წმიდა - იგი დაარსებულია თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ და ის მყოფობს მასში, მარადის მოქმედებს სულიწმინდა და იძლევა ნიჭებს, განწმენდს მის წევრებს და შეაერთებს ღმერთთან. როგორც სულიწმინდის მადლის მფლობელი, ეკლესია უცთომელია.
კათოლიკე - იგი საყოველთაოა, ყოველი ერისთვის იქადაგება გამოხსნის საიდუმლო. იგი არაა შემოფარგლული დროითა და ადგილით, იარსებებს საუკუნეთა აღსასრულამდე.
სამოციქულო - ქრისტემ თავის მოციქულებს მისცა ძალაუფლება, რომლითაც მათ დააფუძნეს ეკლესია. მოციქულთა ხელისუფლება გადაეცათ ეპისკოპოსებს. ამით შენარჩუნებულია ერთიანობა ეკლესიისა. ერთია ქრისტე - ერთია ეკლესია, ერთია მადლი, რომელიც მრავალ ეკლესიაში მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ეს ეკლესიები ადგილობრივ ეკლესიებს განეკუთვნებიან, განირჩევიან ეროვნული ნიშნებითაც და ტრადიციული თავისებურებებითაც. იგი არსებობდა პირველივე საუკუნეებიდან და იარსებებს მომავალშიც.
მაგრამ დანიშნულებით, მიზნითა და სულიერი საზრდოთი ყველა ერთიანია, ქმნის ამქვეყნიურ ეკლესიას, როგორც სულიერ მეუფებას. ეკლესიას არ შეიძლება ჰყავდეს ამქვეყნიური, მიწიერი წინამძღოლი, რომელშიც თავს მოიყრიდა მთელი საეკლესიო ხელისუფლება - ის ნაწილდება ყველა ეკლესიაზე.
რწმენის ერთიანობა, ერთი საიდუმლოება, იერარქიის ცნობა, ურთიერთის მიერ აღსრულებულ საიდუმლოებათა აღიარება, სულიერი ერთობა და ურთიერთპატივისცემითი დამოკიდებულება, კანონებისა და საეკლესიო პრაქტიკის პატივისცემა წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის ერთიანობას.
ყველაზე დიდი ავტორიტეტი ეკლესიოლოგიურ სწავლებაში - კვიპრიანე კართაგენელი განმარტავს: კათოლიკე ეკლესია ერთია, განუყოფელი და დაუნაწევრებელი, შეერთებული იერარქთა კავშირით. იგი ეკლესიას უფლის კვართს ადარებს. "ერთიანობის ეს სიწმინდე, ეს საკვრელი განუყოფლად შეკავშირებული თანხმობისა სახარებაში ცხადდება იმით, რომ კვართი უფლისა, იესო ქრისტესი არანაირად არ ნაწილდება, არც იხევა, არამედ ქრისტეს სამოსზე წილისყრის ჟამს (კვართი) მიიღება როგორც მთლიანი სამოსი და მფლობელობაში გადაეცემა დაუზიანებელი და დაუნაწილებელი - კვართი მატარებელი იყო იმ ერთიანობისა, რაც მოდის ზეციდან ანუ ციდან და მამისგან და რაც არასგზით არ შეიძლებოდა დარღვეულიყო მიმღებლისა და მფლობელის მიერ, არამედ იგი განუყოფლად იცავდა ერთობლივად მთლიან და მკვრივ სიმტკიცეს. ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს მას, ვინც არღვევს და ყოფს ქრისტეს ეკლესიას".
ეკლესიის დამფუძნებელმა იესო ქრისტემ მოციქულებს მიანიჭა ერთნაირი, თანაბარი ძალაუფლება, ხოლო თავის თავს, როგორც აღმატებულს, უწოდა "მწყემსი კეთილი". ამიტომ მოციქულთა შორის (ქრისტეს აღთქმის მიხედვით: მარკ. 10,42-44) ძალაუფლებაში პირველობა არ იყო. ასევე არ არის და არც შეიძლება იყოს ეპისკოპოსთა შორის. რომელ კათედრაზეც არ უნდა იყვნენ დადგენილნი, ისინი თანაბარნი არიან ღირსებითა და საკრამენტალური უფლებით.
ეკლესია, რომელიც ქრისტეს სხეულია, ხოლო თავი - თავად ქრისტე, შედგება წევრებისაგან - ძმებისგან, რომელთაც თანაბრად ეძლევათ საშუალება, დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი. პეტრე მოციქულის თქმით: "თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმობთ" (I პეტრე 2,9). ეკლესიის წევრები ერთიანდებიან არა ეროვნების, ენის ან წოდების ქვეშ, არამედ ერთი რწმენისა და ერთი სულიერი სიცოცხლის ქვეშ.
