მცონარება მიძინებაა სულისა, უფლისგან ბოძებული საგანძურის დაცარიელებაა
05.02.2009
ვინც სათნოებებსა და კეთილ საქმეთა აღსრულებას უფალს არ მიაწერს, ის ამის მოქმედად თავის თავს მიიჩნევს, რითაც ბადებს თვითკმაყოფილების, ქედმაღლობისა და ამპარტავნებისგან ნაშობ მედიდურობის გრძნობას
, რაც, თავის მხრივ, მიღწეულით კმაყოფილებას, მოდუნებასა და მოშვებულობას შობს, ეს უკანასკნელი კი ზედაპირულობასა და სიზარმაცეს, რომლებიც კვებავს და ასაზრდოებს გულმავიწყობასა და გონებაგაფანტულობას. ყოველივე ეს სულიერი წინსვლისა და განვითარების შემაფერხებელი და გამომფიტველია, რითაც სულის კვდომასა და საუკუნო სატანჯველს მივეახლებით. ვინც მცონარებას ებრძვის და ამარცხებს, იგი მისგან ნაშობ გულმავიწყობასა და ზედაპირულობასაც უკუაგდებს და კლავს.
მცონარება მიძინებაა სულისა, ბრძოლის ველზე მყოფი გუშაგის თვლემაა, რომელიც უბრძოლველად ნებდება და იძლევა მტრისგან. მცონარება სულიერ ძალთა მოდუნებაა, გაფანტვაა, უფლისგან ბოძებული საგანძურის დაცარიელებაა.
რა არის მიზეზი მცონარებისა? რწმენის ნაკლებობა, ჩვენი სულების მტრების არდანახვა, სულიერი რეალობიდან მოწყვეტა, სიზმარში, წარმოსახვებითა და ცრუ ვნებებით აღსავსე გარემოში მყოფობა.
მცონარება სიზანტე, მოუქნელობა, განუვითარებლობა, ძილის მოყვარულივით მარად "მთქნარებაა" სულისა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს, ამტკიცებს მღვიძარებასა და ინტერესს ეშმაკისა და თითოეული ჩასაფრებული მტრისა. ზარმაც კაცს საკუთარი თავისთვის საკვების მიწოდება და სტომაქის ამოვსება არ ეზარება, განსხვავებით მცონარისაგან, რომლის სულიერი სტომაქიც მარად განიცდის შიმშილსა და სიცარიელეს სათნოებისა და მადლისმიერი საკვებისაგან.
მცონარე კაცი ეშმაკის მძლავრი იარაღია. რაღა მცონარე სული და რაღა ნელ-ნელა, ჟამითი-ჟამად მკვლელი საკუთარი თავისა. იძულება, შემართება, მხნეობა - ეს ის სათნოებანია, რომლებიც ებრძვის და აღმოფხვრის მომწამვლელ, შხამიან ფესვს მცონარებისას. სულიერი სიბეჯითე, მოშურნეობა ნაყოფია საკუთარ თავზე ძალდატანებისა, იძულებისა, ღვთივსათნო შრომისა. ამ ნიჭს გამომუშავება და თავდაუზოგავი ღვაწლი სჭირდება, რათა ჩვევად და მეორე ბუნებად გვექცეს. აუცილებელია, მონდომებით, დაუღალავად ვაკაკუნოთ მოშურნეობის, უფლისკენ მისწრაფების, შემართების კარზე, რათა დროულად გაგვეღოს კეთილი მასპინძლის მიერ. მხოლოდ ბეჯით, მადლსა და სათნოებებს დაწაფებულ სულს შეუძლია მიუახლოვდეს უფალს, უერთგულოს მას. ამგვარი სული მღვიძარებასა და სიფხიზლეს სწავლობს, ეჩვევა და ბრძენი დარაჯივით განაგდებს სულის საქურდავად ღამით მოსულ მტრებს.
როგორც ხორციელი არსებობისთვის, სიჯანსაღისთვის არის აუცილებელი შრომა, გარჯა, ლუკმაპურის მოპოვება, რომელიც ხშირად არათუ სიყვარულით, არამედ პასუხისმგებლობისა და საჭიროების გათავისებითა და შეგნებით კეთდება, სულიერი ცხოვრებაც თავდაპირველად ვალდებულებებისა და მოვალეობების გააზრებით იწყება, რომელიც მოთმინების, გამოცდილებისა და ჩვევის ქურაში იწრთობა. გამოიწვება და ჭეშმარიტ სიყვარულად გარდაიქმნება. მართალია, ჩვენი უძლურებისა და დაცემულობის გამო ხშირად გვეზარება სულისთვის სასარგებლო საქმეთა აღსრულება, მაგრამ აუცილებელია გავაცნობიეროთ მათი საჭიროება, სარგებლობა, დანიშნულება სიცოცხლისა და უკვდავებისთვის. სწორედ ამის დანახვა და შეგრძნებაა საჭირო, რომ უფლის შეწევნით ვძლიოთ მცონარებას - სულიერსა და ხორციელ სიზარმაცეს, რომლებიც ურთიერთისგან გამომდინარეობს და ერთიმეორეს ასაზრდოებს. ყოველივე ეს რწმენასა და უდიდეს ნებისყოფას უკავშირდება, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მცირეოდენი წინსვლაც კი ქრისტიანობაში. უფალს დღითიდღე უნდა შევთხოვოთ, მოგვმადლოს ნიჭი შრომისა, სიბეჯითისა, შემართებისა, რადგან მათშია დაფარული სიტკბო და გემო მართლმადიდებლობისა.
გულისხმიერება საოცარი სიბრძნეა, ცხოვრების ნაყოფით დახუნძლული რწმენის ერთ-ერთი ტოტია, რომლითაც მრავალი ცოდვილი წმინდანად ქცეულა და უფლის მეგობარი გამხდარა. სადაც არ არის შრომა, იძულება, ძალდატანება, იქ არ არის მონდომება და, შესაბამისად, სურვილი ცხონებისა, ხოლო ვისაც ცხონება არ სურს, მას მარადიული სიკვდილისთვის გაუწირავს თავი. უფალმა ინებოს (რაც ჭეშმარიტად მისი ნებაა), რომ ყოველ ადამიანს გაეთავისებინოს, გაეცნობიერებინოს ძალა და მადლი ამ ღვთიური ნიჭისა, ზეციური წყალობისა, რომლითაც მრავალი სათნოებისა და მადლის მომუშაკებაა შესაძლებელი. მოშურნეობა მწვრთნელია სულიერ გზაზე, რომლითაც ნიჭთა მრავალფეროვნება, კეთილ საქმეთა შესაძლებლობა იზრდება, ვითარდება და მართებულად მიემართება ერთარსება დაუსაბამო სამებისაკენ, რომელშიც იძენს და იმოსება უკვდავებით, მამის, ძისა და სულიწმინდის დიდებით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.