მაგრამ რა გვეთქმის საკუთარ თავზე? მართალია, ჩვენ, ჩვენი ერთგულებიდან გამომდინარე, ღვთისა და ეკლესიის საიდუმლოებებთან შეზრდილნი, რაღაც ზომით ვეზიარებით ამ სიწმიდეს, მაგრამ როცა პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანები წმიდანები არიან, მას მხედველობაში სულაც არა აქვს ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ სიწმიდეს. აქ ქრისტეს სიწმიდეზე არ არის საუბარი, ან იმ წმიდათა სიწმიდეზე, რომელთაც ეკლესია იხსენიებს.
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
სიტყვა სულთმოფენობიდან ოცდამერვე კვირიაკეს
მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნი ქრისტიანული ღვთისმოსაობისთვის ვართ მოწოდებულნი, - მაგრამ ყველა როდია ღვთისმოსავი. თითოეული ჩვენგანი ადამიანური დანიშნულების ქვაკუთხედად ღვთისმოსაობას აღიარებს. ღირსება ალამია ადამიანისა. ვის მიიჩნევენ ღირსებადაკარგულად? ესაა - მხედარი-მოღალატე, რომელიც მტერს ჩაბარდა. ესაა - უზნეო მღვდელი. ესაა - მართლმსაჯულების მოხელე - ქრთამისა და მიკერძოების გამო კანონის დამამცრობელი, მოტყუებით, ვახშითა და ცრუ ფიცით ღარიბთა გამაკოტრებელი.
ქრისტიანს მცნებად აქვს მიცემული არა მარტო ღირსება, არამედ კეთილღირსება, ღვთისმოშიშება, ღვთისმოსაობაც იქონიოს, ე.ი. იქონიოს უმაღლესი ხარისხისა და ხასიათის ღირსება. ამად მოგვიხმობს იესო ქრისტეს სიტყვა. იგი "რჩეულთ" უწოდებს ღვთისმოშიშების შემნარჩუნებლებს.
მაგრამ გვსურს კი ვიყოთ ღვთისმოშიშნი? ყველას მაგიერ ვპასუხობ: არათუ მხოლოდ გვსურს, არამედ მოვალენიც ვართ, ვიყოთ ასეთები; არა მარტო სიტყვით, არა მხოლოდ სახელდებით, არამედ საქმითა და მაგალითით.
მივუთითებთ ზოგიერთს ღვთისმოსაობის კეთილმისაბაძ ნიშნებზე.
ღვთისმოსაობის ნიმუშნი ჩვენთვის წმინდა ანგელოსები და ქრისტეს სათნომყოფელნი არიან. მათი სულები, ყოველთვის ფხიზელნი, ყურადღებიანნი, კეთილნი და გონიერნი, მსახურებისთვის იყვნენ მზად. ღვთისმოშიშ ადამიანს გაბნეული აზრები არ აქვს. თქვენთვის ეს ნიშანდობლივად ჩათვალეთ. გონებაგაფანტულობა იმითაა საშიში, რომ მტერი ჩვენი ცხონებისა და ჩვენისა ნეტარებისა მოშურნე, ეშმა, ამით სარგებლობს, რათა ჩვენს გულს დამღუპველი აზრები შთაუნერგოს. გონებადაბნეული ადამიანი საბოლოოდ "მადლის დაშრეტამდე" მიჰყავს. გულმავიწყობით ადამიანი ხშირად ღმერთს მიმამსგავსებელ თვისებებს კარგავს, და კარგავს, სამწუხაროდ, საბოლოოდ და უკანდაუბრუნებლად.
ღვთისმოსავი ადამიანის მეორე თვისება შეხედულებათა და ზნეობრივ პრინციპთა სიმტკიცეში გამოხატული სიმკაცრე და თავმდაბლობაა. ღვთისმოშიში ადამიანი სულიერად მღვიძარია, ფხიზლადაა და მუდმივ მზადყოფნაშია ხორცისა და სულის უწესრიგო შემოტევებთან საბრძოლველად. ღმერთშემოსილ ღვთისმოსავთ სინდისი ყოველთვის ახსენებთ, რომ ქრისტიანები არიან. სინდისის სახელით ისინი მოშურნეობას (გულმოდგინებას, თავგამოდებას) იჩენენ ღვთის ღირსების დაცვისა და მოყვასის ცხონებისათვის; სიცრუის წინაშე არ დაიდუმებენ და არ დაეცემიან მაამებლობითა და პირმოთნეობით.
