე ფუნდამენტური სიყვარული, რომელიც მის ყველა ფორმას უდევს საფუძვლად, სწორედ ძმური სიყვარულია.
მასში მე პასუხისმგებლობას, მზრუნველობას, პატივისცემას, ყველა ადამიანის ბუნების ცოდნას, მათი სიცოცხლის გახანგრძლივების სურვილს ვგულისხმობ. სწორედ ამგვარ სიყვარულს გვასწავლის წმინდა სახარება: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მარკ. 12,29-31).
ძმური სიყვარული - ყველა ადამიანის სიყვარულია, რომელიც უპირატესობას არავის ანიჭებს. თუ სიყვარულის უნარს განვივითარებ, აღარ ძალმიძს, ჩემი მოძმე არ მიყვარდეს.
ძმურ სიყვარულს ყოველი კაცის მიმართ ერთობის, თანხმობის, ადამიანური სოლიდარობის განცდა ახლავს. ამგვარმა სიყვარულმა იცის, რომ ყველანი ერთნი ვართ. საზოგადოდ, ადამიანური არსის იდენტურობასთან შედარებით, ტალანტს, განათლებას, ინტელექტს შორის განსხვავება მეტად უმნიშვნელოა.
ამგვარი ერთიანობა და იდენტურობა რომ განვიცადოთ, პერიფერიიდან სიღრმეში უნდა გადავინაცვლოთ.
ვინმეს ზედაპირულად გაცნობისას მხოლოდ იმ განსხვავებას ვამჩნევ, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს, მაგრამ როგორც კი ამ ადამიანის არსს ჩავწვდები, ჩვენს იდენტურობას და ძმობის ფაქტს მყისვე გავაცნობიერებ.
სწორედ ამგვარი კავშირია (ცენტრისა ცენტრთან და არა პერიფერიისა პერიფერიასთან) ე. წ. "ცენტრალური კავშირი", ანუ, როგორც სიმონ უეილი იტყოდა, "ერთი და იგივე სიტყვები (მაგალითად, "მე შენ მიყვარხარ"), შესაძლოა, ბანალურადაც ჟღერდეს და ორიგინალურადაც, იმის მიხედვით, თუ რა ფორმით წარმოთქვამენ.
გამოთქმის ფორმა კი იმაზე გახლავთ დამოკიდებული, რამდენად გულწრფელი და ბუნებრივია ეს სიტყვები ან რა სიღრმიდან წარმოთქვამენ. მათი უჩვეულო ჰარმონიის წყალობით ეს სიტყვები შესატყვის სიღრმეს იძენენ ადრესატის გულში.
ამდენად, ადრესატი, თუ მას არსის წვდომის ოდნავი უნარი მაინც აქვს, უთუოდ შეიგრძნობს ამ სიტყვების ჭეშმარიტ ღირებულებას.
ძმური სიყვარული - თანასწორთა სიყვარულია, თუმცა თანასწორნიც როდი არიან ყოველთვის "თანასწორნი" - კაცნი ვართ და ადრე თუ გვიან ყველას გვჭირდება დახმარება, მაგრამ ეს იმას როდი გულისხმობს, რომ ერთი ყოველთვის უმწეოა, მეორე კი ყოვლისშემძლე... უმწეობა დროებითი მოვლენაა, მიწაზე მყარად დგომის უნარი კი მუდმივი და სტაბილური მდგომარეობა.
და მაინც: უმწეო, ღატაკი და უთვისტომო ადამიანის სიყვარული - ძმური სიყვარულის საწყისია. საკუთარი სისხლისა და ხორცის სიყვარული დიდ მიღწევას როდი წარმოადგენს, საკუთარი ნაშიერი, მოგეხსენებათ, ცხოველსაც უყვარს და ზრუნავს მასზე.
უსუსურ ადამიანსაც უყვარს თავისი მფარველი, რადგან მასზეა დამოკიდებული. ბავშვს უყვარს მშობლები, რადგან ძალიან სჭირდება ისინი...
ჭეშმარიტი სიყვარული მაშინ იწყება, როდესაც სიყვარულის ობიექტს რაიმე მიზნისთვის არ ვიყენებთ.
ისიც აღსანიშნავია, რომ ძველ აღთქმაში ადამიანის სიყვარულის ცენტრალური ობიექტი ღატაკი უცხოელი და ქვრივ-ობოლია.
უმწეო არსების შებრალებითა და თანაგრძნობით ადამიანი მოძმის სიყვარულს სწავლობს. საკუთარი თავის სიყვარულისას კი ადამიანს ყოველი სუსტი, მიუსაფარი, სნეული და განსაცდელსა თუ გასაჭირში მყოფი უყვარს.
თანაგრძნობა - ცოდნისა და იდენტიფიკაციის ელემენტს მოიცავს. "მდგმურს ნუ შეავიწროებ, - ღაღადებს ძველი აღთქმა, - რადგან მდგმურნი იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში" (გამ. 23,9); "...გიყვარდეთ იგი, როგორც საკუთარი თავი..." (ლევ. 33,34).
ერიხ ფრომის ნაშრომის
"სიყვარულის ხელოვნების" მიხედვით