დიდება ბრძოლაა ცოდვასა და უკეთურებასთან, შეჩერებაა ვნების დინებისა უფლის შეწევნით
02.04.2009
ლოცვაში წარმოთქმული სიტყვებით იდიდება უფალი, მაგრამ სიცოცხლით, ცხოვრების წესით აღვლენილ ლოცვაში ამოიცნობა, შეიძინება იგი.
რა არის ლოცვის არსი? უფალთან სიახლოვე, მასთან ერთობა და მეგობრობა. ხოლო ვინ არის ჭეშმარიტი მეგობარი? ის, ვინც ცდილობს, ერთგულებით, სიყვარულით, ნდობით მოიპოვოს სიახლოვე თანამოძმისა.
უფლის მადიდებელი ის არის, ვინც თავისი სიცოცხლით მეგობრობს მასთან, ვისაც ხშირი და ძლიერი სურვილი აქვს მასთან საუბრისა, სიახლოვისა, მოკითხვისა და მონახულებისა. როგორ შეგვიძლია და რას ნიშნავს უფალთან მეგობრობა, მასთან საუბარი, მისი ხილვა? მაცხოვარი თითოეულ ჩვენგანს სახარებით, მცნებებით, რჯულით გვესაუბრება, ჩვენ კი ლოცვაში აღვლენილი დიდებით, თხოვნითა და ვედრებით ვეხმაურებით მას. ეს ცოცხალი ერთობაა, ყველაზე საღი და ჯანსაღი ურთიერთობა, რომელიც ყოველწუთიერად წმენდს და განგვიახლებს სულს.
მაგრამ არ შეიძლება მეგობრობა მხოლოდ სიტყვიერი ურთიერთობით, საუბრით შემოიფარგლოს; მეგობრობა საყვარელი, სასურველი ადამიანის ხშირი მონახულებაა და მასთან ხანგრძლივად ურთიერთობის სურვილში მჟღავნდება. ვისაც უფალთან ლოცვითი ურთიერთობა აქვს, შეუძლებელია არ ჰქონდეს უდიდესი წყურვილი ზეციური, საყვარელი მეგობრის ხშირი ხილვისა, ყოველწუთიერი დაახლოებისა. ყოველი კეთილი, სათნო საქმე ხორცშესხმული ერთობაა, ერთგულებაა უფლისა, როდესაც შემოქმედი და ჩვენ ერთად ვკრავთ უწყვეტ ჯაჭვს სულიერი სიმტკიცისა. ეს წმინდა, დიდებული ერთობაა, რომელიც მიწაზე იწყება და მარადიულად განაგრძობს სრულყოფასა და განვითარებას.
ადამიანი დიდებაში ჩნდება კვლავ დიდებისა და სრულყოფილებისთვის. ჩვენი სიცოცხლე მსახურებაა ამ პატივის გაცნობიერებისა, განმტკიცებისა და შენარჩუნებისთვის. სად და რა არის სიმდიდრე, ჭეშმარიტი განძი და ფასეულობა? იქ, სადაც, უფლის მცნებათა ძიების კვალდაკვალ, მცდელობა და მონდომებაა მათში შეღწევისა და დაბანაკებისა. თავად სიცოცხლე, ცხოვრების თითოეული დღე ენით გამოუთქმელი, აღუწერელი წყალობაა, საჩუქარია ღვთისა. სიცოცხლის ყოველი წუთისთვის მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს სიტყვითა და საქმით. მადლიერებითა და სიხარულით უნდა შევეგებოთ ყოველ დილას, რადგან შემოქმედმა კვლავ მოგვცა საშუალება ფიქრისა, საკუთარი თავის განსჯისა, სიკეთისკენ სვლისა, მონანიებისა, გამოსწორებისა. უფლის დიდება მის ერთგულებაშია, ძიებაშია, რაც აუცილებლად უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი ცხოვრებით, რადგან ღმერთი ჩვენი "არა არს ღმერთი მკვდართა, არამედ ღმერთი ცოცხალთა". და რაში გამოიხატება რწმენის სიცოცხლე, თუ არა კვლავ სიცოცხლით აღსრულებულ, დამოწმებულ რწმენაში? რწმენა უხილავია, რამეთუ უხილავია ისიც, ვისიც გვწამს და ვსასოებთ, მაგრამ ხილული, ხორცშესხმული ხდება ჩვენი ამქვეყნიური სვლითა და კეთილგონიერი ნაბიჯებით. ადამიანის ცხოვრება მეტყველებაა სულისა. სიტყვას დაუფარავ მსმენელს, არ წარმოთქვამ, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეს როგორ დაუხშავ პირს? იგი მარად იმეტყველებს და წარმოგვაჩენს. საქმე - ენა და საუბარია ქრისტიანისა, მის მიერ აღვლენილ ღაღადსა და ლოცვას იწირავს უფალი.
