უნარების განვითარების თანამედროვე პროგრამების ვერბალური ნაწილის სავარჯიშოების სწორად გამოყენებით პიროვნებაში იხვეწება აკადემიური ცოდნის შეძენისთვის აუცილებელი თვისებები, რაც გულისხმობს: წინადადებებისა და ტექსტის შინაარსობრივ ანალიზს, ნაწარმოებში მიმდინარე ამბების ლოგიკური თანმიმდევრობის გააზრებას და მოვლენების როგორც წარსულის კონტექსტში ახსნას, ისე რეალობასთან დაკავშირებას. ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები სულ უფრო მეტი სასწავლო, საცნობარო და სპეციალური საინფორმაციო მასალით ივსება. აუცილებელი ხდება, აღსაზრდელს, როგორც მდიდარი ქართული სალექსიკონო, ისე უცხო ტერმინებში გარკვევისთვის, შესაბამისი ინტერესი, ჩვევები და სხარტი აზროვნებისთვის საჭირო აპარატი გამოუმუშავდეს. ვერბალურ უნარებზე მუშაობისას სხვადასხვა სახის ინფორმაციით ოპერირება მოსწავლისთვის ბუნებრივ და აუცილებელ პროცესს წარმოადგენს. ეს არის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ახალი რეალობა. ამდენად, მოვალენი ვართ, ამ დისციპლინას არც მოვერიდოთ და არც ბრმად გადმოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის სასწავლო სისტემაში; საჭიროა მოწოდებული სიახლე ჩვენი კულტურის პრიზმაში განვჭვრიტოთ და ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
თუ არ გავითვალისწინებთ ერის რელიგიური და ეროვნული კულტურის თავისებურებებს და საზოგადოებაში ბრმად დავნერგავთ შემოთავაზებულ ვერბალურ აზროვნებას, შედეგად პარადოქსულ ფაქტს მივიღებთ: მაშინ, როდესაც ადამიანის ინდივიდუალობა ერთიანი საზოგადოების სრულფასოვან წევრობაში უნდა ვლინდებოდეს, უღმერთო და უერო ადამიანების გათითოკაცებაში გამომჟღავნდება. ჯერ - ყოველი ცალკეული ადამიანი და შემდეგ ერი დაკარგავს მთავარ ფასეულებას - ღმერთის ხატებას და მსგავსებას. ასეთი ქვეყნის შვილების აბსოლუტური უმრავლესობა თვითონ არაფერს შექმნის; ისინი რიგით, უსახო ადამიანებად გადაიქცევიან, რომლებიც მთელი მონდომებით, უპირობოდ და დაუყოვნებლივ ასრულებენ მოცემულ დავალებებს; მათი ქმედება მოვალეობის მექანიკურ აღსრულებამდე დავა. შესაბამისად, დასუსტდება პიროვნების თვითშემეცნების, შემოქმედებითი აზროვნების უნარიც; ამ ადამიანებს ცოდნა უკვე აღარ დააინტერესებთ და საზრუნავად პირადი კეთილდღეობაღა დარჩებათ.
ახალი წესებით სწავლება ადამიანის რელიგიურ ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული. ამის მიზეზად, ერთი შეხედვით, რელიგიური პლურალიზმი გვევლინება. მაგრამ არ შეიძლება რელიგიურად უმეცარი, ზედაპირულად გათვითცნობიერებული და სიღრმობრივად გაუნათლებელი ადამიანი ტოლერანტი იყოს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ რელიგიური შეურიგებლობა და, შესაბამისად, აგრესია მხოლოდ უმეცრების ბაზაზე აღორძინებულ ფანატიზმს ახასიათებს. გამოდის, რომ საზოგადოება თვითონ ქმნის და ნერგავს ხალხის ურთიერთდამაპირისპირებელ წინაპირობებს და მერე თვითონვე ებრძვის საკუთარი გაუაზრებელი ქმედების პრობლემად ქცეულ, სხვისი ხელით განხორციელებულ შედეგებს.
თანამედროვე ლიბერალურ-რაციონალისტური სკოლის მიზანია, მოზარდს მხოლოდ რელიგიის შესახებ ან მასთან დაკავშირებული ცოდნა მისცეს. ასეთივე დამოკიდებულებაა ეროვნულ კულტურასთანაც, ეს კი, ჩვენი აზრით, მცირერიცხოვანი ერისთვის დამღუპველია. მცირე ერის შვილი ღვთის მიერ ბოძებულ რწმენასა და საკუთარ კულტურას უნდა შეეზარდოს. მცირე ერი თუ მცირდება - ბრილიანტივით უნდა კრისტალდებოდეს და იხვეწებოდეს; თუ იზრდება - ღვთის მადლის მატების შედეგად უნდა მრავლდებოდეს.