ეკლესიის მადლმოსილ ცოცხალ ორგანიზმში გაწევრება იწყება ნათლისღებით. ადამიანი შობით იწყებს მოქალაქეობას, "მეორედ შობით" - სულიერ, საეკლესიო ცხოვრებას. ისევე, როგორც ერთხელ იშვება კაცი, ერთხელვე ინათლება (ეფეს. 4,5).
მართლმადიდებლური წესით აღსრულებული ნათლობის საიდუმლო არ შეიძლება განმეორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მღვდელი დაისჯება. მეორედ ნათლობა დაუშვებელია (მოც. 47-ე კანონი).
ნათლისღება არ მეორდება მათზეც, ვინც განეშორა ეკლესიას და გარკვეული დროის შემდეგ ნანობს ჩადენილ საქციელს. იგი პირდაპირ (აღსარების წარმოთქმით და მღვდლის მიერ შენდობის ლოცვების წაკითხვით) უერთდება ეკლესიას, რამეთუ ნათლობის საიდუმლო არ განქარდება, არ წარიხოცება.
თუკი ადამიანს არ ახსოვს, იყო თუ არა მონათლული ბავშვობაში (და არ ჰყავს ნათესაობა მოწმის სახით), მაშინ განმეორებითი ნათლისღების თავიდან ასაცილებლად საიდუმლოს ლოცვისას ემატება სიტყვები "უკუეთუ არა არს ნათელღებულ" (ტრულის კრების 84-ე კანონი).
ნათლისღება უნდა აღსრულდეს ტაძარში (ლაოდიკიის 48-ე, ტრულის კრების 59-ე კანონი). გამონაკლისი დაშვებულია აუცილებელი შემთხვევისას და ეპისკოპოსის ნებართვით (ტრულის კრების 31-ე კანონი). თანხმობა იმ შემთხვევაში არ არის საჭირო, თუ მოსანათლს ემუქრება სიკვდილი.
მართლმადიდებელ ოჯახში ბავშვები ინათლებიან ადრეულ ასაკში, დიდებმა კი სათანადოდ უნდა გაიარონ კათაკმეველთათვის ეკლესიის მიერ დადგენილი პერიოდი.
ნათლისღებისას მოსანათლს თან ახლავს ნათლიები (მიმრქმელები), რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ნათლულის სულიერ აღზრდაზე. თუ მოსანათლი ბავშვია, ავადმყოფი ან მეტყველებას მოკლებული, მაშინ ნათლია ვალდებულია, მის მაგივრად წარმოთქვას სიმბოლო სარწმუნოებისა და სათანადო პასუხები (კართაგენის 54-ე წესი).
ნათლისღება აღესრულება ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერ (მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონები). ფორმულა ნათლობისა მოცემული გვაქვს წმინდა წერილში: "წარვედით და მოიმოწაფენით და ნათელს სცემდით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა", მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, როცა საკითხი ეხება ადამიანის ხსნის აუცილებელ მდგომარეობას, მომაკვდავის მონათვლა შეუძლია ყველა ქრისტიანს, განურჩევლად სქესისა (ერისკაცთაგან მონათვლა დაშვებულია უკიდურეს შემთხვევაში, თუ მღვდელი არ არის ახლოს და პიროვნება სულთმობრძავია (ფოტი პატრიარქის წერილი კალაბრიის ეპისკოპოს ლიკონს)), შემდეგი წესის გათვალისწინებით: მომაკვდავს უნდა სურდეს ნათლისღება. ნათლობის ფორმულა აღესრულება შემდეგი თანმიმდევრობით: ნათელს იღებს მონა ღვთისა ან მხევალი ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (შთაფლვა წყალში ან დასხმა წყლისა) და ძისათა (კვლავ შთაფლვა ან სხურება) და სულისა წმიდისათა (კვლავ შთაფლვა ან სხურება).
მართლმადიდებელი ეკლესია გმობს კათოლიკეთა პრაქტიკას: მოუნათლავის მიერ ნათლობის "აღსრულებას" და თვითნათლისღებას. დაუშვებელია არაქრისტიანისგან ნათლობა.
თუკი მომაკდავი გადარჩება, გამოჯანმრთელდება, მაშინ მღვდელმა უნდა შეავსოს საიდუმლო ლოცვები მღვდელმოქმედებით, ყოველივე, ფორმულის გარდა. მირონცხება აღესრულება ნათლობის შემდეგ. მღვდლის დაუდევრობით მოუნათლავის გარდაცვალება საშინელი ცოდვაა მღვდლისთვის.
