მსგავსი შეკითხვით მიმართეს არსენი დიდს, რომელიც რომის იმპერატორის შვილების მოძღვარი იყო. ერთხელ მასთან უდაბნოში მივიდა რომაელი ქალბატონი და სთხოვა დამოძღვრა. არსენი დიდმა სენაკიდან გამოსძახა, - შეასრულებ კი იმას, რასაც გეტყვი?
- დიახ, მამაო, შევასრულებ.
- მაშინ, როცა გეტყვიან, არსენი ამა და ამ ადგილზე იმყოფებაო, საპირისპირო მხარეს წადი.
როცა მას ჰკითხეს, რისთვის გაურბიხარ ადამიანებსო, უპასუხა, - ცაში ათასობით ანგელოზსა და მთავარანგელოზს ერთიანი ნება-სურვილი აქვს, მიწაზე კი ყოველ კაცს სხვადასხვა ნება გააჩნია და მას შეუძლია, დარჩეს თავისუფალი და თავის ნებაზე, როცა გარშემო მყოფნი ცდილობენ, დაჯიჯგნონ იგი თავიანთი სურვილებით.
იყვნენ ისეთი მოღვაწენიც, რომლებიც განმარტოებით მოღვაწეობდნენ, ან საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრებს ქმნიდნენ და ერთად ლოცულობდნენ. იყო სავანეებიც. მაგალითად, ნილოს სორელის ირგვლივ 12 ბერი ცხოვრობდა. თითოეული მათგანი ცალკე, თავის სენაკში, ლოცულობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ქრისტეს სხეულივით ერთნი იყვნენ...
ჩვენ ვიცით ქრისტეს გზა, ვიცით, რომ ეს არის გზა გოლგოთისა, გზა ჯვარცმისა ქვეყნიერების გადასარჩენად, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მონაზვნური ჯვრის ტარებაც მხოლოდ პიროვნული ღვაწლი კი არ არის საკუთარი თავის გადასარჩენად, არამედ, ქრისტეს ჯვარცმასავით, არის სრულად ეკლესიის ღვაწლი - მონაწილეობა მსოფლიოს გადარჩენაში.
აღკვეცისას ადამიანი დებს აღთქმას, რომ არასდროს განეშორება მონასტერს. შესაძლოა, ეს ეხებოდეს ფიზიკურ განშორებასაც, მაგრამ ამაში დევს უფრო ღრმა აზრი. საუბარია იმაზე, რომ ადამიანს არ შეუძლია გახდეს მონაზონი, ვერ განმტკიცდება სულიერად, თუ არ ესმის, რომ მან ღმერთი აქ თუ ვერ იპოვა, სხვაგანაც ვერ იპოვის, რადგან ღმერთი აქ ან იქ კი არ არის, არამედ ყოველი ადამიანის სულის სიღრმეშია. ცოცხალ შეხვედრას ღმერთთან კი ადამიანი ლოცვით, ღვაწლით, მარხვით აღწევს. პირველი პირობა, რაც ბერმონაზვნის წინაშე დგება, არის სიმტკიცე.
მორჩილება მხოლოდ ის კი არ არის, რომ დავალება ისმინო და შეასრულო ჯერ ძალის დატანებით, მერე კი მსუბუქად, ბოლოს, სიხარულით, არამედ გულითა და გონებით, არსით ისმინო იმისა, ვინც გესაუბრება. საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ხმისა და ღვთის მოსმენა, რომლითაც გვესაუბრება სახარება და რომელიც ისმის ადამიანის სულის სიღრმეში მდუმარებისა და ლოცვისას. ბერმონაზვნური მორჩილება თავდაპირველად სკოლაა, მერე - აღმოჩენა ისეთი შინაგანი მდუმარებისა, რომელიც იძლევა საშუალებას, უსმინო და შეერწყა ცოცხალ ღმერთს...
დაბოლოს, ქალწულობა.
ქალწულობა - რთული სიტყვაა. ის მჭიდროდაა დაკავშირებული მორჩილებასთან. ქალწულობა - ადამიანის მდგომარეობაა, რომლითაც მიაღწია სულიერ სრულყოფილებას, მთლიანობას, ისეთ შინაგან სიბრძნეს, რომელიც არ აძლევს საშუალებას, გადაიხაროს ღვთისგან, სიწმინდისაგან, თავისი ადამიანური ღირსებისგან, ესე იგი, თავის თავზე ღვთის ხატების მსახურებისგან. ქალწულობა და მორჩილება ერთმანეთთან ახლოს მდგომი ცნებებია. მორჩილება ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი თანხმობაშია სინდისთან, ახლობლებთან, ბედთან და იმ საგნებთანაც, რომლებიც მის გარშემოა;
ქალწულობა ერთგულების ნათელი, ზუსტი გამოხატულებაა. ეს არის სულის, გონების და თვითონ ადამიანის სისრულე. სიძვა მაშინ კი არ იწყება, როცა ფიზიკურად ხდება, არამედ მაშინ, როცა სული თვალს მოაცილებს თავის სიყვარულს და მიაპყრობს გარშემო მყოფთ.
