წმინდა წერილში ნათქვამია: "წადი ჭიანჭველებთან, ზარმაცო, ნახე მათი საქმიანობა და იქმენ ბრძენი" (იგავი 6,6). ფუტკრებთან შეიძლება გავგზავნოთ ხელზარმაცი და გონებაზარმაცი, რათა ისწავლონ შრომისმოყვარეობა, ზომიერება, წესრიგი, წინასწარ განჭვრეტა და კიდევ ერთი დიდი რამ, უდიდესიც კი - თავშეწირვა. თავისი სკის "ხალხისთვის" თითოეული ფუტკარი ყოველ წუთს მზად არის თავი დადოს, გაწიროს საკუთარი სიცოცხლე. ყველაზე დიდ საერთო თავგანწირვას ფუტკრები ყრისას აჩვენებენ.
ერთმა სახელგანთქმულმა ბელგიელმა ფუტკრების ცხოვრებას წიგნი მიუძღვნა. აი, რას ამბობს ის ფუტკრის ყრაზე: "ეს მხოლოდ უბრალო გადასახლება კი არ არის ფუტკრებისა, მსხვერპლია, შეგნებული მსხვერპლი, რომელსაც ახლანდელი თაობა მისი შემცვლელი თაობისთვის გაიღებს... ეს არ არის ინსტინქტი, არც ბუნების კანონი. ჩვეულებრივად კანონს ვეძახით იმას, რაც ჩვენთვის აუხსნელია, სულერთია, ფუტკრებს ეხება თუ ადამიანებს"... მაშ, ეს რაღაა? სიყვარული და ზრუნვა პატარებზე, ფუტკრების ახალ თაობაზე. ამ სიყვარულის გულისთვის ძველი ფუტკრები იყრებიან და ტოვებენ საკუთარ სახლს, ტოვებენ თაფლით ავსებულს და მიფრინავენ უცნობ მხარეში თავშესაფრის მოსაძებნად. წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდნენ ყველაზე თავგანწირული პატრიოტები, თუ მათ ეტყოდნენ: "ახალგაზრდა თაობის გულისთვის დატოვეთ ოჯახები, სახლ-კარი და წადით!" განა ბევრი მოიძებნება კაცთაგან უყოყმანოდ მიმბაძველი ფუტკრისა?
ეს ავტორი ფუტკრებზე კიდევ უამრავ საოცრებას, სასწაულებს წერს: თურმე ფუტკრები ერთმანეთში საუბრობენ, აწყობენ კრებებს, მღერიან - სამხიარულოსა და სამწუხაროს, აქვთ საომარი შეძახილები (ბრძანებები); ისინი უამრავ უწვრილეს, აზრით აღსავსე ბგერას გამოყოფენ (მეტერლინკი, "ფუტკრების ცხოვრება"). ფუტკრებს შორის არ არიან "უღმრთოები". მეტიც, ზოგიერთებმა ფუტკრების დახმარებით შეიცნეს ღმერთი, შემოქმედი თვისი, და მისი საოცარი განგებულება ყოველ ქმნილებაზე.
წერილი ერთ უბრალო კაცს აღმსარებლობაზე. მატარებელში ჩუმად იჯექით და მიემგზავრებოდით. თქვენს თანამგზავრებს გაცხოველებული საუბარი ჰქონდათ დიდებულ ადამიანებზე. ერთმა მათგანმა გამოჩენილ ადამიანთა სახელები ჩამოთვალა, რომელთაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა, მათ შორის მოიხსენია სახელი იესო ქრისტესი, მეორემ თქვა, რომ ქრისტეს დიდებულ ადამიანად არ თვლის, მესამემ სხვა რამ თქვა, მეოთხემ - კიდევ რაღაც... ატყდა კამათი იესო ქრისტეზე, წმინდა სვიმეონ მიმრქმელის წინასწარმეტყველებისაებრ: აღდგინებად მრავალთა და სასწაულად სიტყვისაგებელად (შეადარე ლუკა 2,34).
მოკამათეებმა გკითხეს: - თუ თვლით ქრისტეს დიდებულ ადამიანადო.
- არა, - უპასუხე შენ, - ქრისტეს კაცთაგან ვერავის შეადარებ. იგი დიდებული ადამიანი კი არა, ღმერთია.