თუკი ადამიანი გარდაიცვლება მოუნათლავი მღვდლის უყურადღებობის გამო, იგი ექვემდებარება სასჯელს (იხ. ნომოკანონი გვ. 68).
მონათვლამდე მოსანათლი კათაკმეველია, ღვთისმსახურებას ესწრება, ოღონდ ლიტურგიაზე კათაკმეველთა კვერექსის შემდეგ ტოვებს ტაძარს.
კათაკმევლობის ინსტიტუტი უძველესი სამოციქულო ტრადიციაა ეკლესიაში. ადრექრისტიანულ ეკლესიებში არსებობდა კატეხიზატორული სკოლები. კატეხიზაცია დღესაც სავალდებულოა. ძველად კათაკმევლები ინათლებოდნენ დიდ შაბათს და მონათლულნი ხვდებოდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ნათლობა სიმბოლოა დამარხვისა და აღდგომისა, ძველი ადამიანის მოკვდინებისა და ახლის, ქრისტეს ნათლით შემოსილის, დაბადებისა. ქრისტეს ნათელთან ზიარება უპირველესად ხდება ცნობიერებაში, შემდეგ იგი გამოიხატება წყლით ნათლობაში, რომელსაც თან ახლავს უხილავი საიდუმლოებითი მხარეც. ავადმყოფობის შემთხვევაში ნათლობა არ ფერხდება. ნათლობაზე არ დაიშვებიან - გონებასუსტნი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათი ავადმყოფობა იძლევა გარდაცვალების საფუძველს ან შეიძლება მოინათლონ სხვათა თავდებით.
მიმრქმელი არ შეიძლება იყოს მოსანათლის მშობელი, ბერები, მცირეწლოვანნი, სხვა სარწმუნოების მიმდევარნი, ცოლ-ქმარი არ ნათლავს ერთსა და იმავე პირს, უძველესი ტრადიციის თანახმად, ქალი ნათლავს გოგონას, ხოლო მამაკაცი - ვაჟს.
დაბოლოს, ნათლია (მიმრქმელი) აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი.
ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: "მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი - წინასწარმეტყველებად, ზოგნი - მახარებლად, ზოგნი - მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულვყოთ წმინდანი მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას სრულქმილ კაცად, ქრისტეს სრული ასაკის ზომის, რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, ყოველივე ამისდა მიუხედავად, ჭეშმარიტებას სიყვარულის მთქმელნი ყველაფერში უნდა ვიზრდებოდეთ, მის მიმართ, ვინც არის თავი - ქრისტე, ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად (ეფეს 4,11-16).
ეკლესიის წევრები ორ ძირითად ნაწილად არიან გაყოფილნი. პირველ ჯგუფს შეადგენენ სულიწმინდის მიერ მოწოდებულნი და დადგინებულნი საეკლესიო მსახურების აღსასრულებლად, რათა მათ იზრუნონ ტაძრის შინაგან მოწყობა-აღმშენებლობაზე. ესენი არიან კლირიკოსები. მეორე ჯგუფია საერონი, რომლებიც ასევე ითვლებიან საეკლესიო ცხოვრების თანამონაწილეებად. ისინი მოქმედებენ, მოღვაწეობენ მხოლოდ ღვთის მსახურის (მოძღვრის) კურთხევით, როგორც წესი, ტაძრის გარეთ, ასევე ღვთისმსახურის არჩევანით (გამორჩევით) - საეკლესიო მართვაში.
აღმოსავლეთის პატრიარქები 1848 წლის 6 მაისის საერთო ეპისტოლეში წერდნენ, რომ "თავად ეკლესიის სხეული, ე.ი. "თავად ერი" არის "მცველი მადლმოსილებისა". ამით მათ გამოთქვეს მართლმადიდებლური სწავლების მთავარი ჭეშმარიტება, განსხვავებით კათოლიკეთა თეოკრატიული და კლირიკალური დოქტრინისა, სადაც ეკლესიის ერთიანი სხეული გაყოფილია ორ ეკლესიად - მასწავლებლებად და მოსწავლეებად, რაც მართლმადიდებლობისთვის მიუღებელია.
კლირიკოსებისა და საეროების გარდა, ეკლესიის ცხოვრებაში არსებობენ მონაზვნები, რომლებიც გამოირჩევიან არა მსახურებით, არამედ განსაკუთრებული ცხოვრების წესით, თავიანთი აღთქმის მიხედვით: მორჩილებით, სიგლახაკით, უბიწოებით, ქალწულებით.
ლევან მათეშვილმა