ღამეებს ხშირად მინდორში ათენებდა, იწვა მიწის ფართო საწოლზე და ზემოდან მოვარსკვლული ცის ოქროქსოვილი საბანი ეფარა. მაგრამ ის, რასაც მოგიყვები, ვარსკვლავებს ქვემოთ, მინდორზე კი არ მოხდა, არამედ ბეთლემის ერთ მღვიმეში.
ერთ დღეს საშინლად დაცხა. დავითის ცხვრები ზეთისხლის ხის ჩრდილში დაწვნენ. მზე უმოწყალოდ წვავდა ყველაფერს და მწყურვალი ცხოველები კვნესოდნენ. წყურვილი ტანჯავდა დავითსაც. ერთ მღვიმეში შევიდა დასასვენებლად. ქვაზე ჩამოჯდა, თვლემა მოერია, მიწვა და მიიძინა. დიდხანს არ სძინებია - სხეულზე უჩვეულო სიცივე იგრძნო. შეკრთა და გამოეღვიძა. რას ხედავს, საძაგელი გველი მკერდსა და ხელებზე შემოხვევია! ასწია გველმა თავისი ბრტყელი თავი და ნაკვერჩხალივით მწველი თვალებით დაჟინებით დააცქერდა ყრმას. დავითი შეძრწუნდა - ერთი განძრევა და გველი დააცხრებოდა, სისხლში შხამს შეურევდა. ჰოი, ამ მიწაზე მხოხავ, შემოჭდობილ გველთან გამკლავებაზე ადვილი იყო ლომსა და დათვთან შებრძოლება.
რა ექნა? უეცრად გაახსენდა შეჭირვებისას თავისი უღალატო მეოხი, თავისი უფალი და ტკივილითა და ცრემლით მთელი გულით შეჰღაღადა: "ნუ დამიტევებ, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან! ისწრაფვე შეწევნად ჩემდა, გამომხსნელო ჩემო უამრავ განსაცდელთაგან!" წარმოთქვა ეს სიტყვები და უჩვეულო ნათელმა გაიბრწყინა მღვიმის კუთხეში. სინათლე ადამიანის სიმაღლისა იყო და წრის ფორმა ჰქონდა. ამ ბრწყინვალე წრის შუაში დავითმა მშვენიერი ყმაწვილი ქალი დაინახა, ალერსიანი და მშვიდი სახისა. იჯდა და თავი ოდნავ დაეხარა ყრმისკენ, რომელიც ხელთ ეპყრა: ასეთი მშვენიერი ყრმა იესეს ძეს არასოდეს ეხილა. უეცრად ყრმა გასწორდა დედის მკლავებში, გველს ჯიქურ შეხედა მოელვარე თვალებით და თითით ანიშნა მღვიმის გასასვლელისკენ, თითქოს უბრძანა, გამქრალიყო. წამოხტა დავითი და დაეცა ყმაწვილი ქალისა და ბრწყინვალე ყრმის წინაშე. სურდა, მადლობა გადაეხადა მათთვის, უეჭველი სიკვდილისგან რომ დაიხსნეს, მაგრამ როგორც კი გახსნა ბაგენი და მიიხედა - ვეღარავინ დაინახა. ამის მერე ეს მღვიმე საოცარი კეთილსურნელებით აივსო, რომელიც ყველაზე ძვირფასი საკმევლის არომატს აგონებდა.
დავითმა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ვერ შეძლო დაევიწყებინა ეს საკვირველი გამოცხადება. მწყემსობიდან სამეფო ტახტზე უფლის მიერ ამაღლებულს ყოველთვის ახსოვდა ეს სასწაული. მან, უკვე მეფემ, ორი ღვთივსულიერი საგალობელი დაწერა. ერთი მიუძღვნა "უმშვენიერესს შორის ძეთა კაცთასა" და მეორე - "ოქროქსოვილი სამოსლით შემკულ და შემოსილ დედოფალს". იდგა დავითი იერუსალიმში თავისი სასახლის მაღალ კოშკზე, უკრავდა ქნარზე და ამ საგალობლებს დაამღერებდა.
შენ კი, პატარავ, აბა, სწრაფად გამოიცანი! რომელი იყო ეს მღვიმე? რას ნიშნავს საშინელი გველი, ვინ იყო ეს ყმაწვილი ქალი? ვინ იყო ყრმა იგი? მე გიკარნახებ სამხიარულო მისალმებით:
ქრისტე იშვა!
