კეთილი ადამიანი ყველას კეთილად თვლის, ხოლო ვისი გულიც ვნებებითაა შერყვნილი, მას წმინდანად არავინ მიაჩნია
14.05.2009
გონიერების ნაკლოვანება და ადამიანური ბუნების არცოდნა, სიყვარულის სიმწირე და ცნობიერების სიღატაკე, უსამართლობის თვალები და სამართლიანობის სიბრმავე
, ამპარტავნების შვილი და ქედმაღლობის მანუგეშებელი, შურის საზრდო და ღვარძლის ცომისთვის დაყრილი საფუარი, ცოდვით დაფარვა საკუთარი სიბილწისა და დანაშაულში ძიება განმართლებისა, ღვთისა და მოყვასისგან სიშორე და თანაზიარობა ეშმაკისა, ცილისწამების მეგობარი და საწინდარი მოყვასის მკვლელობისა, მადლისა და სათნოებისთვის აღმართული მყარი კედელი, უკუმგდებელი მათი სიწმინდისა, ღია კარი ვნებისა, მანკიერებისა და ყოველი არაწმიდებისა - განკითხვაა.
განკითხვა ენაა ამპარტავნებისა, საკუთარ სულში დაფარული პატივმოყვარეობისა, მედიდურობის მომაკვდინებელი გესლისა. განკითხვა წარმოჩენაა საკუთარი თავისა. რის დაფარვასაც ვცდილობთ, მას ბოროტი მეტყველებით ნათელს ვხდით. ამ ვნებისთვის სრულიად უცხოა სინანული, ცოდვათა განცდა. სხვაზე ჩასაფრებული, სხვისი ცოდვის შემყურე თვალი როგორღა შეძლებს დაინახოს, შეიგრძნოს და გააცნობიეროს თავისი დაცემულობა? განკითხვა სხვისთვის დამიზნებული, მაგრამ საკუთარი სულის მოსაკლავად შემართული იარაღია. უგუნურებაა, როდესაც ადამიანი საკუთარი მიცვალებულის დატირებას თავს დაანებებს და სხვისის დასატირებლად წავა. ასევე უგუნურია ის სული, რომელიც საკუთარ ვნებებს არ ჭირისუფლობს. ეს საშინელი ვნება ებრძვის არა ცოდვას, არამედ მცოდველს, ერჩის ხატებას ღვთისას და არა ამ ხატების მტერს - ეშმაკს. სიცოცხლის ლუკმას ართმევს სულს და გამუდმებით ანაყრებს უხილავ მტერს, შეუბრალებელი და უსამართლოა მოყვასის მიმართ, რითაც დაუნდობელსა და უმოწყალოს ხდის ღვთის სამართლიან სამსჯავროს მისთვის.
განკითხვის ვნებით შეპყრობილი სული საკუთარ თავს არ იცნობს, რადგან ვინც თავის ცოდვებს ხედავს, ყოველწუთიერად ებრძვის მათ უდიდესი შემართებითა და მონდომებით, მოყვასის მიმართ კი მოწყალე, შემნდობი და სულგრძელია. განმკითხველი ყოველთვის სხვაში ეძებს ცოდვასა და მისით გამოწვეულ სნეულებას, ხოლო როდესაც ჯერი სათნოებებზე მიდგება, მყისვე საკუთარ თავში დაუწყებს ძიებას და კვლავ მოყვასის დამცირებისა და დაკნინების ხარჯზე აღმოაჩენს მათ. სათნოებებშიც განკითხვით ცდილობს განმდიდრებას და მისით სურს ჩამოირეცხოს ვნებისა და სიბინძურის ბიწიერება. მეტად მძიმეა ხვედრი ამგვარი სულისა, რადგან შეუმჩნეველი, ამოუცნობი, მომაკვდინებელი სნეულების მსგავსად განუკურნებლად იზრდება მასში ნაყოფი ბოროტებისა, სიცივისა, უგრძნობლობისა. მისთვის ძალზე ძნელია აღიაროს და ებრძოლოს ამ დაავადებას, რადგან რთულია საკუთარ სულში ჩახედვა, მისი გამოკვლევა და შესწავლა. პირიქით, ნიშნისმომგები მზერით დაჰყურებს მოყვასის ცოდვებს და რაც უფრო მეტ უზნეობასა და უსამართლობას აღმოაჩენს მასში, მით მეტად ინუგეშებს და იმხნევებს თავს, რადგან მასზე ცოდვილებიც არსებობენ თურმე, ვერ მიმხვდარი იმისა, რომ რაჟამს ეს გაიფიქრა, ყველას გადააჭარბა ცოდვით. როცა ამაღლდა, გაკადნიერდა, ზევიდან შეხედა თუნდაც ყველაზე დაცემულსა და ვნებულს, მყისვე მის ქვეშ მოექცა, მას გადააჭარბა.
