რა აღუთქვა ყოვლადსახიერმა უფალმა ძველი აღთქმის რჩეული ერის, ისრაელის მამამთავრებს - აბრაამს, ისააკს, იაკობს, იოსებსა და ბოლო მამამთავარ მოსეს?
უფალმა აღთქმა პირველად აბრაამს დაუდო, როდესაც უბრძანა, დაეტოვებინა მამის სახლი და იმ ქვეყანაში წასულიყო, რომელსაც უჩვენებდა. შემოქმედმა აღუთქვა: "შეგქმნი დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები და კურთხეული იქნება შენში მიწის მთელი მოდგმა". ამ გამოცხადებით უფალმა მიანიშნა, რომ აბრაამის წიაღიდან დაიბადებოდა ადამის მოდგმის მხსნელი. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამს არ შეეძლო, ბოლომდე ჩასწვდომოდა ღვთის სიტყვებს, მან უმორჩილესად აღასრულა უფლის ბრძანება.
მოგვიანებით აბრაამი ერთადერთ ძეს მსხვერპლად მიართმევს ყოვლის შემოქმედს, მისი სურვილისამებრ. ეს იყო რჩეული ერის უდიდესი მამამთავრის თავისუფალი ნების გამოცდა - იყო თუ არა ღირსი იმ აღთქმისა, რომელსაც უფალი ყოველ გამოცხადებაში უმეორებდა და ამ განსაცდელის გადატანის შემდეგ კვლავ გამოუცხადა: "იკურთხება შენი თესლით ქვეყნის მთელი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა".
თვით ისააკის მსხვერპლშეწირვაში კი წმინდა იოანე ოქროპირი ქრისტეს ჯვარცმის წინასახეს ხედავს. "შეხედე, საყვარელო, - მოგვმართავს წმინდა მამა, - რა წინასახეობრივია ყველაფერი: იქ - მხოლოდშობილი ძე ისააკი და აქაც - მხოლოდშობილი ქრისტე ღმერთი. იქ - საყვარელი და ჭეშმარიტი და აქაც - საყვარელი და ერთარსი ძე, როგორც მამა ღმერთი ამბობს: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ". ისააკი შეწირულ იქნა მამის მიერ სრულადდასაწველად. ქრისტეც შესწირა ზეციურმა მამამ, როგორც ბრძანებს წმინდა მოციქული პავლე: "ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ ჩვენ ყველასთვის გაწირა, განა მასთან ერთად ყველაფერს არ მოგვმადლებს?" ისააკის მხვერპლშეწირვაშივე გამოჩნდა უმანკო კრავი, რომლის შეწირვაც უბრძანა უფალმა აბრაამს ძის ნაცვლად".
აბრაამის კურთხევა გადადის ისააკზე - აღთქმის შვილზე, მისგან კი იაკობზე. სწორედ იაკობმა ნახა ღამეულ ხილვაში ანგელოზთა კიბე: "მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება. და უფლის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე. და აჰა, უფალი დგას მასზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისააკისა. ეს ქვეყანა, სადაც შენ წევხარ, შენთვის და შენი თესლისთვის მომიცია. შენი თესლი ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობა დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ. და იკურთხება შენით და შენი თესლით მიწის ყველა მოდგმა". როგორც წმინდა მამები განმარტავენ, კიბე სიმბოლური გამოხატულებაა ყოვლადწმინდა მარიამისა, რომლის წიაღშიც განკაცდა უფალი, ზეციური ღმერთი დედამიწაზე ჩამოვიდა.
იაკობის აღთქმის ძე კი იოსები იქნება. იოსები, რომელიც მოშურნე ძმებმა ეგვიპტელებს მიჰყიდეს. მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, იოსების სიზმარი, - რომ ეთაყვანებოდნენ მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი, - მაინც ახდა, როდესაც შიმშილის გამო იაკობი თერთმეტ ძესთან ერთად ეგვიპტეში ჩავიდა იოსებთან და თაყვანი სცა. წმინდა მამათა სწავლებით, იოსები ქრისტეს წინასახეობრივი პირია ძველ აღთქმაში. წმინდა კირილე ალექსანდრიელი წერს, რომ როგორც შურიანი ძმები ემტერებოდნენ იოსებს, რომელიც მამამ რჩეულობის ნიშნად განსაკუთრებული სამოსით შემოსა, ასევე დრტვინავდნენ ფარისევლები იესოს მიმართ, რომელიც მამა ღმერთმა დიდებით შემოსა. იოსების მთელი თავგადასავალი ქრისტეს დევნილებისა და ვნებათა, საბოლოო აღდგომა-ამაღლების წინასახეა. დევნილების მიუხედავად, იოსები ბოლოს ხომ უბრუნდება მამას. ის სიტყვები კი, ქრისტემ რომ წარმოთქვა თავისი მტრების მიმართ: "მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ", - პირველად იოსებისგან გვესმის. მანაც მიმართა ძმებს, რომლებმაც ასევე არ იცოდნენ, რას სჩადიოდნენ, ძმას რომ ყიდიდნენ: "ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არ ვარ? თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ მიიჩნია, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა".
