არა მარტო წმინდანებს, არამედ ჩვენ, ცოდვილებსაც შეგვიძლია ვიცხოვროთ სულიერი ცხოვრებით. ჩვენ გვავიწყდება, რომ ადამიანი სულიერი და ხორციელი არსებაა. ახლა განვმარტოთ, რა იგულისხმება "სულიერებაში." სულიერება მიღწევა კი არა, გზაა. სულიერება მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდა მოქმედებს ჩვენში, რადგანაც ჩვენ ქრისტესნი ვართ, თანდათან ვიზრდებით სულიწმინდის ზემოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევუერთდეთ ქრისტეს, შევუერთდეთ სულიწმინდას მთელი არსებით და არა მარტო ჩვენი ყოფის იმ კუთხით, რითაც ისედაც ღვთის მსგავსნი ვართ, არამედ სულით. წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, - ამ სიწმინდის მიღწევა ჩვენი გადაწყვეტილებით შეგვიძლიაო. გადაწყვეტილება კი ნებელობის, გონების, შეგნების სფეროა. ამ შემთხვევაში ჩვენი სულიერება დიდ როლს ასრულებს. ჩვენს სულს არ შეუძლია ზრდა, არ შეუძლია აღმავლობა, ღვთისკენ სვლა ჩვენივე სულიერების გარეშე, ამის გარეშე ადგილიდან დაძვრაც კი არ შეუძლია.
ხშირად, იმის მაგივრად, რომ სულიერად ვიღვაწოთ, მხოლოდ სიტყვიერად მივმართავთ ღმერთს: "უფალო, ჩემს მაგივრად გააკეთე ის, რისი გაკეთებაც შენთვის მინდა, ანდა ის, რისი გაკეთებაც მე არ ძალმიძს, რადგანაც არ გამაჩნია მტკიცე განზრახვა და არც ზეგარდმო შთაგონება." არადა ჩვენში არის ის სულიერი მომენტი, რაც ესაჭიროება სულს, რომ აღენთოს და მაშინ ღმერთიც უფრო ძლიერად შეგვაკავშირებდა.
მაგრამ აქ საუბარია არა მარტო მშვინვიერებასა და სულიერებაზე, სულსა და სამშვინველზე, არამედ ადამიანის სხეულზეც. ადამიანის სხეული ღმერთმა შექმნა მასში მისი სულისა და სამშვინველის დასამკვიდრებლად. ჩვენი სხეულიც ისეთივე წმინდა უნდა იყოს, როგორც სულია, ამიტომაც იგი უნდა განიმსჭვალოს ღვთაებრივი მადლით. წმინდა სილუან ათონელი ერთ-ერთ წერილში ამბობს, რომ ღვთის მადლი სულიწმინდის სუნთქვით ეხება პირველად ჩვენს სულს, ეხება წმინდა საიდუმლოთა ქმედებით, ღმერთთან ჩვენი ზიარებით, როცა მთლიანად ვეძლევით მას, ხოლო შემდეგ, როცა ჩვენი სული აენთება, ამ ალით თანდათან განიმსჭვალება ჩვენი სამშვინველიც. როცა ადამიანი აღწევს ღმერთთან თანაზიარობის გარკვეულ დონეს, მაშინ ეს მადლი განმსჭვალავს მთელ სხეულს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ წმინდანთა სხეულებს არ ეხება ხრწნილება. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა მთლიანად ვეძლევით ღმერთს. იგი იზრდება იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებით ვებრძვით ყველაფერ იმას, რაც ხელს გვიშლის, ვიყოთ ღვთის მეგობრები და ქრისტეს მოწაფენი, სული წმინდის ტაძრები. იგი ბოლომდე შემოდის ჩვენში. აქ, კი უკვე უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ამ შემთხვევაში ადამიანებთან.
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ სხვისი დახმარება მხოლოდ სულიერად თუ შეუძლიათ, და ავიწყდებათ, რომ მათაც აქვთ სამშვინველი და სხეული, რომ ისინი თუ ილოცებენ მისთვის, ეს საკმარისი იქნება. მაგრამ შესაძლოა ადამიანს სჭირდებოდეს ბევრი სხვა რამეც, სულიერი და ხორციელი დახმარებაც. ამიტომ როგორი სულიერი ცხოვრებითაც უნდა ვცხოვრობდეთ, მოყვასს სულის განწმენდილი ნაწილით უნდა ვემსახუროთ. სახარებაში ამის შესახებ ნათქვამია: ჩვენი გონება თანდათან უნდა განიწმინდოს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა არავითარი ჭუჭყი, ბიწიერება, არავითარი ხრწნილება, უსამართლობა, ტყუილი არ იჭრებოდეს ჩვენს გონებაში. იკითხავთ, კი მაგრამ ეს რომ ასე არ ხდებაო? გამოცდილებით ვიცი, ასე არ არის. მაგალითად, როგორც კი დავდგები სალოცავად და ვიწყებ ლოცვას, მაშინვე წამომეშლება ფიქრები, მოგონებები, წარმოსახვები, ფანტაზიები, ზოგჯერ მკრეხელური აზრებიც.
იოანე კიბისაღმწერელიც ამბობს, რომ ლოცვაზე მდგართ ეშმაკი გვიახლოვდება, რათა გაგვიფანტოს ლოცვის სიტყვები. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაცბუნოს. მას უნდა ვუთხრათ: - განვედი ჩემგან, დროს ნუ კარგავ, რადგან მე მაინც განვაგრძობ ლოცვას. და ამის შემდეგ უნდა გავიმეოროთ ლოცვის ის ნაწყვეტი, რომელიც შეიბილწა უწმინდური ფიქრებით. თუ ასე მოვიქცევით გამუდმებით, მაშინ ეშმაკი შეწყვეტს თავდასხმას და განგვშორდება.
