მებოდიშები, რომ ყოველთვის სასიხარულო ამბებს ვერ მწერ. მომწერე ის, რაც არის - სასიხარულოც და უსიხარულოც. თუმცა იცოდე, რომ მუდმივად მხიარულ ამბებს ძალზე უსიხარულო შედეგებამდე მივყავართ. ბუნებაშიც ვხედავთ: ყოველთვის არ დგება საამო გაზაფხული და ნაყოფიერი ზაფხული; წვიმიანი შემოდგომა და ცივი, თოვლიანი ზამთარი შეგვაწუხებს ხოლმე, იტბორება მინდვრები, უბერავს ქარი, ქარიშხლები, ამას ემატება მოუსავლიანობა, შიმშილი, ათასნაირი შფოთი და ავადმყოფობა, და სხვა მრავალი უბედურება. ყველაფერი ეს საჭიროა, რომ ადამიანმა ისწავლოს კეთილგონიერება, მოთმინება, თავმდაბლობა, ვინაიდან კეთილდღეობას უმეტესწილად ივიწყებს, ხოლო სხვადასხვა მწუხარებისას უფრო ყურადღებიანი ხდება.
მწერდი, რომ შინაგანმა ხმამ შთაგაგონა: "უფლის მიერ განისვენეო". მეკითხები, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები. ვფიქრობ, პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ვისაც უფლის მიერ განსვენება სურს, უნდა ეცადოს აღასრულოს ღვთის ყველა მცნება, სიტყვისაებრ დავით წინასწარმეტყველისა: "ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე" (ფს. 118,128).
ვინც უფლის მიერ განსვენებისკენ მიდის, უნდა აიძულოს თავი, მტრები უყვარდეს, აკურთხოს მაწყევარნი, კეთილი უყოს მოძულეებს და ილოცოს მათთვის, ვინც მძლავრობს და დევნის მას. უამისოდ ვერ შევძლებთ უფლის მიერ სრულყოფილ განსვენებას. რამდენადაც თავს გავიმართლებთ და სხვებს ბრალს დავდებთ, იმდენად მოგვაკლდება სულიერი სიმშვიდე, სიტყვისაებრ ფსალმუნისა: "მშვიდობაი მრავალ არს მათთანა, რომელთა უყვარს სჯული შენი" (ფს. 118,165).
...სიმშვიდის მოსაპოვებლად სულ არ არის საჭირო, შორ გზას დაადგე, სჯობს საკუთარ სახლში დამდაბლდე - ეს უფრო ადვილი იქნება. მხოლოდ სამეუფო პირნი მიდიან უცხო ქვეყანაში სიმშვიდის მოსაპოვებლად. საჭიროა თავს სიმდაბლე და თვითგანქიქება ვაიძულოთ. კეთილგონიერ ავაზაკს წვივები გადაუმტვრიეს, ის კი უფლის მიერ დაპირებული ზეციური სასუფევლის გამო ყველაფერს ითმენდა. მე და შენ კი როგორ გვინდა, ღვთის წყალობა მივიღოთ?
დაუფიქრდი, დაო! კიევში ოჯახური პრეტენზიების გამო კი არ მიდიან, არამედ მოსალოცად.
მოკლედ გეტყვი, რომ უდროოდ დაიწყე სხვათა ხასიათის გამოსწორება და საკუთარი მოჩვენებითი უფლებების დაცვა. თუ ჩვენ გვსურს, ღვთის წყალობა და ცოდვათა მიტევება მივიღოთ, მერე კი ღვთის სასუფეველი დავიმკვიდროთ, ყური უნდა ვუგდოთ, რასაც უფალი გვეუბნება და არა იმას, რასაც შთაგვაგონებენ სულიერი მტრები და რისკენაც აღგვძრავს ჩვენი ამპარტავნული თავმოყვარეობა. უფალი თავის სახარებაში გვეუბნება: "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსვენებაი სულთა თქვენთა. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს". მტრის უღელი კი, როგორც შენ გამოსცადე, მძიმეა, ძალზე სასტიკია და საკმაოდ დამტანჯველი. ამიტომაც დაუტევე გზა ესე სიბოროტისა და დაადექი გზას მარჯვნივ მიმავალს. მივესალმები შენს დებს.
სხეული არ მოითმენს ერთ ლაქასაც კი თავის სახეზე, არც საკუთარ ხელთა არაწმინდებას შეიწყნარებს და არც დაკერებულ სამოსს. სული კი თავიდან ბოლომდე არაწმინდებითაა შებილწული, ცოდვის ერთი ჭაობიდან მეორეში გადადის და ხშირად თავისი ფარისევლური აღსარებით, არათუ სამოსელს არ შეიცვლის, უფრო იმრავლებს საკერებლებს ტანისამოსზე.
