კვირას მზერა მიწიდან ზეცისკენ უნდა მივმართოთ. ვიფიქროთ მარადიულ სამყოფელზე, ცათა სასუფეველზე, სადაც მკვიდრობენ უფლის მიერ მოწოდებულნი, რომლებმაც ღვთისა და მოყვასის სიყვარული გულის ფიცარზე ამოიტვიფრეს, ერთადერთ მიზნად დაისახეს დამბადებლის მარადი ერთგულება, რაც ღვთის მცნებათა აღსრულებით გამოიხატება, შედეგად კი რჩეულნი ეწოდათ. თვით უფალი ბრძანებს: "მრავალია წოდებულ, ხოლო მცირედი რჩეულ". ღვთის სიყვარულით გულანთებულნი ხდებიან რჩეულები. მათთვის კი მზრუნველ მამას განმზადებული აქვს მარადიული სამყოფელი თავის წიაღში, სადაც მხოლოდ ნეტარება სუფევს.
"წმინდა ჰყავ იგი", - ბრძანებს უფალი კვირა დღის შესახებ. რას გულისხმობს ეს სიტყვები? უფალი იმას კი არ მოითხოვს, რომ ვიღვაწოთ, რათა მეშვიდე დღე იყოს წმინდა, არამედ ამ დღეს განსაკუთრებით ვიზრუნოთ ჩვენი სულების განწმენდისათვის. თუკი კვირის განმავლობაში ექვსი დღე ისე გავა, რომ სულ მცირე დროსაც კი ვერ გამოვნახავთ სიკეთის ქმნისთვის, ავადმყოფების, პატიმრებისა თუ უპოვარების ნახვისა და ნუგეშისცემისთვის, მოწყალების გაღებისთვის, კვირის ბოლო დღეს, ღვთის მცნებისამებრ, უნდა დავისვენოთ ყველდღიური წარმავალი საქმიანობისგან და წარუვალი სიმდიდრის მოხვეჭისთვის გავისარჯოთ.
სიწმინდე არის მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. უდავოა, ამ მიზანს მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით ვერ მივაღწევთ; ღვთის მადლის გარეშე უძლურნი ვართ. ღვთიური მადლი კი ჩვენზე უფლის მიერ დაწესებულ შვიდ საიდუმლოში მონაწილეობით გადმოდის, რომლებიც ეკლესიაში აღესრულება. ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.
კვირა დღეს უპირატესი, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღებაა. თუკი ხორცის საკვები პურისთვის თავს არ ვზოგავთ, რაც მხოლოდ რამდენიმე საათით ანაყრებს ჩვენს სხეულს, რაოდენ მეტად უნდა გავისარჯოთ იმ საზრდოს მოპოვებისთვის, რომელიც მარადიულად ასაზრდოებს ჩვენს სულს. განა თვით მაცხოვარი არ ეუბნება სამარიტელ დედაკაცს იაკობის წყაროსთან: "შენ რომ იცოდე ღვთიური ნიჭი და ის, თუ ვინ გეუბნება, შემასვი წყალიო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და იგი მოგცემდა ცოცხალ წყალს... ყველას, ამ წყლის მსმელს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ არ მოსწყურდება, რადგან მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს". ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დავიზაროთ წირვა-ლოცვაზე წასვლა, რადგან ამ დროს ზეციდან უდიდესი მადლი გადმოდის ჩვენზე, რომელიც გვაძლიერებს რწმენაში, გვმატებს სულიერ ძალებს, რათა უფრო მეტი მონდომებით ვიშრომოთ სულიერ კიბეზე თუნდაც ერთი საფეხურით წინ წაწევისთვის.
დამბადებლის მიერ თავისუფალი ნებით დაჯილდოებულებს გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და საშუალება. სწორედ ამ დროს მჟღავნდება, რისკენ მივილტვით: მზად ვართ, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წავიდეთ და სამაგიეროდ ღვთისთვის სათნო არჩევანი გავაკეთოთ თუ მხოლოდ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის ვარსებობთ. კვირა დღესაც ხშირად ვდგებით ასეთი არჩევანის წინაშე. უნდა გადავწყვიტოთ, უპირატესობას ტაძარში წასვლასა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობას ვანიჭებთ თუ მაინცდამაინც ამ დილით გამოჩენილ საქმეს, რომლის გაკეთებაც არცთუ იშვიათად საჩქარო არც არის.
ასეთ დროს გავიხსენოთ იესო ქრისტეს სტუმრობა მართასა და მარიამთან, რომელიც ლუკას სახარებაშია აღწერილი: იესო "შევიდა ერთ სოფელში. ვინმე დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიღო იგი სახლში. მას ჰყავდა და, მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი ზრუნავდა მრავლად გამასპინძლებაზე. ის მიუახლოვდა და უთხრა: "უფალო, ნუთუ შენ არ გეხება ის, რომ ჩემმა დამ მარტოდმარტო დამტოვა მომსახურებისთვის? უთხარი, რომ მომეხმაროს". და უფალმა ასე მიუგო პასუხად: "მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ. საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი ნაწილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას".
მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ არ აძაგა მართას ქმედება, მაგრამ თვალნათლად დაგვანახა, რომ უპირატესი ღვთის სიტყვის მოსმენაა. უფლის სიტყვას კი დედაეკლესიაში ვისმენთ.