"მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაი გასწაო თქვენ", - ბრძანებს წმინდა დავით მეფსალმუნე. რადგან სიბრძნის წყარო შიშია უფლისა, ამიტომ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს, უპირველესად ღვთისმოშიშება უნდა ვისწავლოთ. ის განდევნის ცოდვისადმი მიდრეკილებას, დაგვიცავს მარადიული სიკვდილისაგან და სამუდამო განსასვენებელს საუკუნო სიცოცხლეში დაგვიმკვიდრებს.
რაკიღა ღვთისმოშიშება ყოველივე კეთილს გვიმზადებს, ისღა დაგვრჩენია, დავემონოთ ღმერთს შიშით, ჭეშმარიტი მოთმინებით, არა მარტო სიტყვით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საქმით, - ბრძანებს წმინდა მამა, - გამუდმებით უნდა გვახსოვდეს უფალი და ამგვარად ვცდილობდეთ, ჩვენი თითოეული მოქმედებითა თუ სიტყვით სათნო ვეყოთ შემოქმედს. ზეციური საუნჯის შეგროვება სიმდაბლის სათნოების მოხვეჭით დავიწყოთ, რათა მივემსგავსოთ ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმდაბლესა და სიყვარულს.
თუკი საუნჯეთა საფასის საძირკველში სიმდაბლეს დადებ, - გვასწავლის მოძღვარი, - შეძლებ, სათნოებები ერთმანეთზე დააშენო. მაგრამ თუ ასეთ საფუძველს არ შექმნი, სიკეთეთა მოგროვებას ვერ შეძლებ. არც მარხვა, არც სიწმინდე, არც მოწყალება და არც სხვა რომელიმე სათნოება, შენ მიერ ქმნილი, სიმდაბლის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. მოიხვეჭე სიმდაბლე და ღვთისმოშიშებით განერიდე ამპარტავნების ვნებას, რომელიც სათავეა ყოველი ბოროტი ქმედებისა. როგორც წყალი ასუსტებს ღვინის ძალას, ასევე სიმდაბლე ასუსტებს სიამაყესა და ქედმაღლობას. "დაიმდაბლე სული შენი, - გვირჩევს წმინდა მამა, - რაითა აღამაღლო იგი". ღმერთი ჩვენთვის დამდაბლდა და ამით მიგვითითა, რომ სიმდაბლე უდიდესი სათნოებაა. თვით უფალი ბრძანებს: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა".
წმინდა იოანე ოქროპირი მიგვითითებს, გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეული განხრწნადი ხორცია და არ ვიცით, ხვალამდე იცოცხლებს თუ არა, რადგან ამქვეყნიური სიცოცხლის ჟამი განსაზღვრულია. რომელი ამქვეყნიური საქმე არ არის წარმავალი, რომ მისთვის თავგანწირვა ღირდეს? განა დაბადებულა ისეთი ვინმე, რომ არ მომკვდარიყო? განა ყოველივე მშვენიერი არ იცვლის ფერს და საბოლოოდ არ მახინჯდება? განა ყოველ ახალგაზრდას სიბერე არ ელის? განა ვინმე მარადიულად დარჩა ამქვეყნად? მარად გახსოვდეს ეს, - გვაფრთხილებს წმინდა მთავარეპისკოპოსი, - და უწყოდე: "კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარხდეს".
როცა ფერად-ფერადი ყვავილებით მორთულ-მოკაზმულ მდელოს ნახავ, - გვმოძღვრავს იგი, - მიამსგავსე ადამიანს, რადგან ჩვენი ყოველი საქმე ამ მდელოსავით ცვალებდია - დღეს ყვავილებით შემკული ხვალ ნეშომპალით დაიფარება. უფალმა მარადიული სიცოცხლე აღგვითქვა, ჩვენ კი წარმავალი ცხოვრება შეგვიყვარებია. ზურგი შეაქციე გემოთმოყვარეობასა და ნაყროვანებას, - გვირჩევს წმინდა იოანე ოქროპირი, - დაძლიე მუცლის მონობა, ნუ იზარმაცებ, რადგან სიზარმაცეა ყოველი ბოროტი მოქმედების სულისჩამდგმელი, რაც საბოლოოდ საუკუნო სატანჯველში შეგიყვანს. ამიტომ გირჩევნია, - გვაფრთხილებს წმინდა მამა, - ამქვეყნად მცირედ იღვაწო, რომ წუთისოფლიდან ცოდვებით დამძიმებული არ წახვიდე, განერიდო საუკუნო ტანჯვასა და დაუშრეტელ ცეცხლს.
