თუ შენი ძმა, ღარიბი და ყველასთვის შეუმჩნეველი, წაიქცა, მიდი მასთან, წამოაყენე, დაბანე, გაათბე, გვერდით მოისვი და ნურავის დაცინვისა შეგეშინდება. ამისთვის გათელილი და უარყოფილი შეიქნები ყველა "წარჩინებულისგან", რომლებიც დაგცინებენ და გდევნიან. სწორედ ესაა იმ ჯვრის მცირე ნაწილი, რომელიც ნებაყოფლობით აღიღე. თუ მეგობრები შემოგთავაზებენ ქონებას, რომელიც არ გეკუთვნის და მასზე უარს იტყვი (თუმცა გეცოდინება, რომ ოქროს ზოდები გელის), შენი "სისულელისთვის" აგითვალწუნებენ და ამით კიდევ მიიმატებ შენი ჯვრის ნაწილს.
ცხოვრების უპატიოსნო სიკეთეთა ნებაყოფლობით უარყოფა ჯვართან მიახლოებაა. თუ მცნებებით ივლით, ე.ი. მას ზიდავთ - თქვენს გზაზე (ადამიანური გაგებით) მრავალ უსიამოვნებას, შეურაცხყოფასა და ცრემლს გადაეყრებით. მაგრამ ჯვარი არ დაგამძიმებთ, თუ თვალწინ ტანჯული ძე ღვთისა გეყოლებათ. თქვენ ხომ ჯვარზე არავინ მიგაჭედებთ, მხოლოდ და მხოლოდ მოჭარბებული ფუფუნება და კომფორტი არ გექნებათ. ჯვრის სიმძიმე უფლის მცნებებით ცხოვრების სურვილის მიხედვით იზომება. "გზა ცათა სასუფევლისკენ ვიწროა", - ვკითხულობთ სახარებაში. ამ გზაზე ჯვრით სიარული მძიმეა, მაგრამ მსურველი ყველაფერს დაითმენს და ჯვარს თვისას ბოლომდე ზიდავს. ბოლოს კი განეღება კარნი და იქ დაივანებს. ჯვრის სიმძიმე მოჩვენებითია და ამის არ უნდა შეგვეშინდეს. თითოეულს ეყოფა ძალა, გაუმკლავდეს გზად შეხვედრილ ცდუნებებს. თუ ჯვარს იღებ, გამოდის, ეშმაკს ომს უცხადებ, მაშასადამე, გახსოვს - ყველაფერი უფლისგანაა, მის ნებას სრულიად ემორჩილები და ყოველივეს სიხარულით იღებ.
ქრისტემ ბრძანა: "შემომიდეგ" - ეს მოწოდებაა იმ თავმდაბლობისა და თვინიერებისკენ, თავად რომ გამოავლინა, როცა ჯვარს ეცვა. "შემომიდეგ" იგივეა, რაც - აღიღე სახარება და ნუ გადაუხვევ მისგან. უფალო, მოწყალე გვექმენ ჩვენ ცოდვილთა! დიდება შენდა, უფალო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
უცნობი ბერის საუბრები"