რაოდენ ამაღლებულია ცა მიწისგან, იმდენად აღემატება სიბრძნე ღვთისა კაცის გონებას. ზენაარის განგებულებით, ჯერ იყო ქრისტეს სოფლისთვის გამოჩენა ჩვილად, ყრმად და მოწიფულ კაცად, რათა ყველასთვის მისაწვდომი ყოფილიყო და ყველა თავისთან მიეზიდა. რომ არ ეცხოვრა ბავშვად მიწაზე, მაშინ სიტყვები მისი: "აცალეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა" (მათე 19,14) - დარჩებოდა ცივი და უსიცოცხლო. ანდა: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე 18,3). თქვენ ასწავლით ბავშვებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი დამოკიდებულება მათდამი, თუკი, ვთქვათ, არასოდეს ყოფილხართ ბავშვი? უეჭველია, ქრისტეს შეეძლო გამოეცხადებინა საკუთარი თავი ისე, როგორც თქვენ ისურვებდით, მაგრამ ასე რომ ექნა, მაშინ კაცთა მოდგმისთვის ვერ გახდებოდა იმად, რაც მას სურდა - იგია მასწავლებელი და მაცხოვარი ყოველთა, მაგალითი მთლიანად კაცთა მოდგმისა.
თქვენ გტანჯავთ ფიქრი, რომ უფალმა თავისი საკვირველი შობით კიდევ უფრო გააღრმავა საიდუმლო თავისი არსობისა. მაგრამ განა არ იქნებოდა მისი საიდუმლო ღრმა და მიუწვდომელი, უეცრად ციდან რომ ჩამოშვებულიყო ადამიანებთან წინანათესაური კავშირების გარეშე? განა კაცნი არ ილაპარაკებდნენ მასზე, როგორც მოჩვენებაზე? მაშინ მისი პიროვნება, ამასთან მისი მოძღვრება და მისი მსხვერპლი დაკარგავდა რეალურ საფუძველს და მნიშვნელობას. ის რომ მოჩვენება ყოფილიყო, რომელი ჩვენგანი დაუჯერებდა მოჩვენებას და მიჰბაძავდა მას?
და კიდევ, უნდა დაბადებულიყო სწორედ ამგვარი სახით, როგორც იშვა - რათა ამით ეჩვენებინა შესაძლებლობა ჩვენი სულიერი შობისა, რომელიც ცენტრალურ ადგილას დგას ადამიანზე მის მოძღვრებაში და ხაზგასმულია მისი დიდი მნიშვნელობა. მისი სიტყვით "უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი" (იოანე 3,3). მსგავსად იმისა, როგორც იშვა თვითონ სულიწმინდის მიერ ყოვლადწმინდა ქალწულის სხეულიდან, ასევე ჩვენც შეგვიძლია სულიერად ვიშვათ სულისაგან წმინდისა ჩვენი სულის სიწმინდეში. უდიდესი მართლმადიდებელი მამები საუკუნეების მანძილზე ასწავლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი შობა განპირობებულია სულის ქალწულებრივი სიწმინდით, ანუ სული, რომელიც სრულიად განწმენდილია თვით ცოდვიანი გულისთქმებისგანაც კი მიემსგავსება ყოვლადწმინდა ქალწულს და ღვთის კეთილგანწყობით ღირსი ხდება, იქცეს ქრისტეს სამკვიდრებლად. თუ ქრისტეს შობა ქალწულისგან მიუწვდომელია ჩვეულებრივი გონებისთვის, მაშინ ის ანუგეშებს და განამხნევებს ყველას, ვინც ისწრაფვის თავისი არსების სულიერი და ზნეობრივი გარდაქმნისთვის.
ამიტომაც დამშვიდდით და მადლობა შესწირეთ საუკუნო სიბრძნეს, რომ მაცხოვარი კაცთა მოდგმისა გამოგვეცხადა ისე, როგორც მან უკეთესად ჩათვალა და შესძახეთ მოციქულ პავლესთან ერთად: "ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი!" (რომაელთა 11,3) და ბავშვური სიხარულით მიულოცეთ მოწაფეებს: "ბავშვებო, ქრისტე იშვა!"