მრავალი ტკივილი, შფოთი, ცრემლი, უკმაყოფილება, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა ჩრდილივით გასდევს ჩვენს ყოფას, მაგრამ თუ შეგნებით, რწმენით, გულისხმიერებით შევხედავთ ყოველივეს, მივხვდებით, რომ ამ ყველაფერში ისევ და ისევ უფალია დაფარული. განსაცდელი ტკივილია სულისა, მაგრამ ამავე დროს იგი დასაწყისია სიბრძნის ძიებისა, უფალზე ფიქრისა, გასაჭირიდან თავის დაღწევისა. გონიერია ადამიანი, რომელიც ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, რადგან მან უპირველესად საკუთარ თავში იპოვა დიდება ღვთისა. ვინც თავი შეიცნო, მან შეიცნო ყველა და ყველაფერი, რადგან ამგვარი სული იცნობს უფალს, ანგელოზებსა და თითოეულ ადამიანს. სად და რაში ვეძებოთ დიდება? ის თითოეულ ჩვენგანშია. რატომ ვეძებთ ბედნიერებას ჩვენს მიღმა, რამეთუ ის ისევ და ისევ ჩვენშია? უფალი ბრძანებს, რომ სასუფეველი არ არის არც შორს და არც სხვაგან, იგი ჩვენშია, ჩვენს შინაგანშია, საჭიროა მხოლოდ მივაგნოთ, აღმოვაჩინოთ იგი ჩვენს გულში, სულსა და გონებაში, რაც უფლის კარნახით, მითითებითა და სწავლებით არის შესაძლებელი. მას ვიპოვით მხოლოდ ცოცხალი ურთიერთობით ღმერთთან, მის მარადიულ სიტყვასა და მადლმოსილ კურთხევასთან.
დიდება ბრძოლაა ცოდვასა და უკეთურებასთან, დიდება დაძლევა, შეჩერებაა ვნების დინებისა უფლის ხელით, მისი შეწევნით. აუცილებელია, გული და გონება ნელ-ნელა რწმენის მტკიცე გალავნით შემოვიზღუდოთ, რათა მტერმა ვერ მოახერხოს მასში შეღწევა. ღვთის შეწევნით ვცადოთ დავიცვათ იგი მავნე, მომაკვდინებელი გულისთქმებისა და ზრახვებისაგან, ეს კი ძალზე ძნელია, მაგრამ მთავარია, დავიწყოთ შინაგანი, სულისმიერი აღმშენებლობა სათნო ცხოვრებისა სიკეთის სურვილით, მისკენ სწრაფვითა და შემართებით. ცხოვრებით ვეძიოთ უფალი და სათნოებებში დავაუნჯოთ მადლი; სიცოცხლისთვის ვილოცოთ და იმისთვის კი არ ვიცხოვროთ, რომ მხოლოდ ვილოცოთ; უფალი ვეძებოთ სათნოებებით და სათნოებებისთვის არ ვეძებოთ იგი, რადგან ამგვარი ძიება პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების შვილია, რომელიც თავის მხრივ მარადიულ სიკვდილს შობს; უფლის ცოცხალ მცნებებში, სიტყვებში ვეძიოთ ცხოვრება, მაგრამ ისევ და ისევ სიცოცხლით და არა სიტყვებით.
უფლის დიდება საკუთარი თავის შეცნობაშია, რადგან ყოველი ცოდვისა და უსამართლობის მიზეზი საკუთარი თავის არცოდნაა. როცა სხვაში ცოდვა და დაცემულობა გაღიზიანებს, იცოდე - ვერ ხედავ მოყვასში შენს ბუნებას, შენს თავს. ბრმა ვერ გაკადნიერდება ბრმის დასაცინად, ხეიბარი - ხეიბრისა. საკუთარი თავის შემცნობიც არასდროს განიკითხავს მოყვასს.
ჩვენი რწმენა და სიცოცხლე სანთელივით უნდა იწვოდეს და იღვენთებოდეს უფლის სიყვარულისთვის. სანთლის ალი თაფლის წვის კვალად ანათებს და ქრება მაშინ, როცა თაფლი ილევა. ადამიანის სულიც კეთილი, სათნო საქმეების კვალდაკვალ ანათებს და იწვის ღვთის სადიდებლად, ხოლო როცა მადლმოსილი ცხოვრება ჩერდება, სულის ნათებაც მასთან ერთად ქრება და ბნელდება. სანთლის ძაფს ჩვენს სულს შევადარებდი, თაფლის სანთელს კი სათნო ცხოვრებას. მისი ამნთები ღმერთია, წვა კი - ჩვენი სიცოცხლეა. როგორც თაფლი აკრავს გარს ძაფს და მასთან ერთად იწვის, ასევე უნდა ეკრას ჩვენს სულს ღვთივსათნო ცხოვრება - უფლისგან ბოძებული ერთადერთი საშუალება ჩვენი გადარჩენისა, უკვდავებისა და სიხარულისა. ანთებული სანთელი გზაა ქრისტიანის ამქვეყნიური მოგზაურობისა. ის მარად უნდა ენთოს მაცხოვრის წინაშე, როგორც უდიდესი შესაწირი, საღვთო ძღვენი წმინდა სამებისა, რამეთუ ნათქვამია: "ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" თავის საყვარელ ძესთან და სულიწმინდასთან ერთად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!