ადამისა და ევას საცდუნებლად ეშმაკმა გველი გამოიყენა. ადამიანის ცდუნება მან ცილისწამებით დაიწყო: "არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა", - ასეთი რამ ღმერთს არ უბრძანებია, ამიტომ ევას მაშინვე უნდა განეგდო ცილისმწამებელი, მან კი შეპასუხება იწყო.
რატომ მიმართა ეშმაკმა მაინცდამაინც დედაკაცს? იმიტომ, რომ იგი სუსტი იყო, უუძლურესი ჭურჭელი, როგორც მას წმინდა წერილი იხსენიებს. ევას მცნება უფლისგან კი არ მიუღია, არამედ ადამმა მისცა. ამდენად, ის განმტკიცებული იყო არა ღვთის, არამედ ადამიანის სიტყვით.
გველი ცდილობდა გაეგო, კარგად იცოდა თუ არა ღვთის მცნება ევამ და მისთვის ამ მცნებისადმი უნდობლობა აღეძრა. ამიტომაც გამოიწვია იგი საუბარში. როცა დაინახა, რომ ევას არსებაში შიში ჭარბობდა ღვთის სიყვარულს, ეშმაკმა კიდევ ერთხელ მიმართა სიცრუეს: "არა სიკვდილითა მოკვდეთ, არამედ იქმენით ვითარცა ღმერთნი" (დაბ. 3:4)... "და იხილა დედაკაცმა რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად... მისცა (ადამს) და ჭამეს".
პირველ ადამიანთა შეცდომა ნათლად წარმოაჩენს ცოდვის სამ ძირითად მიზეზს: ხორცთა გულისთქმას ("კეთილ არს ხე ჭამად"), თვალთა გულისთქმას ("სათნო ხილვად", ესე იგი, შესახედავად კარგი) და სილაღეს სოფლისა ("მშვენიერ განცდით"). თუკი ევას მისი სუსტი ბუნების გამო ასეთი საქციელი მიეტევება, ადამს, რომელმაც უშუალოდ ღვთისაგან მიიღო მცნება და საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთიური სიყვარული, ვერაფერი ამართლებს. მისი ცოდვა წმინდა სულიერი დანაშაულია, ამიტომ ევას ცოდვაზე მეტია და მძიმე. არც ადამიანური ბუნების უძლურება, არც სულიერი განათლების აუცილებლობა, არც მაცდურის ზემოქმედების ძალა, არამედ უფლისადმი უნდობლობა, დაუმორჩილებლობა, ამპარტავნება და გრძნობათა გაქვავება - აი, პირველქმნილი ცოდვის მიზეზები.
ის მანკიერება თუ ნაკლი, ცოდვად რომ იწოდება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ რომ გვეუფლებოდეს, მაშინ ცოდვილ სულზე მოწეული სასჯელი სრულიად უსაფუძვლოდ უნდა მიგვეჩნია. ან უნდა უარვყოთ ცოდვის არსებობა, ან უნდა ვაღიაროთ, რომ მას ნებაყოფლობით სჩადიან. ცოდვას ნებაყოფლობით რომ არ ჩავდიოდეთ, მაშინ არც აკრძალვებით უნდა გვზღუდავდეს ვინმე და არც შეგონებით ცდილობდეს ჩვენს შეჩერებას. ამ ყველაფრის უგულებელყოფით კი ისპობა ქრისტიანული სჯული და მთელი სარწმუნოებრივი წესრიგი (ნეტარი ავგუსტინე).
ცოდვა, ბიბლიის მიხედვით, ღვთაებრივი სამართლისა და სიყვარულის შეურაცხყოფაა. ცოდვის შემდეგ ადამიანი ვერ გახდა "ვითარცა ღმერთი", პირიქით, ქვეყანაზე ცოდვით შემოვიდა სიკვდილი. აი რას ამბობს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება სიკვდილის შესახებ: "სიკვდილი - ეს არის არანორმალური მოვლენა, ცოდვის შედეგი, რომელიც ადამიანში შევიდა არა ჭამის, არამედ ურჩობის გამო".
