ომი, რა თქმა უნდა, თავისთავად ბოროტება და სამწუხარო მოვლენაა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ზნეობას. მეტად სასიხარულო იქნებოდა, რომ ადამიანებს შეეწყვიტათ ერთმანეთთან ბრძოლა, მაშინ მშვიდობა დაისადგურებდა დედამიწაზე; მაგრამ, სამწუხაროდ, სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება, - აღნიშნავენ ეკლესიის მამები, - მხოლოდ სინამდვილეს დაშორებულ მეოცნებეებს, ცალმხრივად მოაზროვნე სექტანტებს შეუძლიათ უარყონ ომი ან არ დაუშვან იგი რეალურ ცხოვრებაში.
ქრისტიანული თვალსაზრისით, მცნება, არა კაც ჰკლა, არ ვრცელდება ნებისმიერ შემთხვევაზე. ამ მცნებით აკრძალულია მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებისა და თვითნებობის საფუძველზე პირადი ანგარიშსწორება. როდესაც "ახალ აღთქმაში" მაცხოვარი ამ მცნების ღრმა აზრს განმარტავდა, მიგვითითებდა, რომ იკრძალება არა მარტო მკვლელობა, არამედ არაქრისტიანული, ფუჭი მრისხანება, მაგრამ მოციქულებთან უკანასკნელ ჟამზე საუბრისას ამბობს: "როდესაც მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით. ეს უნდა მოხდეს". ომის გარდაუვალობაზე უფალი უკუაგდებს ომის უარმყოფელთა ყველა განცხადებას იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა უდავოდ უარყოფს ომს. მაგრამ ის იარსებებს როგორც ზოგ შემთხვევაში სამართლიანობისა და ადამიანთა შელახული უფლებების აღდგენის საშუალება. აპოკალიფსშიც ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ ჩვენი სამყაროს შექმნამდე ომი იყო ზეცაშიც - უფლის მხედართმთავარმა, მთავარანგელოზმა მიქაელმა, კეთილი ძალის ანგელოზთა თანხმობით, ზეციდან გამოდევნა მანამდე უფალთან ყველაზე ახლო მდგომი ღვთისმოღალატე ანგელოზი, მის თანამოაზრე დაცემულ ანგელოზებთან ერთად.
ქრისტიანული პატრიოტიზმი ყოველი ჩვენგანისთვის მამულისთვის შეძლებისდაგვარად სამსახურს მოითხოვს, რომელიც უპირატესად ხორციელდება მაშინ, როცა ადამიანი ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ სამსახურშია.
მამულისთვის სამსახური უფრო მეტად დაფასებულია მაშინ, როცა იგი უანგაროდ სრულდება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, მაშინ ადამიანის სინდისიც უფრო დამშვიდებულია. ასეთ შემთხვევაში, გარეგნული წარმატების მიუღწევლადაც ადამიანი პატიოსნად, ქრისტიანულად იხდის სამშობლოს ერთგული შვილის ვალს.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი: "ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი გამარჯვება - ეს არის გამარჯვება საკუთარ თავზე. ჭეშმარიტად გამარჯვებულია ის პიროვნება, ის საზოგადოება, რომელიც თავის მოწინააღმდეგეს ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს, რომელიც უნდობლობის, სიძულვილისა და ძალმომრეობის საერთო განწყობილებაში არ გაბოროტდება და მაინც იპოვის ძალას, რომ შეძლოს, დადგეს ყველაზე მაღლა, შეინარჩუნოს სასიცოცხლო ღირებულებანი. თუ ჩვენ ამ თვალით გადავხედავთ საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას, მიუხედავად იმისა, რომ გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევინარჩუნეთ ღირსება, ის მთავარი სულიერი ფასეულობები, რაც გამოცდის ჟამს ასე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ ყოველთვის გვყავდა და დღესაც გვყავს ისეთი შვილები, რომელნიც, სახარების სიტყვებით რომ ვთქვათ, არიან მარილნი ამა სოფლისანი და სანამ ეს ასეა, მარცხისა და გამოუვალობის განცდა არ უნდა შევიქმნათ".