და როგორც კი მოვუხმობთ, მაშინვე დასახმარებლად ისწრაფვის. ვერ ასწრებ თქმას: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე!" და მაშინვე, როგორც ელვა, გონებას გინათებს და გულს ნათლით გივსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, გულს კი - სიყვარულისკენ.
ხშირად მთელი ღამე ტირილსა და ნაზ მოწოდებებში გადის, რომლებითაც ხოტბას ასხამ მას, პირველ რიგში კი - მის მიერ ტვირთულს.
მაშ ასე, თავი აიძულეთ, მდუმარება დაიცავით, ილოცეთ, დაემორჩილეთ, დამდაბლდით, რათა მოიპოვოთ ყოველგვარი სიკეთე. თქვენ გყავთ ღვთივკურთხეული დედა იღუმენია, ქრისტეს კეთილსურნელება. არ დაამწუხროთ ის, არ შეეპასუხოთ. მდუმარებასა და ლოცვაში იყავით და მასაც მიეცით მდუმარების საშუალება. რადგან როდესაც გარდაიცვლება, დაკარგავთ მას და დარჩებით, "ვითარცა ბუი ნატამალსა", მაშინ გაცხადდება მისი ღირსება, მაგრამ თქვენთვის უკვე გვიან იქნება... მიწად იქეცი, რომ გაგთელონ და მორჩილება გამოიჩინე შენი სულის ცხოვრებისათვის.
ქალწულებრივი ცხოვრება მენავეს ჰგავს, რომელიც განუწყვეტლივ ებრძვის ძლიერ ქარიშხალს, ნავსაყუდელს ვერ პოულობს და ტალღებისგან მუდმივად ირყევა. იმის გამო, რომ ქალწული საკუთარ თავში ხორციელი აზროვნების ალს ატარებს, დროებითი ზავიც კი დაუშვებელია. იარაღით ხელში გამუდმებული ბრძოლაა საჭირო.
მაშინ, როცა გათხოვილი ქალი ქარიშხლის ამოვარდნისთანავე ნავსადგურს ანუ ცოლქმრულ კავშირს მიაშურებს და საფრთხეს ამით აარიდებს თავს, ქალწული მოვალეა, არაფრად ჩააგდოს გრიგალი, ზღვაში გავიდეს, სულის ხომალდის საჭევარს მაგრად ჩაეჭიდოს და ხორცის გაშმაგებულ ტალღებს შეებრძოლოს. გამუდმებით უხმოს იესოს, სანამ უფალი საშველად არ მოვა და სიტყვებით: "დადუმდი, დაეყუდე!" ზღვას არ შერისხავს.
ოჰ, რარიგ ამაღლებულია სიწმინდე! როგორ ბრწყინავს მისი ნათელი სამოსელი და რა უდიდესი კადნიერება აქვს, რადგან ადამიანს არა მარტო ანგელოზებს ამსგავსებს, არამედ უფრო მაღლაც კი აჰყავს.
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, მაშინ როცა ქალწული ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება, არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი სიცოცხლე მუდმივად ებრძვის საშინელ დემონებს. დემონები საზარელ კბილებს აღრჭიალებენ, რომ იგი უფლისკენ მიმავალ გზას ააცდინონ, ანუ ქრისტეს წმინდა სასძლო ღვთის სიყვარულს განაშორონ და ვნებიანი ტკბობის წუმპის მთქვლეფავი ღორის მსგავს პირუტყვად აქციონ.
ქალიშვილები საყვარელ მშობლებს, და-ძმას და ნათესავებს ტოვებენ, მოკვდავ ქმარს ქორწინებით უკავშირდებიან და მის სისუსტეებს, ჭირვეულობას, ვნებებს, ხანდახან ცემასა და შეურაცხყოფასაც ითმენენ - თუკი ასეთი შეხვდათ - და არ შორდებიან მას ქორწინების საიდუმლოს, მატერიალური უზრუნველყოფის ან ხორციელი გულისთქმის დაკმაყოფილების გამო.
