გაწუხებთ ათონის წმიდა მთაზე წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში ბერად აღკვეცილი ქართველის ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) დედა ზუგდიდიდან.
თქვენი ჟურნალის 2005 წლის მე-10 (17.06-30.06) ნომერში დაიბეჭდა წერილი, რომლითაც მან თავისი ბერად აღკვეცის შესახებ მამცნო მე და მთელ საქართველოს.
მას მერე კარგა ხანი გავიდა. მე-8 წელია უკვე, ათონის წმიდა მთაზე მოსაგრეობს ჩემი შვილი და ყოველთვე თითო წერილს მიგზავნის მხოლოდ მე - დედას. ასეთია მოძღვრის კურთხევა და მხოლოდ ასე ვუკავშირდები მას.
7 წლის ბერად მსახურების შემდეგ გასული წლის აგვისტოში გამოეყო თავის საძმოს წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრიდან, მოძღვრის - მამა მაკარის კურთხევით წავიდა განდეგილად და წმიდა ექვთიმე დიდის სენაკში დასახლდა, რომელიც ამ მონასტრის ახლოს მდებარეობს და მის კელიად ითვლება.
ჩავთვალე საჭიროდ, თქვენთვის გამომეგზავნა მისი ბოლო წერილი, სადაც ყველას გვილოცავს შობა-ახალ წელს და გვიხსნის, რატომ არის საჭირო მისი განდეგილობა და როგორ ცხოვრობს იქ.
იმედი მაქვს პირადად თქვენი და თქვენი ნიჭიერი კოლექტივის, რომ ამ წერილს უყურადღებოდ არ დატოვებთ და გამოაქვეყნებთ თქვენი დიდებული ჟურნალის რომელიმე ნომერში.
საქართველოს ამ ძნელბედობის ჟამს აუცილებლად სჭირდება ისეთი ადამიანების ლოცვა, როგორიც ბერი ერმოლაოსია, ქართველ ხალხს კი მეტად სჭირდება მომავლის იმედი. იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ ისე, როგორც გვახარებს თქვენი ჟურნალის ყოველი ნომრის გამოსვლა და წაკითხვა!
წინასწარ გიხდით მადლობას ბერი ერმოლაოსის დედა
ზოია ჭეჟია
გამარჯობა, ჩემო კეთილო ნათესავებო, ჩემო საყვარელო მშობლებო, ჩემო ძვირფასო დებო და დისშვილებო, ჩემო სათნო რძალო და ჩემო პატარა შვილიშვილო!
ყველას ერთად გილოცავთ დამდეგ 2009 წელს. დაე, ის შემობრუნების წელი ყოფილიყოს, შემობრუნებისა ყველა სფეროში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამხნეოთ, ჯანმრთელობა და სულის სიმტკიცე მოგცეთ! მე მჯერა, რომ ნელ-ნელა დალაგდება ცხოვრება და ჩვეული მშვიდი დინებით წავა. დათოც მოეწყობა სამსახურში და დიდი კაცი გახდება. იყავით უფლის იმედით, იყავით მადლიერნი ყველაფრისათვის, იცხოვრეთ სიყვარულისთვის და ღმერთი არ მიგატოვებთ. მომიკითხეთ ყველა დანარჩენი ახლობლები. ჩემი სახელით ყველას მიულოცეთ ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული.
ვიცი, თქვენ ყველას ჩემი ამბავი გაინტერესებთ, გასაკუთრებით შენ, დედა. მთხოვ შენს წერილში, რომ დაწვრილებით მოგწერო ჩემი ახალი ცხოვრების შესახებ. მანამდე კი ერთი რამ მინდა გთხოვო: ნუ ტირი ჩემ გამო, - ეს ღვთის განგებულების უარყოფაა, მისი მოწყალების უარყოფაა და საერთოდ ურწმუნოებაა. განა ტირის ის დედა, რომლის შვილი მეფემ თავის პირად დაცვაში მოიწვია და მასთან ერთად სასახლეში ცხოვრობს, თუნდაც დედამ არ იცოდეს, როგორ პირობებში ცხოვრობს ის? ან განა ყველა დედას ნუგეშად არა აქვს დედა ღვთისმშობლის მაგალითი, თუ რაოდენი რწმენით, მოთმინებით და თვითუარყოფით მიიღო მან თავისი შვილის მწარე ხვედრი? ერთხელაც არ უთხოვია თავისი ღვთიური შვილისთვის, რომ უარი ეთქვა ამ მძიმე ჯვარზე, თუმცა კარგად იცოდა, რომ მის შვილს ჰქონდა ყოველანაირი უფლება, ასე მოქცეულიყო, და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ამაღლდა თავის ვიწრო, ეგოისტურ დედაშვილურ მიდრეკილებაზე და გზა მისცა მაღალი, ზნეობრივი, ღვთიური მისიის აღსრულებას. მეც ამ მისიის ერთ-ერთი უმცირესი ნაწილაკი ვარ და სწორედ ეს არის ჩემი უსაზღვრო ბედნიერების საფუძველი. ამიტომ "ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა".