მღვიმეთა შორის ყველაზე სახელგანთქმული, მდებარეობს ქალაქ ბეთლემის გარეუბანში. ტილოსავით სწორი და თეთრია გზა, რომელსაც იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მიჰყავს მომლოცველი. ვუცქერ გზას და ფიქრებით იმ წმინდა მღვიმეში გადავდივარ. ირგვლივ კლდეებია. გზის განაპირას ბალახი ამოსულა, წამით თვალს მოჰკრავ ვენახს, ზეთისხილს, ზოგჯერ მომცრო პურის ყანას, მაგრამ უფრო მეტად ქვა სჭარბობს. განა რაიმეს ნიშნავს ეს ჩვენთვის? მზერით გარშემო მიწაზე მივსრიალებთ, სულს კი მოლოდინი ტანჯავს - მალე მივალთ თუ არა სანატრელ მღვიმეში.
ჩავუვლით წმინდა ილიას მონასტერს, სადაც ბეთლემიდან უკან მომავალი მოგვები შეჩერდნენ ღამის გასათევად, სადაც მათ ნიშანი მიეცათ, ჰეროდესთან აღარ წასულიყვნენ და სამშობლოში, უკან, სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ. შევდივართ ბეთლემში, ბეთ-ლეხემში, რაც ნიშნავს - სახლი პურისა. საიდუმლო და მრავალმნიშვნელოვანია სახელი ქალაქისა, სადაც დაიბადა ის, ვინც საკუთარ თავზე თქვა: მე ვარ პური ცხოვრებისაი.
არაბული ქალაქი. მხოლოდ არაბები. ზოგჯერ შეხვდები ბერძენს ან ებრაელს. ბევრმა რუსული ენაც ისწავლა, რუსი მომლოცველების გამო, რომლებიც ათასობით მოდიოდნენ აქ. ჩვენები მათ სერბულად ელაპარაკებიან და რაღაცას მაინც აგებინებენ. გარს შემოგვერტყნენ, გვთავაზობენ სკვნილებს, სადაფის ჯვრებს ყიდიან და ამით არსებობენ. მთელი ქალაქი ქრისტეთი ცხოვრობს, მარტო ახლა კი არა, საუკუნეებია, ასეა.
ნაკლებად გვაინტერსებს მათი შემონათავაზები, თვალნი ჩვენნი რბიან და წმინდა მღვიმეს ეძებენ. ვეკითხებით, სად არისო. აქაურთა წინამძღოლობით მივუყვებით გრძელ ქუჩას და ერთ ფართო ეკლესიაში შევდივართ, რომლის შიგნით უამრავი მარმარილოს სვეტი დგას: მეფე იუსტინიანემ ეს დიდი ტაძარი მღვიმეზე ქრისტეს შობიდან ხუთასი წლის შემდეგ ააგო, ქვემოთ, მღვიმეში, საფეხურებით ჩავდივართ. გული გვითრთის და გვეწვის. ამ ცივ მღვიმეში გაისმა პირველი მოძრაობა ყველაზე თბილი გულისა, რომელსაც ოდესმე უმოძრავია დედამიწაზე. ტოკავდა იგი სიყვარულით, მხოლოდ სიყვარულით კაცთა მოდგმისა. მარჯვნივ საკურთხეველია, უამრავი ვერცხლისა და ოქროს ლამპრით. აქ დაიბადა იგი ყოვლადწმინდა ქალწულისგან. მარცხნივ სხვა საკურთხეველია: აქაც უამრავი ლამპარია. აქ იყო ბაგა. აქ, თივაზე იწვა იგი. ბევრი მომლოცველი ატირდა მღელვარებით. თქვა უფალმა წინასწარმეტყველის პირით: "და მიგიღოთ გული ქვისაი ხორცისაგან თქვენისა და მიგცე თქვენ გული ხორციელი" (იეზეკ. 36,26). ამ მღვიმეში - და თუ აქ არა, მაშინ ვერსად - "გული რბილდება, როგორც გამთბარი ცვილი". თვითონ მღვიმე ბნელია და პირქუში.