საზოგადოებაში ისინი არ უყვართ. მოარულია მათი განკითხვა: მძიმე, განსხვავებულ, მოსაწყენ ადამიანებად მიიჩნევენ. ერიდებიან მათ თანამდებობაზე დანიშვნას, დაწინაურებას, სამაგიეროდ, დევნასა და შევიწროებას არ აკლებენ. ცხოვრებისეული თავშექცევისთვის ღვთისმოსავი ადამიანები შეუფერებელნი არიან, მათი ხვედრია მხოლოდ გაკიცხვა, როგორც შინაურებისგან, ასევე გარეშეთაგან. ღვთისმოსავებზე თვით მაცხოვარი აცხადებს: "მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან" (იოანე 17,14).
ღვთისმოშიში ადამიანის მესამე ნიშანია სიკეთე და კეთილსულოვნება. თუკი გულთბილ ადამიანს შეხვდებით, რომელსაც გულით სურს ადამიანებისთვის სიკეთე, მაშ, უწყოდეთ, რომ ღვთისმოსავს შეხვდით. ღვთისმოსავი ადამიანისთვის ყოველი ღვთივქმნული გონიერი არსება ძვირფასია. იგი სხვა ადამიანებში თავის მსგავს არსებას ხედავს. ის თანაუგრძნობს, თანაელმის მათ. როდესაც ნათელი სულის ადამიანს შეხვდებით, რომელიც ყოველივეს სიყვარულით, მადლიერებითა და სიხარულით იღებს, თავს არავის აბეზრებს დახმარების შეთავაზებითა თუ ათასგვარი სათხოვარით, საკუთარ თავს გულწრფელად წარმოაჩენს ისეთს, როგორიცაა და როგორადაც შეიგრძნობს, და თავადაც ნდობით ეკიდება სხვის ნათქვამს, - მაშ, იცოდეთ, რომ ეს უბრალო და კეთილი ადამიანი ღვთისმოსავი ქრისტიანია.
ღვთისმოსაობის მეოთხე ნიშანია საკუთარ მოვალეობათა აღსრულება. როდესაც ხედავთ ადამიანს, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის სამსახურებრივ, თანამდებობრივ მოვალეობას, თავის სიტყვას, უწყოდეთ, რომ იგია ის ღვთისმოსავი მონა, რომელსაც უფალმა აღუთქვა მრავალთა ზედა დადგინება (მათე 25,21). როცა შეამჩნევთ, რომ საზოგადოებაში იმატეს ზარმაცმა, საღვთო სჯულის უგულებელმყოფელმა, იმგვარმა ადამიანებმა, რომელნიც საკუთარ დანაშაულს სხვას აბრალებენ, არად აგდებენ სხვების მიერ გაწეულ სამსახურსა და გულმოდგინებას, მაშინ უწყოდეთ, რომ ამგვარ საზოგადოებას გაუნიავებია ღვთისმოსაობის ღვთიური ნიჭი, რაც განამტკიცებს სახელმწიფოს, ამშვენებს ოჯახს, საზოგადოებას და ლმობიერ-იქმნების ჩვენი დედა - წმიდა ეკლესია.
ღვთისმოსაობის განმასხვავებელი ნიშანია სიწმიდე გულისა. მოციქულთა პერიოდში ქრისტიანთა საყოველთაო განმასხვავებელი ნიშანი ზნეობის სიწმიდე იყო. ღვთისმოსაობის დიდებული მოღვაწენი ანგელოსის დარ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი არ ნებდებოდნენ საკუთარ ხორცს, არც სხვათა მანკიერებებს. ღვთისმოსავ კაცთა საქციელი პირდაპირი და კეთილზრახვიანია; უდრეკნი და შეუპოვარნი არიან, როდესაც საქმე უშუალოდ მათ მოვალეობას ეხება, როდესაც ხედავენ მოყვასის სარგებლობას, მაგრამ განზე დგებიან, თუ ცხონების საშუალებას ვერ ხედავენ, როცა მათ ჩარევას არეულობა ან ცდუნება შეიძლება მოჰყვეს. წმინდა წერილის ენით სწორედ ამას ეწოდება უბიწოება (ღირსი მამა, ვალენტინ ამფითეატროვი აანალიზებს სიტყვა "უბიწოების" - "целомудрие"-ს წარმომავლობას რუსულ ენაში და იტყვის: ღვთისმოსავი ადამიანი არა მარტო მრთელი (цел) რჩება მანკიერებათა შორის, ანუ არ კნინდება მანკიერებით, არამედ - ბრძენიც (мудр) მზვაობარ, უგუნურ და გონებაშეზღუდულ პატივმოყვარეთა შორის (მთარგმნ.)).