ეკლესიური შეხედულებით, ჭეშმარიტი პატრიოტის სიყვარული თავისი ხალხის მიმართ განსაკუთრებით ვლინდება საყოველთაო უბედურებისა და განსაცდელის ჟამს. "ნებისმიერმა იცის, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც ახლობელი მძიმედ ჰყავს დასნეულებული. ასეთ დროს მას არავითარი განწყობა არა აქვს არც გართობისთვის, არც საკუთარი სიამოვნებისთვის. დარდსა და საზრუნავში ჩაფლულს ხანდახან აღარც ჭამა ახსენდება, აღარც სმა, არ შეუძლია დასვენება, ძილი. რაღაც ამდაგვარს უნდა განიცდიდეს სამშობლოს უბედურების დროს თავისი ქვეყნის გულწრფელად მოყვარული".
"მამულისთვის სამსახურში ყველაზე თავგანწირულ გმირობად აღიარებულია სიკვდილი სამშობლოსთვის, უმთავრესად ომში", - გვასწავლიან უდიდესი მოძღვარნი ჩვენი ეკლესიისა და იხსენებენ ღირსი ათანასე ათონელის ცხოვრებას - წარსულში ცნობილი მხედართმთავარი ქართველი თავადი თორნიკე ერისთავი ბერად ათონის მთაზე, წმინდა ათანასეს მონასტერში აღკვეცილა. სპარსეთთან ომის დროს, ქვეყნისათვის უმძიმეს წუთებში, საბერძნეთის დედოფალს მისთვის ჯარის წინამძღოლობა უთხოვია. ბერობის მომიზეზებით, მას დედოფლის თხოვნაზე უარით უპასუხია. მაშინ ღირს ათანასეს თორნიკესთვის უთქვამს: "ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ და ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იგი. მართალია, პირველ რიგში, ჩვენი ვალია, ლოცვებით დავიფაროთ მტრისგან მამული, მაგრამ თუ უზენაესი საჭიროდ ჩათვლის, საერთო სარგებლობისთვის გამოვიყენოთ ჩვენი ხელებიც და მკერდიც, უსიტყვოდ უნდა დამორჩილდე. თუ არ დაუჯერებ ხელმწიფეს, მაშინ პასუხს აგებ თანამემამულეთა სისხლისთვის და ღვთის ტაძრების განადგურებისთვის, რომელთა გადარჩენაც შენ შეგეძლო და არ მოისურვე". მოძღვრის კატეგორიული მოთხოვნა თორნიკეს კურთხევად მიუღია, დაუმარცხებია მტერი და ასე უხსნია ქვეყანა განადგურებისგან. ათონის მთის ერთ-ერთ მონასტერში დღემდე ინახება თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი და საბრძოლო აღჭურვილობა.
იღუმენ ფილარეტს ღირსი ათანასე ათონელისა და წმინდა მოციქულთასწორ კირილეს შეხედულებაზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ სამშობლოს დამცველი მებრძოლი ქრისტიანი ნამდვილად ასრულებს ქრისტეს მცნებას - იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს წირავს მოყვასისთვის. ქრისტიანული ომიც ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა იგი რწმენისა და სამშობლოს დაცვის მიზნით წარმოებს და არამც და არამც არ ისახავს მიზნად სხვა სახელმწიფოთა დაპყრობას და სხვათა უფლებების შელახვას.
მწერალი და ისტორიკოსი, პროფესორი ლევან სანიკიძე: "ათასწლეულების მანძილზე საქართველოს მიერ გადახდილ ომებს შეიძლება ვუწოდოთ სალოცავი ომი, რადგან ყველა მამულის გადარჩენას ისახავდა მიზნად და დღეს თუ საქართველო არსებობს როგორც ქვეყანა, ეს ჩვენი გმირი, მებრძოლი წინაპრების დამსახურებაა. საქართველოს ისტორიაში უხვადაა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები. მართლაც, გარეგნობით, თვალტანადობით, ნიჭიერებით ვინ შეედრება ქართველებს. ნიჭიერი-მეთქი, ვამბობ, ჭკვიანი ხომ არ მითქვამს. აი, სწორედ ის ჭკვიანობა გვიჭირს ჩვენ და ეს არის ჩვენი უბედურება. ჭკვიანობა და სიბრძნე ის არის, შენს ნიჭს, შენს მონაცემებს ორგანიზებულად, მიზანმიმართულად რომ გამოიყენებ შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. მტერთან წარმატებას რომ მიაღწიო, შენს თანამემულესთან ერთობა უნდა აღადგინო და სწორედ ეს იქნება ქვეყნის წარმატების გარანტი. აი, სწორედ ეს გვაკლია ქართველებს, ასე იყო ისტორიულად და, სამწუხაროდ, ასეა დღესაც..."
ომი, ზოგ შემთხვევაში, ერთადერთი საშუალებაა სიმართლის, ადამიანთა გათელილი უფლებების და შელახული სიწმინდეების დასაცავად, დაპყრობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ. სწორედ ასეთ ომებს მფარველობს ქრისტიანული მოძღვრება მსოფლიო წესრიგისა და სამართლიანობის აღსადგენად. ქრისტიანი ყველგან ქრისტიანად უნდა რჩებოდეს. ომშიც კი უნდა ცდილობდეს ზომიერების შენარჩუნებას. იგი პირადი სიძულვილის, პატივმოყვარეობის და შურისძიების დაუშვებელი ფორმითა და სისასტიკით არ უნდა მოეპყრას მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, ომს თავისი შეუვალი, მკაცრი კანონები აქვს, მაგრამ ზოგჯერ აქაც ვლინდება ჰუმანიზმისა და ქრისტიანული შემწყნარებლობის შემთხვევები.
წმინდა მოციქულთასწორი კირილე მაჰმადიანებთან ომზე საუბრისას ამბობს: "ჩვენ დიდსულოვნად ვითმენთ პირად წყენას, საზოგადოებაში ერთმანეთს ვიცავთ, საკუთარ სულსაც კი მივცემთ მოყვასისთვის. როცა ატყვევებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ აიძულოთ ისინი, უარყონ რწმენა და იმოქმედონ ღმერთის საწინაღმდეგოდო".
ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა ბერ-მონაზვნები საყოველთაო განსაცდელის დროს არ ტოვებდნენ თავიანთ კელიებს და სალოცავებს, სასულიერო პირები ზოგჯერ ლაშქრობებშიც მონაწილეობდნენ და ხალხს გმირული თავგანწირვის მაგალითებს აჩვენებდნენ. 1993 წლის 5 ივლისის ღამეს სოფელ კომანში წირვა-ლოცვის დამთავრებისთანავე წმინდა ვასილისკოს წყაროზე დახვრიტეს წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი). ამ ტაძრის განმაახლებელი იპოდიაკონი გიორგი ანუა, ტაძრის მრევლი, აფხაზი ჭაბუკი დაური-დიოდოტი ზუხბა, 1993 წლის 27 სექტემბერს მოწამებრივად აღესრულა აფხაზეთის იმჟამინდელი ხელმძღვანელი დავით-ჟიული შარტავა.
ლევან სანიკიძე: "ცალკეული ბიჭები რომ ბრძოლების დროს დაიხოცნენ, ისინი, რა თქმა უნდა, გმირები არიან. ჯიშობრივი გმირობა ისტორიულად მოგვდევს ქართველებს. არ ვაჭარბებ, ამნაირი ბიჭები მრავლად დაიღუპნენ, მაგრამ ეს იქნება ამაო თავის გაწირვა და არავითარი შედეგი ამ გმირობას არ ექნება, თუ იქ არ დავბრუნდებით. არ მესმის, რატომ უწოდებენ ამ კონფლიქტს აფხაზეთის ომს. თუ იმიტომ, რომ რეგიონულად მოხდა აფაზეთის ტერიტორიაზე, ეს ძალიან პირობითი ნათქვამია. რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთისთვის ან კიდევ რუსეთ-საქართველოს ომი სამაჩაბლოსთვის - ჩემი ღრმა რწმენით, ასე დაიმკვიდრებს იგი სახელს ისტორიაში". რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოხდა, არავითარი გამართლება არ მოეძებნება და ამას მხოლოდ დანაშაული შეიძლება ეწოდოს, - ასე ფიქრობს დღეს "მართლმორწმუნე" რუსების მიერ ამ ტერიტორიებიდან გამოდევნილი ასიათასობით ადამიანი, რომლებიც ამ უსამართლობის მთელ სიმძიმეს ომის გამჩაღებელ პიროვნებებს მიაწერენ და არა იმ ადამიანებს, ასეთ ომებს რომ ეწირებიან. დევნილ მოსახლეობას ერთი საერთო მიზანი - მონატრებულ კერაზე დაბრუნების უდიდესი სურვილი ამოძრავებთ.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი: "ქრისტეს საფლავზე ორი ძირითადი დღესასწაული აღინიშნება: ქრისტეს აღდგომა და ჯვართამაღლება, რომელსაც ქრისტიანობის მეორე აღდგომასაც უწოდებენ, რამეთუ სამი საუკუნის დევნილი ქრისტიანობა გაბრწყინდა და გამარჯვებით დაამტკიცა თავისი დიდება მსოფლიოში. საოცრად მისტიკური დღეა 27 სექტემბერი, ამ დღეს დაეცა სოხუმი. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი მოვლენა. ამ დღეს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თავისთავად ჯვარი და ჯვართამაღლება ორ დიამეტრულად საპირისპირო მოვლენას მოიცავს თავის თავში. ერთი მხრივ, ეს არის სიმბოლო ჯვარცმისა, კაცობრიობის ისტორიაში გაუგონარი და ჯერ არნახული ტრაგედიისა - ადამიანმა ჯვარზე გააკრა თავისი შემოქმედი, ამაზე დიდი უბედურება და ბოროტება რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ, ამავე დროს, ჯვარცმა ქრისტესი უდიდესი ბედნიერება იყო, რაც კი დედამიწაზე შეიძლებოდა მომხდარიყო - მაცხოვრის სიკვდილით ჩვენი სიკვდილისგან გამოხსნა ანუ სიკვდილის დათრგუნვა და ჩვენი აღდგომის გარდაუვალობა. ფაქტობრივად, ჯვარცმა და ჯვარი აერთიანებს ორ საოცარ სიმბოლოს - უდიდეს უბედურებას და უდიდეს ბედნიერებას. აქედან გამომდინარე, უფალი ჩვენ გვამზადებს ძალიან დიდი აღდგომისთვის, დიდი გამარჯვებისთვის, დიდი სიხარულისთვის, მაგრამ ეს აუცილებლად ტანჯვის, გოლგოთისა და სიკვდილის გზით უნდა მოხდეს. უწმინდესი ქადაგებებში ხშირად გვახსენებს: "ჯვარცმა და გოლგოთა სიკვდილით არ მთავრდება, არამედ აღდგომით და ამაღლებით". რაც უფრო დიდია ერის სულიერი პოტენცია, მით მეტია განსაცდელიც. ამიტომ ყოველივე ამაში უნდა დავინახოთ ერის განწმენდისა და სულიერი ამაღლების გზა და ყველაფერს რწმენით, იმედითა და სასოებით შევხედოთ. არათუ აფხაზეთი გაცოცხლდება, განიკურნება და მშვიდობა დაისადგურებს, არამედ სრულიად საქართველო აღდგება, ამაღლდება და გაიმარჯვებს".
დიდგორი, კრწანისი, მარაბდა, მარტყოფი - ამ სახელებთან სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სახელოვანი წარსული. რამდენი ბრძოლა მოუგია საქართველოს, დამარცხებულა კიდეც, მაგრამ ზოგიერთი დამარცხება გამარჯვების ტოლფასი ყოფილა...
გასული საუკუნის 90-იანი წლების ქართველ ახალგაზრდობას მძიმე ხვედრი არგუნა ღმერთმა. რაც მოხდა, ნამდვილად იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძველს და დაგვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომავალში.
წლებმა ის მაინც დაგვანახა და განგვაცდევინა, რომ საქართველოს ისტორია სახელოვან წინაპართა და წმინდა მოწამეთა სისხლით დაწერილი ისტორიაა, რაც ქართველი ერის განსაკუთრებულ მისიაზე მიგვანიშნებს, ჩვენგან კი მეტ პასუხისმგებლობას და პატრიოტიზმს მოითხოვს.