სხეულს კეთილდღეობისთვის ათასნაირი გასართობი და ამქვეყნიური სიტკბოება სჭირდება. მათი ძიება ხშირად მთელ ოჯახს გამოფიტავს, მოაუძლურებს, მაგრამ ადამიანები მზად არიან, ყველაფერი გაიღონ ამისთვის. საცოდავი სული, ერთი საათი თუ აქვს კვირა დღეს საღმრთო ლიტურგიის მოსასმენად განკუთვნილი და სულ რამდენიმე წუთი დილა-საღამოს სალოცავად. ძლივძლივობით შეაგროვებს ერთ მუჭა სპილენძის მონეტებს მოწყალებად გასაცემად და კმაყოფილია, როცა სიკვდილს კვირაში ერთხელ მაინც ამოოხვრით გაიხსენებს.
სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იცვლიან ჰაერს, საცხოვრებელს, მოუხმობენ გამოცდილ და რჩეულ ექიმებს, თავს იკავებენ საჭმელ-სასმლისგან, იღებენ ყველაზე მწარე წამალს, საკუთარი თავის გაკვეთისა და დადაღვის ნებას აძლევენ, ხოლო სულის ჯანმრთელობისთვის, საცთურებისგან თავის დასაღწევად, ცოდვის წყლულის მოსაშორებლად ნაბიჯსაც არ დგამენ, იმავე შეხუთულ გარემოში რჩებიან, თავს არც ცუდ საზოგადოებას ანებებენ და არც ბიწიერების სახლს. სულის მკურნალს არ ეძებენ და თუ იპოვიან, ისიც - უცნობსა და გამოუცდელ მოძღვარს და მის წინაშე მალავენ იმას, რაც ცნობილია ზეცისა და ჯოჯოხეთისთვის და რითიც თვითონვე იწონებენ თავს საზოგადოებაში.
როცა სხეული კვდება, მწუხარებენ და სასო წარეკვეთებათ, ხოლო როცა სული კვდება სასიკვდინე ცოდვით, ხშირად ამაზე არც ფიქრობენ.
აი, ასე, არ ვიცით ღირსება ჩვენი სულისა და ადამისა და ევას მსგავსად, გავცემთ სულს ლამაზი შესახედაობის ვაშლისთვის. უკიდურეს შემთხვევაში, რატომ არ ვტირით ვითარცა ადამი და ევა? სულის დამკარგავი უფრო მწარედ უნდა ტიროდეს, ვიდრე ჰგოდებდა იერემია, ოდეს სამშობლოს უბედურებას დაიტირებდა.
ჩვენ უფრო მეტად სიკეთეთა მოხვეჭას ვლამობთ და, სამწუხაროდ, ისიც მხოლოდ დროებითის და მიწიერის. გვავიწყდება, რომ მიწიერი სიკეთე დაუდგრომელია და მსწრაფლწარმავალი, ზეციური სიკეთენი კი დაუსრულებელი და წარუტაცებელია.
ყოვლადსახიერო უფალო! შეგვეწიე, რომ მოვიძულოთ ყველაფერი მსწრაფლწარმავალი და მხოლოდ ჩვენი სულების ხსნისთვის ვიზრუნოთ.
* შენ არ მოგწონს, რომ ნ. მეუღლეს მარხვის დღეებში სახსნილო სუფრის გაშლას აიძულებს. დიახ, შეუძლებელია, ვინმე კეთილად მზრახველს ეს მოეწონოს, ახალი და მოდური ადამიანის გარდა. შეგიძლია, მას ცალკე უთხრა, ნუ აიძულებს ცოლს, თორემ ამას საზიანო, მისთვის უსიამოვნო შედეგები მოჰყვება, რადგან თუ ცოლი, მისი სიამოვნებისთვის, თავიდან დაიმძიმებს სინდისს წმინდა მარხვათა არად ჩაგდებით, შემდეგ უკვე სხვა რამესაც არად მიიჩნევს. ბოროტება კი ერთ მდგომარეობაში არ ჩერდება, ჩვეულებისამებრ იზრდება და ემატება.
ფსალმუნის სიტყვები, "ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ" (ფსალ. 127,2), ნიშნავს: ვინც თავიდანვე განსაკუთრებით პატიოსნად ცხოვრობს, ღვთის შიშით და საკუთარი სინდისის დაცვით, ასრულებს ღვთის მცნებებს, ის თავის დროზე მოიწევს სულიერ ნაყოფს, როგორც ბრძანებს წმინდა მოციქული: "ხოლო ნაყოფი სულისაი არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება". ქრისტიანი, როცა ასეთ ნაყოფს მოიწევს, თუმცა კვლავ განაგრძობს ღვაწლსა და კეთილმოშურნეობას, მაგრამ ახლა მისი შრომა უფრო მსუბუქია და სასიხარულო, ღვთის მადლის შეწევნისა და უფლის იმედით. ვინც ცუდად ცხოვრობს, ღვთის მცნებების საწინააღმდეგოდ, ის ბოროტ ნაყოფს მოსწყვეტს, ანუ ბოროტსა და მანკიერ ჩვევებს. თუ ამის მერე ღვთისკენ მოქცევასა და პატიოსნად ცხოვრებას მოისურვებს, ბოროტი ჩვევები სრულ თავისუფლებას არ მისცემენ, ამიტომაც ასეთ კაცს ღვთისმოშიშების საქმეების აღსრულება უძნელდება...