ასევე მინდა განგიმარტოთ, რომ ჩემი სულიერი ცხოვრების დეტალებზე იმიტომ არ ვამახვილებ ყურადღებას ჩემს წერილებში, რომ ეს ბერისთვის დაუშვებელია, ასეთი მოქცევა, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილგონივრული იქნებოდა. თქვენ იმით უნდა ინუგეშოთ თავი, რომ მე ზეციერი მეფის სამფლობელოში ვმოღვაწეობ, მისი ღვთიური დედის უშუალო მფარველობის ქვეშ ვარ, ამიტომ არაფერიც არ მაკლია.
რაც შეეხება განდეგილობას, ათონზე ბერული ცხოვრების ორი ფორმაა: ბერთა ნაწილი მონასტრებში ცხოვრობს, ნაწილი - განდეგილად, სენაკებში, კალივებში, გამოქვაბულებში და ხის ფუღუროებშიც კი. პირველნი საერთო საცხოვრებელი წესდებით ერთ საძმოდ არიან გაერთიანებულნი და ერთ იღუმენს ემორჩილებიან, როგორც სულიერ საკითხებში, ასევე ფიზიკური მორჩილების საკითხშიც. მეორენი კი, ანუ განდეგილები, საკუთარი ტიპიკონით (ტიპიკონი არის, ერის ენაზე, დღის წესრიგი) ცხოვრობენ, რომელსაც ან თვითონ საკუთარი სულიერი გამოცდილებით ადგენენ, ან უხუცესი ბერისგან იღებენ კურთხევით. თუ როგორი ფორმით უნდა იცხოვროს ბერმა, ეს განპირობებულია მისი სულიერი მდგომარეობით, მისი ხასიათით და ბევრი სხვა ფსიქო-სოციალური პირობებით. კურთხევას ცხოვრების ამა თუ იმ ფორმაზე სულიერი მოძღვარი იძლევა.
ზოგადად, ათონზე მიღებულია განდეგილობის ორი ფორმა: ერთი - როცა დამწყები მორჩილი მორჩილად უდგება უკვე გამოცდილ განდეგილ ბერს და სიკვდილამდე მისი ხელმძღვანელობით ცხოვრობს; და მეორე - როცა მორჩილი მონასტერში იწყებს მოღვაწეობას და მხოლოდ სულიერი განვითარების გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ იწყებს განდეგილ ცხოვრებას, ისევ ძველი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ან სრულიად დამოუკიდებლად. თუ რომელი გზა, რომელი ფორმა ერგება წილად ამა თუ იმ ბერს, ეს მხოლოდ უფალმა უწყის.
რაც შემეხება მე, ჩემი ათონზე მოღვაწეობის პირველივე დღეებიდან განდეგილობაზე ვოცნებობდი, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ სულიერად ამისათვის მზად არ ვიყავი. ამიტომ დიდი მოშურნეობით შევუდექი ჩემი სულიერი მოძღვრის მამა მაკარის კურთხევათა აღსრულებას და მხოლოდ შვიდი წლის მერე, ღვთის კურთხევით და ნებით, გახდა შესაძლებელი ჩემი სანუკვარი ოცნების შესრულება. მამა მაკარიმ მომცა კურთხევა, რომ ამავე მონასტის კუთვნილ წმინდა ექვთიმე დიდის სენაკში დავყუდებულიყავი. დიდება უფალს!