"გევედრები, საყვარელო, - მოგვმართავს წმინდა იოანე ოქროპირი, - არ უგულებელყო შენი სული, ნუ გაუთამამდები უფლის სულგრძელებას, ნუ იტყვი, შევცოდავ, უფალი იესო ქრისტე ხომ კაცთმოყვარეა, შემინდობსო. მართალია, ჩვენი მაცხოვარი მომთმენია, სულგრძელებას იჩენს, რადგან წამიერია ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე, მაგრამ ღვთის წინაშე რომ წარვდგებით, ჩვენს ყოველ მოქმედებაზე პასუხს მოგვთხოვს". ამიტომ წმინდა მამა გვირჩევს: "დაიცევ კარი პირისა შენისაი, რომელ არს ენაი შენი, რამეთუ უფროისნი ცოდვანი ენისა მიერ შეითხზვიან".
მარად გახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, რომელზეც გარდაცვალების შემდეგ ყოველი ადამიანი წარდგება და ამგვარად აიძულე თავი, სიკეთეს იქმოდეს, - სულის ცხონების ასეთ გზასაც გვასწავლის მოძღვარი, - ქონებაზე კი ნუ ვზრუნავთ, ჩვენს ცოდვებზე ვიზრუნოთ და მართალი მსაჯულის წინაშე ვტიროდეთ, ცრემლით ვითხოვოთ ცოდვათა შენდობა შემოქმედისგან, რომელმაც დღევანდელი დღე გვაჩუქა ცოდვების გამოსასყიდად, გარდაცვალების შემდეგ ხომ ვეღარ შევძლებთ, ცრემლით დავიხსნათ თავი საუკუნო ტანჯვისგან.
თუკი სიმდიდრე გაქვს, უწილადე უპოვრებს - ამ გზითაც შეგიძლია თავი გამოიხსნა ჯოჯოხეთისგან. თუკი გინდა, ნეტარებაში დაიმკვიდრო მარადიული სამყოფელი, ნუღარ აყოვნებ, მწუხარე იყავ შენი ცოდვების გამო, რომ საუკუნოდ მხიარულობდე, დროებითი ცრემლით მოსპე მარადიული ტირილი, რომელსაც ჯოჯოხეთი გიმზადებს ცოდვებით დამძიმებულს. თავდადრეკილმა იგლოვე შენი ცოდვები. გაიხსენე, როგორ შეუნდო გულმოწყალე იესომ მეძავს ეს საშინელი ცოდვა, როდესაც ცრემლით ითხოვა შენდობა. შენ კი, რომელიც ტირი მარხვისა და სიწმინდის დაცვით, უფრო მეტს არ გაპატიებს ყოვლადმოწყალე ღმერთი? თუკი სიკეთე არასოდეს გიქმნია, ნურც მაშინ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში, გაიხსენე ქანაანელი და მასავით იღაღადე: "შემიწყალე მე, უფალო!"
ამქვეყნად იშრომე, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიხარული მოიპოვო. არ მოგწყინდეს წმინდა წერილის კითხვა. შეიძლება დაიღალო კიდეც სასულიერო ლიტერატურის კითხვისას, მაგრამ გახსოვდეს - გული და გონება ღვთაებრივი ნათლით აგევსო. სასულიერო ლიტერატურა, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, - ჰგავს წყაროს, სიცხისგან გათანგული ადამიანები სულს რომ მოითქვამენ. ასევე, ვინც წმინდა წერილის კითხვას ეწაფება, თავს არიდებს ყოველგვარ ვნებას.
