ამ უჩვეულო შემთხვევაზე მოგვითხრეს სკოპციის მახლობელ მირკოვაჩის დედათა მონასტერში. ამ სავანეში მოედინება აიაზმა, წმინდა წყარო. მისი სამკურნალო თვისებები ცნობილია როგორც ქრისტიანებში, ასევე მუსლიმანებში. ერთხელ ძლიერი წვიმა მოვიდა, ამღვრეული წყალი მონასტრის გარშემო მოედინებოდა. ამ დროს ერთ თურქს ცოლი გაუხდა ავად, ქალს მკერდი ასტკივდა და ტკივილისგან ადგილს ვერ პოულობდა. საღამოს თურქმა ცოლი ცხენზე შესვა და მირკოვაჩის მონასტერში წაიყვანა. კარებთან მონასტრის დარაჯი შეხვდა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. თურქმა სთხოვა, თუ შეიძლება მონაზვნებს დაუძახეთო. დარაჯმა უხეშად უპასუხა, - უკვე გვიანიაო. თურქმა ცოლს მისი ნათქვამი თავის ენაზე გადაუთარგმნა. მოითათბირეს, მერე კი მან დარაჯს აუხსნა, ასეთ დროს რისთვის მოვიდნენ. ბოლოს ჰკითხა, - არ შეიძლება, კოკით წმინდა წყალი წავიღო ავადმყოფი ცოლისთვისო? დარაჯმა გაბრაზებულმა გამოართვა თურქს ჭურჭელი, გულში გაივლო, - მაგისთვის ყველანაირ წყალს ერთი ფასი აქვსო, - გუბიდან ამოიღო მღვრიე წყალი და მიუტანა. მადლიერი თურქი შინ დაბრუნდა. მეორე დღეს კი მონასტერში ძღვნად ჯორი მოიყვანა - ჩემი ცოლი წმინდა წყალმა გამოაჯანმრთელა, ამიტომაც ეს ჯორი ჩემი ფეშქაში იყოსო. იღუმენიამ დარაჯს ჰკითხა, - ეს კაცი წყლისთვის როდის მოვიდაო. დარაჯს შერცხვა და ყველაფერი უამბო. იღუმენიამ მოიხმო მონაზვნები და ლოცვა აღავლინეს სამადლობლად ღმრთისა, რომელიც სასწაულებს იქმს კაცის რწმენისაებრ.
ამბავი კუნძულ ტინოსზე მომხდარი სასწაულისა. მთელი საბერძნეთი შეძრა კუნძულ ტინოსზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელგანთქმულ მონასტერში 1935 წელს მომხდარმა საოცარმა გამოცხადებამ.
ახალგაზრდა მასწავლებელი მარიამ კალიმაგირუ მძიმე ნევრასთენიამ სიგიჟის პირას მიიყვანა. ათენის კლინიკაში ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის შემდეგ დედამ და ძმამ ის კუნძულ ტინოსზე წაიყვანეს. მარიამს არას დიდებით არ უნდოდა ეკლესიაში წასვლა. დაბინავნენ სასტუმროში. საღამოს, ვითომდა სასეირნოდ, ქუჩაში გამოვიდნენ. უცებ მარიამმა თქვა, - გული რატომღაც ეკლესიისკენ მიმიწევსო. ტაძარი დაკეტილი დახვდათ. გუნება წაუხდათ. ძმამ ტაძარში სარკმლიდან შეიხედა და თავისიანები ანუგეშა: - ჩვენდა ბედად, შიგნით მონაზონია და კარებს გაგვიღებსო. დედამაც შეიხედა და დაინახა შავოსანი ქალი. ქალიშვილი კი ამ დროს ფართოდ თვალგახელილი, თითქოს უგონოდ მისჩერებოდა ტაძრის კარს. ძმა კი შავოსანს უცქერდა. შავოსანი თანდათანობით გაიზარდა და დაუჯერებელ ზომებს მიაღწია. მერე კი უეცრად გაქრა. ამასთან, ტაძარში გაისმა საშინელი გრუხუნი, რომელიც ექოდ გადაეცა იქაურობას. მოუხმეს დარაჯს. გააღეს ტაძარი. შიგ ვერავინ ნახეს. ამაზე დიდი სასწაული ის იყო, რომ გრუხუნის შემდეგ მასწავლებელი სრულიად განიკურნა.
ამბავი სასჯელისა და კურნებისა. ფოტოგრაფი ერიჩი მოვიდა და მონაზონთა სკოლაში თავისი ძმის, მარკოზის მიღება გვთხოვა.
