ამასობაში, 1925 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა ეპისკოპოსი იონა. საყვარელი მღვდელმთავრის სიკვდილმა შეაძრწუნა მთელი ქალაქი.
დედამ ასაუზმა ლოგინს მიჯაჭვული შვილი და ქალაქში საქმეზე წავიდა. შინ დაბრუნებულს დაკუტებული ვაჟი გამოეგება და გახარებულმა მიაძახა, - დედიკო, გამოვჯანმრთელდიო. დედა თვალებს არ უჯერებდა. მოეხვია შვილს, დაკოცნა, სიხარულით ატირდა. ჰკითხა, ეს როგორ მოხდაო. შვილმა უამბო: "როცა შენ წახვედი, ჩამეძინა. სიზმარში გამომეცხადა სამღვდელო სამოსლით მოსილი კეთილი კაცი და მკითხა, - რატომ წევხარო. ვუპასუხე, - ფეხები წამერთვა-მეთქი. იმან - აჰა, შენ ჩემი ფეხნი - მე აღარ მჭირდება. აიღე და იარეო. დედამ დაწვრილებით გამოჰკითხა, როგორ გამოიყურებოდა ის კეთილი კაცი. შვილმაც აღუწერა.
მეორე დღეს დედა-შვილი ახალშესვენებული ეპისკოპოსის პანაშვიდზე წავიდა. ბიჭმა გარდაცვლილი მღვდელმთავრის სახე რომ დაინახა, იყვირა: დედიკო, აი, ეს კაცი გამომეცხადა ძილში და თავისი ფეხები მომცაო.
ამბავი ჟიჩის მონასტრის კარიბჭეში მომხდარი განკურნებისა. კრალეველი დრაგომირ ალექსიჩი გვიყვება: "როცა სამი წლის ვიყავი, მძიმე ავად გავხდი. დედაჩემს სიზმარში ვიღაცამ უთხრა: - ბავშვი ჟიჩის მონასტერში წაიყვანე და იქ როცა შეხვალ, დასავლეთის კარიბჭეში მარჯვნივ წყალს ან ნამის წვეთებს დაინახავ. ბიჭს ასხურე და გამოჯანმრთელდებაო. დედას სიზმარი დაავიწყდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ გამოეცხადა ის კაცი და ბრძანება გაუმეორა. დედამ კვლავ არად ჩააგდო ნანახი. მესამედაც გამოეცხადა. დატუქსა და მისი ურჩობით გაბრაზებულმა კვერთხი მოუღირა. შეშინებულმა დედამ ჟიჩის სავანეში წამიყვანა. დასავლეთის კარების ახლოს მართლაც ნახა ნამის წვეთები, მასხურა და მღვდელს სთხოვა, ჩემთვის ლოცვა წაეკითხა. სანამ მღვდელი ლოცვას კითხულობდა, მე ჩამეძინა, ოფლი მომივიდა. როცა გამოვიღვიძე, უკვე ჯანმრთელი ვიყავი".
ამბავი საკვირველი წინასწარმეტყველებისა. ქალწულ მელანია დაყუდებულის (გარდაიცვალა 1836 წლის 11 ივნისს) ცხოვრების აღწერაში მოგვითხრობენ: ელეცის მონასტერში, სადაც მელანია მოღვაწეობდა, დედა-შვილი მოვიდა და მალე ორივე მონაზვნად აღიკვეცა. დედას მოდესტა უწოდეს, ქალიშვილს კი მიტროფანია. დედა უკვე ხანდაზმული იყო, სიკვდილისთვის ემზადებოდა და ქალიშვილს არიგებდა, რა უნდა გაეკეთებინა მისი განსვენების შემდეგ. არადა, ღვთის განგებულებით, შვილი დედაზე ადრე უნდა გარდაცვლილიყო. მოხუცებულ დედას ძალზე ენატრებოდა შვილი. ერთხელ ძილში იხილა მელანია დაყუდებული, რომელმაც უთხრა; "გეყოფა მწუხარება! სჯობს ეცადო და ღვთის სადიდებლად გაყიდო ჩემი წიგნებიო".