წმინდა მამა გვირჩევს, ვიღვაწოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და მოთმინებით. ლოცვის დროს ნუ იტყვი, მრავალჯერ ვითხოვე ღვთისგან, მაგრამ მაინც არ შემისრულდა თხოვნაო, - გვაფრთხილებს წმინდა მამა, - ნუ დაცხრები ვედრებად უფლის წინაშე, სანამ არ შეისმენს შენს თხოვნას ყოვლადმოწყალე შემოქმედი. როცა ხატების წინაშე დადგები და გსურს, თაყვანი სცე უფალს, მხოლოდ პირით ნუ აღავლენ სადიდებელს გონებაგაფანტული, რადგან ოდენ სიტყვების მოსმენა კი არ სურს უფალს, არამედ მოქმედებით გამოხატული რწმენის დანახვა.
ნუ იქნები მცირედმორწმუნე, - გვმოძღვრავს წმინდა მღვდელმთავარი, - განა დარჩა ვინმე შერცხვენილი, ვინც სრულად მიენდო უფალს? განა უგულებელყო ღვთისმოშიში ყოვლადსახიერმა ღმერთმა? ვინც სარწმუნოებით ითხოვა, განა არ შეისმინა მისი კაცთმოყვარე შემოქმედმა, რომელიც ყოველგვარი გასაჭირისგან იხსნის მორწმუნეებს?
ვერავითარი ავადმყოფობა და მწუხარება ვერ დაამახინჯებს ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს, - ბრძანებს წმინდა მამა, - მხოლოდ შურს შეუძლია, დაამახინჯოს სულის მშვენიერება. განერიდე ბოროტ შურს და დაემონე უფალს ჭეშმარიტი სიმდაბლით, ლოცვა შემოქმედის დიდებითა და სიყვარულით აღავლინე და არა მზაკვრობით. განვეშოროთ პირმოთნეობას, ნუ მივემსგავსებით მათ, ვინც მოყვასს ზურგსუკან ბოროტად განიკითხავს, მახეს უგებს, პირში კი აქებს, ადიდებს და სიყვარულსაც ეფიცება. პირფერობა საშინელი ცოდვაა. "იგი არს პირველი საქმე ეშმაკისაი, რამეთუ მით დასცა ადამი". წმინდა მამა გვირჩევს, განვსაჯოთ საკუთარი თავი, იქნებ ეს ბოროტი სენი, რომლის გამოც განვიკითხავთ მოყვასს, ჩვენშიც ბუდობს. აქვე გვასწავლის, როგორ დავუსვათ საკუთარ თავს დიაგნოზი: სახიერი ადამიანი ცოდვით დაცემულ მოყვასს კი არ განიკითხავს, არამედ განეშორება, რომ თვითონაც იმავე ცოდვით არ დაეცეს.
განიშორეთ ტყუილი, - გვირჩევს წმინდა იოანე ოქროპირი, - რადგან სიცრუე ეშმაკის საქმეა. მახვილითაც ვერ მიაყენებ ადამიანს ისეთ ჭრილობას, როგორსაც სიტყვით - მახვილით მხოლოდ სხეულს დაუზიანებ, ხოლო სიტყვით - სხეულსაც და სულსაც.
ამ მრავალი ცოდვისგან თავდაცვა კი მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთისმოშიშებით, საშინელი სამსჯავროს მარადიული ხსოვნით შეიძლება. უჩვენე მკურნალს შენი წყლულები, აღიარე მის წინაშე ცოდვები, ასე რომ გიმძიმებს სულს, რადგან მხოლოდ ღმერთია სულთა მკურნალი და ლხინების მომცემელი. გეშინოდეს მსაჯულისა და საშინელი სამსჯავროსი, სადაც იქნება ტირილი, შიში და ძრწოლა, - გვაფრთხილებს ეკლესიის დიდი მოძღვარი.