მაგრამ ვიღაცის შეყვარება ხომ ყველაზე რთულია. ჩვენ სიყვარულს არ გვასწავლიან. არც შეძლებულ ოჯახებში გატარებული ბავშვობა ნიშნავს, რომ სიყვარული ნასწავლი აქვთ, რადგან სიყვარული ნიშნავს არა "ჩემთვის", არამედ "მე ვიღაცისთვის". სიყვარულის ობიექტი ჩემთვის კი არ არსებობს, არამედ მე - მისთვის, სიყვარული თავგანწირვაა, სრული გაღებაა, წარმოცარიელებაა ვიღაცისთვის. ჩვენ, პამპერსებიდან მოყოლებული, ვსწავლობთ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის, შემდგომ შეგვიძლია რწმენის სამყარო აღმოვაჩინოთ, შესაძლოა მღვდელმსახურიც გავხდეთ, შეიძლება მონაზვნობაც მივიღოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული ვისწავლეთ. ხოლო სიყვარული იწყება თუნდაც იქიდან, რომ ადამიანს ღებულობ ისეთს, როგორიც არის, თავისი ღირსებით, ნაკლებით და ცდილობ მის გაგებას. თუ ეს ასე იქნება, რაც ძალიან რთულია, მაშინ შეიძლება რაღაც გრძნობა აღმოცენდეს.
ამის შესრულება ძალიან ძნელია, განსაკუთრებით, როცა საქმე მტრებს ეხება და არა მეორე ნახევრებს. პარადოქსია, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთი და იგივეა (მტერი და მეორე ნახევარი, იმიტომ კი არა, რომ მეორე ნახევარი მტერია ან პირიქით!), რადგან გვიყვარს ერთი და იმავე ადგილით - გულით და თუკი ვისწავლეთ სიყვარული, მაშინ გვიყვარს ყველა. შეიძლება ეს არასწორი შედარებაა, მაგრამ ფიქრობენ, ამ კონტრასტული მაგალითებით უკეთ წარმოჩნდება სიყვარული. მეტსაც გეტყვით, თუკი მტრები არ გიყვართ, მაშინ ცოლიც (ქმარიც) არ გიყვართ და პირიქით. ანუ თუკი დედამიწის ზურგზე ვიღაც ნამდვილად გიყვართ, მაშინ შეძლებთ ყველას შეყვარებას. თუკი ვიღაც არ გიყვართ, მაშინ სინამდვილეშიც არავინ გიყვართ!
ამ ყველაფერს კი ასწავლის ეკლესია, იგი სიყვარულის სწავლის საუკეთესო საშუალებაა, ოღონდ ვისაც ნამდვილად უნდა. მაგრამ ხშირად ურწმუნო ადამიანების მორალური თვისებები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მორწმუნეებისა და მათ ხშირად მიუთითებიათ მორწმუნეთათვის უღირს საქციელზე სიტყვებით - ესაა თქვენი ეკლესიურობა, ამას გასწავლიან ეკლესიაში?! ახლა გაგვამწარე. წახვალ და მოინანიებ ეკლესიაში!.. მაგრამ ურწმუნოთა მორალური "სიმართლე" არ არის სრული, რა თქმა უნდა, არც მორწმუნენი არიან წმინდანი. ეკლესიაში მოსული მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისში დგას. ანუ მონათლულმა ადამიანმა, რომელმაც ეკლესიაში სიარული დაიწყო, არ ნიშნავს, რომ უკვე სიწმინდეს მიაღწია. არავინ ფიქრობს, თუ რატომ თქვა შემოქმედმა - არ განიკითხო და არ განიკითხებიო. ჩვენ ხომ, რწმენის მიუხედავად, ერთმანეთისგან ბუნებით სხვადასხვა ვართ: ერთი კეთილია - მეორე ბოროტია, ერთი მალე ღიზიანდება - მეორე მშვიდია, ერთი მრისხანეა - მეორე ალერსიანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარედან ვერ განვსაზღვრავთ თითოეულის მანკიერი მიდრეკილებების აღმოსაფხვრელად გაწეულ ძალისხმევას. ასე, მაგალითად, მკვლელმა მანიაკმა ვიღაც რომ არ მოკლას, არამედ, მაგალითად, დაასახიჩროს, მისთვის უდიდესი ზნეობრივი გმირობაა, ხოლო