ექიმს, მისივე თქმით, არასოდეს უმარხულია. მას აზრადაც არ მოსვლია, ერთი დღე მაინც დაეჭირა მარხვა. მაგრამ მოხდა ისე, რომ პარასკევ დღეს დაეცა და ხელი მოიტეხა. ხელის მორჩენამდე ფეხი მოიტეხა. ესეც პარასკევს მოხდა. უბედურება თითქოს დაძლია, მაგრამ ისევ პარასკევ დღეს ტყეში თვალში ტოტი მოხვდა და მხედველობა დაუზიანა. ამ პარასკევის მერე თავის ტკივილებიც დაეწყო, მერე კი, ისიც პარასკევს, ციება შეეყარა. ყველაფერი ერთიმეორეს მიჰყვა.
კაცი, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდა, რატომ შეემთხვა ამდენი განსაცდელი და ისიც - პარასკევს. დედას უამბო ყოველივე. მან კი უთხრა, ალბათ იმიტომ, რომ პარასკეობით მარხვას არ ინახავო. ექიმი მართლაც შეუდგა მარხვას ოთხშაბათ-პარასკევს. მერე ტაძარში ლოცვაზეც დაიწყო სიარული, დაიწყო წმინდა წიგნების კითხვაც. შევიდა ქრისტიანულ საზოგადოებაში და თავისი ქალაქის ყველაზე ღვთისმოშიშ ადამიანებს შორის დადგა, რომლებიც ცხადად მოწმობენ რწმენასა და ღმერთზე და იმაზე, რაც აუცილებელია და მაცხოვნებელი.
ამბავი სახარების დახმარებით პასუხის შეტყობისა. წმინდა მიწაზე მომლოცველობის ჟამს, ბანათეში ყოფნისას, სანადელი მილკა შეჩეროვი მოგვიყვა, თუ როგორ მიიღო დედისგან მოსალოცად წამოსვლის ნებართვა.
მილკა ქვრივი დედაკაცია, პატარა ვაჟი ჰყავს. მათი გვარიდან იერუსალიმში არავინ ყოფილა, მილკას ძალიან უნდოდა წასვლა. ერთხელ ტაძარში მღვდლისგან მოისმინა, წელს, 1930-ში, წმინდა მიწას მოვილოცავთო. მილკას მხურვალე სურვილი გაუჩნდა, პილიგრიმთა შორის ყოფილიყო. სურვილი დედას გაუმჟღავნა. ბავშვს რაღას უზამო, - ჰკითხა დედამ. მილკა ჩაფიქრდა, მერე კი მღვდელს ჰკითხა, - თუ შეიძლება, იერუსალიმში ჩემი სამი წლის შვილიც წამოვიყვანოო. მღვდელმა უთხრა, სარისკოა, წინ გრძელი და ძნელი გზა გვიდევსო. დაღონებული მილკა დედას შეევედრა, ბავშვი ჩემს დაბრუნებამდე დაიტოვეო. დედას ეშინოდა და უარს ამბობდა. მაშინ მილკამ სახარება აიღო და დედას უთხრა: "ვნახოთ, როგორია ღვთის ნებაო!" მცირე ხნით ჩუმად ილოცეს, მერე კი მილკამ სახარება გადაშალა და ხმამაღლა წაიკითხა: "და რომელმან შეიწყნარის ერთი ყრმაი ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (მათე 18,5). თითქოს თვითონ ქრისტეს ეთქვასო, ისე მოესმა დედამისს ეს სიტყვები და მაშინვე განაცხადა: ბავშვს მე მივხედავო. ასე დაეხმარა მას სახარება არცთუ უბრალო საკითხის გადაწყვეტაში.
ამბავი კაცისა, რომელსაც მონასტრები ეჯავრებოდა. მსოფლიო ომის დროს ერთი ჩვენებური მოხელე საფრანგეთში შეხვდა ლტოლვილ ჩვენებურ ბერს. გაჭირვებული ბერი მას რამდენიმე ოქროს მონეტას ესესხა. ომის დამთავრების მერე ორივენი შინ საღ-სალამათნი დაბრუნდნენ. ბერმა ვალის დაბრუნება რატომღაც არ ისურვა, რის გამოც მონასტრები და მათი მკვიდრნი მთლად შეიჯავრა.