* ექიმი გირჩევთ, მარხვის დღეებში სახსნილო საკვებით იკვებოთ, თქვენ კი ყოყმანობთ და გაინტერესებთ, რას გეტყვით. ვფიქრობ, თუ მთელი დიდი მარხვა სახსნილო საჭმლის გარეშე გაძელით, რა გიშლით, კვირაში ორი დღეც იმარხულოთ? ექიმის სიტყვებს ნამეტანი ნუ დაეყრდნობით, რადგან ისინი უმეტესად უფრთხიან და ეწინააღმდეგებიან მარხვას.
გამიგია, რომ მოსკოვში მხოლოდ ერთი ექიმია მარხვასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი აზრისა. თვითონ ის ლუთერანია და, მგონი, საერთოდ არ ჭამს ხორციან საჭმელებს და არც ავადმყოფებს აძალებს. თუ გსურს, რჩევა მასაც ჰკითხე. ის მოსკოვის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია. თუ თევზის კერძი გვნებს, მაშინ შეგიძლია სხვა რამით შეცვალო.
სნეულებები და უსიამოვნო შეგრძნებები სულიერი სიკეთისთვის, უპირველესად, ჩვენი დამდაბლებისთვის გვევლინება, რომ უფრო დაკვირვებულად და გონივრულად ვიცხოვროთ. ჩვენს მონასტერში ბოლო ხანს რომ გვსტუმრობდი, რაღაც უცნაურ გუნებაზე იყავი, თითქოს ვიღაცაზე გამწყრალი, თითქოს ვიღაც დამნაშავეს ეძებდი. კითხვა ვერ გავბედე, ყოვლადსახიერი ღვთის განგებას მივანდე, გონს მოეყვანე. უფალმა გონს მოგვიყვანა იმით, რომ უეცრად სნეულებები მოგვივლინა, უსიამოვნო შემთხვევებიც დაგვატეხა თავს იმ ადამიანთაგან, რომლებმაც ადრევე გაგვანაწყენეს. ამიტომ დამდაბლდი ღვთის ძლიერ ხელთა წინაშე, უფლისგან შეწყალება და მოსალოდნელ მწუხარებათაგან განრინება ითხოვე.
* ძალიან მიხარია, რომ შენმა მსახურებმა ოთხშაბათ-პარასკევის პატივის მიგება დაიწყეს და აღარ არღვევენ მარხვის საეკლესიო კანონს. გერმანელების და სხვა უცხოტომელთა მაგალითებმა შეაცდინეს რუსი მართლმადიდებლები. ისინი მარხვას პატივს არ მიაგებენ - სახსნილოს ჭამა მცირე ცოდვაა, ან საერთოდ არ არის ცოდვა. ეს რომ მართალი იყოს, მაშინ ადამს და ევას სამოთხიდან არ გააძევებდნენ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამისთვის, ეს ხე კი ლეღვის ხე იყო. ცოდვის ძალა ხის ნაყოფში კი არ დევს, არამედ აკრძალვასა და ურჩობაში. ასეა ახლაც, ცოდვა საჭმელში კი არის, არამედ აკრძალვასა და ეკლესიის კანონთა ურჩობაში. უფალი ხომ გვეუბნება სახარებაში: "ვინც ეურჩება ეკლესიას, შენთვის იყოს, ვითარცა წარმართი და მეზვერე". განა კარგ დღეში იქნებიან ისინი, ვინც საშინელ სამსჯავროზე წარმართთა შორის აღმოჩნდება? აჯობებს, რუსმა მართლმადიდებელმა გერმანული ანდა სხვა უცხოური ტრადიციისამებრ კი არ იფიქროს და იმოქმედოს, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის წესისამებრ მოიქცეს. მოციქული ბრძანებს: ერთია ღმერთი, ერთია სარწმუნოება (შეადარეთ - ეფესელთ. 4,5), ანუ როგორც ჭეშმარიტი ღმერთი ერთია, ასევე ერთადერთია ჭეშმარიტი სარწმუნოებაც, რომელმაც დასაბამი იერუსალიმიდან მიიღო და არა რომიდან. მართლმადიდებელი სარწმუნოება მთელ მსოფლიოში ერთიანია - იერუსალიმშიც, ანტიოქიაშიც, საბერძნეთშიც და რუსეთშიც...