თქვენ უხრწნელი სიძის - ქრისტეს სასძლონი ხდებით, სულიერი ქორწილებით ქრისტესთან შეერთებისთვის მშობლებს და ამაო სოფლის ყოველგვარ სიკეთეს ტოვებთ. სიყვარულით მიჰყვებით იესოს, რომელმაც თქვენთვის ჯვარი და სიკვდილი დაითმინა და ენით აღუწერელი მზითევი, ცათა სასუფეველი გაჩუქათ, რომ ზეცაში იმპერატორებზე აღმატებული დიდება და მხიარულება მოიპოვოთ.
რამდენად უაღრესია ქალწულების მადლი და როგორ აღემატება ქრისტესთან სულიერი ქორწინების საიდუმლო ხორციელ ქორწინებას! და ეს იმიტომ, რომ სიძე ზეციური უბიწო, მარადიული ღმერთია!
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინებით გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლისგან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და ზრუნვის სიძნელეებს, მაშინ, ჰოი, რა სასჯელს დავიმსახურებთ ჩვენ, თუ მოთმინებას, თავის იძულებას, მორჩილებასა და ყველაფერს, რასაც იესოს ტკბილი უღელი მოითხოვს, გათხოვილ ქალზე მეტად არ გამოვიჩენთ!..
დავმდაბლდეთ და სიძეს - ქრისტეს შევღაღადოთ: "ჩემი გლახაკი სულის სიძეო, სულელი ქალწულების მსგავსად ნუ დაგვიხშავ შენი ზეციური სასძლოს კარს, არამედ ღირსგვყავ, რომ ჩვენს ლამპრებს ჭარბად ჰქონდეთ კეთილი საქმეების, სიყვარულის, სიმდაბლის, სინანულის ცრემლის, მორჩილების, მოთმინების, სიწმინდის, გულისხმისყოფისა და სხვა სათნოებების ზეთი, რომელიც შენს მოსვლამდე ჩაუქრობლად შეინახავს სინათლეს; რათა ზეციურ ქორწილში მთელი კრებულით შევიდეთ, შენი მადლის ბრწყინვალე და მოელვარე სამოსით შენთან ერთად მოზეიმენი და მოხარულნი უკუნითი უკუნისამდე, ამინ. იყავნ".
ქალწულება ანგელოზთასწორია. ის მიწიერ ადამიანს ქრისტესა და ღვთისმშობელს მიამსგავსებს, რადგან ორივენი ქალწულები იყვნენ. პირველქმნილი ადამიანებიც ცოდვით დაცემამდე ქალწულები იყვნენ. მცნების დარღვევის შემდეგ დაქორწინდნენ. მაშასადამე, პირველად ქალწულება იქნა დადგენილი, ხოლო ქორწინება ურჩობის შედეგია და ვისაც სურს სამოთხეში მყოფი პირველქმნილების სათნოებას მიაღწიოს, ქალწულებითა და სიწმინდით უნდა იცხოვროს.
ქალწულებსა და უბიწოებს ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვთ. ამიტომ, სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც რომ გახდეს საჭირო, ქალწულება თვალისჩინივით დაიცავით. მის შესანარჩუნებლად მუდმივად ამბობდეთ იესოს ლოცვას და მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს: გაუფრთხილდით თქვენს თვალებს... ეშმაკს, როგორც არაწმიდასა და ღვთისგან გაუცხოებულს, უსაზღვროდ სძულს ქალწულება, ამდენი უხამსი გულისსიტყვაც იმიტომ მოაქვს, რომ უბიწოების მშვენიერება შეაგინოს და მას ანგელოზებრივი ბრწყინვალება დააკარგვინოს.
ქალწულებრივი ცხოვრება ამაღებულია, რადგან ადამიანი თავს უყოყმანოდ და ერთიანად გადადებს, რათა სათნო ეყოს ღმერთს და დროთა განმავლობაში საღვთო ღვაწლით უფალს მიმსგავსებული, სულითა და ხორცით განიწმინდოს, ხელახლა იშვას, ქრისტეს ერთგული ახალი ადამიანი გახდეს, რომელსაც ქრისტესმიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი თვისებები ექნება, როგორც შვილებს აქვთ მშობლების ნაკვთები, რაც მათ კანონიერ შვილობაზე მიუთითებს.
უფალი ამბობს, რომ მრავალი ჭირით ვცხოვნდებით, საჭიროა ჩვენი სული მოთმინებაში განმტკიცდეს, და ვინც ბოლომდე დაითმენს, მარადიულ ცხოვრებას მოიპოვებს.