კიდევ ერთი დიდებული ნიშანი, როგორც ნათელი წერტილი უკუნეთში, ციაგებს ღვთისმოსავი ადამიანების ცხოვრებასა და საქმიანობაში. ღვთისმოსაობის დიდების ციაგი - სიმშვიდეა სულისა. სულის სიმშვიდე კი იმგვარი დამშვიდებაა ადამიანისა, როგორიც ცხოვრების ყოველგვარ ვითარებას უკეთესისკენ წარმართავს. "მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ" (იოანე 14,27). მაცხოვრის ეს ანდერძი სიმშვიდეს ჰგვრის ჩვენს აფორიაქებულ სულს. რაც უფრო ნაკლებად ზრუნავს ადამიანი ამაოებაზე, ღმერთიც მით უფრო მეტად ანიჭებს სიმშვიდეს. ღვთისმოსავს ცხოვრებისეული ოკეანის ტალღებშიც ძალუძს, შეიგრძნოს ღვთის სიახლოვე. სასტიკი მწუხარებანი, მძიმე განსაცდელნი არყევენ მის სულს, მაგრამ ტანჯვა ღვთისმოსავი ადამიანისა ყოველთვის უხმოა, მშვიდი, ქედდადრეკილი, მორჩილი. განმარტოებულ სიმყუდროვეში, წიგნების კითხვით, თავის ოჯახში, ის ებრძვის მოწყენილობასა და ტანჯვას; ლოცვებში, სხვათაგან ფარულად, წმიდა ხატებთან თავის საწუხარს გამოიტირებს და ევედრება უფალს დღეთა მშვიდთა, ანგელოზს მშვიდობისას და აღსასრულსა მშვიდსა.
აი, ჭეშმარიტი ღვთისმოსავი ქრისტიანის ზოგიერთი ნიშანი. ეს ნიშნები ციაგებს ღვთის სათნომყოფელთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, ყოველთა წმიდანთა გვირგვინთა შორის. შევევედროთ მათ, რათა წმიდანთა ლოცვით, მართალთა და ღვთისმოსავთა თანა წარვდგეთ განკითხვის ჟამს. ამინ.
როგორც საღმრთო წერილიდან ვიცით, ურიები ღმერთს თაყვანს მხოლოდ გარეგნული მსახურებისა და მსხვერპლის შეწირვით სცემდნენ; იესო ქრისტემ კი გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ღმრთისმსახურება სულიერია და რომ ადამიანი ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ემსახურებოდეს. "ღმერთი სულ არს". იგი ჩვენგან სულსა და გულს მოითხოვს. ამიტომ მისთვის ყველაზე სათნო მსხვერპლი გულის სიწმინდეა. ადამიანს რომ ღმრთის თაყვანისცემა გარეგნულად უფრო ეადვილება, ვიდრე სულიერად, ამის მრავალი მაგალითი არსებობს. მაგალითად, იგი ინახავს ხორციელ მარხვას, მაგრამ ამავე დროს მრავალ ცოდვას სჩადის. სინდისი კი ჩუმადაა, არც ამხელს - ვერც კი ხვდება, რომ ცოდვა ჩაიდინა. აღარც ახსოვს - ხორცის ჭამაზე უფრო დიდი ცოდვა სიცრუე და ტყუილია.
ხშირად გავიგონებთ: მე ხატის შესაწირავი ცხვარი ან ესა და ეს მმართებსო. გაუგებარია, საიდან დაედო სათავე ამ ჩვეულებას. ვფიქრობ, მკითხავებისა და მარჩიელებისაგან, რომელნიც მრავალს აბრიყვებენ და სინდისს უბნელებენ. ეს ჩვეულება, პირველ რიგში, იმიტომაა ცუდი, რომ ღმრთის მხოლოდ გარეგნულ, ხორციელ მსახურებას წარმოადგენს. შემწირავი ფიქრობს, რომ დიდი სამსახური გაუწია ღმერთს, ამით სინდისს იმშვიდებს და აღარც ზრუნავს, ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით ემსახუროს.
თუ კაცი ავად გახდა ან სხვა რამ განსაცდელი შეემთხვა, მაშინვე იმას ამბობს: ეს ამა და ამ ხატმა მიყო, მისი შესაწირავი მმართებსო. სინდისი და გონება დაბნელებული რომ არ ჰქონოდა, უნდა ეფიქრა, ღმერთმა განსაცდელი ცოდვისა თუ ურჯულოების გამო გამომიგზავნაო და ის, როგორც სწავლა და სასჯელი, ისე მიეღო.