გაეცინათ, მასხრად აიგდეს ღვთისადმი შენი რწმენა. ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ დაყოფილნი, გაერთიანდნენ შენსა და ქრისტეს წინააღმდეგ. მსგავსად ამისა, ერთ დროს ჰეროდე და პილატე რომ გაერთიანდნენ, რათა უფალი განესაჯათ და გზის დასასრულამდე დაცინვებისა და ლანძღვის სეტყვაში იარე. ნეტარი ხარ შენ! უკეთესნი უკეთესთა შორის, მოწამენი და ღირსნი კაცნი, დაითმენდნენ ქრისტესთვის დამცირებას. წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის უმცროს ძმას, კესარიას, გამოჩენილ ფილოსოფოსად თვლიდნენ და იმპერატორმა იულიანემ, ქრისტიანობიდან ამ წყეულმა განდგომილმა, მოისურვა მისი ქრისტიანობის წინააღმდეგ განწყობა. მიიწვია კესარია თავის სასახლეში და დარწმუნება დაუწყო, უარი თქვი ქრისტიანობაზე და წარმართობას დაუბრუნდიო. დიდი კინკლაობის მერე კესარიამ იმპერატორს მტკიცედ უთხრა: "მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად დავრჩებიო".
ამას წინათ ერთმა ჩერნოგორიელმა მომითხრო: არმიაში სამსახურისას სარწმუნოებას არ ვმალავდი, არ მრცხვენოდა, რის გამოც მრავალ დამცირებას ვითმენდი. მწყობრში ჩამდგარს უფროსი მიყვიროდა:
- ეი, ივან, ვინ არს შენი ღმერთი?
- ჩემი ღმერთი - ზეცაში მყოფი ყოვლისშემძლე ღმერთია!
უფროსი სილას გამაწნავდა და დაამატებდა, - მე ვარ შენი ღმერთიო.
- არა, შენ არა, არამედ ზეციური ღმერთი!
და კვლავ სილა გამაწნა. მაგრამ მე არ მწყინდა, მხოლოდ რაღაცნაირი სითბო მეღვრებოდა გულში და გრძნობამორეული ვამბობდი, - ცოტათი, მაგრამ მაინც ხომ მომიწევს უფლის ტანჯვა.
ნეტარი ხარ შენ, ივან, - ვუთხარი მას, - რომ გცემეს და დაგამცირეს უფლის გულისთვის.
ახლა კი შენ და ივანს გეუბნებით: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა" (მათე 5,12).
წერილი გლეხ ს.ი-ს, რომელსაც თავს ესხმის შიშის ეშმაკი. შენ გამოგცდის ეშმაკი, ერთი მათგანი, რომლებიც კაცთა დაღუპვას ცდილობენ. როცა ის თავს გესხმის, გგონია, მთელი სამყარო აღგიდგა, რომ გარშემო მხოლოდ მტრები არიან, ღმერთს კი ეჯავრები. ჰკითხე კიდეც ამის შესახებ მცოდნე კაცებს, მათ გითხრეს, - ეს ერთგვარი სიგიჟეაო. მართალია, სიგიჟეა. ეკლესიაც ამასვე გეტყვის და მეტსაც, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით. ის გეტყვის, თუ ვისგანაა და რატომ შეგემთხვა ასეთი სიგიჟე - იგი ეშმაკისგანაა, მაგრამ შენი ცოდვების გამო. ეკლესია წამალსაც გამოგიწერს - აღსარებასა და ცოდვათა მონანიებას, რომლის მერეც ეშმაკი მოგშორდება. თავისი ნებით თავს არ დაგანებებდა, მაგრამ ღმერთი განდევნის. ხომ გახსოვს სახარებიდან, ყოვლისშემძლე ქრისტე როგორ განდევნის კაცთაგან ეშმაკებს, როგორ ემორჩილებოდნენ მას, რამეთუ მათზე სრული უფლება ჰქონდა.
