ათონის მთაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) დედისადმი გაგზავნილ პირად წერილებში მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტი იერემიას შესახებ წერს.
გთავაზობთ ორ მცირე ამონარიდს:
"ყველაზე უხუცესი და ჩინით პირველი მონასტერში არის ჩვენი იღუმენი, არქიმანდრიტი იერემია. ის 88 წლისაა, სულ გათეთრებული წვერით. ძალიან თბილი და ტკბილი ადამიანია, მისი "გაბრაზება" გამოიხატება მოფერებით, ძალიან დაბალი ტონით ნათქვამი შემდეგი სიტყვებით: "ეს არ არის ბერული საქციელი". არადა ის ამ უზარმაზარი მონასტრის ერთპიროვნული გამგებელია, მას აქვს სტავროპიგიალური უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონასტრის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საბერძნეთის სახელმწიფოს კანონები, მხოლოდ მისი პირადი ლოცვა-კურთხევა, ქვეყნის
პრეზიდენტიც რომ მოვიდეს აქ უბატონოდ ხმას ვერ გასცემს. მასზეა დამოკიდებული ახალი ძმების მონასტერში მიღება და აღკვეცა. ის წყვეტს ყველა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხს; მიუხედავად ასეთი ძალაუფლებისა, მას ვერ შეატყობ პატივმოყვარეობას და სიამაყეს. სულ თავდახრილი დადის, ისეთი ღუღუნა ხმა აქვს, როგორც მტრედებს, ისე მიყვარს მისი მოსმენა როცა ექვსფსალმუნს კითხულობს ყოველ დილით. გარდა ამისა, ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც მონასტრიდან გადის (თუ მძღოლს არ მივიღებთ მხედველობაში), მას მოაქვს სურსათი და სანოვაგე. სხვა არავინ ტოვებს მონასტერს თუ სპეციალური ლოცვა-კურთხევა არ აქვს".
ბერი ერმოლაოსის წერილებიN19.2003წ." დედა, ჩვენი იღუმენი, არქიმანდრიტი იერემია ღვთის ნუგეშია ჩვენთვის, განსაკუთრებით ჩემთვის. ძალიან ჰგავს შალვა ბაბუას, შესახედავადაც და განსაკუთრებით ხასიათით, დიდი მლოცველია და ღვთის მადლით დახუნძლული პიროვნებაა, რა ბედნიერებაა, რომ მაქვს საშუალება მისგან კურთხევა მივიღო. დიდება უფალს! წელს 90 წელი შეუსრულდა, სურათს არ იღებს არასოდეს"...
ათონი. საბერძნეთი. 30.03.2004წ.