ვიღაც კეთილმა, კარგმა, პატიოსანმა ადამიანმა ცოლს რომ უყვიროს - ცოდვაა. გარედან კი როგორ ჩანს - ერთმა დაასახიჩრა, მეორემ კი მხოლოდ ხმას აუწია, მაგრამ პირველი მიდის ღმერთისკენ თავისი არაკაცისკვლით, ხოლო მეორე ჯოჯოხეთში - თავისი ყვირილით, რადგან მათი ამოსავალი მონაცემები ძალიან განსხვავდებიან. ანდა თუნდაც ვიღაცამ რომ არ "გაიჩხიროს წამალი" არაფერია, ვიღაცისთვის კი დიდი ზნეობრივი ძალისხმევის ტოლფასია. ეკლესია არა გადარჩენილთა, ცხონებულთა, წმინდანთა საზოგადოებაა, არამედ გადასარჩენთა. ხშირად ეკლესიაში მოდიან არა საუკეთესო ადამიანები (ამქვეყნიური კრიტერიუმებით), არამედ ისინი, ვისაც სხვაგან წასასვლელი გზა არა აქვს, არა იმ გაგებით, რომ ისინი ღარიბნი და უბედურნი არიან, არამედ იმ გაგებით, რომ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. ეს ერთადერთი გზა არის, რათა რაღაცნაირად ამოისუნთქონ, სასიცოცხლო ძალები შეინარჩუნონ, რათა როგორმე გადარჩნენ. არ იყო შემთხვევითი, რომ ქრისტეს გარშემო მეზვერენი და მეძავნი იყვნენ - ყველასგან გარიყული და შესაზიზღი ადამიანები. ამიტომ ეკლესიაში მყოფთა სიწმინდის მოლოდინი უაზრობაა და არასწორია. ეკლესია მხოლოდ აძლევს ადამიანებს საშუალებას, დაიწყონ ზნეობრივად აღორძინება და შექმნა საკუთარი თავისა. ამ გზაზე კი ძალიან ბევრი მახე და ხაფანგია, საკმარისი არ არის სასულიერო პირების რაოდენობა (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში სასულიერო პირები გამრავლდნენ ღვთის წყალობით ჩვენში, მაინც არ არის საკმარისი, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობამ ნამდვილად რომ გადაწყვიტოს ქრისტიანული ცხოვრება, არც ერთი მოქმედი ეკლესია-მონასტერი და სასულიერო პირი არ იქნება საკმარისი), თანაც გამოცდილი სასულიერო პირებისა. არ არის ჩამოყალიბებული ნამდვილი სამრევლო გარემო, სადაც მოსული ადამიანი ისეთ მრევლში მოხვდება, სადაც იცნობენ და უყვართ, არადა, როგორც წესი, ადამიანები წლობით დადიან ეკლესიაში და გვერდით მდგომის სახელი არ იციან, ესალმებიან კიდეც, მაგრამ მის პრობლემებზე წარმოდგენა არა აქვთ, ქრისტიანის მოვალეობას კი პავლე მოციქული ასე გვიხატავს: "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი". ადამიანები თავიანთ "ნაჭუჭში" ჩაკეტილნი რჩებიან ეკლესიაშიც. სასულიერო პირს ბევრის აღსარების მოსმენა უწევს, საშუალოდ თითოეული ადამიანი აღსარების ჩაბარებას 3-4 წუთს ანდომებს, მღვდელი თავის შესაძლებლობებსა და დროში შეზღუდულია. ხოლო სამრევლო გარემო კი არ არის ჩამოყალიბებული და, ფაქტობრივად, ადამიანები თავის თავზე, საკუთარ აზრებზე მინდობილნი საკუთარ სარწმუნოებას აყალიბებენ (გარეგნულად სახელები იგივეა: ღმერთი, ქრისტე, ეკლესია, აღსარება, ზიარება... მაგრამ თავიანთი შეხედულებებით, ჩაკეტილობით ანდა ზედმეტი კომუნიკაბელურობით, სასულიერო პირებთან "დაახლოებით" ქრისტეს ეკლესიის მიღმა რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც 24 საათი ეკლესიაში იყვნენ) და აუცილებლად თანამედროვე ქრისტიანობაში დგება ფარისევლობის არსებობის საკითხი.