ამ სიტყვებმა დაამშვიდა მოხუცებული, მაგრამ გაკვირებული კი დარჩა: არ იცოდა, რომელ წიგნებს გულისხმობდა განსვენებული. მას ხომ თითქოს არაფერი დაუწერია, წიგნის სახით არაფერი დაუტოვებია. მაგრამ ოთხი დღის შემდეგ მონასტერში წიგნების ამანათი მოიტანეს. იგი გახლდათ მელანია დაყუდებულის ცხოვრების აღწერა. ვიღაცას შეედგინა და მონასტერში გამოეგზავნა. იღუმენიამ დედა მოდესტას დაავალა ამ წიგნების პატრონობა და მათი მონასტრის სტუმართათვის მიყიდვა. მაშინ ნათელი გახდა ადრე მისთვის გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობა.
ამბავი ხუთეულის მიერ მოხდენილი სასწაულისა. ხუთეულს ეძახდნენ წმინდა კირილესა და მეთოდეს ხუთ მოწაფეს: წმინდა კლიმენტს, ნაუმს, ანგელარს, გორაზდსა და საბას. ოქრიდში დღემდე ინახება წმინდა კლიმენტის ნაწილები, წმინდა ნაუმის ნაწილები კი მისივე სახელობის მონასტერშია.
აი, რას გვიყვება სარაევოს ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ვაჭარი ბატონი პრნიატოვიჩი: "მე მზრუნველი გახლდით სარაევოს ძველი ტაძრისა, ქუნთრუშამ სიკვდილის პირას მიმიყვანა. ექიმები არ მშორდებოდნენ, გონდაკარგული სიცხით ვიწვოდი. როცა მცირე ხნით გონს მოვეგებოდი, ვგრძნობდი, ვკვდებოდი. ერთხელ, ცხელებისას, ვიღაც კაცები გამომეცხადნენ. ვინა ხართ-მეთქი. ჩვენ ხუთეული ვართ. ნუ გეშინია, შენ არ მოკვდებიო.
ამის მერე გამოვჯანმრთელდი. ექიმმა ტარა ახმედოვიჩმა აღიარა: - უიმედო მდგომარეობაში იყავი, თვით ღმერთმა გადაგარჩინაო.
დავიწყე გამოკითხვა, ვინ იყო ეს ხუთეული. ვერავინ ამიხსნა. ბოლოს ერთი მღვდლისგან შევიტყვე".
ამ ამბის მერე პრნიატოვიჩმა ბიტოლში წმინდა ხუთეულის ხატი შეუკვეთა და შინ დააბრძანა.
ამბავი მონასტრის ვენახში მომხდარი ქურდობისა. გვიყვება ოქრიდის მახლობელი მონასტრის ბერი რაფაელი: "ხშირად ვნახულობდით წარმოშობით მაკედონიელ ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერს. ყოველთვის წესიერად იქცეოდა. შემოდგომის ერთ ნაშუადღევს აღელვებული მოვიდა, ტაძარში შევიდა და ხატთან ათი დინარი დადო. მერე კი მოგვიყვა, რა მოხდა. თურმე, როცა მონასტრის ვენახს ჩაუარა, მოწეულმა ყურძენმა მოსტაცა თვალი. შევიდა, გამოკრა ხელსახოცი და მტევნებით აივსო, ისე, რომ არავის დაენახა. მერე მთაზე ავიდა და მოფარებულ ადგილზე მიწვა მოსასვენებლად. სიზმარში კაცი ნახა, ხელთ სასწორი ეპყრა. ხელსახოცში გამოკრული ყურძენი აწონა და უთხრა: - აქ ზუსტად ორი ოყაა, ათი დინარის ღირებულებისაო. მერე მკაცრად შეხედა ჟანდარმს და დაუმატა, - ეს მონასტრის ვენახში მოპარული ყურძენია. უთხოვნელად მისი მოწყვეტა არ შეიძლება! ვაი იმას, ვინც ასე მოიქცევაო. თქვა ეს და კაცი გაქრა. ჟანდარმს შეშინებულს გაეღვიძა. ჩაფიქრდა ნანახზე და მონასტერში დაბრუნდა, ყურძენიც დააბრუნა, ათი დინარიც ტაძარში ხატთან დადო. როცა მორჩა მოყოლას, უნტერ-ოფიცერმა ცად აღაპყრო ხელნი და თქვა: "არასოდეს, ამიერიდან არასოდეს, არათუ მონასტრისას, სხვისასაც არაფერს მივითვისებო".