ეს სენაკი სულ 20 წუთის სავალ გზაზეა. ამიტომ ჩემს სულიერ მოძღვართან ძველებურად ინტენსიური კავშირი მაქვს, ყოველ შაბათს ვეზიარები მონასტერში. როცა ბერი მონასტრიდან განდეგილი ხდება, მაშინ მას მონასტერი ისევე უზრუნველყოფს ცხოვრებისთვის საჭირო პირობებით, - საკვებით, ტანსაცმლით, სათბობით, სამედიცინო დახმარებით, - როგორც ჩვეულებრივ მონასტრის ბერს. ის საძმოს წევრად რჩება, მონასტრის ბერები მისთვის ლოცულობენ, ის კი მათთვის.
ჩემი სენაკი კაპიტალურ შენობას წარმოადგენს. ოთახს აქვს რუსული "ფეჩი", შეშა კი სავსეა. ამ ზამთრისათვის სამყოფი ქართველმა ძმებმა (აქ მომუშავე ქართველებმა) დამიჭრეს. ღმერთმა დალოცოს ყოველი მათგანი! პროდუქტებს ყოველ შაბათს ვიღებ მონასტრის საწყობიდან, საცხოვრებელი ოთახის გარდა არის სამზარეულო გაზის "ფეჩით". ასე რომ, ნორმალური ცხოვრების ყოველგვარი პირობები მაქვს. შენობა (სიგრძით 40 მეტრია) კიბით ორად იყოფა და ერთ ბოლოში მე ვცხოვრობ, მეორეში - ერთი რუმინელი ბერი. ჩვენ ორივეს საკუთარი ტიპიკონი გვაქვს და ერთმანეთთან თითქმის არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს. ორივეს ტიპიკონით განსაზღვრული გვაქვს სრული მდუმარება, ამიტომ ერთმანეთს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში თუ ვესაუბრებით. თუმცა რუმინელი ძმა რუსულს ძლივს ლაპარაკობს, ამიტომ რომც გვინოდეს დიდხანს საუბარი, მაინც არ გამოგვივა. ერთ სენაკში კი იმიტომ განგვათავსეს, რომ დღესდღეობით მონასტერს საცხოვრებლად ვარგისი სხვა სენაკი არ აღმოაჩნდა, მაგრამ მამა მაკარი მპირდება, რომ აღდგომამდე რომელიმე სხვა სენაკს რესტავრაციას გაუკეთებენ და ან მე გადამიყვანს, ან მამა მირონს, და მერე სულ მარტო ვიქნები. მაღირსე, მოწყალე ღმერთო!
ახლა - თუ რა მიზანი აქვს განდეგილობას. განდეგილობა არის გულის განწმენდის საუკეთესო საშუალება. უდაბნოში (ასე ჰქვია განდეგილის სამოღვაწეო ადგილს) ყოველგვარი ადამიანური ცდუნება მინიმუმამდეა დაყვანილი, სამი ვნების მოთოკვაღა რჩება: ძილი, ჭამა და ჩაცმა. და თუ განდეგილმა ღვთის შეწევნით ეს სამი ვნებაც მინიმუმამდე დაიყვანა, ის თითქმის ანგელოზივით უვნებო ხდება და ამით მისი გული ნელ-ნელა იწმინდება. თან განდეგილი უწყვეტი ლოცვით ცდილობს ღვთის მადლის საკუთარი გულისკენ მომართვას და გარკვეული დროის მერე ის აქ, ამ მიწაზე, აღწევს ნეტარების ცნობილ დონეს: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". აი, განდეგილის მიზანი, საშუალება კი წმიდა ლოცვაა. აი, როგორ ფორმულირებას აძლევს წმიდა ისააკ ასური განდეგილს და, საერთოდ, ყოველი ბერის ლოცვით მისწრაფებას: "ყოველი ღვთისშვილისათვის ამქვეყნად ყოველგვარი სათნოების მწვერვალი წმიდა ლოცვაა, და თუ ადამიანი არ მოკვდება ყველა სხვა ადამიანთან მიმართებაში და საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი, მდუმარებაში არ იღვაწებს, როგორც მკვდარი კუბოში, მაშინ ის მას ვერ მოიპოვებს, ვინაიდან წმიდა ლოცვა ყველაფრისგან განდგომას მოითხოვს". აი, განდეგილის მიზანი: მოიპოვოს წმიდა ლოცვა, რომელიც ყოველგვარი უცხო ფიქრისა და აზრისგან თავისუფალია, გარდა ღვთიურისა, და ასეთი ლოცვით განიწმინდოს ყოველგვარი ადამიანური ვნებისგან გული, რათა ღმერთი იხილოს!!!
