ჩვენი ცხოვრება უფლის წინაშე გადაშლილი წიგნია, კალამი კი, რომლითაც ამ წიგნს ვწერთ, ჩვენი თავისუფალი ნებაა
09.07.2009
რა არის ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება, რეალური ყოფა, დღეთა დინება, თუ არა მთის სწრაფი ნაკადი წყლისა - ჩანჩქერი, რომელიც მრავალ ქვასა და ლოდს აწყდება და ბოლოს თვალუწვდენელი სიმაღლიდან ნიაღვარივით ეშვება დიდ ხრამში?
მის ნაკადს მიყოლებულს, მისგან წაღებულს ან ქვები ამსხვრევს, ან ძირს დანარცხებულს წყლის ძალა შლის და არღვევს. სიცოცხლის სწრაფი ნაკადიც ასე მიექანება სიკვდილის უფსკრულისკენ. მასში შენიღბულ განსაცდელებში ცხოვრების ხიბლით დაფარულ მრავალ ლოდს ვეჯახებით, რაც მასზე მინდობითა და მისით ტკბობის შედეგად მოიწევა ჩვენზე. ხშირად ეს საშინელი, დაუნდობელი, მძლავრი ნიაღვარი ბოროტებისა ჩვენი სულის დაფარულ სიღრმეებში ბორგავს, სულის სივრცეებს აწყდება და ამღვრევს, აფორიაქებს მის ბუნებას, თვისებებს, მდგომარეობას. მოუსვენრობა, ქაოსი, არეულობა ისადგურებს სულში. ეს არაბუნებითი, გარედან შემოსული, შემაძრწუნებელი და ამაზრზენი მდგომარეობაა ჩვენთვის, რასაც შიში და მას მოყოლილი საშინელი შეგრძნება, ზრახვა ახლავს. ყოველივე ეს კი უიმედობასა და ურწმუნოებას თესავს სულის ნიადაგზე, რაც თავისთავად ჩამოშორებაა საუფლო ნათლისა, მადლისა და სიცოცხლის ნათებისა ჩვენში.
რაც უფრო მეტად ვუგდებთ ყურს ამგვარ მდგომარეობას, მით მეტად გვიპყრობს შიში და მძაფრდება მისი მომაკვდინებელი ზემოქმედება, უფლის ხსოვნა ჩრდილში ექცევა და მის ადგილს სასოწარკვეთის სიბნელე იკავებს. სულის მტერი - ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს, შიშს შიში დაურთოს, უიმედობას - უიმედობა, ჩვენივე სისუსტისა და უმწეობის გამო გამოგვაცალოს, მოგვტაცოს ძალა, შემართება უფლის ხმობისა, მასზე მინდობისა, იმედისა, მისი გახსენებისა, რადგან სადაც ხსენება, იმედი და სასოებაა ღვთისა, იქაა გოდება და ვაება ეშმაკისა. უფლის მცირედი რწმენაც სინათლის ალივით ანათებს მასზე გაცილებით დიდ ჩაბნელებულ ოთახს. თქვენი სუსტი რწმენაც გაცილებით ძლიერი და აღმატებულია აურაცხელი ცოდვით ჩამომდგარ ღამის წყვდიადთან შედარებით და საკმარისია მის განსაქარვებლად. უფლის ხსოვნა, მისი სახელის რწმენით მოხმობა მყისვე შეარყევს, განაგდებს და უჩინოყოფს სიცრუით ნაკვებ ძალას ბოროტისას. ღმერთი მშობელია იმედისა და სასოებისა, სასოება კი დასაბამია სიყვარულისა, რაც სიცოცხლეში, უკვდავებაში გადაიზრდება და სრულიქმნება, ხოლო სრულყოფილებისკენ სწრაფვა მიახლოებაა ღვთისა, რაც მოუკლებელი, დაუსრულებელი სიხარულის საწინდარია.
ჭეშმარიტი, უკვდავი ბედნიერება, სიხარული მხოლოდ ჩვენში არსებული სულის განწმენდით, ცოდვათაგან განშორებით, ყოველწუთიერი მოფრთხილებითაა შესაძლებელი. დაახლოება ღმერთთან მის შესაფერ ცხოვრებას გულისხმობს, რადგან იგია თვალი, სარკე და მეტყველება ქრისტიანისა. ჩვენი ცხოვრება უფლის წინაშე გადაშლილი წიგნია, რომელშიც სიცოცხლის ასოებით იწერება ჩვენი განვლილი გზა, უკან მოტოვებული სიცოცხლის წუთები. კალამი კი, რომლითაც ამ წიგნს ვწერთ, ჩვენი თავისუფალი ნებაა - მისით თავად ვარჩევთ, რა ჩავწეროთ მასში, როგორი იქნება მისი შინაარსი და როგორ დასრულდება. ესათნოება კი ეს წიგნი მის ზეციურ მკითხველს, შეიწყნარებს და მიიღებს, როგორც მისთვის აღვლენილ ძღვენსა და საჩუქარს? ეს იმაზეა დამოკიდებული, ვისთვის ვწერთ ამ ცოცხალ, სულიერ ნაშრომს - ღვთისთვის თუ ბოროტისთვის.
არა სიდიდითა და მოცულობით, არც გარეგნული გაფორმებითა და ლამაზი მოხატულობით შეიწირება ეს წიგნი, არამედ თავისი არსითა და დამწერის ერთგულებით, რომელიც გულისა და გონების წრფელ საძირკველზეა დაფუძნებული. როგორც წერაა შეუძლებელი ქმედების გარეშე, ვერც ამ უკვდავი "თხზულების" ასოები ამოიტვიფრება თვინიერ ცხოვრებისეული ღვაწლისა, შრომისა და თავდადებისა.
ჩვენ ყველანი აღვწერთ ჩვენს ცხოვრებას ჩვენივე კალმით. თითოეულის ხელი, ასოთმოხაზულობა გამჭვირვალე და ცნობილია უფლისთვის; რაც უნდა დახურული და იდუმალი ჩანდეს იგი გარეშე თვალისთვის, ღმერთსა და ანგელოზებთან წარდგომისას გაცხადდება და ხმამაღლა იქნება ამოკითხული კაცობრიობის წინაშე. აქ, მიწაზე, ჟამი არს წერისა, შეცდომების დანახვისა და მათი გამოსწრებისა, ხოლო როცა ზეცად წარვდგებით, მოსმენის გარდა აღარაფერი შეგვეძლება.
თითოეულს მოგვეცა ნიმუში, წყარო, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რასაც უნდა შევადაროთ ჩვენი ნაშრომი - ეს ზეციური ავტორის სიყვარულით დაწერილი წმინდა წერილია. მასში გამუდმებით უნდა ვიხედებოდეთ, რათა არ გადავუხვიოთ მის მაცხოვნებელ შინაარსს, განმაღმრთობელ სწავლებას, რამდენადაც ძალგვიძს, ავსახოთ იგი ჩვენი სიცოცხლის არცთუ ისე მრავალ ფურცელზე, რათა ამით იდიდოს კაცთა მოდგმის მწყალობელი ერთარსება სამება - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!