ვინ იყვნენ ფარისევლები? ძველებრაული სამყარო სხვადასხვა სექტისგან შედგებოდა, ოღონდ არა დღევანდელი გაგებით სექტები, რომლებიც ეკლესიურ სწავლებას განუდგნენ და ემტერებიან მას. ძველ იუდეაში იუდაიზმის ფარგლებში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ აღმსარებლობის სხვადასხვა შეხედულებები, მათ უფრო რელიგიური პარტიები შეიძლება ვუწოდოთ, ვიდრე სექტები. მაშინდელი ისრაელის ფარისევლები, რომლებიც დღესაც არსებობენ, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს მოსეს რჯულის ზედმიწევნით კარგად შესრულება, რადგან ხედავდნენ, რომ სხვები ამას კარგად არ ასრულებდნენ. მაგრამ ქრისტე მათ სწორედ იმაში ამხელდა, რომ ფარისევლებს ყველაფრის (წვრილმანებისაც კი) ზედმიწევნით შესრულებამ მთავარი დაავიწყათ, მთავარი კი ღმერთია.
სიტყვა "ფარისეველი" სანიშანსვეტო სიტყვად იქცა, და აღნიშნავდა იმ ადამიანს, რომელიც წვრილმანებზე, მეორეხარისხოვანზე ზრუნავს, წესების ზედმიწევნით შესრულებაზე და მთავარი კი ავიწყდება.
ჩვენი ფარისევლობა ყოველთვის იწყება მაშინ, როდესაც ვიწყებთ განკითხვას: ასე არ უნდა ლოცულობდე, ასე არ უნდა მარხულობდე და ა.შ. საერთოდ კი ფარისევლობის ლოგიკა ძალზე მარტივია: ყოველი ადამიანი მიდრეკილია თავის მართლებისკენ და დიდებისმოყვარეობისკენ. ადამიანს უნდა, რომ იყოს კარგი, მაგრამ რა არის კარგი? ვისთან შედარებით კარგი? თუკი მე ეკლესიური ვარ, მაშინ უბრალოდ კარგი კი არ მინდა ვიყო, არამედ წმინდანი - ეს სწორია, ამასვე გვეუბნება უფალიც: იყავით წმინდა, რადგან მე წმინდა ვარ. ამიტომ ვიღას უნდა შეადარო თავი, ნამდვილი წმიდანისთვის თავის შედარება კი არახელსაყრელია, რადგან ცუდი გამოჩნდები მასთან შედარებით, ამიტომ ვადარებთ თავს მათ, ვინც "ჩვენი აზრით" "ჩვენი შეხედულებით" არის ცუდი: "ყველა ცუდია, მე კი მათთან შედარებით კარგი ვარ", - ეს შედარება კი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხელსაყრელია და სასიამოვნოც. აი, ასეთი ქრისტიანობა უკვე მოგვწონს!
რატომ ამხელდა ქრისტე ყველაზე მეტად ფარისევლებს, მის გარშემო ხომ სხვა ცოდვილებიც იყვნენ? ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ამგვარი მდგომარეობა (ფარისევლობა) ყველაზე საშიშია. უფლის ცხრა ნეტარებიდან პირველი გვეუბნება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". რატომ არის, რომ საშუალო ფენა (სოციალური გაგებით) ის კლასია, რომელიც ყველაზე ძნელად შემოდის რწმენაში? იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ ერთგვარი თვითკმაყოფილების განცდა, როცა ღარიბების პრობლემები მათთვის გადაჭრილია, ხოლო მდიდრების პრობლემები არ ეხებათ. როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, სწავლობს აღსარების ჩაბარებას, ზიარებას, იცის სწორად პირჯვრის წერა, მეტანიების გაკეთება, რა დროს სად უნდა შევიდეს და გამოვიდეს, კურთხევა როგორ აიღოს და ა.შ. - ყველაფერი იცის, ყველაფერს აკონტროლებს და, რა თქმა უნდა, ის გადარჩენილია! აბა რა, ყველაფერს ხომ სწორად აკეთებს და ცხონებას რაღა უდგას წინ! ეს ძალზე საშიში მდგომარეობაა! თუკი ადამიანი ეკლესიურია (საუბარია ადამიანზე, რომელმაც "ყველაფერი" იცის), ის სულით გლახაკი მაინც არ არის, რადგან თვლის, რომ ყველაფერი აქვს, როგორც საშუალო ფენა, ისე აზროვნებს და ყალიბდება ე.წ. ეკლესიური საშუალო კლასი, ოღონდ არა მატერიალური კუთხით, არამედ სულიერი. ადამიანმა რაღაც სულიერი სიმდიდრე მოიხვეჭა, ყველა გარეგნული ფორმა ათვისებული აქვს, მაგრამ სიყვარული ვერ ისწავლა, მორჩილება არ შეუძლია!
ლევან მათეშვილმა