06.08.2009
"ბუნება თავისი ლანდშაფტებით, ხილული და უხილავი საგნებითა და მოვლენებით ის ჯადოსნური სარკეა, რომელშიც ღმერთის ხატებაა ასახული, მარად შეუცნობელი და მარად შესაცნობელი ხატება... ბუნება ღვთის საგალობელია" (შ. ნიშნიანიძე).
წლის დროთა პოეზია ბუნების ფერებისა და ფორმების უსასრულო მრავალფეროვნებითა და სისავსით გვანებივრებს. გაივლის ზაფხული და დადგება ჟამი შემოდგომისა, საოცარი დრო, როცა ბუნება ბობოქარი სიცოცხლის შემდეგ მოსვენებისთვის ემზადება. ეს ყველაფერი, უპირველესად, ბუნების გაფერადოვნებით გამოიხატება. იწყება ფოთოლცვენა. ამ დროს იღებენ ჭირნახულს, ივსება ბეღლები, იწურება ღვინო... ბუნების ეს შესანიშნავი იმპრესიონისტული ფერები დიდებულ განწყობილებას ქმნის. სწორედ მისი გამოძახილია: "ოქროს ფარვანებად დაფარფატებენ იფნის, ნეკერჩხლის, წიფლის, თელის ფოთლები. ტყეში გაჩენილ გუბურებში დაცურავენ ფოთოლთა ფერადი აფრები. გადახუნებულ ბალახზე ცვივა ჭრელ-ჭრელი ფურცლები. შემოდგომაზე შემორჩენილი ისედაც ღარიბი ყვავილები სულ უფრო უფერულდებიან ფოთოლცვენის ამ უსასრულო ფესტივალში. ობობა თავისი ქსელის აჟურულ წრეებში ახვევს ხეთა ტოტებს, მაგრამ მწერების ნაცვლად ახლა ნაცვენ ფოთლებს უფრო იჭერს. ფოთლები თითქოს უხილავ ძაფებზე გამოკიდებულან. მსუბუქი, ჰაეროვანია ობობას მიერ საგულდაგულოდ ნაქსოვი ეს მარაო" (არნოლდ გეგეჭკორი). ან კიდევ გოგლა ლეონიძის საოცარი სტრიქონი: "დაქარვებული ტყეები და ოქროვანი ბაღები..." გალაკტიონის: "შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე, დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი... როგორ ეკვრება ცას მუქი ჩრდილი, როგორ ირხევა გაძარცვული ტყე..."
თუკი ძალგიძს დაინახო ბუნების სილამაზე, ორი ბატონის მსახური ხდები - ბუნებისა და შემოქმედის თვალით დანახული, პოეტიზებული სამყაროსი. პავლე მოციქული ბრძანებს: "ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო".
ამ განწყობილების გამოძახილია: "ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავ შვენებას?" (გრიგოლ ორბელიანი).
ბუნების ფერისცვალებისა და ოთხი დროის საგანძურის ქებათა ქების აღვლენა, ბუნების ღვთაებრივად ლამაზი სამყაროს გახსნა და მასში ღვთიური ნების განჭვრეტა ალბათ მხოლოდ განგებისგან რჩეულთ ხელეწიფებათ. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი. მისი წერილი "ბაღი ზამთარში" ბუნებისმეტყველების საოცარი სინთეზია ღვთისმეტყველებასთან. აქ არის გახსნილი და წარმოდგენილი გარდამავალი პერიოდების მთელი ფილოსოფია და ღვთის საკრალური სიბრძნე. გთავაზობთ ამ წერილს:
"1829 წლის ზამთარს პლოსჩანის უდაბნოში ვატარებდი. დღესაც დგას იქ ერთი განმარტოებული ხის სენაკი, რომელშიც მე და ჩემი ამხანაგი ვცხოვრობდით. წყნარ ამინდში, მზიან და ნათელ დღეებში გამოვდიოდი ბანზე, ჩამოვჯდებოდი პატარა სკამზე და გავცქეროდი ვრცელ ბაღს. სიშიშვლე მისი თოვლის საბურველით იფარებოდა; გარშემო სიწყნარე იყო, რაღაც დიდებული, სრული სიმშვიდე. თანდათან მომწონდა ეს სანახაობა; ფიქრიანი მზერა უნებლიეთ გარბოდა და თითქოს რაღაც საიდუმლოს ამოკითხვას ლამობსო, ვერ სცილდებოდა მას.