ალბათ მკითხავთ, განა მონასტერში არ არის ეს შესაძლებელი? არის. მონასტრულ ცხოვრებასაც აქვს ბევრი საჭირო მექანიზმი იმისთვის შემუშავებული, რომ ბერმა წმიდა, უწყვეტი ლოცვის მადლი მოიპოვოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხასიათის თავისებურებათა გამო საჭიროებენ უფრო ექსტრემალურ და მკაცრ პირობებს. ამას მხოლოდ უფალი წყვეტს და მოსაგრეს რაღაცნაირი ფორმით მიახვედრებს, თუ სად არის მის ადგილი. როგორ მიმახვედრა მე მოწყალე უფალმა, თუ რა უნდა ვაკეთო, ამის შესახებ სწორედ არ მაქვს უფლება და კურთხევა დავწერო. სიტყვაზე უნდა მერწმუნოთ, რომ მე განდეგილი ღვთის ნებით გავხდი!!!
ათონზე განდეგილობა ძალიან დაფასებული ბერული ღვაწლია. არ არის მონასტერში ბერი, განდეგილობაზე რომ არ ოცნებობდეს, თუმცა ყოველი მორჩილებით ელოდება მოძღვრის ანუ ღვთის კურთხევას. საერთოდ, ქრისტიანული ბერული ცხოვრება განდეგილობით დაიწყო. პირველი ბერები: პავლე ფიველი, ანტონი დიდი, მაკარი ეგვიპტელი და სხვები - განდეგილები იყვნენ. სწორედ განდეგილ ბერთა ირგვლივ იკრიბებოდა საძმო და ფუძნდებოდა პირველი მონასტრები.
პირველი ათონელი ბერებიც განდეგილები იყვნენ: პეტრე ათონელი, ათანასე ათონელი და სხვები, - და მხოლოდ განდეგილად მოსაგრეობის ხანგრძლივი პროცესის მერე ითავეს მონასტრის დაარსება. ქართული მონასტრის დამფუძნებელი და პირველი იღუმენი წმიდა იოანე ათონელი მონასტრის დაარსებამდე ათი წელი შავ მთაზე დაყუდებული (განდეგილი) ბერი იყო, მერე ათანასე დიდს მორჩილად დაუდგა და მხოლოდ ამის შემდეგ ითავა მონასტის დაარსება. თვით დედა ღვთისმშობელმა განდეგილობა მოსაგრეობის ყველა სხვა ფორმათა შორის გამოარჩია: როცა მისი უწმიდესი ხატი ზღვით მოადგა ივერთა მონასტერს, მისი ზღვიდან გამოსვენების ღირსად დედა ღვთისმშობელმა განდეგილი გაბრიელი აირჩია, თუმცა იქვე ნაპირთან კორიფეები იდგნენ: ღირსი იოანე ათონელი, ღირსი იოანე-თორნიკყოფილი, ღირსი ექვთიმე ათონელი - ბუმბერაზი წმინდა მამები, მაგრამ ხატის გამოსვენება წილად ხვდა უცნობ განდეგილს.
არის ათონზე წინასწარმეტყველება, რომ მეორედ მოსვლის წინ დედა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონს და საქართველოში წაბრძანდება. და ვინ იცის, იქნებ მაშინაც საჭირო გახდეს ერთი განდეგილი...
მოკლედ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მართალია, ჩემი მონასტრული ცხოვრების შვიდი წლის განმავლობაში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ის, რასაც ახლა განვიცდი და ვგრძნობ, ენით აუწერელი ბედნიერებაა. მე არ ვიცი, კაცთმოყვარე უფალი რამდენ ხანს მაღირსებს ამ ბედნიერებით ტკბობას, მაგრამ ის ოთხი თვე, რაც აქამდე აქ გავატარე, უკვე ათასად აღემატება ყოველგვარ ჩემს ოცნებას და მოლოდინს. დიდება უფალს! დიდება დედა ღვთისმშობელს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელიწადს და შობის უდიდეს დღესასწაულს. მიენდეთ უფალს!
ბერი ერმოლაოს განდეგილი