წმინდა მიწაზე ბევრია ფართო და ნაკლებად ბნელი მღვიმე. იმ მღვიმეებში თავს აფარებს პირუტყვი, ცხოვრობს ხალხი. თხრიან საფლავებს. მაგრამ ძე ღმრთისა, კაცთმოყვარე, გარდამოვიდა საუკუნო ნათლის საყდრიდან (ტახტიდან) მიწაზე და მღვიმედაც კი ნათელი და მყუდრო მღვიმე არ აირჩია. რა თავმდაბლობაა! ჩვენს გამო რამხელა თავის დამდაბლებაა! ყველანი მუხლებზე ვეცემით, მის წინაშე აღვასრულებთ სინანულის მუხლთა დრეკას, მუხლთ ვიდრეკთ წინაშე საუკუნო გონებისა და საუკუნო სიყვარულისა. ჩვენი სულები აღიწევა ქრისტესკენ, ზეცისა და მიწის მეუფებისკენ, ცოდვისა და სიკვდილის მძლეველისკენ. აბა, რა არის ჩვენთვის მისი მღვიმე, თუ არა ჩვენი დიდებისმოყვარეობისთვის სილის გაწვნა და საუკუნო მოწმობა მისი დადებულებისა?
იგი, მკვდრეთით აღმდგარი და ცოცხალი მეუფე, უხილავად მოდის ჩვენთან, ისევე როგორც მაშინ, როცა ემმაუსში თავის ორ მოწაფესთან ერთად მოგზაურობდა. ვგრძნობთ მის იქ ყოფნას და ვხარობთ მისი ყოველი ნახვით.
როცა საშობაო ტროპარი ვიგალობეთ, ერთმა მომლოცველმა წამოიძახა: "ქრისტე იშვა!" ჩვენ კი ვუპასუხეთ: "ჭეშმარიტად იშვა!" და დაიგუგუნა მღვიმემ, ვითარცა დედოზარმა.
გამოვედით მღვიმიდან და ბერძენ მიტროპოლიტთან გავემგზავრეთ, მერე კი უფრო შორს, შორს... მაგრამ სულიწმინდა მღვიმეში დაგვრჩა და აქამდე წმინდა მღვიმე სახლობს ჩვენს სულში.
რითი დაგეხმარო? მოგიყვები ერთ საშობაო ამბავს, რომელიც და იოვანკასგან მომისმენია. შესაძლოა ეს დაგეხმაროს.
"აი, უკვე ორმოც წელზე მეტია, ამ ქვეყანაზე მარტო ვცხოვრობ. არასოდეს გამიხარია, ბავშვობის წლების გარდა, როცა მშობლების სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ არავის დავუნახივარ შეწუხებული: ხალხში ყოველთვის მხიარული ვიყავი, მარტო დარჩენილი კი ვტიროდი. ყველა ბედნიერად მთვლიდა, რადგან ვერ მხედავდნენ. ყველა მხრიდან წუწუნი მესმოდა ოჯახის ხალხისგან და მარტოხელებისგან, წუწუნებდნენ მდიდრები და ღარიბები. ვფიქრობდი: ამ უბედურებს ჩემს უბედურებაზე რატომ ვესაუბრო და ამით ჩემს გარშემო გავამრავლო მწუხარება? დაე, ყველას მხიარულად ვეჩვენებოდე: შესაძლოა ამით უფრო მეტი სიკეთე მოვუტანო დამწუხრებულ სამყაროს, ჩემს საიდუმლოს დავფარავ და მაშინ გამოვიტირებ, როცა მარტო დავრჩები-მეთქი.
ვევედრებოდი ღმერთს, გამომცხადებოდა, რომ თითით ცოტათი მაინც ენიშნებინა. ვლოცულობდი იმგვარად, რათა ჩემი დაფარული წუხილით არ დავღუპულიყავი. მთელ ჩემს შემოსავალს მოწყალებად გავცემდი. ვნახულობდი სნეულებსა და გლახაკებს და ჩემი მოჩვენებითი მხიარულებით მათთან სიხარული მიმქონდა. ხშირად ვამბობდი: "მე მწამს შენი, ყოვლადსახიერი უფალო, მაგრამ გთხოვ, გამომეცხადე, როგორც თვითონ გსურს, რომ განმიმტკიცდეს რწმენა.
დიდ დღესასწაულებზე ყოველთვის მიჭირდა. ჩავიკეტებოდი ოთახში, შობასა და აღდგომას ტირილში ვატარებდი. მაგრამ წინა შობას გამომეცხადა იესო. მოახლოვდა დიდი დღესასწაული. გადავწყვიტე, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც დედა მასწავლიდა. იატაკზე ნამჯა გავშალე, თითოეულ კუთხეში სამი კაკალი დავდე: დაე, წმინდა სამება მოწყალე ექმნეს სამყაროს ოთხივე მხარეს. ყველაფერ ამას ვაკეთებდი და განუწყვეტლივ ვლოცულობდი: "უფალო, გამომიგზავნე სტუმრები, ოღონდ მთლად გლახაკები და მშივრები! უფალო, გევედრები, ამ შეჭირვებულთა სახით გამომეცხადე!" ხანდახან გავიფიქრებდი, "უგუნურო იოვანკა, რომელ სტუმრებს ელოდები ქრისტეშობას! ამ წმინდა დღეს ყველა შინ ხვდება, შენ ვინღა გესტუმრება". და ისევ ვტიროდი, ვიმეორებდი ლოცვებს, ვემზადებოდი და ვტიროდი.
როცა ტაძრიდან, საშობაო მსახურებიდან დავბრუნდი, ოთახში სანთელი ავანთე: "უფალო, ნუ დამიტევებ!" - ვლოცულობდი. მაგრამ გაუკაცრიელებულ ქუჩაზე არავინ ჩანდა: შობაა! უკაცური იყო ჩვენი ქუჩა. უეცრად თოვლის ხრაშუნი მომესმა. კარებისკენ გავიქეცი. ჩემი სტუმრები ხომ არ არიან-მეთქი. არა, გვერდით ჩამიარეს. საათმა დარეკა, შუადღეა, მე კიდევ მარტო ვარ. ავტირდი და წამოვიძახე: "ახლა ვხედავ, უფალო, რომ მიმატოვე!" ვქვითინებდი. უეცრად ტირილით ჩახლეჩილი ხმა მომესმა: "მოწყალება გაიღე, ძმაო, დამეხმარე, დაო!" წამოვხტი, კარები გავაღე. ჩემს წინ ბრმა იდგა, თავის წინამძღოლთან ერთად. ორივეს კონკიძველები ეცვა, გათოშილები იყვნენ. "ქრისტე იშვა, ჩემო ძმებო!" - წამოვიძახე გახარებულმა. "ჭეშმარიტად იშვა, - მიპასუხეს აღელვებულებმა, - შეგვიწყალე, დაო! ჩვენ ფულს არ ვითხოვთ. დილას აქეთია, ჩვენთვის პური არავის მოუცია. მხოლოდ რაკის ყლუპი ან კაპიკი გაიმეტეს, პური კი არა. ჩვენ კი გვშია!" თითქოს ღრუბლებში ავცურდი, შევიყვანე ოთახში, დავსვი სუფრასთან, გავუმასპინძლდი, ვემსახურე, სიხარულით ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. გაოცებულებმა მკითხეს: - რატომ ტირი, დაიკოო. "სიხარულით, ძმებო, წმინდა და ნათელი სიხარულით! უფალმა მომცა ის, რაცა ვთხოვე. რამდენიმე დღეა ვევედრები, რომ ჩემთვის სწორედ ისეთი სტუმრები გამოეგზავნა, როგორიც თქვენ ხართ. უბრალოდ კი არ მოსულხართ ჩემთან, არამედ ყოვლადსახიერმა უფალმა მოგიყვანათ, გამოგგზავნათ... ეს ყველაზე ბედნიერი შობაა ჩემს სიცოცხლეში. ახლა კი ვიცი: "ცხოველ არს უფალი ჩვენი!" "დიდება და ქება მას, ამინ", - მიპასუხეს ჩემმა სტუმრებმა. მე ისინი საღამომდე დავიტოვე. მერე გუდები სანოვაგით ავუვსე და გავისტუმრე".
ასეთი ქრისტეშობა ჰქონდა იოვანკას. ღმერთმა ქნას, რომ წელს უფრო მეტად გაიხაროს. შენც ილოცე, შვილო, რომ გამოგეცხადოს ზეციერი მამა, მას მრავალი მოწყალება აქვს: შენც მოგიხდება სასწაული. ნუ გაემზადები ამ წმინდა დღეს მწუხარებისთვის - მოემზადე სიხარულისთვის და ყოვლისმხილველი, ყოვლადმოწყალე უფალი შენზეც მოიღებს სიხარულს.