რად უნდა ღმერთს ან ხატს ხორციელი ძღვენი? ღმერთი ადამიანისგან სიმართლეს, წმინდა გულს, დამდაბლებულ და მონანულ სულს მოითხოვს, ის კი ამ სულიერი მსახურების გადახდას ხორციელი შესაწირავით ცდილობს, სასუფეველს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმკვიდრებთ, თუ ღმრთის სულიერ მსახურებასა და თაყვანისცემას ვისწავლით.
- ცენტრალურ გზას გაჰყევით, ხელმარჯვნივ მეჩეთს დაინახავთ, დაახლოებით 200 მეტრში ხელმარცხნივ შეამჩნევთ მაღალ სვეტს, ის არის წმინდა გიორგის ეკლესია, - დამტვრეული ქართულით მიგვასწავლა ტაძრის გზა შუახნის კაცმა, რომელსაც თავზე ქისტური ორნამენტით მორთული ქუდი ეხურა. დღეს ომალოს მოსახლეობის უმრავლესობას ქისტები შეადგენენ.
წმინდა გიორგის ტაძრის გალავნის კარიბჭე დაკეტილი დაგვიხვდა. კარი ნატო ბორძიკაშვილმა გაგვიღო. ის ერთადერთია სოფელ ომალოში, ვინც ტაძარს პარტონობს.
ტაძარს კი ვამბობთ, მაგრამ ამჟამად ეკლესიის ადგილას ხუთმეტრიანი სვეტიღაა აღმართული. ნანგრევებიდან ჩანს, რომ აქ წინათ დიდი ტაძარი უნდა ყოფილიყო. შემორჩენილი კედლების უმნიშვნელო ნაწილებით ტაძრის ტიპის დადგენა ვერ ხერხდება. არც მისი აშენების თარიღია ცნობილი. რიყისა და შირიმის გათლილი ქვით ნაგებმა ტაძარმა, ვინ იცის, რამდენ საუკუნეს გაუძლო...
- ქალბატონო ნატო, როდის დაინგრა ტაძარი?
- არ ვიცი, უკვე 70 წლის ვარ და ჩემს ბავშობაშიც ასე იყო.
- სოფელი თუ უვლის შემორჩენილ ნაწილს?
- მახსოვს, ბავშვობაში დიდ-პატარა აქ ვტრიალებდით, ვასუფთავებდით ამ არემარეს. ახლა ურწმუნოება მომძლავრდა, ამხელა სოფელში ერთი-ორი ქრისტიანიღა ვართ. ვცდილობთ, დავიცვათ ტაძრის განძი. რამდენჯერ გამიყრია ბიჭები, რომლებიც ღამით მოდიან და თხრიან საძირკველს - ოქროს ეძებენ. ამბობენ, უპოვიათ კიდეცო.
ქალბატონი ნატოს თქმით, შარშან თბილისის ერთ-ერთი მუზეუმიც დაინტერესებულა ეკლესიით:
- ქვები საგულდაგულოდ დაათვალიერეს. ერთ ლოდზე შემორჩენილი იყო არწივის გამოსახულება. ის ქვა წაიღეს. ის მაინც მეკითხა, რომელი მუზეუმიდან იყვნენ... - დანანებით თქვა ბოლოს.
ჩვენც ბევრი ვეძებეთ ისტორიულ წყაროებში ცნობები ამ ტაძრის შესახებ. მხოლოდ ერთგან - საქართველოს ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციაში მივაგენით მწირ ცნობებს.
- გიორგობას თუ დღესასწაულობთ?
- 23 ნოემბერს ყოველთვის ღამეს ვათევდით ხოლმე. მართალია, მღვდელი არც მაშინ გვყავდა, მაგრამ მოვდიოდით, სანთლებს ვანთებდით და ვლოცულობდით. ახლა ყველანი ვაჰაბისტები გახდნენ, ორი ოჯახიღა ვკლავთ შესაწირს გიორგობას, ვენაცვალე მაგის მადლს! - ეს სიტყვები ხელაპყრობილმა წარმოთქვა და გვთხოვა, არ დაგვევიწყებინა წმინდა გიორგის ეს უძველესი ტაძარი.
შევასრულეთ მოხუცის თხოვნა და გაგაცანით სოფელ ომალოს წმინდა გიორგის ეკლესია. ღმერთმა ინებოს ქართველების დაბრუნება წინაპართა ნასახლარზე, ომალოში მორწმუნეთა მომრავლება და წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა.