შეცდომაა იმიტომ, რომ სიკვდილი განადგურებას არ ნიშნავს, ამ დროს მხოლოდ სული განეშორება სხეულს. სული კი უკვდავია. "არა არს ღმერთი მკვდართაი, არამედ ცხოველთაი, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე", - ბრძანებს წმინდა მოციქული ლუკა თავის სახარებაში. ახალი აღთქმის წმინდა წერილში სიკვდილს "განსვლა, სხეულის დატოვება, მიქცევა" ეწოდება. უკვდავი სული, რომელიც უფალმა შთაგვბერა, ღმერთთან ბრუნდება.
სიკვდილის შემდგომ ადამიანი გაივლის სამსჯავროს, რომელსაც, უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეში იწყებს სვლას, სადაც ბოროტი ძალები სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ, ამიტომაც განსაკუთრებით საჭიროა ზეციურ ძალთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა ლოცვითი შემწეობა.
სული გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს წარდგება უფლის წინაშე და განიკითხება. პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის: "გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას, მაგრამ არც სრულ ნეტარებას განიცდიან, არც სრულად იტანჯებიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი ღვთისთვის სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა".
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "ვერც ერთი აზრი და სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს კაცის გონებას, როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნებელი წამისა, როდესაც იგი საშინელ სამსჯავროზე ღმრთის პირისაგან მისი საბოლოო განაჩენის შესახებ მოისმენს".
ამქვეყნად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადვილად ვცოდავთ - რადგან სხვები ვერ გვხედავენ, არ გვრცხვენია ჩვენი ნამოქმედარის. თანაც იმედი გვაქვს, მოვინანიებთ და კაცთმოყვარე უფალიც წყალობას არ დააყოვნებს და შეგვინდობს. ცოდვას სიბნელე და დუმილი უყვარს. დარწმუნებულები რომ ვიყოთ, ჩვენი ცოდვის შესახებ მაშინვე ყველა შეიტყობდა, ალბათ, ნაკლებად ჩავიდენდით ბოროტებას, რადგან ყველანი თავმომწონენი ვართ და არ ვისურვებდით, ჩვენზე ცუდი ეთქვათ ან თუნდაც ეფიქრათ. მაგრამ თუ მუდამ გვემახსოვრება საშინელი სამსჯავრო, სადაც ყოველი ჩვენი ნამოქმედარი, ფიქრი თუ სიტყვა გაცხადდება, უფრო მეტად შევიკავებთ თავს ცოდვებისგან. ნებსით მაინც გაცილებით ნაკლებად შევცოდავთ. ახლაც როგორ ვიტანჯებით, როცა ჩვენი ცოდვა გამოაშკარავდება, გვრცხვენია, აღარ ვიცით, სად წავიდეთ, გვინდა, ყველას მოვშორდეთ, რადგან სინდისი არ გვასვენებს, ჩვენი სიამაყე და თავმომწონეობა გათელილია... წამოვიდგინოთ, რა დაგვემართება, როცა ჩვენ შესახებ ყველა, ნაცნობიცა და უცხოც, ყველაფერს შეიტყობს, ყველა ჩვენი საიდუმლო გამჟღავნდება. მაშინ საშინელი სირცხვილი დაგვწვავს, რომელსაც ვერსად დავემალებით.
"ჰოი, კაცო, - გვაფრთხილებს წმინდა იოანე ოქროპირი, - მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი და ის საშინელი დღე, როცა აღეგზნება და დაიწვება სამყარო, დადნება და დაიშლება ქვეყანა, განადგურდება მისი საქმენი, ვარსკვლავნი ფოთლებივით ჩამოცვივდებიან, მზე და მთვარე დაბნელდება... როდესაც ძე ღვთისა ზეციდან ქვეყნად გარდამომავალი გამოჩნდება, ცათა ძალნი ძრწოლას დაიწყებენ მის წინაშე, ხმა საყვირისა დაწვავს ყოველს და დაინთქმება უკეთურება, იქნებიან სასტიკნი ქარნი, საშინელი მიწისძვრანი, საზარელნი ქუხილნი, შემაძრწუნებელი მეხისტეხანი, რომლის მსგავსი არც არასოდეს ყოფილა და არც როდისმე მოიწევა, ვიდრე ამის დრო არ დადგება, ძალნი ცათანიც კი შიშით შეძრწუნდებიან იმ საშინელი ზარისგან, იმ დღეს რომ იქნება".
არქიმანდრიტი რაფაელი კი განგვიმარტავს, თუ რატომ ეწოდება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ გამართულ განკითხვის დღეს საშინელი სამსჯავრო. ეს იქნება საყოველთაო განკითხვა, როცა მთელი კაცობრიობა წარდგება უფლის წინაშე. ისევე როგორც ვერავინ გაექცევა სიკვდილს, ვერავინ შეძლებს, თავი დააღწიოს საშინელ სამსჯავროსაც. მკვდრეთით აღდგებიან მართალნიც და ცოდვილნიც. მაშინ სხეული მიემსგავსება სულს. მაგრამ ის აღარ იქნება ნივთიერი, შედგენილი მიწისა და წყლისგან, არამედ სულიერი, უხრწნელი და უკვდავი. რამეთუ სხეულმა სულთან ერთად უნდა მიიღოს სამუდამო განაჩენი - ნეტარება ან ტანჯვა, მათ ხომ ერთად შესცოდეს უფლის წინაშე ამქვეყნიური არსებობის ჟამს.
ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი სხეული უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას. წმინდა ეფრემ ასური გვაუწყებს საიდუმლოს: ყოველი ჩვენგანი 33 წლის ასაკში აღდგება. რას ნიშნავს ეს? ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში განვითარების განსაზღვრულ ციკლს გადის. ღრმა მოხუცები და ჩვილები აღდგებიან არა მიწიერ ასაკში, რომელშიც აღესრულნენ, არამედ სრულყოფილ ასაკში. ამასთანავე, ახლობლები და ნათესავები ერთმანეთს შეიცნობენ.
დაგვებადება კითხვა: თუკი ვნახავთ, როგორ იტანჯებიან ჩვენი ახლობლები, ნათესავები, ისინი, ვინც გვიყვარდა ამქყვეყნიურ ცხოვრებაში, ცხოვნებულნი როგორღა ვიქნებით ბედნიერნი? "ეს რთული კითხვაა, - გვპასუხობს წმინდა ეფრემ ასური, - ჩვენ ადამიანი რაიმე სათნოების გამო გვიყვარს. აღმდგარი ცოდვილნი კი ცოდვისა და ბოროტების განსახიერებანი იქნებიან, მსგავსნი დემონებისა, ამიტომ ვერ შევძლებთ მათ სიყვარულს, როგორც ახლა ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, გარწმუნებთ, მის სიყვარულს ვერ შეძლებთ. მეტიც, უკან დაიხევთ შეძრწუნებულნი. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისთვის განწირულნი - აღსავსენი არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული ღვთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით იქნება ანთებული.
უფლის მიერ საბოლოო განაჩენის მოსმენის შემდეგ - "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა!" - ცოდვილთ ენით აღუწერელი ძრწოლა შეიპყრობთ, აღიარებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, მაგრამ სინანული აღარ ექნებათ, რადგან ცოდვათა განცდისა და სინანულისთვის, რომელიც კარიბჭეა ცხონებისა, ამქვეყნიური ცხოვრება მოგვეცა. მაშინ იტყვიან, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, - უფლის სასჯელი სამართლიანია, რამეთუ გვეუწყა, რომ წუთიერი სიტკბოება საუკუნო სიმწარედ გვექცეოდა და არ ვინებეთ ბოროტ საქმეთაგან განშორება. მაგრამ იმ დროს არავითარი სარგებელი აღარ ექნება მათ ღაღადისს".
ღვთის წინაშე განმართლებულნი კი, რომელნიც იცავდნენ უფლის მცნებებს, სიკეთითა და სათნოებით ცხოვრობდნენ, უსაზღვრო ნეტარებითა და სიხარულით აღივსებიან, მაცხოვრის სანატრელ სიტყვებს რომ მოისმენენ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განზადებული თქვენთვის სოფლის დაბადებითგან წინათ". და ღვთიური ნათლით შემოსილნი დაიმკვიდრებენ სამუდამო განსასვენებელს მამის წიაღში - დაბრუნდებიან დაკარგულ სამოთხეში.
დასასრულ, კვლავ წმინდა იოანე ოქროპირის სწავლება გავიხსენოთ, რომელიც გვამცნებს, რომ ადამიანი მხოლოდ სამოთხეში, მარადიულ ცხოვრებაში შეიმეცნებს ამქვეყნიური ტანჯვის საიდუმლოს, რომ მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი ღვთის უდიდესი წყალობაა, რამეთუ ადამიანი სვამს იმავე ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამიტომაც მარადიულ ცხოვრებაში მადლობელნი ვიქნებით ჩვენი მტრებისა, მადლობელნი ვიქნებით მაწყევართა, მათი, ვინც უსამართლოდ მოგვექცა, ისინი ხომ უნებლიეთ ხელს უწყობდნენ ჩვენს გადარჩენას. ამქვეყნად ჩვენთვის მრავალი რამ გაუგებარია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ აქ მხოლოდ პირველ გვერდს ვხედავთ წიგნისას, რომელიც გაცხადდება მარადისობაში და მაშინ შევიგრძნობთ მთელ სიღრმეს ღვთიური სიბრძნისას, მთელ ძალას ღვთის სიყვარულისას.
ერთხელ ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეოფილე ნიტრიის მთას ეწვია და ყველაზე გამოცდილ ბერს ჰკითხა: საუკეთესო რა პოვე სულიერ ცხოვრებაშიო. მან უპასუხა: ყველაფერში თავს ვიდანაშაულებდიო. ეპისკოპოსმა მიუგო: "ეს არა მარტო საუკეთესო, არამედ ერთადერთი გზაა გადარჩენისა".
უფალმა მოგვცეს მადლი, ყურადვიღოთ წმინდა ბერის ნათქვამი და შევძლოთ, ღვთივსათნოდ ცხოვრება, რათა განვმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე.