თუ დავუკვირდებით, ნათლად დავინახავთ, რომ წინაპრებთან შედარებით ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ოჯახში სიმშვიდე. მათ ხომ ისედაც მშვიდ გარემოში უწევდათ ცხოვრება, მაგრამ მაინც როგორი რუდუნებით ეპყრობოდნენ ოჯახის თითოეულ წევრს. უფლის მცნებებზე აღზრდილთ გათავისებული ჰქონდათ, რომ ქრისტიანისთვის ოჯახი მეორე ეკლესიაა, რადგან, როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, მორწმუნე ადამიანი უფლის მცნებებს ისე ვერსად აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში.
ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია. "სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში?" - სვამს კითხვას წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. მისი აზრით, ოჯახში ჩანს, როგორი გული გვაქვს, ნამდვილად შეგვიძლია თუ არა მოყვასის სიყვარული, რადგან თუ დედ-მამა, და-ძმა ვერ შევიყვარეთ, სხვების სიყვარულს როგორღა შევძლებთ? ხშირად ვამბობთ, რომ გვიყვარს ჩვენი ოჯახი, მაგრამ არასოდეს ვუკვირდებით, საქმით რამდენად გამოვხატავთ ნათქვამს.
სიყვარული თავგანწირვაა. "დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისთვის საკუთარი თავის უარყოფა, სხვისთვის თავის გაწირვა", - გვმოძღვრავს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვეძლევა. და რაც მთავარია, ადამიანის ხასიათი ისე კარგად არსად მჟღავნდება, როგორც ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, როდესაც არ ფიქრობ, რას იტყვიან შენზე სხვები. მაშინ "ბუნებრივად", თავშეუკავებლად იქცევი, ოჯახში ხომ "სხვა" არ არის. ამიტომ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი შინაურ ცხოვრებას სარკეს უწოდებს, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება, უფროსობისმოყვარეობა, სხვებისთვის ჭკუის სწავლების სიყვარული, სიამაყე, ამპარტავნება, ბილწსიტყვაობა და სხვა მრავალი მანკიერება ყოველწამიერად ჩანს. გარეთ კი ვმალავთ ჩვენს ნამდვილ ზნეს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ვაჩვენებთ თავს. ამიტომ, თუ გვსურს საკუთარი თავის უფლის მცნებებით აღზრდა, ოჯახშიც, როგორც ეკლესიაში, სიწმინდითა და მორიდებით უნდა ვიქცეოდეთ.
ერთ-ერთი დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი ოჯახში უნდა მიეჩვიოს. აქ ყოველ წამს მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს. უნდა შევძლოთ, ავმაღლდეთ ჩვენს პიროვნულ ამბიციებზე, მოვუთმინოთ ერთმანეთს შეცდომები. მაგალითად, თუკი ვხედავთ, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გადაღლილი ან გაღიზიანებული დაბრუნდა შინ, დავუყვავოთ. ბუნებრივია, ის უარყოფით მუხტს შემოიტანს, ყოველი ზედმეტი სიტყვა და მოქმედება უმეტესად გაანერვიულებს, ამიტომ უპირველესად სასიამოვნო ამბავი ვახაროთ, ნუ ვკითხავთ, რამ გააღიზიანა. შესაძლოა, ხშირად უმიზეზოდ, უსამართლოდ გვისაყვედუროს კიდეც. ამ დროს ყველაზე მეტი თავშეკავება გვმართებს, რომ ცხელ გულზე ისეთი პასუხი არ გავცეთ, უარეს მდგომარეობაში ჩავაგდოთ. თავმოყვარეობაზე რომ იტყვი უარს და უსიტყვოდ მოითმენ თუნდაც შეურაცხყოფას ოჯახის წევრისგან, ამით გამოხატავ, რომ შეგძლებია ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი სიყვარული. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხომ თავმდაბლობით, საკუთარი ნებით აიტანა ყველანაირი შეურაცხყოფა.
პრაგმატულად თუ ვიმსჯელებთ, დავასკვნით, რომ საბოლოოდ "მოგებული" ჩვენვე გამოვდივართ: წარმოიდგინეთ, რა ორომტრიალი ატყდება, ისედაც გაღიზიანებულ ადამიანს რომ შეეპასუხო, თანაც უხეშად. უსათუოდ ისიც საკადრის პასუხს გაგცემს, ეს კი შენც არანაკლებ გაგაღიზიანებს და შესაძლოა, მოთმინებადაკარგულებმა ბილწსიტყვაობითაც კი დაასრულოთ პაექრობა. შედეგად, მასაც დაუმატებდით სანერვიულოს და თვითონაც აღელდებოდით. თუკი საკუთარ თავს დასძლევ, ემოციებს არ აჰყვები, პირველ რიგში, შენვე გარგებს - სიმშვიდეს შეინარჩუნებ და მოწინააღმდეგესაც დაამშვიდებ.
კვლავ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებს გავიხსენებ: "ერთმანეთს შეცდომები თუ არ მოვუთმინეთ, ერთად ორი ადამიანიც კი ვერ გავძლებთ". ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი მოთმენა არ შეგვიძლია, პატიებას მით უფრო ვერ შევძლებთ. ყოველი ქრისტიანი, ვინც დილის ლოცვას ყოველდღიურად აღავლენს, "მამაო ჩვენოს" წარმოთქმით თვალის გახელისთანავე აღუთქვამს უფალს: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ასე რომ, თუ ჩვენ არ მივუტევებთ მოყვასს, არც უფალი მოგვიტევებს, მით უმეტეს, რომ ადამიანი ხშირად მხოლოდ ერთი სახის ტკივილს გვაყენებს - ან გვატყუებს, ან განგვიკითხავს, ან გვპარავს, ჩვენ კი ერთი დღის განმავლობაში მრავალგვარ ცოდვას ვჩადით და შემოქმედს იმდენივე ტკივილს ვაყენებთ, რამდენსაც ვცოდავთ.
შევიმოსოთ თავმდაბლობის სათნოებით. როცა ვინმე, მით უმეტეს - ოჯახის წევრი, ვისაც საყვარელ ადამიანად მივიჩნევთ, შეურაცხყოფას გვაყენებს, მაშინვე წარმოვიდგინოთ ჩვენთვის ჯვარცმული ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელმაც გოლგოთის გზაზე შემდგარმა მრავალი შეურაცხყოფა დაითმინა. ყოველგვარი რისხვა, წყრომა თუ გაბრაზება წამიერად გაგვიქრება გულიდან და შევძლებთ, სიმშვიდით მივიღოთ ყოველივე, ცილისწამებაც კი, სიტყვაც არ დაგვცდეს თავის დასაცავად და უფალს შევთხოვოთ, მიუტევოს ჩვენს ცილისმწამებელს ეს ცოდვა. მაშინ მივემსგავსებით უფალს და გვეწოდება მშვიდობისმყოფელი.