სჯობს ცოდვილი იყო, ვიდრე - განმკითხველი ცოდვისა, რადგან პირველი ადამიანის ბუნებაა, მეორე კი - ეშმაკისა.
განკითხვა საკუთარი დაცემულობისა და ვნებულების სხვაში ხედვაა. ასეთი გამოთქმაც არსებობს: "გინდა გაიგო, როგორი ადამიანია მავანი? აცადე, სხვაზე ილაპარაკოს". ამ ვნებით ხომ ჩვენივე თავს წარმოვაჩენთ, ვახასიათებთ: თუ საერთოდ ვერ ვხედავთ ცოდვას, მაშინ მას ვერც სხვაში უნდა ვამჩნევდეთ, მაგრამ თუ მას მხოლოდ მოყვასში ვხედავთ, მაშინ თვალხილულ სიბრმავეს მოუცვია ჩვენი სული. "თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან" (წმინდა იოანე სინელი).
გულის განწმენდა სხვისი ცოდვების არდანახვით, არგანკითხვით იწყება. როდესაც ეს საშინელი ვნება მოაკითხავს ჩვენს სულს და ბოროტი მსჯელობისთვის მოყვასისკენ გვიბიძგებს, მივუგოთ: რაში და რატომ განვიკითხო იგი, განა ჩვენ ერთი ბუნება არ გვაქვს? განა ყველანი დაცემული ადამის შვილები არ ვართ? ჩვენ ხომ თითოეული დავეცით მასში. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ იგი თავისუფალია თითოეული იმ ცოდვისგან, რომელშიც ჩვენი წინაპარი დაეცა? შეძლებს კი ვინმე, გაკადნიერდეს და განაყენოს თავი ამ ცოდვისგან? მაშ, ის ადამიანი არ ყოფილა და არც ქრისტე განკაცებულა, ჯვარცმულა და აღმდგარა მისთვის. თუ დღეს მეტნი ვართ, ვიდრე ვიყავით უწინ, ისევ და ისევ ღმერთკაცით, მაცხოვრით, ქრისტეთი. მხოლოდ მისით ვართ გადარჩენილნი, გამოხსნილნი, თითოეულ ჩვენგანს სუნთქვასავით ესაჭიროება მისი მადლი და წყალობა. მაშ, ვინღა განვიკითხო, როცა მე ადამში ვარ და ადამი - ჩემში, ჩვენ ყველანი კი ქრისტეში?
სუფთა სული ადვილად არ იჯერებს უსამართლო საქმეების შესაძლებლობას; კეთილი ადამიანი ყველას კეთილად თვლის, ხოლო ვისი გულიც ვნებებითაა შერყვნილი, მას წმინდანად არავინ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველა მისი მსგავსია.
დიდი და სამართლიანია, ვინც მცნებად მოგვცა: ნუ განიკითხავ და არ განიკითხები, ნუ განსჯი და არ განისჯები, მიუტევე და მოგეტევებაო. ამ სიტყვებშია არსი და სიცოცხლე ადამიანური ყოფისა, მასშია დაფარული სიბრძნე ქრისტიანობისა, რადგან თავად მაცხოვრის მიერაა აღსრულებული, დამოწმებული და ხორცშესხმული. განკითხვის ღირსნი ვიყავით და არ განგვიკითხა, განსჯას ვექვემდებარებოდით და არ განგვსაჯა, მსჯავრის ქვეშ ვიმყოფებოდით და საკუთარი თავი დასაჯა. არათუ ყოველივე ამას განგვარიდა, არამედ თავისი წმინდა სისხლისა და ხორცის ფასად მოგვანიჭა სიცოცხლე და უკვდავება, რადგან უკვდავი და მარადიულია თავად მფლობელი და მბოძებელი წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლითაც და რომლის მიერ იკურთხება და დასაბამს იღებს ყოველი ქმნილი და რომელსაც შვენის ჩვენი ყოველი დიდება და პატივისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!