"ჩემი მარკოზი თუმცა ყოველთვის ღვთისმოშიში კაცი იყო, - ჰყვებოდა იგი, - წელს, წითელ პარასკევს, მაინც შესცოდა - გზის შეკეთება დაიწყო. ამის შემდეგ მალევე მარცხენა ხელი წაერთვა. ასე გაგრძელდა სამი თვე. ექიმმა უთხრა, - მედიცინა შენ ვერ გიშველისო. გამწარებული მარკოზი განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს. ძილში მას გამოეცხადა ვიღაც კაცი, რომელმაც აუხსნა, რატომ დაემართა ეს და დასძინა, კაცნი ვერ განგკურნავენო. პეტრეპავლობის დღესასწაულზე რუჟინიცის ეკლესიაში წავედით. მსახურების შემდეგ მარკოზმა წმინდა პარასკევას მონასტის წყაროს წყალი დალია, თან წართმეულ ხელზე ისხურა. ხელი მაშინვე გაუსწორდა. მეორე დღიდან თავისუფლად შეძლო ხელის ხმარება. ახლა სრულიად ჯანმრთელია. აღთქმა დადო, რომ დღესასწაულზე აღარასოდეს იმუშავებს".
ამბავი რწმენაში მოქცევისა. ვრნიაცელმა ძმამ, ბ.ჩ.-მ გვიამბო: "ექვსი წელი ვსვამდი სანატორიუმში წყალს. ექიმმა ოდესღაც მითხრა, ჭლექის დაწყებითი სტადია გაქვსო. ექვსი წლის შემდეგ კი სამი თვის სიცოცხლეზე მეტი აღარ მომცა. მაშინ ეკლესიაში არ დავდიოდი, არც ღმერთი ვიცოდი და არც სახარება. დაიწყო ომი. საკონცენტრაციო ბანაკში მოვხვდი. მართლაც ღმერთმა მომივლინა კაცი, რომელიც ახალ აღთქმას კითხულობდა. ყოველდღე სახარების წასაკითხად მიწვევდა. მაშინ გაიღვიძა ჩემმა სულმა. ახლა უკვე შევწუხდი ჩემი ცხოვრების გამო, სულის მომავალზე შიში აღემატა სხეულის ხვედრზე შიშს. მაშინ ვიხილე, რომ ჩემი სული სხეულზე სნეულია, თავი ვანებე სხეულის კურნებას და სხეულმა ნელ-ნელა იწყო გამოკეთება, ბოლოს მთლად გამოჯანმრთელდა. ამ გაჭირვებაში შეამხანაგებული ჩემი ათი მეგობარიც ეზიარა ახალ აღთქმას. ჩვენ ყველამ გავიღვიძეთ და სული იესო ქრისტესკენ მოვაქციეთ. ლოცვის კანონს აღვასრულებდით და ვცხოვრობდით ისე, როგორც გვესმოდა. ტყვეობის შემდეგ მღვდელს მოვუყევით, კანონს როგორ ვლოცულობდით. თურმე ყველაფერს სწორად ვაკეთებდით - თვით სული ღმრთისა გვასწავლიდა და წარგვმართავდა".
ამბავი 1910 წელს ოქრიდში გაჩენილი ქოლერისა.
ეს ამბავი მოგვიყვა მოხუცებულმა სანდრე ჩიპანოვიჩმა, ოქრიდის წმინდა კლიმენტის ეკლესიის მრავალი წლის მამასახლისმა: "1910 წელია. ოქრიდში ქოლერა მძვინვარებს. უამრავი ხალხი ბუზებივით იხოცება. ბევრი გარბის მახლობელ სოფლებში. წმინდა ნაუმის მონასტერი გავსებულია ქალაქელი ლტოლვილებით. მამა გიორგის და წმინდა კლიმენტის ტაძრის კიდევ ერთ მღვდელს შევთავაზე, აგვეღო ჩვენი მამის, კლიმენტის, ნაწილნი და ლიტანიობით მთელი ქალაქი შემოგვევლო. მაშინვე გამოვედით ქალაქში. გზად ხალხი გვიერთდებოდა. გავიარეთ ძველი ქალაქი, სავაჭრო ნაწილი. თურქები წინ არ აღგვდგომიან, რადგან ქოლერა მათაც დაერია. საღამოს ეკლესიაში დავბრუნდით. მეორე დღეს ქოლერით აღარავინ დასნეულებულა. საშინელმა ავადმყოფობამ უეცრად უკან დაიხია. ლიტანიობით წმინდა ნაწილების შემოტარებას დიდი ძალა აქვს, - აღნიშნა მოხუცმა სანდრემ და კონსტანტინოპოლში მომხდარი ერთი ამბავი გაიხსენა, - ოდესღაც იქაც უამრავი ხალხი გაწყვიტა ქოლერამ. პატრიარქმა სულთანს სთხოვა, ნება მიეცა, ქალაქში შემოეტარებინათ ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც მაშინ ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა. სულთანი დათანხმდა. ჯვარ-ხატიანმა პროცესიამ მთელი კონსტანტინოპოლი მოიარა. ქოლერა მაშინვე შეწყდა" (ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ღვთისმშობლის სარტყელი მთაწმინდიდან ჩამოიტანეს ვათოპედის მონასტრიდან, სადაც ახლაც ინახება. ვლაქერნაში კი სარტყელი მთაწმინდაზე გადაბრძანებამდე ინახებოდა. წმინდა საბამ თავის მამასთან, ნემანთან ერთად, ვათოპედის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელისთვის პარაკლისი (მცირე ეკლესია, - კ.კ.) ააშენა).
ამბავი დაკრუნჩხული ქალის განკურნებისა. ილია ზლატელს ოქრიდში მომხდარი კიდევ ერთი სასწაული ჩაუწერია. ერთმა მდიდარმა ბოსნიელმა შეირთო ლამაზი ქალი, რომელიც ძალიან უყვარდა. ცოლს მალე მძიმე ავადმყოფობა გამოაჩნდა, ერთიანად ჩამოხმა, დაიკრუნჩხ-დაიგრიხა, ლოგინიდან წამოდგომაც კი არ შეეძლო. ექიმები ვერაფრით ეხმარებოდნენ. ერთხელ ქალს ძილში გარდაცვლილი დედა გამოეცხადა და ურჩია, ციხექალაქში წასულიყო წმინდა ვასილთან. ქალმა სიზმარი ქმარს მოუყვა, მას კი არაფრის სჯეროდა და ცოლის "ცრურწმენაზე" გაეცინა. ამის მერე ქმარმა ის ისე ძლიერ შეიძულა, როგორც ადრე უყვარდა. მაგრამ ბოლოს მაინც ყურად იღო ქალის თხოვნა. როცა შევიდნენ ტაძარში, სადაც წმინდანის ნაწილები ინახება, განსასვენებელმა რყევა დაიწყო. ქალი ამ დროს განუწყვეტლივ ჯვარს ისახავდა, ქმარი კი გაუნძრევლად იდგა. იქ მყოფი ბერი გაოცდა. შეხედა ქალს, შეხედა მის ქმარსაც და უბრძანა კაცს, გარეთ გასულიყო. როგორც კი ქმარი გარეთ გავიდა, განსასვენებელმა რყევა შეწყვიტა. ქალი სხეულით გამოჯანმრთელდა, ქმარი კი სულიერად - მან დაკარგული რწმენა იპოვა. ორივე ჯანმრთელი და გახარებული დაბრუნდა შინ.
მამა იოანე კრონშტადტელის სასწაულები. რუსმა მოხელემ, ილიაშევიჩმა, მამა იოანე კრონშტადტელზე მოგვითხრო: "მამა იოანემ ჩემ თვალწინ განკურნა სულიერად ავადმყოფი დედაკაცი. როცა მამა იოანე მსახურებისთვის იმოსებოდა, ეს გონმიღებული დედაკაცი გაუსხლტა ხელიდან ახლობლებს, დარბოდა მრევლში და გაჰკიოდა. მამა იოანე გამოვიდა ამბიონზე, მიუბრუნდა ქალს და უბრძანა, - ახლავე გადი აქედანო. ქალი კი, იმის მაგივრად, გასულიყო, მიუახლოვდა მოძღვარს, თან უკიოდა. "გადი აქედან", - გაუმეორა ღვთის მონამ. სნეულმა სილა გააწნა. თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მამა იოანე მშვიდად იდგა და უბრძანებდა: - გამოვედ მისგან! ქალი დატრიალდა და დაეცა. როცა საცოდავი წამოაყენეს, მოძღვარმა მას ჯვრის გამოსახვა უბრძანა. დიდი გაჭირვებით ასწია მარჯვენა ხელი და ჯვარი გამოისახა. მამა იოანე კიდევ და კიდევ ასახვინებდა ჯვარს, სანამ განკურნებულმა და დაღლილმა ქალმა სწორად და გამოკვეთილად არ გამოისახა. დემონმა დატოვა ქალი და ის ლიტურგიაზე ბოლომდე იდგა. ამგვარი სასწაულის მოწმეს შიშით თმა ყალყზე მიდგებოდა.