ამბავი დედისა, რომელსაც შვილის საფრთხეში ყოფნა ეუწყა. ეს საკვირველი შემთხვევა გვიამბო პრილეპელმა მღვდელმა მარკოზმა.
ერთხელ ის თავის ნათესავთან წავიდა სოფელში, შინ ბავშვთან მეუღლე დარჩა. დედა-შვილს ერთ საწოლში ეძინა. დედას ძილში ჩაესმა: - ადექი, თორემ ბავშვი დაიხრჩობაო. ხმამ კი გამოაღვიძა, მაგრამ არ წამომდგარა. იმავე წამს დაავიწყდა გაფრთხილება. წყურვილი იგრნო, წყალი დალია და ისევ მიიძინა. კვლავ ჩაესმა იგივე ხმა: - წამოდექი, ბავშვი იგუდებაო. მაშინვე გამოეღვიძა, გადაწია საბანი და შეძრწუნდა - ბავშვს თავისი ბალიშის კუთხე ცხვირ-პირზე დაეფარებინა და ვეღარ სუნთქავდა, დამხრჩვალივით თვალებგადმოკარკლული იწვა. წამიც და პატარა გაიგუდებოდა. მაგრამ ყოვლისმხედველმა და მარად ფხიზელმა უფალმა იხილა, რომ ყრმა საფრთხეში იყო და დედამისს ხმით მიანიშნა. მეორე დღეს შიშნაჭამი დედა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში წავიდა კანდელის ასანთებად.
დღიურიდან ამონაწერი ამბავი, რომელიც მუსლიმან ქალს გადახდა. ეს ამბავი მოვისმინეთ ბიტოლის წმინდა ნაუმის მონასტრის მეტოქში.
წმინდა ნაუმის დღესასწაულის მერე მონასტერში ერთი ბიტოლელი მუსლიმანი ქალბატონი მოვიდა, ბოთლით ზეთი მოიტანა და მოჰყვა: ექიმბაშობას ვეწევი და ამისთვის წყლიან ჯამს ვიყენებ. ჩემთან უამრავი ხალხი დადის დახმარებისთვის. რამდენიმე წელს წმინდა ნაუმის დღესასწაულზე თავს ვიკავებდი ასეთი საქმიანობისგან, რადგან ერთხელ, ამ დღეს, ერთი ქრისტიანის ვაჟი ჩავარდა ჭაში, რომელსაც წინა დღეს ვუექიმე, ბავშვი ძლივს გადაარჩინეს. ამავე წელს ვიღაც ქალმა მთხოვა ავადმყოფის დახმარება. თავიდან ვუარობდი, მერე კი დავთანხმდი. ღამით ძილში ვნახე, ვითომ ჩემს ქმარს ყელზე გველი შემოხვეოდა. იმ ღამეს სიძე გვესტუმრა. დილით გასაცილებლად გავყევი. შინ მძინარე ქმარი დავტოვე. მისი ყვირილი მომესმა - სასწრაფოდ მოდიო. შინ საშინელი სურათი დამხვდა: ყელზე ვეებერთელა გველი შემოხვეოდა. როგორც კი ყვირილი ავტეხე, გველი მოშორდა ჩემს ქმარს და კედლის ხვრელში შესრიალდა. "არასოდეს ვიმკითხავებ და ვიექიმბაშებ წმინდა ნაუმის დღეს, საშინელია ეს წმინდანი, ძალზე საშინელი", - ამბობდა ქალი.
ამბავი წმინდა ვასილი ციხექალაქელის (ოსტროჟელის) სასწაულისა. ერთ კათოლიკე ალბანელს, ვასილი-მარკოს, 14 წელი არ ეყოლა შვილი. ეს განსაკუთრებით მის ცოლს აწუხებდა. ერთხელაც ქალს ძილში გამოეცხადა ვინმე ბერი, რომელმაც უთხრა, წმინდა ნიკოლოზი ვარო (წმინდა ნიკოლოზი მათი გვარის მფარველი წმინდანი იყო) და დაამშვიდა: ნუ დამწუხრდები, არამედ წადი ციხექალაქში, შეევედრე წმინდა ვასილს. ღმერთი შეისმენს მის ლოცვას, წლის თავზე ვაჟი გეყოლებათ, რომელსაც ვასილი უნდა დაარქვათო.