ცნება "ცოდვა" ადამიანის კერძო, პირად დანაშაულს კი არ ნიშნავს, რომელიც ღვთაებრივი სამართლის კანონებს ეწინააღმდეგება, არამედ საზოგადოდ კაცობრიობის მცდარ, დამახინჯებულ დამოკიდებულებას უფლის მიმართ, რომელიც წარმოიშვა ადამიანის მიერ კანონის პირველივე დარღვევის შემდგომ; ბიბლიური შეხედულებით, ცოდვა არის არა მხოლოდ ბიწიერება ან ზნეობრივი, თუნდაც უმძიმესი, დანაშაული, არამედ მასთან ერთად რელიგიური ბოროტი ქმედება, რამეთუ ის საღვთო სამართალსა და სიყვარულს შეურაცხყოფს.
მცნების დარღვევამდე ამქვეყნად ყოველივე ადამიანს ემორჩილებოდა - ღმერთმა სწორედ იგი დაუდგინა მთავრად ყველა იმ ქმნილებას, რომელიც კი ცხოვრობდა მიწაზე თუ წყალთა სიღრმეში (წმინდა იოანე დამასკელი), შეცოდების შემდეგ კი ადამიანი "ბაძავდა პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს. 4).
პირველმა ადამიანმა გულის წადილს გონიერ სულზე გაბატონების უფლება მისცა და უფლის მცნებას გარდახდა, რის გამოც დაისაჯა და კუთვნილი საზღაური მიიღო: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა, ვიდრე მოქცევამდე შენდა მიწად... რამეთუ მიწაი ხარ და მიწადვე მიიქეც".
შეცოდების შედეგი მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება, ვინაიდან პირველი შეცოდება ზოგადსაკაცობრიო ხასიათისა იყო.
რა მოხდა უშუალოდ ცოდვის ჩადენის შემდეგ?
პირველი - გაწყდა უშუალო კავშირი ღმერთთან. ღვთის მცნების დარღვევამ და სწრაფვამ, შემოქმედს დამსგავსებოდა, ადამიანი ღვთის მოწინააღმდეგედ აქცია. ღმერთთან მსგავსების მიღწევა მისდამი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. ყველაფერს, რაც სიყვარულის გარეშე კეთდება, ეფრემ ასური უწმინდურად მიიჩნევს. ამრიგად, ადამიანის ეს სწრაფვაც უწმინდური იყო და შესრულება არ ეწერა.
მეორე - გაწყდა კავშირი გარესამყაროსთან. ადამიანმა დაკარგა ყოველგვარი კონტროლი მატერიალურ სამყაროზე და მას შემდეგ ყველგან წინააღმდეგობას ხვდება.
მესამე - დაირღვა ჰარმონია და წონასწორობა თვით ადამიანში: ხორცი დაუძლურდა, ტანჯვა და სიკვდილი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, სულმა დაკარგა ინსტინქტებზე ძალაუფლება; გონებას მხოლოდ დაუღალავი შრომის ფასად ძალუძს ცოდნის მიღება; ნება, რომელიც დამოკიდებულია განათლებულ გონებაზე, იოლად კარგავს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას.
"ადამმა და ევამ გაიგეს სიშიშვლე" (დაბ. 3:5). უნდა ვიფიქროთ, რომ ადამმა იცოდა, რა იყო კეთილი. როგორ შეიძლებოდა, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილს ეს ვერ შეეცნო? ანდა, რომ არ სცოდნოდა, რა იყო სიკეთე და რა - ბოროტება, როგორღა მიიღებდა მცნებას? მისი დარღვევის შემდეგ კი ღმერთმა ადამსა და ევას ის თვალიც აღუხილა, რომელიც მანამდე დახშული ჰქონდათ და რომლითაც თავიანთი სიშიშვლე დაინახეს. ეს თვალი მათ მაშინ აღეხილათ, როცა დაეხშოთ სულიერი თვალი. სიშიშვლე ბიბლიაში ადამიანის უძლურების სინონიმია, უფრო ღრმა აზრით კი ეს არის უძლურება ცოდვილი მდგომარეობისა. ამრიგად, ადამსა და ევას აღეხილათ თვალი არა იმისთვის, რომ ღმერთებად ქცეულიყვნენ, როგორც გველი არწმუნებდათ, არამედ იმისთვის, რომ დაენახათ თავიანთი სიშიშვლე. აი, სწორედ ამას ესწრაფოდა კაცობრიობის მტერი.
"მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი... დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "ადამ, სადა ხარ?" (დაბ. 3:9). უფალი ადამის ადგილსამყოფელს არ კითხულობს; მისი სიტყვები მოწოდებაა საღვთო სიყვარულისა, მიმართული ცოდვილისკენ, მისი სინანულისკენ. უფალი ადამს იმას კი არ ეკითხება, სად არის იგი (განა შეიძლება, ღმერთს სადმე დაემალო?!), არამედ მის სულიერ მდგომარეობას კითხულობს. შემოქმედის ეს შეკითხვა ადამს სინანულის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ცოდვით დამძიმებული ადამი ამ შესაძლებლობას ვერ, უკეთ, არ იყენებს, პირიქით - დრტვინავს და საყვედურსაც კი ეუბნება ღმერთს. "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე. უთხრა (ღმერთმა): ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე (დაბ. 3:10-13). გამოდიოდა, რომ ყველაფერში თავად ღმერთი იყო დამნაშავე. შემოქმედს შეეძლო, მაშინვე დაესაჯა ადამი და ევა, მაგრამ კიდევ ერთხელ მისცა შეცდომის გამოსყიდვის შესაძლებლობა, ისინი კი კვლავ თავის მართლებას მოჰყვნენ.
მართალი იობი ამბობს: "მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს" (იობ. 9:15), ხოლო ადამი და ევა მართალნი არ ყოფილან, ისინი დამნაშავენი იყვნენ.
"უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!"
იკითხავთ, თუ საბედისწერო რჩევა ადამიანს სატანამ მისცა და გველი მხოლოდ იარაღად გამოიყენა, რატომ დაისაჯაო ეს ცხოველი ამგვარად? ეს ღვთის უდიდესი კაცთმოყვარეობის მაგალითია - როგორც მოყვარული მამა დაამტვრევს დანას, რომლითაც მისი შვილი მოკლეს, ასევე განუწესებს კაცთმოყვარე უფალი გველს სამუდამო სასჯელს (წმინდა იოანე ოქროპირი). ამასთანავე, უფლის სიტყვები მიმართულია არა მხოლოდ გველისკენ, არამედ კაცობრიობის მტრისკენაც, რომელიც მისი პირით მეტყველებდა.
საგულისხმოა კიდევ ერთი რამ: "დედაკაცის თესლში" მაცხოვარი იგულისხმება. მაგვარად, შემოქმედის ეს სიტყვები სასჯელთან ერთად ნუგეშიც იყო, პირველი სახარება გამომხსნელის მოვლინებისა.
უფლის მრისხანების ზარმა ჯერ გველისა და მასში დაბუდებული სატანისთვის ჩამოჰკრა. ამით შემოქმედმა კიდევ ერთხელ მიანიშნა ადამს და ევას, გულით შეენანათ თავიანთი საქციელი, მაგრამ ამაოდ, ამიტომ სასჯელმაც აღარ დაახანა.
"დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (დაბ. 3:16).
შვილთასხმა - ნიშანი განსაკუთრებული ღვთიური მადლისა, გადაიქცევა მწუხარებისა და ტანჯვის წყაროდ.
ევა ადამისთვის შემწე იყო, დაცემის შემდეგ კი ქალი უკიდურესად დაჩაგრული აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ძველ აღმოსავლეთში, სადაც ქალს, ფაქტობრივად, მოსამსახურის ფუნქცია ეკისრა. მხოლოდ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ შეძლო ქალის როლის ახლებური გააზრება და წარმოდგენა.
"ხოლო ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე, ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული გქონდა, მიწა დაიწყევლოს შენს გამო, ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე, ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად იქცეოდე... რამეთუ მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე" (დაბ. 3:17-19). უფალმა ევაც დაწყევლა, მაგრამ ადამში კვლავ ვერ პოვა სინანული და მასაც განუწესა სასჯელი.
"თქვა უფალმა ღმერთმა: ...არ გაიწოდოს (ადამმა) ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ" (დაბ. 3:22-24). ღმერთმა ადამი და ევა სამოთხიდანაც ისევ მათდა სასიკეთოდ გამოაძევა - რაკი მარადიული სიცოცხლე ღვთის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა მარადიული ტანჯვა, პირველი ადამიანების ედემში დარჩენა მიზანშეწონილი არ იყო.
ლევან მათეშვილმა