თუ მოყვასი არ გიყვარს...
25.12.2008
არსი ქრისტიანობისა სიყვარულია - ეს არის უზენაესი მცნება უფლისა. იესო ქრისტემ მოგვიწოდა: "იყვარებოდეთ ურთიერთას და ესრეთ აღასრულეთ რჯული უფლისა".
მაცხოვარმა მოგვცა სიყვარულის ერთგვარი წესი: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, და შეიყვარე მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი". ამ სწავლების მიხედვით, ჭეშმარიტ აღმსარებლად ის ითვლება, ვინც დაძლია საკუთარი თავი და "მე"-ს წინ მოყვასის დაყენება შეძლო. ეს კი, ცხადია, საქმით უნდა გამოიხატებოდეს. ამასთანავე, ამ მცნების აღსრულება არ უნდა იყოს დროში განსაზღვრული, არამედ ყოველ წამს, ყოველ მოქმედებაში უნდა აისახოს მოყვასზე ზრუნვა.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს: "სრულყოფილი სიყვარული ჯერ კიდევ ვერ მოუპოვებია მას, ვინც ადამიანებს მათ ზნე-ჩვეულებათა მიხედვით ექცევა: ერთი უყვარს, მეორე სძულს ამა თუ იმ მიზეზის გამო, ანდა ერთი და იგივე ადამიანი ზოგჯერ უყვარს და ზოგჯერ სძულს ამავე მიზეზით". წმინდა მამა აქვე განმარტავს, რომ "სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური - როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, აიტანს მისგან მიყენებულ ზიანს, ბოროტებას არ აზღვევინებს, ეხმარება კიდეც, როცა ამას შემთხვევა მოითხოვს, რათა, თუ შესაძლებელი იქნება, ისიც თავის მეგობრად აქციოს. ხოლო თუკი ამას ვერ ახერხებს, უარს მაინც არ ამბობს მისადმი კარგ დამოკიდებულებაზე, ყოველთვის თანაბრად ამჟღავნებს სიყვარულის ნაყოფს ყველა ადამიანისადმი. ასევე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოხატა ჩვენდამი თავისი სიყვარული - ევნო მთელი კაცობრიობისთვის და ყველას თანაბრად მოგვანიჭა აღდგომის იმედი. თუმცა კი თითოეული თავად ხდის თავის თავს ან ნეტარების, ან ჯოჯოხეთის ღირსად".
როგორც ვნახეთ, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული ცვალებადი არ არის. ასეთი სიყვარულის უნარის მოპოვება კი ადვილი არ არის - ის მსხვერპლად ამპარტავნებას, ამბიციებს, პატივმოყვარეობასა და საკუთარი თავის სიყვარულს მოითხოვს. ამ სიმაღლემდე ასასვლელი გზა ეკლიანი და რთული გასავლელია. მხოლოდ თავმდაბალი, დიდი მოთმინებისა და ნებისყოფის მქონე ადამიანის წილხვედრია ასეთი სრულყოფილი სიყვარულის ნიჭი. უფალმა განუსაზღვრელი სიყვარულის გამო შექმნა კაცი თავის მსგავსად და ხატად და მიანიჭა სიყვარულის უნარი, რომლის განვითარებაზე თვით ადამიანმა უნდა იზრუნოს. სიყვარულს მთელი ცხოვრება უნდა ვსწავლობდეთ.
მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ამქვეყნიური მოღვაწეობისას ამხილა ფარისევლები, რომლებიც მხოლოდ სხვის დასანახად აღასრულებდნენ უფლის მცნებებს. წმინდა წერილი თითოეულ ჩვენგანს ამხელს: როგორ ამბობ, რომ გიყვარს უფალი, რომელიც არ გინახავს, როცა არ შეგიძლია შეიყვარო მუდამ შენ გვერდით მყოფი მოყვასი? მოყვასის სიყვარული კი მისი ტვირთის გაზიარებას ნიშნავს. გაჭირვების ჟამს მხარში უნდა ამოვუდგეთ არა მარტო ახლობლებს, არამედ სრულიად უცნობ ადამიანებსაც. თითოეულში ღვთის ხატებასა და მსგავსებას უნდა ვხედავდეთ, რადგან ყველანი ადამის შვილები ვართ. როგორ უნდა მოვიძულოთ მოყვასი მანკიერებათა გამო, ჩვენც ხომ პოტენციურად იმავე ცოდვის ჩამდენები ვართ. ჩვენ, როგორც ადამის შვილები, დავეცით ადამში, ამიტომ ყველა ჩვენგანის დაცემული ბუნება იდენტურია. სწორედ ამ დაცემის სასჯელისგან - სამუდამო სიკვდილისგან გამოგვიხსნა ძე ღვთისამ უსაზღვრო სიყვარულის გამო - დამდაბლდა ადამიანური ბუნების შემოსვით, ნებსით დაითმინა ვნება და ჯვარცმა და აღდგომით აღგვიდგინა დაცემული ბუნება. ამიტომ ცოდვაში ჩავარდნილ მოყვასს ნუ მივიძაგებთ; დახმარების ხელი გავუწოდოთ, რომ ცოდვის მორევიდან ამოსვლა შეძლოს. თუკი ყოვლადწმინდა უფალმა შეგვიყვარა ჩვენ, სრულიად დაცემულნი, და ჩვენთვის სიკვდილიც კი მიიღო, მით უმეტეს გვმართებს ერთმანეთის შეყვარება, ერთი ადამიანი მეორეს ხომ არაფრით აღემატება.
სტატიის ავტორი:
თინათინ მაჭარაშვილი