იესო ქრისტეს შობის საიდუმლო ძველი აღთქმის რჩეული ერის ბოლო მამამთავარმა მოსემ იხილა, როცა ქორებზე, ღვთის მთაზე, რომლის ერთ-ერთი მწვერვალიც სინაა, ცეცხლწაკიდებული, მაგრამ შეუწველი მაყვალი დაინახა. მოსესთვის, რომელიც მწყემსად ამოჰყვა ცხვარს ამ მთაზე, ეს მხოლოდ საკვირველი სანახაობა იყო, ბუნების უცნაურ მოვლენათაგანი. "მივალ და ვნახავ ამ დიდ სახილველს, რატომ არ იწვის მაყვალი?" - იკითხა გაკვირვებულმა. აალებული ბუჩქიდან კი მოესმა: "მოსე, მოსე! ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმინდა მიწაა".
ეს ხმა არც ერთი ისრაელიანის ყურს არ სმენია ოთხასი წლის განმავლობაში. ეს ის ხმა იყო, რომელმაც აღუთქვა იაკობს, რომ არ მაიტოვებდა, მასთან ერთად იქნებოდა ეგვიპტეში და გამოიყვანდა იქიდან. მაგრამ ამდენ ხანს რატომ დუმდა იგი? დუმდა, რადგან რჩეული ერის შვილებმა ეგვიპტეში ცხოვრებისას დაივიწყეს მამა-პაპის ღმერთი. მათ უკიდურესმა გაჭირვებამ გაახსენა უფალი და "მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს და მოესმა მათი კვნესა და დაინახა ღმერთმა ისრაელიანები და იცნო ღმერთმა ისინი", - მოგვითხრობს წმინდა წერილი. ამ ღაღადს მოჰყვა პასუხი ღვთისა, რომელმაც შეიწყალა ისრაელიანები, და ეს პასუხი მოისმინა მოსემ ქორების მთაზე: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი". ამ ხმის გაგონებამდე შეუწველი მაყვლის მხილველმა მოსემ ვერ იგრძნო ნიადაგის სიწმინდე. ქორებს ღვთის მთა ეწოდებოდა, ხოლო თუ მთელი მთა წმინდაა, აალებული მაყვლოვანის ადგილი წმიდათაწმიდაა, ერთი საფეხურით მაღლა დგას სიწმინდის ხარისხით. ეს არის აბსოლუტური სიწმინდე, თუკი შეიძლება ამგვარი რეალობა არსებობდეს ნივთიერ სამყაროში. ეს ის ადგილია, სადაც ღმერთმა ინება, კონკრეტულ სახეში სჩვენებოდა თავის რჩეულს.
წმინდა გრიგოლ ნოსელის განმარტებით, "შეუწველი მაყვალი" სიმბოლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომლის წიაღშიც დაემკვიდრა ღვთაებრივი ცეცხლი, განკაცებული ღმერთი, და ამ ცეცხლმა არ დაწვა ყოვლადწმინდა მარიამი, შვა მაცხოვარი და კვლავ ქალწულად დარჩა.
ამრიგად, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შობით აღსრულდა ძველი აღთქმის საიდუმლოებები. ის ძირითადი კურთხევა, რომელიც პირველად აბრაამს დაუდო უფალმა, - რომ მისი თესლით იკურთხებოდა დედამიწის მთელი ხალხი, - ძე ღვთისას განკაცებით აღსრულდა, რამეთუ მარიამი შთამომავალი იყო წმინდა დავით მეფისა, რომელმაც ისრაელის მეფეთაგან მამამთავრების შემდეგ პირველმა მიიღო უფლისგან აღთქმა, რომ მისი თესლ-ტომიდან გამოვიდოდა მხსნელი კაცობრიობისა. წმინდა დავით მეფე კი აბრაამის შთამომავალია, რადგან სწორედ აბრაამია ებრაელთა მამა.