მაგრამ ღვთის ხელისუფლება ეშმაკებზე ვრცელდება არა მარტო მათი გაძევებით, არამედ იმის დაშვებითაც, რომ ეს უხილავი ძალები ადამიანებს თავს დაესხან. ამიტომაც, თვით ეშმაკებსაც "ღვთისა" ეწოდებათ. წმინდა წერილში, ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: ღვთისაგან თავს დაესხა ბოროტი სული საულს (შეადარე 1 მეფეთ. 18,10). ის ღვთისგანაა არა იმიტომ, რომ ღმერთის მონათესავეა ანდა მისგან გამოდის, არა, რა თქმა უნდა, არამედ იმიტომ, რომ იგი შეკრულია ღვთის ხელმწიფებით. წაიკითხე იობის პირველი წიგნი და დაინახავ, რომ ეშმაკს არ შეუძლია ადამიანს თავს დაესხას, თუ ამას ღმერთი არ დაუშვებს.
თუ ეს იცი, სასოს ნუ წარიკვეთ. ღმერთი ყოვლისშემძლეა და ყოვლადმოწყალე. მას შეუძლია განაგდოს და განაგდებს კიდეც შენგან მტანჯველ შიშის ეშმაკს. ოღონდ აღიარე ღვთის ძალა და მოწყალება, შემდეგ აღიარე ცოდვები, შეინანე და გულმოდგინედ ევედრე ყოვლისშემძლე ღმერთს. თქვი ლოცვისას: "უფალო, ვის წინაშეც თრთიან ეშმაკები და ყოველი ქმნილება, ყოვლისშემძლევ და ყოვლადმოწყალევ, შემინდე ცოდვილს, შემიწყალე და მაცხოვნე შენი ძისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ჯვარზე ვნების გამო!" და ნუღარ შეეჭვდები: უფალი შეგვიწყალებს და განდევნის შენგან ამ არარაობა საფრთხობელას.
ღმერთი იყოს შენთანა და შეგეწიოს!
წერილი გიმნაზისტ პ.უ-ს ქრისტეს ჭვრეტაზე. შენ განიცდი დაუცხრომელ სურვილს ქრისტე უფლის ხილვისა. ჭეშმარიტად, არ არის სურვილი, ამაზე საქებარი. მაგრამ ძნელია მეფის სახის ხილვა, ვიდრე არ შეხვალ მის სასახლეში. სამეუფეო პალატებში კი უშვებენ მხოლოდ იმას, ვისაც ღირსეული სამოსი მოსავს. სულიერ სამოსზე წერს ბრძენი მოციქული პავლე: "შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყვარელთა, მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაი. თავს იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თვისთა. უკეთუ ვისმე აქუნდეს ვისთვისმე ბრალი, ვითარცა იგი ქრისტემან მიგმადლა თქვენ, ეგრეცა თქვენ მიჰმადლეთ მათ, და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ იგი არს სიმტკიცე, სრულებისაი" (კოლასელთა მიმართ 12,14). როცა მოვა დრო, მხოლოდ ასეთ შემოსილს დაგიშვებენ ზეციური მამის სასახლეში და ვიხილავთ მის სახეს, რამეთუ ჩვენი წუთისოფელი დროა, როცა მასთან შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ: მსგავსად სარძლოსი, სასიძოსთან ჯვრისწერისთვის რომ ემზადება. ასევე თითოეული ქრისტიანის სული უნდა მოემზადოს უფალ იესო ქრისტესთან შესახვედრად.
მაგრამ არცთუ ცოტა ქრისტიანს უფალმა უკვე ამ საუკუნეში წამით ახილვა თავისი სახე. ჭვრეტდნენ მას სარწმუნოებისთვის წამებული მოწამენი, ჭვრეტდნენ მას მორწმუნე კაცნი, ვისზეც დაეშვა დიდი სატანჯველნი, რამეთუ უფალი გამოეცხადება იმათ, ვინც მისდამი რწმენით დაითმენს მწუხარებას. როცა დიდ რუს მწერალს, გონჩაროვს, ქრისტეს ერთგულსა და ღრმად მორწმუნეს, მძიმედ მყოფს, მეგობარი ანუგეშებდა, მალე გამოკეთდებიო, მწერალმა უპასუხა: "არა, არა მე მოვკვდები. წუხელ გამომეცხადა უფალი და ყველაფერი შემინდო"...