მეორე დღეს ცოლი ქმარს თავის სიზმარს მოუყვა და ციხექალაქში წასვლა შესთავაზა. მაგრამ ქმარს მეზობლების დაცინვისა ეშინოდა, ისინი ხომ მართლმადიდებელ წმინდანთან აპირებდნენ წასვლას. ესეც არ იყოს, დიდად არც სჯეროდა წმინდა ვასილის ძალისა.
მომდევნო ღამეს კი მასაც იგივე გამოცხადება ჰქონდა. მაშინ კი გადაწყვიტა ვასილმა ციხექალაქში წასვლა. თავი კი იმით იმართლა, პიპერემში მივდივარ ნაძმობთანო. იქ ორივენი გულითადად შეევედრნენ ღმერთს და წმინდა ვასილს, რომ მათთვის შვილი მიეცათ.
ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ვასილი დაარქვეს. მოგვიანებით მეორე ვაჟიც შეეძინათ. ორივე ცოცხალია, ახლა უკვე დიდები არიან და ყველაფერში წარმატებულნი.
ამბავი თეოდოსი ჩერნიგოველის პირველი სასწაულისა. სახელგანთქმული ეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი თეოდოსის მემკვიდრე იყო ჩერნიგოვის კათედრაზე. მძიმედ ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა. მის აღსასრულს მოელოდნენ, მაგრამ ამ მძიმე ავადმყოფობისას მეუფეს გამოეცხადა მისი გარდაცვლილი წინამორბედი თეოდოსი და უთხრა: "ნუ გეშინინ, ძმაო იოანე, არამედ ხვალისთვის წირვის დასაყენებლად მოემზადეო". ეს რომ გაიგონა, იოანემ ბრძანა, გადაეცით მღვდლებს, ხვალ წირვას მღვდელმთავარი აღასრულებსო. იფიქრეს, ავადმყოფი ბოდავსო. მაგრამ მეორე დღეს მეუფემ მართლაც სრულიად გამოჯანმრთელებულმა აღასრულა ლიტურგია.
ამბავი რისხვისგან სასწაულებრივი განკურნებისა. წმინდა ტიხონ ზადონელს ფიცხი ხასიათი ჰქონდა. ის ხშირად მრისხანებდა ადამიანებზე, მერე ინანიებდა და კვლავ რისხავდა. თავის სისუსტეს სხვებზე მეტად გრძნობდა და უფალს ევედრებოდა, დაეხსნა მრისხანებისგან. მართლაც, ღვთის განგებულებით, მოხდა ისეთი რამ, სამუდამოდ რომ დათრგუნა მისი რისხვა, გულშემუსვრილებასა და სიმდაბლეში მოიყვანა.
ერთხელ ღმერთს ბევრი ევედრა, ავადმყოფობა მომივლინე, რისხვისგან რომ განმკურნოსო. ამ დროს ჩაეძინა და ძილში იხილა: ვითომ ტაძარში დგას, მღვდელს კი საკურთხევლიდან ყრმა გამოჰყავს, რომელსაც მოსასხამი მოსავს. წმინდა ტიხონი მღვდელს ეკითხება, ბავშვს რა ჰქვიაო. მღვდელი პასუხობს: ბასილიო (რაც ბერძნულად "მეფეს" ნიშნავს). მაშინ ტიხონი ბავშვს მოსასხამს ხდის და მარჯვენა ლოყაზე კოცნის. ამ დროს ყრმა მარჯვენა ხელით მარცხენა ლოყაში ისე ურტყამს ტიხონს, რომ ის ტკივილისგან ყვირის და იღვიძებს.
ტიხონმა იგრძნო, სხეულის მთელი მარცხენა მხარე სტკიოდა. მან მადლობა შესწირა ღმერთს და მას შემდეგ აღარავიზე და აღარაფერზე მრისხანებდა.