ერთხელ ვიდექი და მივშტერებოდი ბაღს. უეცრად ჩემს სულიერ თვალებს ფარდა ჩამოსცილდა; მის წინ ბუნების წიგნი გადაიშალა. წიგნი, რომელიც პირველქმნილ ადამს მიეცა წასაკითხად, წიგნი, რომელიც, მსგავსად საღმრთო წერილისა, თავის თავში სულიწმინდის სიტყვას შეიცავს. რა სწავლება ამოვიკითხე ამ ბაღში? სწავლება მიცვალებულთა აღდგომაზე, სწავლება - ძლიერი, სწავლება - აღდგომის მსგავსი ქმედებით გამოხატული. ჩვენ რომ მიჩვეული არ ვიყოთ გაზაფხულზე ბუნების გამოცოცხლების ხილვას, შეუძლებლად და სრულ სასწაულად მოგვეჩვენებოდა იგი. არ გვიკვირს, რადგან მივეჩვიეთ; ვხედავთ წარსულს და თითქოს უკვე ვეღარც ვხედავთ მას! ვუყურებ ხეთა გაშიშვლებულ რტოებს და ისინი თავიანთი იდუმალი ენით დარწმუნებით მეუბნებიან: "ჩვენ გავცოცხლდებით, ფოთლებით დავიფარებით, კეთილსურნელებით ავივსებით, ყვავილებითა და უამრავი ნაყოფით შევიმოსებით; ნუთუ თავიანთ გაზაფხულზე არ გაცოცხლდებიან ადამიანთა უხორცო ძვლები?"
ისინი გაცოცხლდებიან, ხორცით შეიმკობიან; განახლებული სახით შევლენ ახალ ცხოვრებასა და ახალ ქვეყანაში. როგორც ხეებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ყინვის სუსხს და დაეშრიტათ სიცოცხლის წყარო, გაზაფხულის დადგომისას ჭრიან და დასაწვავად ბაღიდან გამოაქვთ, ასევე ცოდვილებს, რომლებმაც დაკარგეს მაცხოვარი - ღმერთი, შეკრებენ ამ საუკუნის უკანასკნელ დღეს, მომავალი მარადიული დღის გარიჟრაჟზე, და ჩაუქრობელ ცეცხლში ჩაყრიან.
თუკი მოიძებნებოდა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინებოდა ის ცვლილებები, რომლებიც წელიწადის დროთა მონაცვლეობით მიმდინარეობს, და თუ მოიყვანდით ამ უცნაურ ადამიანს ზამთრის ძილქუშში ჩაძირულ ბაღში, დაანახებდით გაშიშვლებულ ხეებს და უამბობდით იმ ბრწყინვალებაზე, რომლითაც ისინი გაზაფხულზე შეიმოსებიან, იგი პასუხის ნაცვლად შემოგხედავდათ და გაგიღიმებდათ - ისეთ აუხდენელ ზღაპრად მოეჩვენებოდა თქვენი სიტყვები! ასევე შეუძლებლად ეჩვენებათ მკვდართა აღდგომა ამქვეყნიური სიბრძნის სიბნელით მოტყუებულ ბრძენთ, რომელთაც ვერ შეიცნეს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რომ მისი მრავალსახოვანი სიბრძნე შეიძლება განვჭვრიტოთ, მაგრამ ქმნილებათა გონებისთვის იგი მიუწვდომელია. ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი, მისთვის სასწაულები არ არსებობს. უძლურია ადამიანის გონება; რის ნახვასაც არ ვართ ჩვეულნი, აუხდენელ საქმედ წარმოგვიდგენია. ღმერთის საქმეები კი, რომლებსაც მუდმივად და უკვე გულგრილად ვუყურებთ, საკვირველია, უდიდესი სასწაული და მიუწვდომელია.
და ყოველ წელიწადს მთელი კაცობრიობის თვალწინ ბუნება იმეორებს სწავლებას მკვდართა აღდგომის შესახებ, ფერისცვალებით, საიდუმლო ქმედებით გვიხატავს მას".