ხსენებული ტენდენციების საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ტაბულას (ტაბულა 1.), რომელიც ნათლად გვიჩვენებს რელიგიური განათლებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომის შედეგად წარმოქმნილ პრიორიტეტებს (წიგნიდან "Религиозное образование в светской школе", Санкт-Петербург, 2005. ავტორი ფ. ნ. კოზირევი).
ტაბულის შედგენისას გამოყენებულია ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორის მაიკლ გრიმითის ნაშრომები რელიგიური განათლების სამი მიმართულების შესახებ.
ჩვენი აზრით, სახელმწიფო "განათლებას რელიგიურად ცხოვრებასთან კავშირში" უნდა უწყობდეს ხელს. ცოდის გაღრმავება და უნარების სრულყოფა, მშობლიური რელიგიური და კულტურული ტრადიციების გათავისება, საზოგადოების არაფორმალურად გაერთიანება, საკუთარი ქვეყნის მომავლისადმი პასუხისმგებლობის ხარისხის ამაღლება - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ საშუალებებისა, რომლებიც ასეთი მიდგომის შედეგად სულიერად და გონებრივად ჯანსაღ ადამიანს ჩამოაყალიბებდა. მიგვაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ რელიგიური განათლების უპირატესობები, ლიბერალური განათლების მიზნებიდან კი ის, რაც ხელს არ შეუშლის პიროვნების მუდმივი სულიერი და ეროვნული განვითარების პროცესს. ამის მაგალითები ქართული ქრისტიანობის ისტორიაში მრავლად გვხვდება.
რელიგიური და ლიბერალური განათლების მიზნების შედარებისთვის ზემოხსენებულ წყაროში მოვიძიეთ განათლების ისლამური და ლიბერალური ღირებულებების ამსახველი მასალა და დავუმატეთ მართლმადიდებლური ორიენტირები. გვსურს, ძირითადი ყურადღება რელიგიურ და ლიბერალურ ფასეულებათა განსხვავებას მივაპყროთ. თვალსაჩინოებისთვის აღნიშნული მასალა ტაბულის (ტაბულა 2) სახით წარმოვადგინეთ (მართლმადიდებლურ ორიენტირთა უფრო სრულყოფილად ასახვის მიზნით მოწოდებული წინადადებებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას).
ტაბულაში მოცემული რელიგიური და ლიბერალური ფასეულებების შედარებისას დავინახავთ: ადამიანი, რომელიც რელიგიურ განათლებას ირჩევს, თავად არის ღვთისმორწმუნე. შესაბამისად, მას სწავლების პროცესში საკუთარ რწმენაში განმტკიცება სურს.
ჩვენ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყნის შვილები ვართ. მთელი ქართული კულტურა ძირითადად ქრისტიანული სულით არის გაჟღენთილი და დღესაც, თუ მართლა გვწამს, რომ მართლმადიდებელი ერი ვართ, ჩვენი სასწავლო სისტემა და ცხოვრება მას უნდა შევუსაბამოთ. ამიტომ ყველა ახალი მოვლენის პასუხი ქრისტიანულ მოძღვრებაში, ქართულ ლიტერატურასა და ქართულ კულტურაში უნდა ვეძებოთ.
"გულისხმიერობაი სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა "დავითი" და ხმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი, სამოძღუროი. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაიცა ისწავა მრავალთა ენათაი და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა. ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი ისწავა კეთილად და, რომელი პოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის" - ასე წერს გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის შესახებ. ასეთი უნდა იყოს ქართველი ახალგაზრდა. გრიგოლმა შეისწავლა "დავითი" ანუ დაეუფლა ფსალმუნის სიბრძნეს; საეკლესიო სასწავლელი - ლიტურგიული ტექსტები და წმინდა წერილის განმარტებანი, ე.ი. გრიგოლს ესმოდა წირვის შინაარსი; შეისწავლა ქართული და რამდენიმე უცხო ენა; საღმრთო წერილი ზეპირად ისწავლა; კარგად შეისწავლა ამა სოფლის სიბრძნე, ანუ იმდროინდელი არაქრისტიანული ფილოსოფია და მეცნიერება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა გრიგოლს შეეძლო, შესასწავლი მასალიდან გამოერჩია კეთილი და "ჯერკუალი" - ქრისტიანისთვის მიუღებელი.
საკითხავია, რას ვერ გაიზიარებდა ან რაზე იტყოდა თანამედროვე ლიბერალური სკოლა უარს? სავარაუდოდ - ქრისტიანულად მოტივირებულ დამოკიდებულებაზე!
თუ ვიკითხავთ, რით შეცვლიდა ამ მოტივირებას, პასუხი ასეთი იქნება: "ჯერკვალით" ანუ ლიბერალური (წარმართული) მოტივით.