ორი წლის შემდეგ ავად გახდა და ექიმებმა ურჩიეს, ოვჩარის კურორტზე გაეკაჟებინა ჯანმრთელობა. მოხუცი, ავადმყოფი მოხელე იძულებული გახდა, მონასტერში ეცხოვრა, რაც თავიდან არ მოსწონდა, მაგრამ სავანის უხუცესების სიკეთემ და სიყვარულმა მისი გული დაატყვევა, მასში მონასტრებისა და მონაზვნების პატივისცემა გააღვიძა. ღვთის განგებულებით, მოხელე ამავე მონასტერში მოკვდა. ცოლმა ის მონასტრის გვერდით დაკრძალა იმედით - შემდგომში ბელგრადში, საგვარეულო აკლდამაში გადავასვენებო. როცა ამისთვის ყველაფერი მოამზადა, სიზმარში ქმარი ნახა, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა, დამტოვე აქ, სადაც ვარ, ეს წმინდა ადგილიაო.
ამბავი სიკვდილს გადარჩენილი კაცისა. არიესპოლელმა დეკანოზმა დანიელ შილიაკმა გვიამბო, თუ როგორ გადაურჩა მცირე ბოროტებით დიდ ბოროტებას: "ჩემს ნათესავ მღვდელ ეგნატე შილიაკს ტრაქტირში შესვლა და დალევა უყვარდა. პლევლეში 1921 წელს დიდი ბაზრობა გაიმართა. მეორე დღეს, თომას კვირას, სოფელ მილოშიჩში ვიყავი მიპატიჟებული ერთ მორწმუნესთან ჯვრიანი დიდების დღესასწაულზე. იქ ნაშუადღევს უნდა წავსულიყავი. ბაზრობაზე მამა ეგნატეს შევხვდი. მასთან დიდად არ ვმეგობრობდი, მაგრამ როცა მამა ეგნატემ ტრაქტირში შესვლა შემომთავაზა, რატომღაც დავთანხმდი. აიხირა, ღვინო დავლიოთო. ტრაქტირს შუადღემდე შევრჩით. წამოვდექით შეზარხოშებულები და შინ წავედით. მაშინვე სამგზავროდ მზადება დავიწყე, - მთელი ღამე ვივლი, დილით მილოშიჩში ვიქნები და კაცს იმედს არ გავუცრუებ-მეთქი. დედაჩემი შემეწინააღმდეგა და წამით მგზავრობა გადამათქმევინა. დავწექი და დავიძინე.
როგორც შევიტყვე მეორე დღეს, საუბედუროდ, ცნობილი ჰაიდუკი ჰუსეინ ბოშკოვიჩი გზაზე ბაზრობიდან მობრუნებულ ხალხს ძარცვავდა და ყველას ჩემზე ეკითხებოდა. ასე რომ, მე და მამა ეგნატე ტრაქტირში რომ არ შევჩერებულიყავით, ალბათ მომკლავდნენ.
ამბავი ნაპოვნი ათშაურიანისა. დოქტორ ჯონ მოტის წიგნში დაბეჭდილია ერთი რუსი სტუდენტის წერილი, რომელიც მოტის რუსეთში სტუმრობას ეხება. წერილში ნათქვამია: "მსურდა, ბატონი მოტის ლექციას დავსწრებოდი, მაგრამ სიღარიბე ამის ნებას არ მაძლევდა. თუმცა დასასწრები ბილეთი ძვირი არ ღირდა, მაგრამ ჩემთვის მაინც მიუწვდომელი გახლდათ. პურის საყიდელი ფულიც არ მქონდა, არათუ ლექციაზე დასასწრები ბილეთისა. მაგრამ განგება დამეხმარა, მოტის ბაგეთაგან ჭეშმარიტება მომესმინა. "სულიერი და მორალური ძალა..." - ვიმეორებდი და წიგნის მაღაზიის ვიტრინაში გამოკრულ ლექციის პროგრამას ვკითხულობდი. ფიქრებმა წამიღო, თავი დავხარე და... ფეხებთან თოვლსა და ტალახში დაგდებული ათშაურიანი დავინახე. ხომ არ მეჩვენება-მეთქი. მაგრამ არა. ავიღე გახარებულმა და იმის გამოთვლა დავიწყე, რამდენი პური მომივიდოდა. ამ დროს თავში სახარებისეულმა სიტყვებმა გამიელვა: "არა ერთითა ხოლო პურითა ცხონდება კაცი". შევედი წიგნის მაღაზიაში, ოთხ ლექციაზე შესასვლელი ოთხი ბილეთი შევიძინე ორმოცდახუთ კაპიკად, დარჩენილი ხუთი კაპიკით კი პური ვიყიდე. ასე შევიძინე საზრდელი სულისა და ხორცისა. თავს გადამხდარმა ამ უჩვეულო შემთხვევამ ისე ამაღელვა, რომ გადავწყვიტე, ყველა მიწიერი სამუშაო მიმეტოვებინა და თავი მთლიანად - სულით და ხორცით ქრისტეს მსახურებისთვის მიმეძღვნა".