მამა იოანე, როგორც წმინდა ნიკოლოზი, შორიდანაც შეეწეოდა ხალხს. მე ვიცნობდი კავკასიაში ერთ პოლკოვნიკს, რომელიც ჯერ კიდევ ზემდეგი გახლდათ, როცა ჭკუიდან შეიშალა და შინ კედელზე ჯაჭვით მიაბეს. არ იცის, ვინ სთხოვა მამა იოანეს, მისთვის ელოცა, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ ერთ დილით, როცა ყველას ეძინა, მამა იოანე დადგა მის წინ ბარძიმით ხელში და აზიარა. "როგორც კი ვეზიარე, გონება დამიბრუნდა და ვთხოვე, ჯაჭვი მოეხსნათ", - თქვა მან.
ამბავი წმინდა პარასკევა ოქრიდელის წყაროსთან მომხდარი კურნებისა. ფორტომანოვიჩების ოჯახი კარგად იყო ცნობილი მთელ ოქრიდაში. აწ განსვენებულმა ეფემია ფორტომანოვიჩს (იგი 1927 წელს გარდაიცვალა) ბევრი შვილი ჰყავდა. მისი ქალიშვილი, ქრისია ჩირკოვიჩი მიყვებოდა, - დედა მძიმე ნერვული ავადმყოფობით იტანჯებოდა. ყველა ცდილობდა მის დახმარებას, ვაჟები, სიძეები, მაგრამ არაფერი შველოდა. ერთხელ, როცა მასთან საუბარი ოქრიდელ წმინდანებზე ჩამოვარდა, ეფემიამ ოქრიდთან ახლოს წმინდა პარასკევასთან მისვლა გადაწყვიტა. იქ "აიაზმა", წმინდა წყაროა, რომლითაც ბევრმა ზეციური შეწევნა მიიღო. ეფემიას სიარული არ შეეძლო და თვალახვეული ცხენზე შემოსვეს, რადგანაც თვალთ უბნელდებოდა და თავბრუ ესხმოდა. მიიყვანეს წმინდა პარასკევას მონასტერში, წყაროსთან. მან წყალი შესვა და ტანთ ისხურა. საღამომდე დარჩა. რამდენჯერმე შესვა წყალი და დაიბანა პირი. საღამოს კი უკვე უნაგირზე თვითონვე შეჯდა. თავბრუსხვევამ გაუარა და მალე ნევროზიც გაუქრა.
ამბავი ბულგარეთში კურსკის ღვთისმშობლის მიერ მოხდენილი კურნებისა. ბულგარულ ჟურნალი "ქრისტიანი ქალი" (1936წ. ##7-8, გვ. 18-19) მოგვითხრობს კურსკის ღვთისმშობლის ხატის მიერ მოხდენილი ორი კურნების შესახებ. ეს ხატი იმ წელს ბულგარეთში ჩამოაბრძანა ეპისკოპოსმა თეოფანემ. აი, როგორ აღწერენ პირველ შემთხვევას: "პოლკოვნიკ კ-ს ქვრივი ინვალიდების სახლში ცხოვრობდა კნიჟევცაში, ოცი წელი იტანჯებოდა მწვავე რევმატიზმით. ბოლოს მოძრაობაც ვეღარ შეძლო. როცა ამ წმინდა ხატის შესახებ შეიტყო, ითხოვა, მის ოთახში მიებრძანებინათ იგი. ხატი მიაბრძანეს. ეპისკოპოსმა თეოფანემ პარაკლისი გადაიხადა. ავადმყოფმა, ყველას გასაკვირად, მოძრაობა დაიწყო. ახლა კი სრულიად ჯანმრთელია".
მეორე შემთხვევა კი ასეთია: "ამნაირივე სასწაული მაშინ მოხდა, როცა ხატი ბურგასში იმყოფებოდა. ქალბატონი ილიევა ათი წელი იტანჯებოდა მარჯვენა ხელის ძლიერი რევმატიზმით. ერთხელ, ღამით, იხილა თეთრსამოსიანი ბრწყინვალე ქალბატონი, რომელმაც დაუძახა მას: - აქ არის სასწაულმოქმედი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. დაე, ხვალ მოაბრძანონ შენთან, სახლში, მღვდელმა პარაკლისი გადაიხადოს და შენც განიკურნებიო. ავადმყოფი დაემორჩილა გამოცხადებას, მოიწვია ხატი მოძღვართან ერთად. მან პარაკლისი გადაიხადა, აკურთხა წყალი, ასხურა ავადმყოფ ხელზე და მოხდა სასწაული - უკვე საღამოს სნეული სრულიად გამოჯანმრთელდა და ხელს თავისუფლად ამოძრავებდა".