ამრიგად, ზოგადად რელიგიური და კერძოდ მართლმადიდებლური სკოლა არც მეცნიერულ მიღწევებს, არც სხვა რელიგიების არსებობას, არც სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის შექმნილ რაიმე ნოვატორულ მეთოდს არ უარყოფს. უბრალოდ, რელიგიას ვერ შეერწყმება ათეიზმი; ქრისტიანობამ ელინიზმიდან უკვე აიღო ის, რაც ღმერთისგან იყო; მართლმადიდებლობა ვერ შეითავსებს რაიმე სხვა კონფესიურ მოძღვრებას. ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი უდიდეს ზიანს მოუტანს მომავალ თაობას და ჩვენს ქვეყანას.
საქართველო სხვა სახელმწიფოებისგან იზოლირებული ქვეყანა არ არის და ასეთი არც არასოდეს იქნება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მომავალი თაობების განათლებისთვის ყველა საუკეთესო თანამედროვე მიღწევა გამოვიყენოთ. ამასთან, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მათი ეფექტურობა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ სიახლემ შეიძინოს ქრისტიანულად მოტივირებულობა. ქართულ კულტურაში ასეთი მიზნების განხორცილების საშუალებები უხვად მოიპოვება. ჩვენ ისეთ საუნჯეს ვფლობთ, რომელსაც შეუძლია, ყველა სიახლე ეროვნული კულტურის ცეცხლში გამოწრთოს და უპასუხოდ არც ერთი ახალი მნიშვნელოვანი გამოწვევა არ დატოვოს.
იოანეს გამოცხადებით უფალმა დაახლოებით შვიდჯერ მიმართა კაცობრიობას: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს". სახარების ტექსტს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის, რასაც ვერბალური სავარჯიშოები გვთავაზობს, არ ეწინააღმდეგება უფლის მოწოდებას. უფალი ჩვენგან მოითხოვს მოსმენას, ამ სიტყვის სრული გაგებით. ვერბალური უნარების მეთოდოლოგიური მიზნები კი ასე გამოიყურება: სიტყვის მნიშვნელობის შეცნობა; ცალკეული სიტყვისა და გამოთქმის შინაარსის ახსნა და კონტექსტის ამოცნობა; საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მოძიება; სიტყვათა ურთიერთმიმართების გაგება; ცალკეული აბზაცის ფუნქციის განსაზღვრა; ტექსტის წინადადებებსა და აბზაცებს შორის მიმართების დადგენა; მოცემული ტექსტიდან თუ მითითებული აბზაციდან დასკვნის გამოტანა; წანამძღვრების საფუძველზე სწორი დასკვნების გამოტანა; ტექსტის გააზრება და მისი შინაარსის ადეკვატურობის დადგენა; ტექსტის თემის განსაზღვრა; ტექსტის ძირითადი იდეის გამოკვეთა; მიღებულ ინფორმაციაში არსებითისა და მეორეხარისხოვნის გამიჯვნა; ტექსტში მოცემული პოლემიკური მონაკვეთის ლოგიკის ამოცნობა; ვარაუდისა და ფაქტის ერთმანეთისგან გარჩევა; ტექსტში ასახულ მოვლენათა შორის არსებული კავშირის დადგენა; ცალკეული ფრაგმენტების პერიფრაზირება; ქვეტექსტის ამოცნობა.
სავარჯიშოები, რომლებიც მოსწავლეებს ასეთ უნარებს შესძენს, უდავოდ სარგებლის მომტანი იქნება. საქმე მხოლოდ ის გახლავთ, რა მასალაზე ავაგებთ მათ.
უცხოური მასალის გამოყენებისა და ახალი ვერბალური უნარების სავარჯიშოების შედგენისას უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლიბერალური სკოლა მხოლოდ გონების გამოკვებისთვისაა გამიზნული და მას სხვა არც არაფერი მოეთხოვება. ასეთ სწავლებაზე ორიენტირებული ადამიანი თავიდანვე მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე იწყებს ზრუნვას; ასეთი სწავლებისთვის სასწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ ადამიანს საკუთარი სულის არსებობა თითქმის მითურ მოვლენად ეჩვენება; თუ მოსწავლემ შესასწავლი დისციპლინების საწყისებში ღმერთის ნაცვლად მაიმუნისგან წარმოქმნილი მეცნიერი დაინახა, ღმერთს ის არარსებულ ან, უკეთეს შემთხვევაში, განყენებულ, ადამიანისგან შორს მდგარ არსებად წარმოიდგენს, რის შედეგადაც მოზარდის აზროვნებაში სამოძღვრო მცნებები საბოლოოდ დაკარგავს თავის ადგილს.
ამგვარად აღზრდილი ადამიანების შესახებ მოციქული პავლე ბრძანებს: "რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს, არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე" (რომ. 1:21-23).