ამბავი წილისყრისა. წმინდა ტიხონ ზადონელის (+13 აგვისტო, 1783 წელი) ცხოვრებაში წერია, საღვთო განგებულებით თუ როგორ გამოირჩა იგი ეპისკოპოსად.
იმ დღეს, როცა პეტროგრადში წმინდა სინოდი ვორონეჟისთვის ეპისკოპოსს ირჩევდა, არქიმანდრიტი ტიხონი ტვერში ლიტუგიას აღასრულებდა. როცა პროსკომიდიას (კვეთას) შეუდგა, მღვდელმთავარ ათანასეს უთხრა: "მომიხსენე, წმინდაო მეუფეო!" მღვდელმთავარმა ის ასე მოიხსენია: "ეპისკოპოსობა შენი, დაე, მოიხსენოს უფალმა ღმერთმა!" უცბად მეუფეს გაახსენდა, რომ შეცდომით მოიხსენია და უთხრა: - დაე, ინებოს ღმერთმა, ეპისკოპოსი გახდეთო.
...პეტროგრადში კი ყარეს წილი, დასახელდა შვიდი კანდიდატი. უეცრად მიტროპოლიტმა თქვა: "მოდი, მათ შორის შევიყვანოთ ტვერის რექტორი, არქიმანდრიტი ტიხონი". სხვებმა თავიდან უარი თქვეს, ეპისკოპოსობისთვის ძალზე ახალგაზრდააო. მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდნენ და ხელი მოაწერეს ტიხონის მერვე კანდიდატად დასახელებას. სამჯერ ამოიღეს წილი. სამივეჯერ არქიმანდრიტ ტიხონის სახელი ამოვიდა. განა შემოქმედი უფლის განგებულებით არ მოხდა, რომ იმავე დღეს, როცა თითქოსდა შემთხვევით ღვთისმსახურებისას მღვდელმთავარმა ეპისკოპოსად მოიხსენია, მისი სახელი კანდიდატთა სიას მიუმატეს და წილისყრისას სამჯერ ამოიღეს?
უცნაური წინათგრძნობა. მაქს კემერიხს თავის წიგნში "წინასწარმეტყველება" ასეთი მაგალითი მოჰყავს: მათემატიკის პროფესორი ბემი სულაც არ იყო მეოცნებე, რაც თითქოს არ შეეფერება მის საქმიანობას.
ერთხელ პროფესორი ნასადილევს რომელიღაც საზოგადოებაში იჯდა, უეცრად ინსტინქტურად იგრძნო, რომ შინ უნდა წასულიყო. თავს ირწმუნებდა, რომ ამის მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ფხიზელი განსჯა. მივიდა შინ, მთელი სახლი დაათვალიერა. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ინსტინქტმა თავისი საწოლი შუა ოთახიდან კუთხეში გადაატანინა. პროფესორმა კვლავ სცადა, თავისი საქციელისთვის ახსნა მოეძებნა. ამაოდ. საწოლის გადატანის მერე სული დაუმშვიდდა და კარგი განწყობით დაუბრუნდა ხსენებულ საზოგადოებას. დაახლოებით ათი საათისთვის დაბრუნდა შინ და დაიძინა. შუაღამისას გრუხუნმა გააღვიძა. იმ ადგილას, სადაც ადრე საწოლი იდგა, თარო ჩამოინგრა.
წმინდა წერილი ცეცხლში არ დაიწვა. სოფელ ორაშეში (მორავიის მხარე, ტემნის რაიონი) ერთი ჭაბუკი გულმოდგინედ კითხულობდა სახარებას და ღვთის სჯულის ასრულებას ცდილობდა. მამა მკაცრად უკრძალავდა ღვთისმოშიშების გზაზე სიარულს. სათნოებათა მოძულემ ერთხელ შეკრიბა ყველა სასულიერო წიგნი, წმინდანთა ცხოვრებები და ჩვენი ქრისტიანული საზოგადოების გაზეთები და ცეცხლში ჩაყარა - ეგონა, ამ გზით მოაშორებდა შვილს ღმერთს. ბოლოს სახარება იპოვა. ისიც სამზარეულოს ქურაში ცეცხლში ჩააგდო. გავიდა ათი დღე. ქურაზე ყოველდღე აცხობდენ პურს, ამზადებდნენ საჭმელს... მეთერთმეტე დღეს ყმაწვილის ბიცოლამ ღუმლიდან ნაცარი გამოიღო. მას სახარებაც გამოჰყვა. ცოტათი შეტრუსულიყო, მაგრამ წაკითხვა სრულიად შესაძლებელი იყო. ღმერთმა ხილული სახით აჩვენა, რომ მისი წმინდა სიტყვის განადგურებას ვერავინ შეძლებს.
ამბავი ყრუ-მუნჯი გოგონას წინათგრძნობისა. მაქს კემერიხი მოგვითხრობს კიდევ ერთ შემთხვევას: "ქალბატონმა დე ბომონმა გვიამბო: მამაჩემი ერთ კომპანიას მოელაპარაკა, რომ ორთქლის გემით რუანიდან პორტ სენტ კვენამდე გაეცურა. გამგზავრების წინ მისი ყრუ-მუნჯი ძმისშვილი კართან ზურგით დადგა და მამაჩემს გარეთ არ უშვებდა. ჟესტებითა და ყვირილით რაღაცის ახსნას ცდილობდა. მამაჩემმა გამოსვლა სცადა, მაგრამ გოგონა მუხლებზე დაეცა და აცრემლებულმა ყვირილით ხვეწნა დაუწყო, არ წახვიდეო. გაოცებული მამაჩემი დაყაბულდა და მეგობრებიც გააფრთხილა, არც თქვენ გადგათ ფეხიო. არ დაუჯერეს. ხომალდი შუა გზაში დაიშალა, მგზავრები წყალში აღმოჩნდნენ. ბევრი დაიხრჩო, მხოლოდ რამდენიმე კაცმა მიაღწია ნაპირს..."
ცხოვრების ქსოვილში გადახლართული ძაფები. ეს საშინელი და საოცარი ამბავი ვრნიაჩის სანატორიუმში ერთი ქალბატონისგან მოვისმინეთ. მისი მორალი ასეთია: სიმართლე წინ ნელა მიიწევს, მაგრამ მიზანს მაინც აღწევს.
ერთი ქალბატონი ვრნიაჩის სანატორიუმში გაემგზავრა. სადგურში მტვირთავი დაიქირავა და ბარგის სანატორიუმში წაღება დაავალა. ის უყურადღებოდ ექცეოდა თავის ნივთებს. მან წასაღებად სამი ჩემოდანი გაამზადა, მაგრამ თან მხოლოდ ორი წაიღო, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ თან სამი მიჰქონდა. მტვირთავმა ორი ჩემოდანი ნახა და კურორტზე მიიტანა. როცა ქალბატონმა ორი ჩემოდანი დაინახა, აწიოკდა - მესამე მომპარაო. გაოცებული მტვირთავი იფიცებოდა, ვაგონში მხოლოდ ორი ჩემოდანი იყო და სამს როგორ მოვიტანდიო. განრისხებულმა ქალმა პოლიციას უხმო. პოლიციამ მაშინვე დააპატიმრა საცოდავი. დარაჯები "ქურდს" სცემდნენ და აწამებდნენ, აღიარე დანაშაული და თქვი, ნაქურდალი სად გადამალეო. წამებისას დაუძლურებულმა კაცმა სული განუტევა. ჯალათს შეეშინდა, მიცვალებულს ყელზე თოკი მოაბა და ძელზე ჩამოკიდა. მეორე დღეს კომისიამ დაასკვნა, მტვირთავმა თავი ჩამოიხრჩოო და საქმე დაიხურა. უკან დაბრუნებულმა ქალბატონმა შინ მესამე ჩემოდანი იპოვა. ციხის დარაჯმა მუშაობას თავი დაანება და სოფელში დაბრუნდა.
საცოდავი მტვირთავის ვაჟი მძღოლი გახდა. ერთხელ ეს ვაჟი თავისი მანქანით მიდიოდა. წინ თივით დატვირთული ურმები შემოხვდა. გლეხებმა ხარების გზიდან გადაყვანა დაიწყეს. ერთი მათგანი ურმიდან გადმოვარდა, მანქანას ბორბლებქვეშ ჩაუვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. მტვირთავის ვაჟის მანქანის ბორბლებქვეშ დაღუპული გლეხი სწორედ ის დარაჯი იყო, რომელმაც საცოდავი მტვირთავი გაგუდა!