ერთი ბერის ცხოვრების აღწერაში ნათქვამია, თუ როგორ ესხმოდა ეშმაკი თავს მას, როცა მოსანათლად ქალი მოვიდოდა, როგორ წამოეშლებოდა მაშინვე სიძვისა და უწმინდური აზრები. და ამით შეწუხებულმა როგორ მიმართა ვედრებით წმინდა იოანე ნათლისმცემელს: - წმინდაო იოანე, შენ ხომ წმინდა ხარ ყოველგვარი უწმინდური აზრებისაგან. ევედრე ღმერთს, მეც გამათავისუფლოს ამ უწმინდურებისაგან, რათა არ შევბილწო ის საქმე, რასაც აღვასრულებ. მაშინ მას გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: - შემიძლია გაგათავისუფლო ამ უწმინდური აზრებისაგან, მაგრამ მაშინ დაკარგავ მოწამის გვირგვინს. განაგრძე ბრძოლა, ებრძოლე შენში უწმინდურ აზრებს ულმობლად. ადრე თუ გვიან ღვთის მადლი, რომელსაც უხმობ, გაიმარჯვებს და დაიდგამ მოწამის გვირგვინს. და ეს ბერი განაგრძობდა ნათლობას, იბრძოდა, იბრძოდა მანამ, სანამ სრულად არ გათავისუფლდა ყოველგვარი უწმინდური აზრებისაგან და სანამ არ შეძლო ნათლობის ისე ჩატარება, როგორც ამას იოანე ნათლისმცემელი აღასრულებდა იორდანეში.
ამიტომ ჩვენც არ უნდა შეგვაცბუნოს ლოცვის დროს სულში შემოჭრილმა ასეთმა აზრებმა, რადგან როცა ვლოცულობთ და უფალი სულს მოჰფენს თავის ნათელს, უეცრად ვიწყებთ ჩვენს სულში დასადგურებული წყვდიადის დანახვას, რასაც ადრე ვერ ვგრძნობდით. სწორედ ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეული, სამშვინველი, სული ერთი მთელია, რომელიც თანდათან უნდა ჩავრთოთ ღვთის საიდუმლოებაში. მაშინ ადამიანი სრული ხდება და მისი სხეულიც იმსჭვალება იმ მადლის ძალით, რომლითაც განმსჭვალულია მისი სული. გაიხსენეთ მოტოვილოვის ხილვა, როცა იგი ესაუბრებოდა სერაფიმე საროველს. გაიხსენეთ, თუ როგორ გაუბრწყინდა წმინდა სერაფიმეს სახე; იხილა, როგორ გაბრწყინდა მისი სამოსი, როგორ გაბრწყინდა იგი მთლიანად, გაბრწყინდა ქრისტეს მსგავსად, როცა იგი თაბორის მთაზე, მოსესა და ელიასთან ჯვარცმაზე მოსაუბრე იხილეს მოწაფეებმა.
სახარებაში წერია, რომ მაშინ ქრისტეს სამოსიც განსპეტაკდა, ასე არავის შეეძლო მისი განსპეტაკება. ეს სიტყვები ჩვენს ყურადღებას წარმართავს იქითკენ, რომ ჩვენ, როგორც მშვინვიერად და სულიერად, ასევე ხორციელადაც უნდა განვიმსჭვალოთ მადლით, არ უნდა შეგვაშინოს იმ წინააღმდეგობებმა, რაც ჩვენში ხდება. ბრძოლის ჟამს უნდა დავფიქრდეთ და ვთქვათ: - უფალო, ნუთუ შენ იმდენად მენდობი, რომ მანდობ სატანასთან, ბოროტებასთან ბრძოლას?! იმასთან ბრძოლას, რაც ჩემში ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა?!
დიახ, ეს ის მომენტია, როცა ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთი გვაძლევს საშუალებას, მის მაგივრად, მასთან ერთად ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. და როცა ვამარცხებთ ჩვენში ბოროტებას, ვამარცხებთ მას საერთოდ, რადგან ჩვენში დამარცხებული ეშმაკი მთელი სამყაროსთვისაც დამარცხებულია. როცა რაიმე ცოდვა ჩვენში აღმოიფხვრება, როცა მისგან ჩვენში აღარაფერი რჩება, როცა ჩვენი მთლიანობა შეიკვრება მთელი სისავსით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოროტება მოკვდა მთელი სამყაროსათვის. ამიტომ, როცა სულიერი ცხოვრების გზაზე წინააღმდეგობას, განსაცდელს, სულიერ ცდუნებებს და ჩვეულებრივ ფიზიკურ სნეულებებს ვაწყდებით და ვხედავთ, რომ ცოდვა ჩვენში იწყებს ახალი ძალით მოქმედებას, მაშინ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. უნდა გვახსოვდეს, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რამ: სხეული არ წარმოადგენს ჩვენში ბოროტების მიზეზსა და წყაროს. ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ სხეული არის ვნებით დამაშვრალი მოწამე, იგი არის იმ უსამართლობის მსხვერპლი, რაც ცხოვრობს ჩვენს გულსა და სულში. და როცა ვსაუბრობთ ხორციელ ცოდვებზე, ვგულისხმობთ ჩვენს ცოდვას, რომელიც ცხოვრობს სამშვინველსა და სულში, იმონებს ჩვენს სხეულს, ბილწავს მას. ამიტომ უნდა ინანიებდეს, უპირველეს ყოვლისა, სული და არა სხეული. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ბოროტების წყაროდ სწორედ სხეული მიგვაჩნია. არადა ეს წყარო სწორედ ჩვენს გაუწმენდელ, გაუნათებელ სულში, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუღვივებელ სულიერებაშია.