შენ კი, თუ უფლის ხილვა არ შეგიძლია, იღვაწე და იგრძნობ გულში მის სიახლოვეს. საკუთარ თავში ქრისტე შეიგრძნო, ეს უფრო მეტია, ვიდრე იგი ამ ცხოვრებაში იხილო. განიწმინდე გული და უფალი დასახლდება შენი გულის საყდარში, შენ კი თავის დროზე შეხვალ მის ზეციურ ტაძარში.
მშვიდობა შენდა და კურთხევა ქრისტესი.
წერილი ახალმოქცეულს რწმენის ნაყოფზე. ისევე, როგორც ადრე სასიამოვნო იყო თქვენთვის ცოდვა, ახლა საძაგელი გახდა. თქვენ გაგიტაცათ ფილოსოფიამ, ყველაფერი წაიკითხეთ პლატონიდან ბრედლიმდე, და ვერ გადაწყვიტეთ, ვისთვის მიგეგოთ პატივი, ვინაიდან ისინი ერთიმეორეს უარყოფენ, ის, რაც ერთისთვის ჭეშმარიტება იყო, იმას მეორე სიცრუედ თვლიდა, რასაც ერთი თეთრს ეძახდა, სხვა ამბობდა, შავიაო. თქვენ ვერ შეძელით გაგერკვიათ, სად იყო ჭეშმარიტება, და ეს ძლიერ გთრგუნავდათ. და ბოლოს მოხდა თქვენთვის უსიამოვნო, მაგრამ მაცხოვნებელი მოვლენა: მანქანას ქვეშ ჩაუვარდით და ბორბალმა ფეხი გადაგიტეხათ.
საავადმყოფოში წოლისას ბევრი იფიქრეთ. ეკითხებოდით საკუთარ თავს, სად არის ჭეშმარიტებაო. თქვენ გვერდით ავადმყოფი იწვა, მას ბალიშის ქვეშ პატარა წიგნი ჰქონდა ამოდებული, რომელსაც ხშირად იღებდა და კითხულობდა. რას კითხულობთ? - ჰკითხეთ ინტერესით. მან მდუმარედ გამოგიწოდათ. და პირველად ჩაგივარდათ ხელში "ახალი აღთქმა". როცა იგი წაიკითხეთ, უთხარით საკუთარ თავს: "აი, ჩემი ახალი ცხოვრების საწყისი". გამოიღვიძეთ, ყველაფერში, რაც შეგემთხვათ: მანქანის ქვეშ ჩავარდნა, საავადმყოფოს საწოლი, შენი მეზობელი, "შემთხვევით" შეხვედრა ცხოვრების წიგნთან - ღვთის ხელი დაინახეთ, რომელსაც უყვარხართ და თქვენი გადარჩენა უნდა. საავადმყოფოდან გამოსულმა ქრისტიანული ცხოვრება დაიწყეთ, მაგრამ ახლა კვლავ უკმაყოფილო ხარ. გგონიათ, რომ არ ვითარდებით, არ იზრდებით სულიერად. ეს თანდათანობით მოხდება. პირველ სავლეს ქრისტეს დამაბრმავებელმა ნათელმა თვალები მოსჭრა და ტკივილს განიცდიდა, სანამ არ მიეჩვია საღმრთო ნათელს: "და მყის გარდამოვარდეს თვალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა" (საქმე 9,18). ღვთის სასუფეველი მაშინვე არ იხსნება. მთესავმაც კი, გუშინ რომ თესლი ჩაყარა: "დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ იგი მან არა უწყის" (მარკოზ. 4,27).
ასე იქნება თქვენს თავსაც, რამეთუ ჭეშმარიტებას სურს, არა მარტო შეიცნონ, არამედ აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოს. თქვენ თქვენს ყანაში საღმრთო ჭეშმარიტება დათესეთ. მოითმინეთ, მაშინვე ნუ ცდილობთ წინასწარმეტყველებას და მოციქულობას. აცალეთ თესლს ამოვიდეს. თქვენი ყოველი ლოცვა მას გაათბობს, ყოველი ცრემლი გამოკვებავს, ყოველი ამოოხვრა ამოზრდის; გაღვივდება თესლი და ამოიჯეჯილებს. თუ როგორ, ეს თქვენ არ იცით, მაგრამ უფალმა იცის. როცა მოვა ჟამი მკისა, თქვენც შეიტყობთ და გამხიარულდებით.